Home Blog Page 2184

“ეს ორი სუვერენული სახელმწიფოს საქმეა, რა შუაშია აქ აშშ?” – ზახაროვა ფრენების აღდგენაზე

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ თვლის ვაშინგტონი, რომ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებებზე კომენტარს უნდა აკეთებდეს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აშშ-ის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

„ამას არ შეიძლება მიეცეს სხვა კვალიფიკაცია, გარდა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევისა. ეს იმ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლაა, რომლებიც არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით არიან მეზობლები – ჩვენ ძალიან ბევრი გვაკავშირებს ისტორიულ კონტექსტში. რა შუაშია აქ აშშ, საერთოდ გაუგებარია“, – აცხადებს ზახაროვა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ შტატებმა სანქციები დაუწესოს კონკრეტულ ავიაკომპანიებს, თუ ისინი სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი რეისი 19 მაისს განხორციელდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5879 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5879 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0309 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7559 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0266 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“რუსეთის დამქაშებს და პუტინის წარმომადგენლებს ნატო-ში არავინ შეიყვანს”-გია ბარამიძე

რუსეთის დამქაშებს ნატო-ში არავინ არ მიიღებს. ჩვენი მოწოდებაა, რომ ნატო-ს მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქ ივანიშვილზე, დაედოს მას და მის ბანდას სანქციები,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა  გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ნატოელმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ხელისიფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ნაბი-ნაბიჯ დააშოროს დასავლელ პარტნიორებს.

„მე ვფიქრობ ჩვენმა ნატოელმა მეგობრებმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და სხვა წყაროებიდან ისედაც ძალიან კარგად იციან რა ხდება საქართველოში, რა მძიმე მდგომარეობაა, რომ ქვეყანა და ხელისუფლება აქვს მიტაცებული რუს ოლიგარქს და რუსული მაფიის ქართული ფილიალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დააშოროს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საქართველო დატოვოს მარტო რუსეთის წინაშე და საქართველო დააბრუნოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და ამას ყველაფერს აკეთებს ძალიან ცინიკურად, დემონსტრაციულად, შეგნებულად აგრძელებს საზოგადოების წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას, როგორც პუტინის პირადი ტყვისა, ნიკა გვარამიას პატიმრობას, სხვა პოლიტპატიმრებს პატიმრობას, დევნას თავისუფალი მედიისა, დევნას ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანისა და შეგნებულად ახდენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის ტორპედირებას, რაც მათ ძალიან კარგად იციან. საერთოდ აღარც კი ლაპარაკობენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ამ ბოლო დროს. ამ მოღალატურმა რეჟიმმა საერთოდ აღარ მიაღებინა ქართულ ჯარს მონაწილეობა ნატო-ს წვრთნებში და პირდაპირ არიან ანტიქართულ ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებლები. ბუნებრივია, ასეთი რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ საქართველოს ისედაც ვერ მიიღებენ ნატო-ში, რადგან რუსებს და პუტინს ვერ გაუმხელენ იგივე ნატოში რაც არის საიდუმლოებები, ვერ გაუმხელენ უკრაინის სამხედრო დახმარების გეგმებს და იმ სტრატეგიულ გეგმებს და ამოცანებს ,რომელიც აქვს ნატოს უკვე რუსეთის წინააღმდეგ და მსოფლიოს საფრთხეს რომ წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის იმ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის დამქაშებს და პუტინის წარმომადგენლებს ნატო-ში არავინ არ შეიყვანს . აი ეს მძიმე მდგომარეობა და ჩვენი მოწოდება იქნება ნატო-ს მხრიდან გაძლიერდეს ზეწოლა ოლიგარქ ივანიშვილზე დაედოს მას და მის ბანდას სანქციები, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის ,ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების უფრო აქტიურად გათავისუფლება და განახორციელონ ის დიმპლომატიური და სხვა ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ქართველ ხალხს გაუძლოს ამ ზეწოლას, დაეხმარება ყველა პროდასავლურ, პატრიოტულ პოლიტიკურ ძალებს, მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაიებს გაუძლონ ამ ვითარებას და დაეხმარონ ქართულ საზოგადოებას, რომ მშვიდობიანად ჩამოიცილონ ეს მოღალატეობრივი რეჟიმი.“ – განაცხად გია ბარამიძემ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის – „ბიბისი“

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამიერიდან ქვეყანაში ქრისტეშობა 25 დეკემბერს აღინიშნება, ნაცვლად 7 იანვრისა. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულთა თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება, 19 იანვრის ნაცვლად, 6 იანვარს დაწესდება, წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება.

მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება. ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორმალურ გადაწყვეტილებას 27 მაისს საკათედრო ტაძარში მიიღებენ.

“ამორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი განცხადების უკან არაფერი დგას” – ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის განცხადებაზე

ამჯერადაც ისეთივე აცდენილი ხართ პროცესებს, როგორც ვირი და პედ-საბჭო… დამაინტერესა საკითხმა, იქნებ ბატონი რომანი მართალი აღმოჩნდა-მეთქი და ჰოი საოცრებავ, აქაც თითლიბაზობს – მინისტრ დავითაშვილს კოვიდი დაუდასტურდა და შესაბამისად, 5 დღე ვალდებულება ჰქონდა, იზოლაციაში ყოფილიყო, თუმცა ბატონ გოცირიძეს ამაშიც ეჭვი შეაქვს და ვიწროპარტიული ინტერესებით უნდა ისპეკულიროს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სხვა რომ არაფერი დარჩენია ხელმოცარულ რომანას და პრიმიტიული ნარატივებით ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას“.

მისივე თქმით, რომან გოცირიძე ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებს და მანიპულაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ნებისმიერი თემით ცდილობს.

„ქაღალდი კი არ უნდა შეისწავლოთ ბატონო რომან, საკუთარი ხელმოცარულობა გაითავისოთ და გაეშვით იმ სფეროს, როგორიც პოლიტიკაა იმიტომ, რომ ამჯერადაც ისეთივე აცდენილი ხართ პროცესებს, როგორც ვირი და პედ-საბჭო… დამაინტერესა საკითხმა, იქნებ ბატონი რომანი მართალი აღმოჩნდა-მეთქი და ჰოი საოცრებავ, აქაც თითლიბაზობს – მინისტრ დავითაშვილს კოვიდი დაუდასტურდა და შესაბამისად, 5 დღე ვალდებულება ჰქონდა, იზოლაციაში ყოფილიყო, თუმცა ბატონ გოცირიძეს ამაშიც ეჭვი შეაქვს და ვიწროპარტიული ინტერესებით უნდა ისპეკულიროს.

ბატონმა რომანმა, წესით, ისიც უნდა იცოდეს, რომ ჯანდაცვის პროტოკოლით, ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) იზოლაციის ვადა, დადასტურებიდან მაქსიმუმ 5 დღეა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს მარტივი მათემატიკა თუ უკვე უჭირს, მივეხმარებით და ავუხსნით, რომ 17 მაისიდან (ამ დღის ჩათვლით) 5 დღე არის 21 მაისი. რომან გოცირიძე მოქმედებს რა ვიწროპარტიული ინტერესებით, ნებისმიერი თემით ცდილობს მანიპულაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ის ამჯერადაც არ ჩამორჩა თავის სტილს და ეჭვი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შეიტანა. ამორალური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი განცხადების უკან არაფერი დგას, გარდა სრული სიცრუისა და ადამიანობის ელემენტარული პრინციპების უგულებელყოფისა. ისე, ზოგადად, არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არც მთავრობის რომელიმე წევრს არასოდეს უკან არ დაუხევია ანაკლიის პორტის თემაზე სასაუბროდ.

