Home Blog Page 2194

“შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობის მცდელობა გრძელდება” – არცილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის მცდელობა გრძელდება.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან საყურადღებოა.

„წინა თვეების განმავლობაში არაერთმა ადამიანმა გააკეთა განცხადებები, რომლებიც ირიბად ადასტურებს ამ გამოძიებაში გამოთქმულ ვარაუდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გვახსოვს, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, როცა ისინი თავიანთ მოკავშირეებს არწმუნებდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ეს უნდა გარდაიქმნას არეულობაში, რათა ამით ვინმემ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა შეძლოს. ასეთი განცხადებები პირდაპირ ეთერშიც მოგვისმენია და რადიკალურ ოპოზიციას მხრები რატომ აქვს აჩეჩილი, არ ვიცი. სწორედ მათ ანგარიშზეა თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, როგორებიცაა პარლამენტი და ცესკო. გახსოვთ, რომ იქაც პირდაპირ იყო არეულობის, სახელმწიფოზე თავდასხმისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ვინმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს. პირიქით, არსებობს ბევრი საჯარო ფაქტი, რაც გამოძიების დაწყებისთვის ლოგიკას ადასტურებს. ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში გამოძიების ფარგლებში მეტი ინფორმაცია იქნება და საზოგადოება მეტს გაიგებს, რა გზებით და ვისი ორგანიზებით ხდება ასეთი მცდელობები. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც დღეს შევიტყვეთ. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

ჩინური კინოს ფესტივალი თბილისში

თბილისი ჩინური კინოს ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი 17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნა.

ჩინური კინოს ფესტივალს, საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინო ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთობლივად მასპინძლობს.

ეროვნული არქივის კინოდარბაზში, ფესტივალის გახსნის ცერემონიას 140-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი,ასვე ჩინეთის დელეგაცია.

საქართველოში ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინური კინოფესტივალი, პირველი მასშტაბური,კულტურული ღონისძიებაა, რომელიც თბილისში ტარდება და არ ტარდება ონლაინ ფორმატში, Covid-19-ის პანდემიის შემდეგ.

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩვენი მხარდაჭერისთვის. კინო, ქვეყნებს შორის კულტურების ამსახველია, იგი არის ხიდი ადამიანთა შორის კომუნიკაციისთვის . კინო, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის გაცვლისა და შემეცნების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველო და ჩინეთიც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნებია. ორივე ქვეყნის კინოინდუსტრიას, ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ქართულმა ფილმებმა, მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შანხაისა და პეკინის კინოფესტივალებზე და ჯილდოებიც დაიმსახურეს. ბოლო 10 წელია, ჩინეთის კინოინდუსტრია, დიდი სისწრაფით ვითარდება. ჩვენი სერიალები, გასცდა ჩინეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიისა და ამერიკის ინტერნეტ მედია პლატფორმებზე. ვიმედოვნებ რომ მომავალში საქართველო და ჩინეთი, უფრო მეტად ითანამშრომლებს: კინოსა და ტელევიზიის სფეროში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ხალხებს, ფილმების საშუალებით, კიდევ უფრო გაიღრმაონ ცოდნა, ერთმანეთს კულტურის შესახებ”-აცხადებს საქართველოში ჩინეთის ელჩი.

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის თქმით, ჩინური კინოფესტივალისთვის 5 ფილმი შეირჩა, რომელთა შინაარსიც მდიდარი და მრავალფეროვანია.

ჩინური ფესტივალი, მხატვრული ფილმით- “სახლში დაბრუნება”გაიხსნა, ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი ჭანგ ი დაესწრო.

ფილმი შექმნილია 2011 წლის ლიბიის მოვლენებზე დაყრდნობით. მასში ასახულია რეალური ისტორია და ჩინელი დიპლომატების ძალისხმევა ევაკუაციის პროცესში, რათა თანამემამულეები უსაფრთხოდ დაებრუნებინათ შინ.

