“პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, არადა, პირველია ვინც ამ ყველაფერს”

416
spot_img

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ძალიან ცუდია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მას პირველი არღვევს.

„ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პროცედურა ამას ითვალისწინებს. აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი გამოვიდა ის, ვინც არღვევს ამ ყველაფერს”, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან” მოლაპარაკებები და ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას შეძლებენ, კალაძემ უპასუხა: „დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ, ვინ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია”.

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ საკითხზე კომუნიკაცია, კალაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი პირველად ესმის, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

„პირველად მესმის, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ იმპიჩმენტთან დაკავშირებით”,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.