“ხარისხიანი განათლების მიღება არა მხოლოდ ფუფუნება გახდა, არამედ ძნელად მისაწვდომი პრივილეგია”

128
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ლოგიკის დაკარგვა!

საშიში ნიშანი განათლების ნაკლებობისა და პროტესტის გამოხატვის უუნარობისა (მხედველობაში მაქვს თვითორგანიზებული პროტესტის უუნარობა, – პოლიტიკოსების გამყიდველობისა და დემაგოგიის წინააღმდეგ პროტესტის უუნარობა! თორემ ორგანიზებული აქციებისთვის გაუნათლებლობა მისწრებაა ორგანიზატორების ხელში). როგორ მივედით აქამდე? (და მივედით არა მხოლოდ ჩვენ!) საქმე ისაა, რომ ცოდნის მოცულობა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის უახლოვდება იმას, რაც ადრე გათვალისწინებული იყო საშუალო სკოლაში და ტექნიკუმში ასათვისებლად. დღეს, დასავლეთის ელიტურ უმაღლეს სასწავლებლებშიც კი სწავლების კრიტერიუმები მკვეთრად იქნა შემცირებული.

ხარისხიანი განათლების მიღება არა მხოლოდ ფუფუნება გახდა, არამედ ძნელად მისაწვდომი პრივილეგია!

არადა, პროგრესს მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი განაპირობებს, – ეი. მეცნიერებასა და ტექნიკაში ახალი მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. და ა.შ.- ან, სხვა სიტყვებით, – ცოდნის დაგროვების მაღალი ტემპი!

დიდ ქვეყნებს მათი საერთაშორისო მდგომარეობა აიძულებს ეძიონ გზები აუცილებელი მცირე წრისათვის (განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხისთვის) უმაღლესი რანგის განათლების მისაღებად! და აშშ-ში ეს მოხერხდა სხვადასხვა წინა ხაზის კორპორაციებისა და სამხედრო სტრუქტურების მეშვეობით!

ისეთ არშემდგარ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მდგომარეობა გამანადგურებლად საშიში ხდება: უმაღლესი განათლება განათლების პაროდია გახდა, სასკოლო განათლება კი ახალგაზრდების გარყვნის ინსტრუმენტად იქცა.

სამხედრო სტრუქტურებს ასეთი დიდი ამბიცია არა აქვთ, ქართულ კორპორაციებს, – ანუ ნეპოტიზმში ჩამხრჩვალ კლანური მმართველობის სტრუქტურებს, – განათლება და, მით უფრო, საკუთარი თანამშრომლების
ადამიანური კაპიტალის მაღალი ხარისხი არც აინტერესებთ და არც სჭირდებათ!

რა საჭიროა მცოდნე ადამიანი, როცა ქართული ბიზნესი აგებულია ხელისუფლების მფარველობა-ხელშეწყობაზე.

ხარ პრივილეგირებული? ე.ი. სახელმწიფო შესყიდვები გარანტირებული გაქვს და ამ მუქთი ფულის “გასუხარებისთვის” მცოდნე თანამშრომლები საშიშიც კია, – თავად მფარველთან ერთად თანამშრომლების გარეშეც ასუხარებ!