Home Blog Page 2193

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს

სამხედროებმა გუშინ დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი დაატყვევეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესმა სპიკერმა დენიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ამ საათის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში. ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრებლის ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი  ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა.

გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 9000-ს აღემატება.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რითაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.

ქართველიშვილის თქმით, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა უძლეველი ავტორიტეტების მსხვრევა.

„სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა ურყევი ავტორიტეტების, ხელისუფლებებისა თუ ისტორიულ-პოლიტიკური მოცემულობების სრული კრახი: სომხეთით დაიწყო თუ გაგრძელდა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ “არცახის” გარშემო დაწერილი ერის ისტორია და სახელმძღვანელოები, სომხების სულიერი სიძლიერე, მათი უძლეველობა და ამ აუღებელ ციხე-სიმაგრედ ქცეული პროვინციის ლეგენდა ერთ დღეს დაიმსხვრა სომხების მიერ ყარაბაღის მიტოვება/ჩაბარებით.

ამას წინ უსწრებდა ამერიკელების სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, რაც მაშინ რაღაც მზაკვრულ გეგმად ჩანდა;

რუსეთის არმია, რომელიც სერიოზულად ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მის სპეცსამსახურებს “გაეპარა” ქვეყნის გადატრიალების სერიოზული მცდელობა. ასეა თუ ისე, უკრაინაში აშკარად რაღაც ისე არ მიდის , რაზეც იყო გათვლა კრემლში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე;

ბრიტანეთის სამთავრობო ციებ-ცხელება, მათი სპეცსამსახურების არადამაჯერებელი მუშაობა ქვეყნის გავლენების შესანარჩუნებლად მსოფლიოში, უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ შოტლანდიაშიც;

აფრიკაში საფრანგეთის ნეოკოლონიალური სისტემის სრული კრახი, რომელიც დაფუძნებული იყო ისეთ ფინანსურ და ლოგისტიკურ ქსელებზე, რომლებსაც თითქოს და “უვადო ვარგისიანობა” უნდა ჰქონდა;

ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკრაინასთან მიმართებით იმდენად არადამაჯერებლად იქცევა, რომ ვერც საკუთარ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს, ვერც საჭირო მიზნობრიობისა და რაოდენობის იარაღს აწვდის, ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციების დაგეგმარებას ახორციელებს დამაჯერებლად და შედეგიანად;

ორი კვირის წინ დაინგრა აშშ-სა და ევროპის მონოპოლია მსოფლიო ბაზარზე მიკროელექტრონიკაზე, როდესაც ჩინეთმა წარადგინა თავისი მიკროპროცესორები;

ამჟამად ისრაელი თავისი მაღალტექნოლოგიური თავდაცვის სამინისტროთი, ყველა ტიპის “უძლეველი” სპეცსამსახურებით და დაზვერვით, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პალესტინელები ვერ გაბედავდნენ სერიოზულ ქმედებებს ისრაელთან არაბულ მონარქიებთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.

ამ ყველაფერს აკვირდება ახალი გადაფორმატებისა და განახლების სტადიაზე მყოფი დანარჩენი მსოფლიო. აკვირდება და აკეთებს სათავისოდ საჭირო დასკვნებს. ამ პოზიციაზე ვართ ჩვენც. ქართველი რაგბისტების არ იყოს, თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს“, – წერს ქართველიშვილი.

სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს -სერგი კაპანაძე

“მაშინ, როცა ბრიუსელი განიხილავს, უნდა მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, პარალელური დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც მანდატი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი სერგი კაპანაძე წერს.

კაპანაძის წერილი „ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.

„ევროკავშირის განაჩენი, იქნება ეს დადებითი, უარყოფითი თუ გადადებული 2024 წლამდე, უდავოდ მოიცავს იმ პირობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისთვის. ეს პირობები უნდა იყოს მკაფიო, მტკიცე და კონკრეტული. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველო აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საწყისი თორმეტი პირობიდან სამს: გენდერული თანასწორობა, დამოუკიდებელი ომბუდსმენი და ECtHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული დაცვა“, – წერს კაპანაძე.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეული საკითხები მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

„სხვა სფეროებში, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, მედიის თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების ჩათვლით, საქართველომ ნაწილობრივ პროგრესი განიცადა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ბოლო ორი წელი ღირებულ გაკვეთილებს იძლევა. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობს ევროკავშირის პირობების შესრულებაში, განსაკუთრებით იმ პირობების მიმართ, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დომინანტური პოზიციისთვის“, – აღნიშნულია კაპანაძის წერილში.