გოცირიძეს რატომღაც ავიწყდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, პირადად ლევან დავითაშვილმა საჯარო სივრცეში არაერთი განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დეტალურად არის ცნობილი ყველა გეგმა და მიმდინარე პროცესი, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს უკავშირდება. თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ ლევან დავითაშვილს რომან გოცირიძესთან გამოჩენის ეშინია, მაშინ თავად სჭირდებათ ფორმა 100 და ჯანმრთელობის ცნობაც. ახლა, სხვა რომ არაფერი დარჩენია ხელმოცარულ რომანას, პრიმიტიული ნარატივებით ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას, თუმცა თქვენს ჯინაზე ანაკლიის პორტიც გვექნება, ხალხსაც დავასაქმებთ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასაც ავაშენებთ,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ინფორმაცია” – ირაკლი კობახიძე

“გიორგი ვაშაძე არასერიოზული კაცია, როგორც ჩანს, თავისი რუსი მდგმურისგან აქვს ეს ინფორმაცია. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი – ვისაც უნდა რეალურად საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ძალიან კარგად ჩანს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მგონი, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ნათელია, საქართველოში მეორე ფრონტი უნდა მას, ვინც ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსებისთვის, მოხალისეების გაგზავნას თვითმფრინავით და ბევრ სხვა ქმედებას ახორციელებდა, ასევე, ვინც მეგობრობს იმ უკრაინელ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, სწორედ ეს ადამიანები არიან დაინტერესებულები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, დანარჩენი არასერიოზული განცხადებებია“, – აღნიშნა კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ევროინტეგრაციის პერსპექტივას” – გიორგი ვაშაძე

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება.

„მსოფლიო მედიისა და ლიდერების თვალწინ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი. მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც. უკრაინამ თუ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს? ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ? მან ერთი ერთში გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს წლების წინ დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა, რომლითაც ისინი მოსახლეობას წამლავენ.

„ბლუმბერგის“ შოკირებული ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თქვენი ნათქვამით პუტინის ნარატივს აძლიერებთო? კონსტიტუციაში რომ გიწერიათ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, კვლავ ეს არის თქვენი მიზანიო? ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯით საუბრობს საქართველოს სახელით. ეს არის ყველაზე დამღუპველი. ვინმე კიდევ კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს სამშობლო უყვარს და საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა? საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ეროვნული ინტერესების ღალატთან. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ყველა კომპონენტში, უბრალოდ, შოკია. ეს არის პირდაპირი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი. არ გაგივათ, ამას ჩვენ არ გავატარებთ. არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება. ქართველი ხალხის ნების გაყალბებას თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით”

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საპანელო დისკუსიაზე სოციალურ ქსელში განიხილავს და აღნიშნავს, რომ თვალში მოსახვედრი იყო ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

„ამდენი „ჩამჭრელი“ შეკითხვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებული საპანელო დისკუსიის დროს დაუსვეს, მე არ მახსოვს. სამწუხაროა, როდესაც ამ დონის დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა „ჭუტავიზიების“ დონის ჟურნალისტი, აბსოლუტურად მოუმზადებელი ელემენტარულ საკითხებში და ირაკლი ღარიბაშვილს მუდმივად უწევდა მისი სწორი ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

რა იყო ყველაზე საინტერესო – გამოაშკარავდა ის ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს მიმართ:

მიუხედავად ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან არშემწყდარი ეკონომიკური ურთიერთობების თვალთმაქცობისა და ფარისევლობისა, საქართველოს მინიმალური ტვირთბრუნვა რუსეთთან გამადიდებელი შუშით განიხილება;

მიუხედავად აშშ-სა და EU-ს რიგი წევრი ქვეყნების რუსეთთან არშემწყდარი პირდაპირი ავიაფრენებისა, მხოლოდ საქართველოს უყენებენ ამ კუთხით გაუგებარ პრეტენზიებს;

წამყვანმა ლამის პირდაპირი ტექსტით იკითხა, რატომ არ სურს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ან სულაც მასთან პირდაპირ ომში ჩაბმის საფასურად, უკრაინის მსგავსად „სტატუსის“ მიღება. პრემიერის პასუხიც იყო მარტივი: „იმიტომ, რომ მას უყვარს საკუთარი სამშობლო და ის უფრთხილდება თითოეული საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“;

იყო პირდაპირი მცდელობა, ჩინეთთან საქართველოს მზარდი და დადებითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მხრიდან „ანტიდასავლური“ პოლიტიკის ჭრილში გაეტარებინათ, რასაც პრემიერ-მინისტრმა ღირსეული და პრინციპულო პასუხი გასცა: ჩინეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა;

