Home Blog Page 2202

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6783 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6783 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6783 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6806 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8170 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ”

სადაც კი პრეზიდენტი წარსდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

მან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოა.

„მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს „მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება,“ – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, კოპალეიშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მოლაპარაკებები და რა კონკრეტული შედეგი დადგა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს კონკრეტული მიზნით – საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხზე ესაუბრებოდა, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი იყო.

„ჩვენ მიგვაჩნია, ამას ვადასტურებ, რომ ეს იყო არა მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, არამედ მოლაპარაკებებიც და რატომ? იყო საუბარი ორ მხარეს შორის. აქეთ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარეს იყო მეორე ქვეყნის, ევროკავშირის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის თანამდებობის პირებს კონკრეტული მიზნით ესაუბრებოდა და ეს მიზანი იყო ძალიან კონკრეტული – კანდიდატის სტატუსის მინიჭება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი და სამართლებრივიც,“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი – არა – ჩვენი დროის ციციკორეს როლშია -დავით უსუფაშვილი

 

ახლა პარლამენტში, ტრიბუნასთან დგას მიქანაძე, რომელიც ასევე ადეიშვილის მოადგილე იყო, კობახიძისთვის მიქანაძე მისაღებია, კოპალეიშვილი – არა – ჩვენი დროის ციციკორეს როლშია, – ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის რეპლიკას მაია კოპალეიშვილის მიმართ, რომელსაც კობახიძემ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობა შეახსენა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუკი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტები აქვს, კოპალეიშვილს არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს.

„ახლა პარლამენტში ტრიბუნასთან დგას გივი მიქანაძე, რომელიც ასევე მოადგილე იყო ადეიშვილის და იუსტიციის მინისტრების, სააკაშვილის დროს. კობახიძისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიქანაძე მისაღებია და კოპალეიშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს დაინიშნა სადღაც, ეს მიუღებელია, ესაა კრიტერიუმი და სტანდარტი?! თუ ის, რომ კოპალეიშვილის არგუმენტებს შეეწინააღმდეგოს, თუ აქვს არგუმენტები თავად. მაგრამ ის დღეს ჩვენი დროის ციციკორეს როლშია შესული, რომ ყველას და ყველაფერს განსჯის, ისიც თქვა ჩუგოშვილს რატომ უსმენთ პოლიტიკურად მიკერძოებულიაო და კობახიძე პოლიტიკურად მიუკერძოებელია?! “- განაცხადა უსუფაშვილმა.

“ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა”

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ბაზა „რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული“.

„გუშინ გაცხადდა რუსეთის ფედერაციის მორიგი მზაკვრული და აგრესიული ნაბიჯი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა აშენდება. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა. ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები.

ცხადია ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადმოტანის პირდაპირი მცდელობაა, „ქართული ოცნების“ და მისი სპიკერების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაგვიგია, რომლებიც ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მუდმივად ესხმიან თავს, USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ დროს ჩვენთვის საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯი იგეგმება, ამის თაობაზე ღიად ცხადდება და ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი უახლოესი პარტნიორი სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს”

ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფება.

ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ-ის მხარდაჭერა.

„ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

კითხვაზე: შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? – ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს.

„რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის“, – აღნიშნა ბორელმა.

“შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის გახსნას ეხება. უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„შეშფოთებას გამოთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგებისა და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს და შესაბამისი შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის უკვე ხელმოწერილია.

“შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი”-ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მინდა, ვთქვა, რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც ეხმარებიან და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

“კოპალეიშვილის მხრიდან გრძელდებოდა ბულინგის მცდელობა სასამართლოს მიმართ- მე მომიწია იმის შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო”-კობახიძე

მაია კოპალეიშვილი ცდილობდა დაებულინგებინა სასამართლო, მომიწია იმის შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო, სადაც შეიძლება ის და მისი პარტია თავისუფლად გრძნობდნენ თავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ადეიშვილის კადრი, გვარამიას ყოფილი მოადგილე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის.

„მაია კოპალეიშვილის მხრიდან გრძელდებოდა ბულინგის მცდელობა სასამართლოს მიმართ. მე მომიწია იმის შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო, სადაც შეიძლება ის და მისი პარტია თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ასევე, მე გავიხსენე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი მაინც და მაინც ერთი და იგივე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ ყველა საქმეს და წინასწარ იცოდა რა გადაწყვეტილებას გამოიტანდნენ ისინი და ეს პროგნოზიც მართლდებოდა ხოლმე. მაშინ კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში და მე გავიხსენე, რომ ქალბატონი მაიაც, სხვა მოსამართლეებთან ერთად, ესენი არიან ვარძელაშვილი, ირემაძე, პაპუაშვილი, კოპალეიშვილი, მთლიანობაში წარმოადგენდნენ კლანს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის გახსენება მომიწია გამომდინარე იქიდან, რომ ის ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უხეში ტერმინოლოგიის გამოყენებას. თუმცა, შემდეგ მოვახერხეთ ყველაფრის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება. როდესაც სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ადეიშვილის კადრი, გვარამიას ყოფილი მოადგილე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის“, – აღნიშნა კობახიძემ.

“პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, არადა, პირველია ვინც ამ ყველაფერს”

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ძალიან ცუდია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მას პირველი არღვევს.

„ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პროცედურა ამას ითვალისწინებს. აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი გამოვიდა ის, ვინც არღვევს ამ ყველაფერს”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებები და ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას შეძლებენ, კალაძემ უპასუხა: „დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ, ვინ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია”.

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ საკითხზე კომუნიკაცია, კალაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი პირველად ესმის, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

„პირველად მესმის, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ იმპიჩმენტთან დაკავშირებით”,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება -ჯოზეფ ბორელი

ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას, ევროკავშირის ლიდერებს არ შეუძლიათ, წინასწარ განჭვრიტონ, თუ რას იტყვის კომისია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ევროკომისიის შეფასებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტი იყო კარგი ბიძგი გაწევრიანების პროცესის გასააქტიურებლად. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ვერ გეტყვით, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება“, – განაცხადა ბორელმა.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ადგილობრივებმა კი სამართალდამცველებს დღეს, მძაფრი სუნის გამო მიმართეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს” – პრემიერი

გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს – საჭიროა, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტი გაიმართება.

მისივე თქმით, განხილვის მთავარი თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები იქნება.

„მე მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ აღიარება მივიღეთ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიღოს. მთავარი განხილვის თემა ასევე, გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის გამოწვევები იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.