“გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ვიქტორ ორბანთან, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას და გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით” -ანა ბუჩუკური პრემიერს

142
spot_img

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

ანა ბუჩუკური მთავრობის ხელმძღვანელს მიმართავს, მიაწოდოს საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი.

„მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“ – აღნიშნავს ბუჩუკური.