ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ვიცე პოლკოვნიკ ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზას სექტორში „გვირაბების დახვეწილი ქსელია“ და მძევლად აყვანილი 150-200 ადამიანი „ჰამასს“ სავარაუდოდ, სწორედ ამ მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული.
ჯონათან კონრიკუსის თქმით, სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დახსნაა.
„სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება – ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის“, – აცხადებს თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.