Home Blog Page 2194

ღაზაში 200-მდე მძევალი სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

Palestinian fighters from the Izz el-Deen al-Qassam Brigades, the armed wing of the Hamas movement, are seen inside an underground tunnel in Gaza August 18, 2014. A rare tour that Hamas granted to a Reuters reporter, photographer and cameraman appeared to be an attempt to dispute Israel's claim that it had demolished all of the Islamist group's border infiltration tunnels in the Gaza war. Picture taken August 18, 2014. REUTERS/Mohammed Salem (GAZA - Tags: POLITICS CONFLICT TPX IMAGES OF THE DAY) - RTR42YJR

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ვიცე პოლკოვნიკ ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზას სექტორში „გვირაბების დახვეწილი ქსელია“ და მძევლად აყვანილი 150-200 ადამიანი „ჰამასს“ სავარაუდოდ, სწორედ ამ მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული.

ჯონათან კონრიკუსის თქმით, სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების დახსნაა.

„სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება – ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის“, – აცხადებს თავდაცვის ძალების პრესსპიკერი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაინიცირდება

მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, მსგავსს დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარის. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა კი გაიზრდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

,,მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა ასახულიყო პოლიტიკურ აქტში”- წილოსანი

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს კონსტიტუციის ირგვლივ და სამართლებრივ ჭრილში განსჯის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყოფნის მანდატები იმპიჩმენტის ბოლომდე წარმატებით დასასრულებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში“, – განაცხადა წილოსანმა.

,,ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს დამატებითი რეისი შესრულდება”- ჟვანია

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში. რაც შეეხება ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩი აცხადებს, რომ ცნობა დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ საელჩოში ამ დრომდე არ შესულა.

„დაშავებული, ან დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა დღემდე. ჩვენი მედიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რის გამოც პანიკა ვრცელდება ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი georgian airways-ს მიერ და ამ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ მოქალაქეებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი გამოემგზავრება მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით“, – აცხადებს ჟვანია.

,,ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება”- ჩინეთის საგარეო მინისტრი

ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზას ხალხის კოლექტიური დასჯა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„არც ერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას.

აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის – CNN

აშშ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის, რადგან ისრაელი ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადება, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

„აშშ-ს ხომალდები არ აპირებენ შეუერთდნენ ღაზაში ბრძოლებს ან მონაწილეობა მიიღონ ისრაელის ოპერაციებში, მაგრამ საზღვაო ძალების ორი ყველაზე ძლიერი ხომალდის ადგილზე ყოფნა გზავნილია ირანისა და მისი მოკავშირე სხვა ძალებისთვის რეგიონში, როგორიცაა „ჰეზბოლა“ ლიბანში“, – წერს მედია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

,,ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე”- შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი” იმყოფებოდა. საწარმომ, რომელიც სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა.

„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა – აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესი წელსაც ორგანიზებულად მიმდინარეობს; პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული. დღეის მდგომარეობით, უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული.

„მეღვინეობა ბარაკონში” საწარმოს მფლობელის კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში მოსავალი დიდი არაა, თუმცა, ხარისხი გასულ წელთან შედარებით, უკეთესია. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა

ისრაელმა ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და აეროპორტის მუშაობა შეწყდა. ამასთან, გაზეთი ალ-ვატანი იტყობინება, რომ აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო. მანამდე აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

,,საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის შემოსული”- ლაშა ჟვანია

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის შემოსული და არც ერთი დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ პირველ არხს ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს და მომდევნო დღეებში დაგეგმილია ავიარეისები თელ ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

„დღეს, შაბათ საღამოს სრულდება ორი ფრენა თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით. კვირას გვექნება სამი ფრენა, ორი „ჯორჯიან ეარვეისის“ და ერთი „ელალის“ მეშვეობით. მომდევნო დღეებში ასევე „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ელალი“ განახორციელებენ ფრენებს, მათ შორის ბათუმშიც. ამ დროისთვის, ჩემი მონაცემებით, ამ ტერორისტული აქტის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1 400-ს აჭარბებს. სამწუხაროდ, ჯერ ყველა იდენტიფიცირებული არ არის და ყველას შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე, 36 ქვეყნის მოქალაქეა დაშავებული და დაღუპული ამ საშინელი ტერორიზმის შედეგად“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ღაზაში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ამ დროისთვის არა სახმელეთო.

„ქვეყნის ჩრდილოეთი დღეს იყო საჰაერო თავდასხმის ქვეშ, თუმცა პრევენცია მაშინვე განხორციელდა. რაც შეეხება ქალაქების ევაკუაციას, ამ დრომდე ევაკუაციაზე საუბარი არ არის. თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, გვეცოდინება ოფიციალური არხების მეშვეობით და მოხდება გავრცელება. დღეს ევაკუაციის საშიშროება არ დგას, ამ გადაწყვეტილების წინაპირობები ჯერ არ არის. როგორც ვიცი, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ევაკუაცია ხორციელდება სამხრეთ ნაწილში და ეს ისრაელის ტერიტორიას არ ეხება“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ღაზის სექტორში ჩვენ არ გვყავს საქართველოს მოქალაქე, რის გამოც ჩართულები არ ვართ პროცესში, თუმცა სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის იქ და დღეს დერეფანი იყო გახსნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზა ეგვიპტის საზღვრის მეშვეობით. თუმცა, ეს მითითება გაუქმდა, ვინაიდან ისრაელმა ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხო გამოსვლა სასაზღვრო პუნქტიდან და თავიანთ ლოკაციებზე დააბრუნეს. დერეფანი უახლოეს საათებში ისევ გაიზსნება. მდგომარეობა დაძაბულია და არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ლოკალური ხდება, ვიდრე ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში. დღეს, დილის საათებში თელ-ავივის, ბათიამის, ხულონის თავზეც იყო საჰაერო განგაში და მას შემდეგ აღარ ყოფილა. ქალაქი აშკელონი, აშდითი, ბერშევა და მის გარშემო არსებული დასახლებები კვლავ განგაშის ქვეშ არიან მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შარლ მიშელმა ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია

