Home Blog Page 2201

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს კარგი იქნება, სახლის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. თუ სხვა საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, გირჩევთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის დასრულება რამდენიმე დღით გაჭიანურდება.

კურო

ეს დღე გაუგებრობებით იქნება სავსე და ამის მიზეზი თქვენივე არათანმიმდევრული მოქმედებაა. შეიძლება წესების დარღვევა არ გსურთ, მაგრამ ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ. ის, რასაც სხვა დღეს ყურადღებას არ მიაქცევდით, იმდენად გაგიტაცებთ, რომ შეიძლება მთელი დღის გეგმები ჩაგეშალოთ.

ტყუპები

ამ დღეს განძის პოვნის თუ არა, ფულის შოვნის შანსი საკმაოდ მაღალია და სავარაუდოდ, სხვა სასიამოვნო სიურპრიზიც გელით. დროა, უფროსს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ – როგორც იქნა, თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. მოერიდეთ ცომეულისა და ტკბილულის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მოგიწევთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი გრძნობები აკონტროლოთ, რადგან შესაძლოა ვიღაცას თქვენი ზედმეტი სითამამე არ მოეწონოს და ამან ძალიან გაგაღიზიანოთ. სხვა მხრივ კი ეს დღე მშვიდად, ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებისაც. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო ამბებისგან კი წინდახედულობა და მძლავრი ინტუიცია გიხსნით.

ლომი

ვერც ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

ქალწული

ვარსკვლავების გავლენით ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად იზრდება. შესაძლოა, შედევრი ვერ შექმნათ, მაგრამ ეცადეთ ხელოვნებისთვის ცოტაოდენი დრო მაინც გამონახოთ. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა გელით, რომელიც შეიძლება რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.

სასწორი

იდეამ, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება თქვენს კარიერაზე და ზოგადად ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით, საკმაოდ პერსპექტიული იქნება. დიდი ხნის უნახავ ადამიანთან შეხვედრისას ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

მორიელი

ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან. მართალია, ეს ხანმოკლე კავშირი იქნება, მაგრამ ბევრ დაუვიწყარ ემოციას გაჩუქებთ. თუ გსურთ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდეთ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი მთავარი სიძლიერე თქვენსავე სისუსტეებშია. ამ სისუსტეებით სარგებლობთ და, ფაქტობრივად, გარშემომყოფებს აშანტაჟებთ. ამასთან ფიქრობთ, რომ თქვენს საქციელში უჩვეულო არაფერია და სხვების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივია. ასე თუ გააგრძელებთ, მალე ოჯახურ ტირანად იქცევით.

თხის რქა

თხის რქის განწყობა დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება – მხიარულებას სევდა ცვლის და სევდას მხიარულება. ერთი სიტყვით, ამ დღეს თხის რქის ემოციებს დიდი ყურადღება არ უნდა მიანიჭოთ. გირჩევთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ გადადოთ ან უფრო სტაბილურ ხასიათზე მყოფ ადამიანს გადააბაროთ.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ბუზი სპილოდ აქციოთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების უარყოფით თვისებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, რადგან ამით მხოლოდ ხასიათს გაიფუჭებთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვს და მთელი ყურადღება აქეთ უნდა მიმართოთ.

თევზები

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რომ ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა. შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

 

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოცადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან.

„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას, იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, – განაცხადა პუტინმა სოჭში სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ გამოსვლაში.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ კონტინენტთაშორის სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.

აუცილებელია და ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე -პრემიერი

აბსოლუტურად, ძალიან სწორი შეკითხვაა და სწორი აქცენტი გაქვთ დასმული. ნამდვილად, როდესაც მე ვესაუბრები ჩვენს ევროპელ  და ამერიკელ მეგობრებს, მათ ვეუბნები, რომ სტატუსი კიდევ უფრო მეტად მომხიბვლელს გახდის ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, რამდენად აქვთ  პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გაცნობიერებული ის, რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლებელია იყოს კიდევ ერთი მომხიბვლელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე ჩვენ  ვერ ვიქნებით სრულყოფილნი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

„მე უბრალოდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჩვენს გარეშე გააგრძელონ განვითარება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რამხელა პრობლემების წინაშე არიან ისინი. ამ დროს ისინი უყურებენ, რამხელა პროგრესი აქვს, ასეთ მოკლე პერიოდში, საქართველოს, მთლიანად ჩვენს, ასე ვთქვათ, კონტროლირებად ტერიტორიაზე. აუცილებელია და მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის, გაერთიანების გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით სრულყოფილნი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ, ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის, ყველა ჩვენი მოქალაქის მთავარი მიზანი. ეს მინდა ვთქვა და ამიტომ, ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ გეგმაზომიერად, ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ყოველი ჩვენი პრაგმატული, გააზრებული, გონიერი მოქმედება და ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან.