“მხატვრული ფილმის გარდა წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმი, რომელიც ჩინური კულტურის თავისებურებებს ასახავს. წარმოვადგენთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ფილმსაც ,რომელიც ჩინელი ხალხის, კაცობრიობის მომავლის შესახებ შეხედულებებზე გვიამბობს. ვუჩვენებთ ფილმს. ომის შესახებაც, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული”- განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა

 

ჩინეთის ელჩის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში თვეში, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა წამოაყენა გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

“ივლისში პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, მხარეებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან კონსენსუსს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ, შექმნა პირობები ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და მიმოსვლის გააქტიურებაზე.
ჩინეთი, მზად არის გამოიყენოს კინოფესტივალი, როგორც შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ჩინეთსა და საქართველოს და ორ ხალხს შორის კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობას და ერთობლივად განახორციელოს გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა”- განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

კინოფესტივალის გამართვას მაღალ შეფასებას აძლევს ქართული მხარეც და მას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს.

კინოცენტრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბაჩო ოდიშარიას განცხადებით, ჩინეთის კინოს საზოგადოების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით.

“გაღრმავდება კონტაქტები, ჩინური მხარე უკეთ გაიცნობს ქართულ კინოსა და კულტურას. შესაბამისად , ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული კულტურისთვის და მნიშვნელოვანი ძვრების მოლოდინშიც ვართ”- აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინური კინოს ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის და და კინემატოგრაფიის სფეროში ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავებას.

“ფესტივალი გაიხსნა ფილმით: “სახლში დაბრუნება“ მნიშვნელოვანია ,რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა ჩინეთის კინო ასოციაციის დელეგაცია, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თბილისში. შეხვედრა გაიმართება კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სხვა და სხვა კინოსტუდიის წარმომადგენლებთან. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წარმოადგინოს ჩინური კინოფესტივალი და ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის გაღრმავებას”- აცხადებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი.

ჩინური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ჩინური ფილმების ჩვენება, ეროვნული არქივის კინოთეატრში, 17-19 და 27 – 30 სექტემბერს, გაიმართება.

19 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის წარმომადგენლებსა და ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაციას შორის.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6360 ლარი ეღირება, ევრო – 2.8131 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2707 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6333 ლარი ღირდა, ევრო – 2.8076 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2695 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 სექტემბერს ამოქმედდება.

“რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ” – ლევან ხაბეიშვილი

რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის ამბობს, სუს-ის განცხადებით დადასტურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენები.

„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, – წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

“მტკიცედ მჯერა, რომ საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”- გლენ ბედინგფილდი

მტკიცედ მჯერა, რომ საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მალტა მტკიცედ უჭერს მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოებას, – ამის შესახებ მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გლენ ბედინგფილდმა მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

„უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მომავალი უდავოდ ევროკავშირშია. მტკიცედ მჯერა, რომ მოცემულ პროცესში საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მალტა მტკიცედ უჭერს მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესში წვლილის შეტანის ერთგული ვრჩებით უკრაინის დაუყოვნებლივი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის. გაფართოება მოიტანს რეფორმების საჭიროებას არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთაც გაწევრიანება სურთ, არამედ ევროკავშირში, რომელსაც თავად სჭირდება რეფორმების განხორციელება ახალი წევრების პირობებში სრულად ფუნქციონირებისთვის. მჯერა, რომ რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა უნდა განახორციელოს, იქნება ყველა ქვეყნისთვის, როგორც არსებული, ისე მომავალი წევრებისთვის“, – განაცხადა გლენ ბედინგფილდმა.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი”-ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ოტმარ კარასი აცხადებს.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ქართველ პოლიტიკოსებთან. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და, ვფიქრობ, ჩვენ ვართ სწორ გზაზე და გვაქვს ასევე კარგი პროგრესი შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. წინასწარ რთულია საუბარი და პროგნოზის გაკეთება. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აქტიურად მუშაობს, მუდმივად მართავს შეხვედრებს სტრასბურგსა და ბრიუსელში კანდიდატის სტატუსზე და იბრძვის საქართველოს ადგილისთვის ევროპულ ოჯახში. პარლამენტებს კარგი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ახლა საბჭოს მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აცხადებს ოტმარ კარასი.

“ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს, აშშ შეცდომაშია შეყვანილი” – ირაკლი ზარქუა

ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს – სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარცხალაძის თემა პროკურატურასა და სასამართლოზე „გალაშქრებისთვის“ დაჭირდათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით – „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროვებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ – მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.

ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ესე იგი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“ – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია

 

ლიტერატურული პრემია “საბასთვის” წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.

საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც  ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:

  1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  2. საუკეთესო პიესა
  3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  6. საუკეთესო პროზაული კრებული
  7. საუკეთესო პოეტური კრებული
  8. საუკეთესო რომანი
  9. მკითხველის “საბა”
  10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  11. მკითხველის “საბა”
  12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

დაელოდეთ,  „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას და საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.

 

“ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება” – დავით უსუფაშვილი

ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება – როგორც ჩანს, ოქტომბერ-დეკემბერში თავისთვის რთულ პოლიტიკურ ვითარებას ელიან და ამიტომ აანონსებენ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად ანონსებისა, არც ერთი ფაქტი მსგავსი დანაშაულის, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიძიეს, საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.

„ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომო და საგაზაფხულო დაანონსება უბედურების, რომ ზუსტად იციან ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, იარაღით და უბედურებით მოემართება ვიღაც საქართველოში ან აქ აკეთებს ორგანიზებას და დღემდე ვერც ერთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვერც ერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავებმა გამოიძიეს. ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელში შეგვრჩება ხოლმე მაქსიმუმ ქუჩაში შეხლა-შემოხლა მიტინგების დროს. ეს რატომ ხდება, აქ კითხვაც, მგონი, სრულიად უადგილოა, რადგან სრულიად ცალსახაა – როგორც ჩანს, ოქტომბერ -დეკემბერში ელიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას თავისთვის და ახლა აანონსებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, „ლელო“ ამ ინფორმაციაზე სერიოზულად ვეღარ და აღარ ვრეაგირებთ. რაც შეეხება თავად გადატრიალებებს და გადმოტრიალებებს, ამაში არც რეალობაში ვმონაწილეობთ და არც ზღაპრებში და საერთოდ ვემიჯნებით ყველაფერს, ამაზე ვინმე მოფიქრალსაც და ამ თემით სპეკულირების გამკეთებელსაც,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

“სიახლე არ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს, ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას” – გიორგი კახიანი 

საზოგადოებისთვის სიახლე აღარ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორი სახე მიიღო მათმა რადიკალიზმმა. ოქტომბერ-დეკემბერში მოსალოდნელია მეტი რადიკალური ქმედებები, ამას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობას არც შესაბამისი სამსახურები და არც საზოგადოება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი უსუსური მცდელობა იქნება, რადგან შესაბამისი სამსახურები შესაბამის ზომებს მიიღებენ და რაც მთავარია, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადრეც იყო საბურავების თემა და ასე შემდეგ. მაშინ გადატრიალება რომ არ მოხდა და ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის მცდელობა არ ჰქონდათ. პირიქით, ეს მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას. ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

“სუს-ის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს” – შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გადატრიალების მცდელობები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ახდენდა ამის პრევენციას.