შარლ მიშელმა 17 ოქტომბერს ისრაელის საკითხზე ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მოიწვია, რომელიც ვიდეოფორმატის რეჟიმში გაიმართება.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ტერორს გამართლება არ აქვს.

„ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მძევლები დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ოჯახებს.

ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო კანონმდებლობის, კერძოდ კი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სრული დაცვით. ღაზის სექტორში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული ალყისა და ძირითადი საჭიროებების ნაკლებობით, დაბომბვით გამოწვეული ნგრევით, საერთაშორისო საზოგადოებაში საზოგადოებისთვის განგაშის ზარია.

მსურს მოვიწვიო ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სამშაბათს, 17 ოქტომბერს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო ერთიანი სტრატეგია, რომელიც ასახავს განვითარებული მოვლენებისა და არსებული სიტუაციის სირთულეს“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე განმარტებით, ამ კონფლიქტს აქვს გავლენა და მოჰყვება შედეგები, მათ შორის ევროკავშირში.

„ევროკავშირი ყოველთვის იყო და ყოველთვის უნდა იყოს მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მტკიცე დამცველი, როგორც ეს იყო რუსეთის აგრესიული ომის შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის, ჰუმანიტარული სამართლის ნებისმიერი დარღვევის თავიდან აცილების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია რეგიონულ აქტორებთან ჩართულობა, რადგან მათ შეუძლიათ ეფექტიანი როლის შესრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის ძიების გზები. მიმდინარე კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ჩვენი საზოგადოებებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული შედეგები. თუ ჩვენ არ ვიქნებით ფრთხილად, კონფლიქტს აქვს პოტენციალი გააძლიეროს დაძაბულობა საზოგადოებაში და ექსტრემიზმი.

და ბოლოს, არსებობს მიგრაციისა და დიდი რაოდენობით ხალხის გადაადგილების მაღალი რისკი მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც უკვე მიიღეს ლტოლვილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. თუ ფრთხილად არ მოხდება პროცესების გაანალიზება, მაშინ არსებობს ევროპისკენ მიგრაციის შემდგომი ტალღების მაღალი რისკი. აუცილებელია, ყველა ამ გამოწვევას ერთად გადავხედოთ. ჩვენი ერთობა ჩვენი ძალაა“, – განაცხადა მიშელმა.

გერმანია ისრაელიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

გერმანია ისრაელიდან თავისი მოქალაქეების სამხედრო თვითმფრინავებით ევაკუაციას იწყებს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის არმია ისრაელიდან თავის მოქალაქეებს სამხედრო თვითმფრინავებით გაიყვანს.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გერმანიიდან ისრაელის მიმართულებით ამაღამ ორი A400M სამხედრო თვითმფრინავი მიემგზავრება  ისრაელის 100 000-ზე მეტ მაცხოვრებელს აქვს გერმანიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა.

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველას თქვენი რჩევა და დახმარება სჭირდება და გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრებთან შეხვედრა რამდენიმე დღით გადადოთ – მოსალოდნელია კამათი, რომელიც ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთეთ, რაც მოგწონთ. კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

კურო

ოპტიმისტური განწყობა თითქმის უიმედო საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ტყუპები

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ ან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკუთარ ინტუიციას უნდა მოუსმინოთ. პირად ურთიერთობებში პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ. უმიზეზო ეჭვიანობისა და სულელური წყენის გამო ურთიერთობები არ გააფუჭოთ.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი აქტიური მუშაობისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ლომი

ბოლო დროს დაგროვილმა სტრესმა შეიძლება ერთბაშად თავი იჩინოს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ – შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

ქალწული

მოერიდეთ თქვენთვის უცნობ სფეროში საქმიანობას და ექსპერიმენტების ჩატარებას – ეს დღე კარგად ნაცნობი საოჯახო საქმეებისთვისაა შესაფერისი. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

სასწორი

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებსაც კი გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ. ახალი ცოდნა და უნარები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება და რეალისტური მიზნების დასახვა. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ ბიზნესწინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გსურთ, ახლობელ ადამიანებს საკუთარი რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ ამას შეიძლება კამათი და გაუგებრობა მოჰყვეს.

თხის რქა

დღეს მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ამ დღეს უპირატესობა მსუბუქ საოჯახო საქმეებს უნდა მიანიჭოთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ. მოიშორეთ ძველი და უსარგებლო ნივთები – თქვენს ცხოვრებაში პოზიტივისთვის მეტი ადგილი უნდა იყოს.

მერწყული

აქტიური დღეა. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწიოთ და ეცადეთ, შეცდომა არ დაუშვათ. შესაძლოა, მეგობრის დახმარებით ძველი პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

თევზები

ენერგიის მაღალი დონე და კარგი განწყობა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ფრთხილად იყავით – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი სიკეთით და გულუბრყვილობით ისარგებლოს.