Home Blog Page 2193

“უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას”-ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მონაწილეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

მკვლელობა მოხდა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.​ თავად თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე − გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაეროს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

“სალომე ზურაბიშვილს აქვს დავალება, ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს აქვს დავალება, ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

​ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის შეხვედრების შესახებ, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები რადიკალური ოპოზიციის გამაგრებას ემსახურება.

„რეალურად ის ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მას აქვს დავალება, რომ რაღაცნაირად ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან შეხვედრები, ასევე შესაბამის „ენჯეოებთან“ შეხვედრებიც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებს, კობახიძის თქმით, ესეც რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.

„რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდევ, რა ვიცი, მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე კვლავაც გავალ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს ყველაფერი, თუმცა რას ვიზამთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის მისი უფლება. კონსტიტუცია მას პირდაპირ უკრძალავს იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დააანონსა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე

სუს-ის განცხადება ნამდვილად შემაშფოთებელია, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა აღიკვეთოს ვითარების არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მით უმეტეს ასეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მიზანი აქამდეც გაცხადებული ჰქონდა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგალითად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვის და ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ. აქ უფრო მეტად შემაშფოთებელია ფორმები, რომლებზეც იყო საუბარი სუს-ის განცხადებაში. კერძოდ, საუბარი იყო უმძიმესს პროვოკაციებზე: იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებაზე. პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რეალურად რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირულნი არიან შემდეგ არჩევნებშიც, რვა არჩევნები წააგეს და მეცხრესაც წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზანი სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკები უკავშირდება მას, რადგან ამ სისუსტის ფონზე ისინი ყველაფერზე შეიძლება, წავიდნენ.

„ეს ოპოზიცია უნდობლობას გამოუცხადებს სუს-ის განცხადებას, რადგან მათ ეხებოდათ ეს განცხადება. მე დამატებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან დასუსტებულია ოპოზიცია, დაშლილია, მოშლილია მთლიანად, რაც თითქოს ერთი შეხედვით, იძლევა დამშვიდების საშუალებას, თუმცა რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკები უკავშირდება მას, რადგან ამ სისუსტის ფონზე ისინი ყველაფერზე შეიძლება, წავიდნენ, ყველანაირ უკადრებელზე. ეს რისკები არსებობს, ამიტომ დამშვიდების საშუალება რეალურად არ გვაქვს. მთავარია, რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და ის უნდა იყოს ერთ-ერთი, ვინც არ დაუშვებს ასეთი პროვოკაციების მოწყობას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს უმით ნაჯი იორულმაზს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) ვიცე-პრეზიდენტს, უმით ნაჯი იორულმაზს, სააგენტოს შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, ალი ოზგიუნ ოზთურქს, აღნიშნული დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების წარმომადგენელს, ჰაჯი ბაირამ ბოლათს და თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოქს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, იმ ერთობლივი, წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, კერძოდ, კი თბილისის საკოორდინაციო ოფისის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება; კობა კობალაძემ, სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს ვეტერანთა წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.

„შეხვედრაზე უმით ნაჯი იორულმაზმა, ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას, რაც განსაცდელის ჟამს, არა ერთგზის გამხდარა სამაგალითო. მან, კობა კობალაძისა და საქართველოს ვეტერანების მიმართ პატივისცემა გამოხატა იმ ღვაწლისთვის, რაც მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გაიღეს და აღნიშნა, რომ მისთვის და თურქული მხარისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია იმ მებრძოლთა მხარდაჭერა, ვინც არა მხოლოდ წარსულში იდგნენ სამშობლოს დასაცავად, არამედ მომავალშიც ქვეყნის სამსახურში იქნებიან. მან აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველო, მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უმით ნაჯი იორულმაზმა აღნიშნა, რომ ის თანადგომა, რომელსაც TIKA წლების განმავლობაში საქართველოს ვეტერანთა მიმართ გამოხატავდა, აუცილებლად გაგრძელდება; ვეტერანთა მხარდაჭერისთვის შემუშავებული პროექტები, მომავალში აუცილებლად გაფართოვდება, გაღრმავდება და კიდევ უფრო დიდ არეალს მოიცავს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები: მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ეს იყო 4 დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ”-კობახიძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც, ტრადიციულად, ვიმსჯელეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, განვიხილეთ საპარლამენტო დღის წესრიგის საკითხები.

