გორში, პროექტის ”აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა 

11
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ”-ისა და „აჭარაბეთის” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, გორში, სასტუმრო ”გორი ინნში”, სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გაიმართა გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა – ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ; ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული და მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე. 

ღონისძიების ფარგლებში, გუნდური პრინციპით, ჩატარდა შშმ ვეტერანების, პარამკლავჭიდელებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების ინტეგრირებული შეჯიბრი მშვილდოსნობაში; ერთმანეთს დაუპირისპირდა 5 გუნდი, რომელთა შემადგენლობაში, პარასპორტსმენებთან და ვეტერანებთან ერთად, ასპარეზობდნენ ჩვენი ქვეყნის ტიტულოვანი სპორტსმენები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ომის ვეტერანი ლევან ხარაბაძე, მისი მოადგილე, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სასტუმრო ”გორი-ინნ”-ის წარმომადგენლები. 

ასპარეზობა, თითოეული მონაწილისთვის, ხალისიანი და საინტერესო გამოდგა. გუნდურ ორთაბრძოლაში, გამარჯვება მოიპოვა პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, ირმა ზვერიაშვილის გუნდმა, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, პირველობა არავის დაუთმო სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში, ლევან ხარაბაძემ.  

როგორც გამარჯვებულებს, ასევე, ასპარეზობის თითოეულ მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” 5 მონაწილეს, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვახტანგ ახობაძეს, ლევან მახათაძეს, ირმა ზვერიაშვილს, ნინო საბაშვილს და გიორგი სვინტრაძეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „აჭარაბეთმა”, სოლიდური ფულადი პრიზები გადასცა. 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე. 

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-მუხლის იმპლემენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანები, ”ახალგაზრდული მედიაკავშირის” ხელმძღვანელი, ხატია გავაშელი გულწრფელ მადლობას უხდიან პროექტის” აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”და დღევანდელი ღონისძიების ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით, ღონისძიების მასპინძელს, სასტუმრო ”გორი ინნ”-ს.