მე ისიც მინდა ვთქვა, წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენ ხომ ვიცით, საერთოდ, სრულიად სხვანაირი ქვეყანა ვიქნებით ავტომატურად, იმავე წუთს, იმავე წამს გავხდებით სხვანაირი ქვეყანა, სხვანაირი მომხიბვლელობა შეეძინება საქართველოს. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანა მთელს მსოფლიოში, არათუ რეგიონში. ეს მინდა რომ გაიაზროს კარგად ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა და დებმა. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ არავისთან არ გვინდა, არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაპირისპირება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა, ხოლო ლიბერთი ბანკმა ფინალისტები 5000 ლარით დააჯილდოვა.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის „მე და საზოგადოების“, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2017 წელს პირველად ჩატარდა. ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4 663 პედაგოგი.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

“ნატო-მ თავის დროზე რუსეთის შემადგენლობაში მიღებაზე უარი თქვა”-ვლადიმერ პუტინი

ნატო-მ თავის დროზე რუსეთის შემადგენლობაში მიღებაზე უარი თქვა, ვინაიდან, “იქ ასეთი ქვეყანა არ სჭირდებათ.” ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა გეოპოლიტიკურ ინტერესებშია.

“ამის შესახებ ვეუბნებოდი საჯაროდ ჩვენს მოკავშირეებსაც და ჩვენს პარტნიორებსაც. ხომ იყო მომენტი, როდესაც თქვენმა მონა-მორჩილმა უბრალოდ ვარაუდი გამოთქვა: “იქნებ ნატო-შიც შევიდეთ?” მაგრამ არა. ნატო-ს ასეთი ქვეყანა არ სჭირდება. მკითხავთ, კიდევ რა [გავაკეთოთ], ჩვენ უკვე ვთვლიდით, რომ “თავისიანები” ვართ. ბოდიში, როგორც ხალხში ამბობენ – ბურჟუაზიულები. კიდევ რა? – იდეოლოგიური დაპირისპირება აღარ არის, რაშია პრობლემა? როგორც ჩანს, პრობლემა გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და სხვებისადმი ქედმაღლურ დამოკიდებულებაში, თავდაჯერებულობაშია”, – განაცხადა პუტინმა.

ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას -პრემიერი 

მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ფორუმში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან.

ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში”, – განაცხადა პრემიერმა.

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ვნახეთ რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი -პრემიერი

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს.

„რომ ვთქვათ გულწრფელად, ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის, მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები?

როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში. იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის – რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა – არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი  უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი“, – განაცხადა პრემიერმა.

“დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, გაბრაზებული და განაწყენებული არიან”-მაია კოპალეიშვილი

დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის  წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, „მათი სურვილია, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან და არა ის, რომ კონსტიტუცია დაირღვა ან კონსტიტუციის გადარჩენის ინტერესი აქვთ“.

„დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება.

„ჩვენ ეს კარგად დავინახეთ დღეს, რომ პოლიტიკური უმრავლესობა თუ იქნება გაბრაზებული საქართველოს პრეზიდენტზე, მას შეუძლია, მანიპულირება მოახდინოს კონსტიტუციის ნორმებით. პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი-ირაკლი ღარიბაშვილი

როცა მიანიჭეს სტატუსი მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ.

„მე ვისაც შევხვდი და ვისაც ვესაუბრე, მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც ამ პანელურ დისკუსიაში ჩვენს მიმართ ძალიან მკაფიოდ გამოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება იმ შეცდომის განმეორება, რომელიც შარშან დაუშვეს. არ შეიძლება გაყოფა. მითუმეტეს, საქართველო მართლაც არის თვალსაჩინო მაგალითი რეფორმების განვითარების კუთხით. მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანა წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ. უფრო მეტიც, ბევრი მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრებსაც კი ვუსწრებთ ჩვენი მიღწევებით. ასე, რომ მე ამაზე აღარ მინდა სპეკულირება.

ჩვენ ვიზიარებთ, რომ დამსახურებაზე დამოკიდებული შეიძლება იყოს დასაბუთება, მაგრამ მთავარი ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ – როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. აიღეთ პერფორმანსი, ანუ ჩვენი მიღწევები და შესრულება, ნებისმიერ სფეროში, აიღეთ ამ ჩამოთვლილი ქვეყნების შესრულება ნებისმიერ სფეროში და შეადარეთ ჩვენი ქვეყანა და ეს ქვეყნები. თუ დამსახურებაზეა საუბარი.

პოლიტიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ეს არის გამართლებული და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამიტომ ვამბობ და ვიმეორებ – ეს დიახაც, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა პრემიერმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს თავად პრეზიდენტი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პარლამენტთან, აქციაზე ბექა გრიგოდიასი და მისი ძმა დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, ორი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგოდიასის მამა, ბექა გრიგოდიასია. მეორე მისი ძმა.

დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს აპროტესტებენ.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეაშინოს სამოქალაქო საზოგადოება.

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.

 

წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან კომუნიკაცია, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს -მიქანაძე

რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით – ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ-დეკემბერზეა დესტაბილიზაციაზე საუბარი. თქვენ ამით კიდევ ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება.

„რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია – თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგ პრობლემაა იმ ვეტოს დაძლევა, წინასწარვე გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის მეორე მოსმენით განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.