როგორც სერგი კაპანაძე წერს, ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა მოიცავდეს ათ ძირითად პირობას.

„დეპოლარიზაცია უნდა შენარჩუნდეს, როგორც არსებითი პრიორიტეტი. დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხის მოგვარებას და დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს საქართველოს სრული თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. „ქართულ ოცნებაზე“ უნდა განხორციელდეს ზეწოლა, რათა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული მათი გვერდის ავლისთვის. საქართველო ასევე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის გავლენის ზრდას, გამოავლინოს რუსეთის საგარეო საინფორმაციო მანიპულირების ჩარევა და რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ხშირად ჩადიან დანაშაულს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დაუსჯელად“, – წერს კაპანაძე.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს.

„დემოკრატიული ზედამხედველობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სფეროში აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აღდგენაზე. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ჯგუფებს ეფექტური ზედამხედველობის საშუალება უნდა მისცეს, მათ შორის საგამოძიებო კომისიების შექმნისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში გამოძახების გზით. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მარცხია. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს სასამართლო სისტემის გაწმენდა და უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და მკაცრი პროცესი. „ქართული ოცნება“ უკვე სრულად აკონტროლებს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია, მარტივად არ გაითვალისწინოს ნებისმიერი ბუნდოვანება მოთხოვნებში, როგორც არარელევანტური ან უკვე განხორციელებული, ამიტომ ზუსტი ფორმულირებები იქნება მნიშვნელოვანი. ევროკავშირმა პრიორიტეტულად უნდა შეინარჩუნოს ანტიკორუფციული ზომები. ახალი ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შესაბამისად, ევროკავშირმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ბიუროს მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები და შეძლოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

გარდა ამისა, კაპანაძე აცხადებს, დეოლიგარქიზაცია არის ყველაზე საკამათო პირობა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ყველაზე ნაკლებად იმუშავა.

„ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს დაჟინებული მოთხოვნა ოლიგარქიული გავლენის შემცირებაზე სისტემური რეფორმების გზით, როგორც ამას ვენეციის კომისია გვთავაზობს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, თავიდან აიცილოს ეს ვალდებულება, რათა არ განაწყენდეს პარტიის არაფორმალურად პასუხისმგებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ევროკავშირს შეუძლია მიუთითოს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა კრიტიკულ მედიასაშუალებების ბოიკოტირებისა და მედიასთან დიალოგში არჩართვა, ხელს უწყობს საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეთხოვოს, დაუშვას არასამთავრობო სექტორის შეუფერხებელი ფუნქციონირება, შეწყვიტოს მათი საქმიანობის საფრთხის ქვეშ დაყენების მცდელობა სამართლებრივი ინსტრუმენტებით ან დამამცირებელი პროპაგანდით. ევროკავშირმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს, აირჩიოს ადამიანის და უმცირესობათა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა LGBTQI+ თემი“, – წერს სერგი კაპანაძე.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა-ლაშა ჟვანია

ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა.

„ამ წუთისთვის 250 დაღუპულზე მეტი ცხადდება, ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

„საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

ისრაელში „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Timesofisrael წერს.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 1 864-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 326 მძიმედ დაშავებულია, ხოლო 359 საშუალო სიმძიმის.

ამასთან, პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზაში 232 ადამიანი დაიღუპა და 1 790 დაშავდა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვიწყებთ ხანგრძლივ, რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმამ გვაიძულა -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას“.

„ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა ჰამასის თავდასხმამ. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის მიზანია, დააკარგვინოს ჰამასს უნარი და სურვილი, დაემუქროს და ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს მრავალი წლის განმავლობაში.

„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არის ელექტროენერგიის, საწვავისა და საქონლის მიწოდების შეჩერება.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ოთხივე უსაფრთხო ადგილას იმყოფება -საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

„რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გუშინ, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმებულია ცხელი ხაზი.

მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით რეისები გააუქმეს

ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული მასშტაბური შეტევის ფონზე, მსხვილმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ათობით ავიარეისი გააუქმეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ავიაკომპანიებს შორის არიან: American Airlines, Air France, Lufthansa, Emirates, Ryanair და Aegan Airlines.

პარიზიდან თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა ავიაკომპანია Transavia-მაც. ამასთან, ვარშავაში პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა განაცხადა, რომ დღეს, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისი გააუქმა.