რა თქმა უნდა, მსჯელობა შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ. რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მით უმეტეს, ისეთი  მძიმე პროვოკაციები, რომლებზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან.

ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, ამაზე შევჯერდით დღეს, უმრავლესობის სხდომაზე და მინდა შევეხო ოთხივე საკითხს:

  • 1. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისათვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე, მასთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ. ეს იყო პირველი საკითხი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სრულად ვპასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას.
  • 2. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიცირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას – ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად ვპასუხობთ.
  • 3. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში;
  • 4. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

ანუ იყო 4 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი.

გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში „მანივალის“ რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ;

ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი;

ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ;

გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ეს იყო 4 დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ.

როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისებრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ აგენტი- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს.

„მგონი, ბატონმა კახამ (კალაძე) თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ევროპაში ვიზიტებია, არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ფეესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომელიც ამას უნდა იძიებდეს დღეს და პასუხისმგებლობა მათზეა. მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არ შესულა.

„რაღაც მოქალაქეობაზე იყო აქცენტები. ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ,  არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ნათელია, სად არის პასუხისმგებლობა.

ვიდრე ბაზელში წავიდოდი, შევხვდი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო, მათი მხრიდან რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც აქ პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, პასუხები დროულად გაგვცენ. მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ სთხოვს აშშ-ს, რომ კიდევ მეტი მტკიცებულება მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი. აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია”-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსეთის შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდა 2021 წლის დონეს დაუბრუნდა და თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.

ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ განცხადება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მასობრივი სანქციებისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე გაკეთდა.

პუტინის თქმით, ივლისს-აგვისტოში ასევე აღდგა რუსეთის ბიუჯეტის ნავთობ-გაზის მოპოვებიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

„შიდა მთლიანი პროდუქტის ზრდას 1,2%-ის დონეზე ვვარაუდობდით, მაგრამ ფაქტობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2,5%-ის დონეზე შეიძლება გავიდეს, ან მეტი – 2,8%-ის. რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია, ჩვენ უპრეცედენტო გარე გავლენასა და ე. წ. არამეგობრული ქვეყნების მმართველი ელიტების სასანქციო შეტევას გავუძელით”, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან რუბლის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძირითად პრობლემას ინფლაციის დაჩქარება წარმოადგენს, რომლის მთავარ ფაქტორს რუსული ვალუტის გაუფასურება წარმოადგენს.

“ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩვენ როცა ვართ ევროპის კართან მოსული, ვიცით, ყველამ რამდენად გადამწყვეტი იქნება როცა მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს თავისით არ მოდის, ეს მთავარი გზა, რაც გასავლელია, არის ჩვენი, თქვენი, ქვეყნის მიერ ერთად გასავლელი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გააკეთოს ის რაც შეუძლია.

“ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ნებისმიერი ნაბიჯი შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, იმ სფეროში სადაც ვმოღვაწეობთ, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, ანალიტიკური ექსპერტების სფერო, ყველას აქვს თავისი როლი – ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ვიქნები ყველგან, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ვიქნები, ბელგიაში, მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია”, – აცხადებს პრეზიდენტი.

როგორი ამინდი იქნება 20 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

დედაქლაქში – თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიატურა, საჩხერე, ხულო): 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხილო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18-19 სექტემბერს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18-19 სექტემბერს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 დაფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

სამიტი გახსნეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.

„მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2030 წლის დღის წესრიგის მიღების შემდეგ მეორედ იმართება. პირველი სამიტი 2019 წელს გაიმართა. წლევანდელ სამიტს აქვს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შუალედური შეფასების დატვირთვა. სამიტის მიზანია მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისის გამო მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების ჭრილში, მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შუალედური შეფასება და 2030 წლის დღის წესრიგის დაჩქარებულად შესრულების ხელშეწყობა. სამიტის ბოლოს მონაწილეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვა. დიალოგის თემაა „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“. გაერო-ს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.