„შარშან, ივნისში, როგორც კი ევროპულმა კომისიამ თავისი შეფასება და რეკომენდაცია გამოაქვეყნა, მეორე დღეს რამდენიმე „ენჯეომ“ აქცია მოაწყო პარლამენტის წინ და მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ითხოვდნენ, მათი თანხმობით დაკომპლექტებულიყო მთავრობა და ეს თუ არ მოხდებოდა, რამდენიმე დღეში წალეკავდნენ ყველაფერს. ამას აკეთებდა უცხოური დაფინანსებით მოქმედი რამდენიმე ელიტური „ენჯეო“ და შემდეგ ამბობდნენ, რომ მათი ბრალი არ იყო. ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოპოზიცია სწორედ ამას აკეთებდა, რამენაირად ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე, იქნებ არ მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი ან ისე მოენიჭებინათ, რომ დასამადლებელი გამხდარიყო და შემდეგ მღელვარებები გამოეწვია საზოგადოებაში. სუს-ის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება ხომ თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან. ამ შემთხვევაში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე არის ადამიანი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირდაპირ დააორგანიზა ჩვენს ქვეყანაში არეულობა. აქედან კიდევ ემოციური კავშირი აქვთ გია ლორთქიფანიძესთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გადატრიალების მცდელობების მაგალითები მოიყვანა.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ არაერთი „ენჯეო“ იყო ჩართული, გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია პარალელურ დათვლაზე, რომელიც ოპოზიციის ხელში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, გამოეწვია სახალხო მღელვარება. ერთი თვე უმალავდნენ საზოგადოებას ეს „ენჯეო“ და დონორი, რომ ეს იყო ტყუილი და ავრცელებდნენ ტყუილს. მხოლოდ მაშინ უარყვეს, როდესაც ნახეს, რომ პარლამენტი შეიკრიბა და რევოლუციური სცენარი ჩაიფუშა; არ იყო მცდელობები 7-8 მარტს, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ისროდნენ და პარლამენტს სწვავდნენ? შედეგი ისაა, რომ ასეთი სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა. ესაა მთავარი შედეგი და სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა, რომ შედეგები არ უნდა დადგეს. ამის პრევენციას რომ წარმატებით ახდენს სახელმწიფო სამსახური, ამაზე მეტყველებს ის, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რევოლუციური გეგმები ჩაეშალათ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით ჩაეფუშათ ეს გეგმა, 7-8 მარტს იგივე გეგმა ჩაეფუშათ. გახსოვთ, 7-8 მარტის აქციების დროს პარლამენტის წინ ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი როგორ ამბობდა, მწვანე შუქი გვაქვს იმისთვის, როგორ შევვარდეთ პარლამენტშიო. ვგულისხმობ სერგი კაპანაძეს, რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა, პოლიტიკოსია თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ინფორმაცია ემყარება გადამოწმებულ მტკიცებულებას. სუს-მა ისიც თქვა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ექნება ამ ინფორმაციის გაცვლა და ველოდებით დახმარებას პარტნიორი ქვეყნებისგან, რომ ასეთი დესტრუქციული იდეები არ განხორციელდეს.

პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, თავის მხრივ, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, გააკეთოს საქართველოში არა მხოლოდ რბილი, არამედ უხეში ძალით. რომელიმე „ენჯეო“ ან რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა – უკრაინის დაზვერვის მხარეს?

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს? მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის სააკაშვილის შემოპარვაზე და ძველ საქმეებზე, მათ შორის 26 მაისზე.

უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა უმაღლეს თანამდებობებზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების სისტემაში. ადამიანი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა ჩამოაყალიბა, დღეს უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმების განმახორციელებელია. ასევე სხვა ადამიანები, ზოგი ყოფილი ქართველი თუ ეროვნებით ქართველი თავის ფეისბუქგვერდებს რომ აკეთებს ქართულად და ქართულად ვიღაცები უწერენ ტექსტებს. განა არსებობს ამაზე მეტი სირცხვილი? სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ქართველი ხალხი იჩენს უკრაინის მიმართ, უკრაინის ხელისუფლების ერთი ნაწილი პირდაპირ ცდილობს ქვეყნის არევას. ქვეყნის არევა რას ნიშნავს, ჩვენ ხომ ვიცით, 90-იანი წლები ხომ გვაქვს გამოვლილი. ხომ ვიცით, რას ნიშნავს – აქ თუ ერთი რაღაც აირია, შემდეგ ვისი ტყვია გავარდება, ვისი ტანკი დადგება. ამას რომ აკეთებს ქვეყანა, რომელიც თვითონ არის იმავე მეთოდების მსხვერპლი, უხეში ძალის, რბილი ძალის, დეზინფორმაციის მსხვერპლი, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი საქართველოში ამ ყველაფერს რომ გიორგანიზებს, ამ ქვეყნის მოქალაქედ ვინც მიიჩნევს თავს, მას რამე რეაქცია არ უნდა ჰქონდეს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება და ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი 28 სექტემბერს  დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.

ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის  მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის – AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

 

R