Home Blog Page 22

,,სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას

მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. 

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.

„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ეკა გიგაურის მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა”- გივი მიქანაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე ეკა გიგაურის გამოსვლას მმართველ გუნდში კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა.

“ხელისუფლება ანტიამერიკულ რელსებზე არ გადასულა. ეკა გიგაური, როგორც ოდიოზური პიროვნება, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, როგორც ადამიანი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მის პატრონებს და ეწევა იმ პოლიტიკას, რომელიც რადიკალური ფრთის მხარდაჭერას გულისხმობს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

,,რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა” – პენტაგონი

რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. მოცემულ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მას“, – თქვა რაიდერმა.

მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს პოტენციური ან რეალური რუსული თავდასხმების მოგერიების დროს.

რაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

,,რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს”- კირ სტარმერი

რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

„რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა დაიწყო ეს. ისინი არიან კონფლიქტის გამომწვევი“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ეს განცხადება სტარმერმა პუტინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის უფლებას მისცემენ, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტში დასავლეთის უშუალო მონაწილეობის მანიშნებელი იქნება.

სტარმერი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

სტარმერმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს არ შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

7 ოქტომბერს ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) გაიმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ოთარ კიტეიშვილია წარდგენილი – ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, კიტეიშვილის გარდა, გრაცის „შტურმის“ კიდევ ორი მოთამაშეა წარდგენილი – ჯონ გორენც-სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

გამოკითხვა ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (VDF) ჩაატარა, „ბრუნოს“ გამარჯვებულები 7 ოქტომბერს ვენის „მარქს ჰოლში“ გამოვლინდებიან. სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოზე კონრად ლეიმერი, მარსელ ზაბიცერი და ქსავერ შლაგერი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი უკვე დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.

ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, სწორედ დღეს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენი და ძირითადი ძალაა. წინ უქმეებია და აუცილებლად დაგეგმეთ დასვენება.

კურო

კარგი იქნება, თუ თქვენს სურვილებსა და პრობლემებს ახლობელ ადამიანებს გაუზიარებთ. შეეცადეთ, ირგვლივ მშვიდი მყუდრო და კომფორტული გარემო შეიქმნათ და მეტად იურთიერთოთ პოზიტიურ ადამიანებთან.

ტყუპები

ყველა მიზანი და გეგმა მიღწევადია იმ პირობით, თუ არ დაარღვევთ მიღებულ და დადგენილ ნორმებს. იმოქმედეთ კანონით მიღებულ საზღვრებსა და ზომიერების ფარგლებში.

კირჩხიბი

ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. მოაწესრიგეთ და სისტემაში მოიყვანეთ ინფორმაციები და საქმიანი ქაღალდები.

ლომი

პირად ურთიერთობებში, ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული და ზედმეტად მომთხოვნი, შეეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია ქალაქგარეთ გასვლა.

ქალწული

სასურველია, გადახედოთ უახლესი დღეების გეგმებს, არის შენაძენის ალბათობაც. ელოდეთ, დიდი ხნის უნახავ ნათესავ – მეგობართა მოულოდნელ სტუმრობას. დაგეგმეთ უქმეებზე დასვენება.

სასწორი

სასურველია, დროულად მოაგვაროთ საქმეში დაშვებული ხარვეზები და კორექტივებიც შეიტანოთ სამომავლო გეგმებში. ყურადღება გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. ძალიან ნუ გადაიღლებით.

მორიელი

გაგახარებთ ინფორმაცია, რომელსაც ელოდებოდით. აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრებისა და დასვენებისთვის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ, გამოიჩინეთ წინდახედულობა და შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. ემოციები მაქსიმალურად გააკონტროლეთ.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენს გარემოში სიახლეები აღმოაჩინოთ და ყველაფერი უფრო სხვა, საინტერესო კუთხით დაინახოთ. არის ახალი ფინანსური პერსპექტივების ალბათობაც.

მერწყული

შეეცადეთ, ახლებურად დაალაგოთ პრიორიტეტები, ეს დაგეხმარებათ სწორად და გონივრულად გადაჭრათ პრობლემები, მთავარია, ყველაფერი ხმაურისა და კონფლიქტების გარეშე მოაგვაროთ.

თევზები

შესაძლოა, რაიმე დაუსრულებელმა საქმემ თქვენგან ახლებური მიდგომა და ხედვა მოითხოვოს, რათა დადოთ ხარისხიანი შედეგი. მოიძიეთ მხარდამჭერები და გაბედულად შეუდექით საქმიანობას, საბოლოოდ, ყველაფრით კმაყოფილი დარჩებით. ნუ დაივიწყებთ, რომ დასვენება აუცილებელია.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები – არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, მივლინებაში ვიმყოფებოდი – გივი მიქანაძე

გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და „ციხის ბუნტის” თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სურს საზოგადოებას განუმარტოს, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს, ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, სრული სიცრუეა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება იმ დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტია, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში, მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ციხის ბუნტზე ინფორმაციას არ ფლობდა და ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა, რაც მარტივად გადამოწმებადია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი მმართველი გუნდისთვის ტალახის სროლა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. ამასთან, გივი მიქანაძემ, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება. ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, მე უბრალოდ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული. არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, ამის შესახებ შემდგომში გამოძიებაც ჩატარდა, შესაბამისად, მასალები არსებობს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია ჩვენი გუნდისთვის ტალახის სროლა, პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ, მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში თუკი საჭიროება იქნება, სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მე ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიმყოფებოდი.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში – კახა კალაძე

ჯერ ერთი – რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის რუსული კანონი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის განცხადების შეფასება სთხოვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები, ვისი ინტერესია, რა ინტერესია, ეს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, თუმცა აქ ერთი რამ არის მთავარი – ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვს ის კონკრეტული დაფინანსებები ადასტურებს, რომელიც ხელშემწყობი იყო რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ დასაფინანსებლად და საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად, ვინ დგას ამის უკან, რომელი სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ ამ ერთ რამეს ითხოვს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული უცხო ქვეყნების წარმომადგენლების პოლიტიკური გზავნილების მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების გაჩენაა.

„როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, იგივე მესიჯები იყო, აი, თქვენ კარგი ხართ, ქართველები, იმსახურებთ ევროპას, თუმცა ხელისუფლება გყავთ ცუდი, ეს ბრიყვული მესიჯი ჰქონდათ მაშინაც. მცდელობა იყო, რომ საზოგადოება დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი კაცი არის გონიერი და რეალურად ხედავს, რა მოცემულობა გვაქვს დღეს და ყველა ის ადამიანი, რიგითი მოქალაქე, ვისაც უყვარს ქვეყანა და უნდა მშვიდობის შენარჩუნება, არავის არ მისცემს იმის ფუფუნებას და უფლებას, საკუთარი ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, შვილები, შვილიშვილები ჰყავს, გამოაყენებინოს ვიღაცას ვიღაცის ინტერესების გასატარებლად, რომ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ გვაქვს უკრაინაში. არავის მივცემთ იმის უფლებას, საქართველოში მივიღოთ იგივე მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 12 სექტემბერს, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი.

დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს. ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის გახსნა.

ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

ოლიმპიელებსა და პარალიმპიელების დაჯილოდების ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია.

„საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით – თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით.

ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი- შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!

ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია“ , – განაცხადა ონოფრიშვილმა.

რა სამწუხარო სანახავია, გვარით ქართველი ეკა გიგაური ამერიკაში დაკითხვაზე ზის და საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას – ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმიანება, სადაც გიგაური ითხოვს საქართველოს და ხალხის არჩეული ხელისუფლების დასანქცირებას.

„რა სამწუხარო სანახავია, გვარით ქართველი ეკა გიგაური ამერიკაში დაკითხვაზე ზის და საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას… აგენტობის და უსამშობლოობის საუკეთესო გამოხატულება, ქალბატონი კაპიტანი.” – წერს ნიკოლეიშვილი.

გორში, პროექტის ”აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ”-ისა და „აჭარაბეთის” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, გორში, სასტუმრო ”გორი ინნში”, სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გაიმართა გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა – ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ; ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული და მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე. 

ღონისძიების ფარგლებში, გუნდური პრინციპით, ჩატარდა შშმ ვეტერანების, პარამკლავჭიდელებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების ინტეგრირებული შეჯიბრი მშვილდოსნობაში; ერთმანეთს დაუპირისპირდა 5 გუნდი, რომელთა შემადგენლობაში, პარასპორტსმენებთან და ვეტერანებთან ერთად, ასპარეზობდნენ ჩვენი ქვეყნის ტიტულოვანი სპორტსმენები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ომის ვეტერანი ლევან ხარაბაძე, მისი მოადგილე, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სასტუმრო ”გორი-ინნ”-ის წარმომადგენლები. 

ასპარეზობა, თითოეული მონაწილისთვის, ხალისიანი და საინტერესო გამოდგა. გუნდურ ორთაბრძოლაში, გამარჯვება მოიპოვა პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, ირმა ზვერიაშვილის გუნდმა, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, პირველობა არავის დაუთმო სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში, ლევან ხარაბაძემ.  

როგორც გამარჯვებულებს, ასევე, ასპარეზობის თითოეულ მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” 5 მონაწილეს, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვახტანგ ახობაძეს, ლევან მახათაძეს, ირმა ზვერიაშვილს, ნინო საბაშვილს და გიორგი სვინტრაძეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „აჭარაბეთმა”, სოლიდური ფულადი პრიზები გადასცა. 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე. 

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-მუხლის იმპლემენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანები, ”ახალგაზრდული მედიაკავშირის” ხელმძღვანელი, ხატია გავაშელი გულწრფელ მადლობას უხდიან პროექტის” აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”და დღევანდელი ღონისძიების ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით, ღონისძიების მასპინძელს, სასტუმრო ”გორი ინნ”-ს.