Home Blog Page 2205

“ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება?” – ირაკლი კობახიძე

ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არ უნდა იაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პასუხისმგებელი მხოლოდ მთავრობაა.

ამასთან, მან უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის შეკითხვას: „თუ საშინაო და საგარეო პლატფორმები არ ექნება პრეზიდენტს, მაშინ ამომრჩეველს რა უნდა უთხრას? მე ვიქნები კანდიდატი, რომელიც არც იქ ჩავერევი, ჩუმად ვიქნები და არავის არ შევუშლი ხელს? ანუ ამის მიღმა ამ ინსტიტუტს არაფერი რჩება?“ – საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გასული წელს განხორციელებული ვიზიტები გაიხსენა, როდესაც მისი განმარტებით, ზურაბიშვილმა ივნისამდე რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით.

„პირდაპირ ასე ეწერა. ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით, ოთხ ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, ვერ იხსენებს ყველა ქვეყანაში წასვლასთან მიმართებით უარი მიიღო, თუ არა ზურაბიშვილმა, რა დროსაც, დროსაც პლენუმის მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტება წაიკითხა:

„ახლავე გეტყვით, ევროსაბჭო, პოლონეთი, გერმანია საფრანგეთი. თებერვალ-მარტში, 2022 წელი. თემა, ევროპულ-და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან პარტნიორობის განხილვა, რაზეც უარი ეთქვა სამუშაო ვიზიტზე“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თუმცა, ვიზიტი განხორციელდა“.

„ნახეთ, რაში საქმე – პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ შეიძლება ამას გადამწყვეტი როლიც კი, ჰქონოდა. ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, რომ ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოს? რატომ არ საუბრობდნენ? იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა. მაგალითად, ახლაც ხომ ვსაუბრობთ იმაზე რომ რაღაც კეთილშობილური მიზნით შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს, ქალბატონმა სალომემ. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, რომ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი? აი, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც კი დაარღვია, მაშინ, რატომ დადის? ამაშია საქმე! მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან, თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არ უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან მან უნდა იაროს ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. თავად პრეზიდენტი არც დღევანდელ სხდომას ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“ლელო” პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს” – ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასამართლო პროცესი და საერთოდ, იმპიჩმენტის წამოწყება მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ სჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ყველა  მოქალაქეს, რომელსაც მომავალი უნდა და ესახება ევროპაში. ამ სურათის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“, თუმცა მათი არგუმენტები უკიდურესად სუსტია და აცდენილია კონსტიტუციას. მოქალაქეებიც ხედავენ, რამდენად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ იმპიჩმენტს, რომელიც თავადვე წამოიწყეს.

არ ვიცი, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო. არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან. ვნახოთ, დაველოდოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად და  საქართველოს მეგობრული გზის მხარეს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის სახით, საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით?” – სანდრო რაქვიაშვილი უმრავლესობას

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? – თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ „ამ კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა დავარქვათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“.

„სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. [იმის ნაცვლად, რომ] ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ ხალხო რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც, კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს კარვები ხომ სისულელეა ზოგადად, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა დავდგამ კარავს თუ არა? მითუმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? მოდით, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდე” – Politico

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ“ (ავტორი – მეთ ბერგი), რომელშიც განხილულია უკრაინაში არსებული სიტუაცია – კორუფციის თვალსაზრისით და ის პოზიცია, რომელსაც აშშ ავლენს უკრაინულ მექრთამეობასთან ბრძოლის მიმართ. „კორუფცია უკრაინის არმიაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. არმია და ხალხი მთავრობის ანტიკორუფციული ბრძოლით უკმაყოფილოა“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ უკრაინა შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ კორუფციას საკმაოდ კარგად ებრძვის, ეს, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ამერიკის კონგრესმა კიევს დახმარება სამომავლოდაც გაუგრძელოს. უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა თეთრი სახლისთვის სულ უფრო მეტი ყურადღების საგანი ხდება.

უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებული კორუფცია ისეთი პრობლემაა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს მართლაც ძალიან აწუხებს, მაგრამ ამის შესახებ მათ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეუძლიათ. როგორც ერთ-ერთ კონფიდენციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, კორუფციასთან გრძელვადიანი ბრძოლა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან ნაბიჯებს, რათა კიევს დახმარება გაუწიოს თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენის აღკვეთაში და მთელი რიგი სექტორების რეფორმირებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში გამეფებულმა კორუფციამ შეიძლება დასავლელი მოკავშირეების დახმარება შეასუსტოს. თუ კიევი მეტ ყურადღებას არ დაუთმობს მექრთამეობასთან უკომპრომისო ბრძოლას, მის მიმართ დასავლეთის პოზიტიური განწყობა ნეგატიურით შეიცვლება.

დოკუმენტი დოკუმენტად, მაგრამ, რეალურად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მთლიანობაში უუნარობას ავლენს უკრაინაში კორუფციის ასალაგმავად.

როგორც მაქსიმ სკრიპჩენკო – უკრაინის ანალიტიკური ცენტრის „ტრანსატლანტიური დიალოგის“ დირექტორი – აცხადებს, გასულ თვეში იგი კონგრესის 40 წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ბევრმა კანონმდებელმა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებმა, მასთან საუბარი არ ისურვეს: მათი განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის კიევის ხელისუფლებაზე გავლენას ვერ ახდენს. დემოკრატმა კანონმდებლებმა კი მას უთხრეს, რომ უკრაინაში კორუფციის დონე გადაჭარბებულად არის შეფასებული, თუმცა აღიარეს, რომ რაც არის, ის კიევისადმი ნდობას ასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს აქტიურ ძალისხმევას ახმარს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრი თანამდებობის პირი იქნა დაპატიმრებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფრაგმენტულია და არასაკმარისი.

„ბევრი რიგითი უკრაინელი მოქალაქე მიესალმებოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ენერგიულ ანტიკორუფციულ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე. უკრაინელები დაიღალნენ თავიანთ ქვეყანაში გაბატონებული კორუფციით“, – ამბობს უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში. „კიევის მთავრობა კორუფციისადმი ზოგადად თმენის პოლიტიკას ატარებს, რადგან იციან – ამერიკა უკრაინას მაინც დაეხმარება ომში გასამარჯვებლად“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

მაგრამ ასეთი სიტუაცია მიუღებელია იმ უკრაინელებისათვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, მაგალითად, ვლადიმერ ომელიანისათვის – უკრაინის არმიის კაპიტნისათვის, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, ახლა კი ფრონტზე მოხალისედ იბრძვის. იგი თვლის, რომ კიევმა აუცილებლად უნდა შეცვალოს კადრები – „ჭუჭყიანი თეთრეულივით“, თორემ დიდი რისკია სამომავლოდ ფრონტზე უფრო მეტი ზარალი მიიღოს.

„ჩვენთვის, ფრონტზე მყოფებისათვის, მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ხალხს ატყუებს და ქურდობას აგრძელებს იმ დროს, როცა აქ ყოველდღიურად ვიღუპებით ბრძოლის ველზე“, – ამბობს ვლადიმერ ომელიანი, – ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმჯობესია თავისი ხაკისფერი კამუფლიაჟი ჰალსტუხითა და პიჯაკით შეცვალოს და გაანალიზოს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისსავე გუნდში“.

წყარო

„შიში ოხერია“ ბატონო გივი?” – ანა წითლიძე გივი მიქანაძეს

„შიში ოხერია“ ბატონო გივი? – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ანა წითლიძის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან ვერ გაუშვებენ, რაც არ უნდა რეგულაცია დაწესდეს, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება.

„შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. ეს სისულელე კანონი კი არ უნდა გამოგქონდეთ, ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში. როგორ ზრუნავთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ამ ქვეყანაში ბავშვების შიმშილი ჰქვია, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ გეშინიათ და გგონიათ, რაც უფრო მეტ ასეთ შეზღუდვას შემოიტანთ, მით უფრო მეტად დააფრთხობთ საქართველოს მოქალაქეებს. არადა, სულ პირიქით არის, რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებთ, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. აუცილებლად მოგიწევთ ზუსტად ისე უკან დახევა, როგორც მარტის აქციების დროს დაიხიეთ. ახლა კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მე რომ მიკროფონი ან მეგაფონი მეჭიროს ხელში, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება? მერე გვითხარით, კონტროლის მექანიზმი გვაქვს ასევე სასამართლო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის გასაჩივრებაო. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, მიკროფონი რომ ხელში მიჭირავს და მეგაფონი, ამის გამო რომ დამაკავონ, მერე სად უნდა გავასაჩივრო, იმ სასამართლოში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?!“,- მიმართა წითლიძემ მიქანაძეს.

“სომხეთში საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს” – მარია ზახაროვა

სომხეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ.

„მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დღეს, არამედ ერის ისტორიის კონტექსტში. ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე, პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობის გარეშე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

“ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება აეროპორტის მშენებლობის თაობაზე ექსპერტების შეფასების შემდეგ მიიღება, შეფასება კი სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება.

“ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის (კომიტეტის) წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს, რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.

ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება, მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული, შეფასდება სამხედრო, გარემოზე შემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ.”- განაცხადა ბურჭულაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე, ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მიზანია, საზოგადოების ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, საზოგადოებაში ვეტერანის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ვიმედოვნებთ,რომ არა ერთი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თანადგომა გამოხატოს იმ ღირსეული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას თავდადებით ემსახურნენ და დღესაც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან ჩვენი სამშობლო.

ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც მასმედიის საშუალებებით გაშუქდება, წინადადებების შესახებ, გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან დაუკავშირდეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ცხელ ხაზზე: 2 48 16 26

“პარლამენტმა არ უნდა მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი”

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„საქართველოს პარლამენტში 2 ოქტომბერს უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რა იცვლება: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ: საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინიციატორები წესების გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, „წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს.

დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

“სამწუხაროდ, ამერიკის საელჩოდან ორმაგ სტანდარტს ვხედავთ” – გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, ამერიკის საელჩოდან ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია და აშშ გააგრძეებს საქართველოში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკის საელჩო თუ იტყვის, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ მიიღებს.

„საზოგადოებამ ის სემინარი საჯაროდ ნახა, სადაც პირდაპირ მიდიოდა სწავლება ძალადობასა და რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერების ავთენტურობა თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს და ასევე აღიარეს ის, რომ ისინი ძალადობას ქადაგებენ. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ძალიან ღიმილიანი სახით კი ამბობდა, რომ ასწავლიდნენ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან, თუ როგორ უნდა მოხდეს იძულებით პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით და თუ ეს არ მოხდა, ჩამოშლა უნდა მოხდესო – თურმე, ჩამოშლა პარლამენტის ჩამოშლას ნიშნავს. ამერიკის საელჩო თუ იტყვის, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რად მინდა მისი ნახვა? – დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს”

რად მინდა მისი ნახვა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მისამართით განუცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისასვლელად.

„რად მინდა მისი (პრეზიდენტის) ნახვა? საუბარი რაზეა, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩამოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ავლენს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები ფუნქციონირებს, რაც შეიძლება პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

„დღეს საქართველოში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები, შეიძლება ეს არ მოსწონდეთ მათ შორის პრეზიდენტს, მის წარმომადგენლებს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა. ამ თემაზე ასე რომ მიდის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის სირცხვილი, მათ შორის სტუდენტების წინაშე, რომელსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სირცხვილია ასეთი რაღაცების მოსმენა“,-განაცხადა კობახიძემ.

“სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მივიჩნევთ – წესით, უნდა წავიდეს თანამდებობიდან”

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ – სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რა მოტივაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა იცის, პარლამენტში შესაბამისი რესურსი არ აქვს, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ „პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან“.

„იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პრეზიდენტი, წესით, უნდა წავიდეს თავისი თანამდებობიდან. ჩვენი მიზანი ეს იქნება და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.