ცოტაღა აკლდა წამყვანს, რომ საქართველოსთვის შემოეთავაზებინა, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის დათქმასთან ერთან, უკრაინის ომში ჩაბმისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულებაც შეტანილიყო;

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილზე ტრადიციული შეკითხვა იმდენად ამოვარდნილი იყო რეალობის კონტექსტიდან, რომ წამყვანის მხრიდან დავიდა აბსურდული დაპირების გამოთხოვაში: „სააკაშვილი ხომ არ მოკვდება საავადმყოფოში?“.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთი ბრავო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“კატარში პრემიერის გამოსვლა სამაგალითო იყო ” – მამუკა მდინარაძე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან, ეს იყოს პრიორიტეტი. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასეთი მიდგომა მისასალმებელია.

„როდესაც საუბარია, დაასანქცირებს თუ არა, მაგალითად, რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ რიგში, მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ვერ/არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია პრინციპული და უცვლელია. თავის მხრივ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე და სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოების რისკებს, საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ქართველ მოქალაქეებს, მის ეკონომიკურ ინტერესებს, ბუნებრივია, ქართველების და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ. ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოჩენენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, რომელიმე აეროპორტს ან რომელიმე კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქციებს არ უწესებს სხვას. ალბათ ეს არის მათი მხრიდან ისეთი ყალბი მოლოდინი, რომელიც არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს შეიცავს. ასეთი არ მომხდარა არასდროს. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს და გაიმართოს მსჯელობა, რომ ქვეყანა ან მისი რომელიმე სუბიექტი შეიძლება დასანქცირდეს იმის გამო, რომ ის სხვას არ ასანქცირებს. ასეთი პრეცედენტი წარმოუდგენელია, ქართული საზოგადოების მიმართ ამგვარი ნარატივის შეპარება შეურაცხმყოფელია.

შემიძლია, ბევრი ვისაუბრო თავისუფალ ვაჭრობაზე, რა სამუშაოები მიმდინარეობს და სხვა ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტი წლიდან წლამდე როგორ იზრდება. ეს გაკეთდა, დიახ, ამაზეა საუბარი, ევროპის ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან რა სამუშაოებია ჩატარებული. ბუნებრივია, რომელიმე ქვეყანასთან დამოკიდებულების შემცირებაზე როდესაც არის საუბარი, მათ შორის, გასაგები ამბავია, რომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება საქართველოს ინტერესია. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ევროპულ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტს, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, და გახსოვთ რამდენიმე წლის წინანდელი გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ, ყველა ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი, ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. ასეთი ნაბიჯებით ხდება ამ ყველაფრის პრევენცია, სახელმწიფო სხვას ვერაფერს გააკეთებს. სხვასთან უნდა გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები, რათა ვისზეც იყო მანამდე ეკონომიკურად დამოკიდებული, იქ შემცირდეს დამოკიდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც”- ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეს

„ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

„აჰაა, ბაჯაღლოც გამოგორდა… ჯერ ერთი, „ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“… მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე რომ გინდა გაატარო, იმიტომაც ხარ „ლუზერი“. ვის მოუწოდებ, საზარბაზნე ხორცებად რომ გაიხადეთ აქტივისტები, იმათ?! შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი თუ ვაჟკაცი ხარ, გამოდი და იმოქმედე, ოღონდ მერე ლუღლუღი არ იყოს დინგში თუ მოგხვდება,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

რით განსხვავდება რეჯეფ ერდოღანის კამპანია ქემალ ქილიჩდაროღლუს კამპანიისაგან – Daily Sabah

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რით განსხვავდება რეჯეფ ერდოღანის კამპანია ქემალ ქილიჩდაროღლუს კამპანიისაგან“ (ავტორი – ბურჰანეტინ დიურანი).

პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ოპონენტებზე მეტი ხმები მიიღო, მეორე ტურის წინ თავისი საარჩევნო კამპანია საყოველთაო დევიზის „თურქეთის დიდებული გამარჯვების“ ირგვლივ ააწყო. როგორც მან თქვა თავისი „ბალკონური“ („აივნური“) გამოსვლის დროს, კვირას, 28 მაისს, მთელი ქვეყანა გაიმარჯვებს (რა თქმა უნდა, ტერორისტების გარდა). სხვაგვარად თუ ვიტყვით, რეჯეფ ერდოღანი ყველა პარტიის მომხრეებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ „თურქული საუკუნის“ მშენებლობაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

რეჯეფ ერდოღანი, მოქმედი პრეზიდენტი, წარმატებით აგრძელებს პირველ ტურში დაწყებულ კამპანიას „ჭეშმარიტად ეროვნულ“ საფუძველზე, აღრმავებს კონტაქტებს ნაციონალისტური იდეების მქონე ამომრჩევლებთან, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებას სინან ოგანთან ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმოადგენს. იმავდროულად რეჯეფ ერდოღანი მიანიშნებს ოპოზიციური კანდიდატის ქემალ ქილიჩდაროღლუს კავშირებზე ტერორისტულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და გიულენისტების ტერორისტულ დაჯგუფებასთან (FETÖ). პრეზიდენტი ხაზს უსვამს თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის პროგრესს, დიპლომატიურ მიღწევებს და აცხადებს, რომ მისთვის უპირველეს მიზანს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ მეორე ტურის საარჩევნო კამპანია მკვეთრი განცხადებებით დაიწყო. ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც თავს აჩვენებდა მშვიდ და მტკიცე პოლიტიკოსად, მკერდზე ხელმიდებული ჟესტით მიანიშნებდა, რომ ყველა უყვარს, აქცენტს აკეთებდა “სამშობლოზე, მორალსა და სინდისზე“, ახლა ამომრჩეველს წარუდგა როგორც გაავებული პოლიტიკოსი, რომელიც იქადნება, რომ ყველანაირ ეცდება მეორე ტურში გამარჯვებას მიაღწიოს, თან ტელეკამერების წინ მაგიდას მუშტებს ურტყამს, აბრახუნებს და მოწინააღმდეგეებს თვალების ამოკაწვრით ემუქრება.

ოპოზიციის კანდიდატი შეეცადა თავის მხარეს გადაებირებინა თურქი ნაციონალისტების ლიდერი სინან ოგანი, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ მან რეჯეფ ერდოღანი „ტერორისტებთან მოლაპარაკებაში“ დაადანაშაულა (ასე უწოდებს ქემალ ქილიჩდაროღლუ ქვეყნის მთავრობის მცდელობას ქურთებთან შერიგების მიზნით), ახლახან კი განაცხადა, რომ თუ რეჯეფ ერდოთანი ისევ პრეზიდენტად დარჩება, თურქეთში უფრო მეტი სირიელი ლტოლვილი შემოვაო. ქემალ ქილიჩდაროღლუ იქამდეც კი მივიდა, რომ თურქეთის ხელისუფლება ქალების სიძულვილში დაადანაშაულა.

შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის კანდიდატი ყველა იდეოლოგიურ ბერკეტს იყენებს, რომ 28 მაისს დაგეგმილი არჩევნებზე თავისი სასურველი შედეგები მიიღოს, არ ერიდება აშკარა პროვოკაციებს და ემოციების გამოხატვას.

შეძლებს ქემალ ქილიჩდაროღლუ თავისი შეცვლილი ტაქტიკით დარჩენილ ოთხ დღეში ამომრჩევლის გადაბირებას? მოახერხებს მოყოყმანე და იმედგაცრუებული ელექტორატის მიმხრობას?

ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ქემალ ქილიჩდაროღლუმ შეიძლება ისიც კი დაკარგოს, რაც მას აქვს – იმიტომ, რომ ზოგიერთ მემარჯვენე ცენტრისტულ და კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი მას პირველ ტურში დაუჭირა, ახლა მისი შეცვლილი კამპანია არ მოსწონს და მის ახალ ლოზუნგებს არ ეთანხმება.

მოკლედ, თურქეთი 28 მაისს მომზადებული და დამუხტული ხვდება. ამომრჩეველმა მშვენივრად იცის, თუ ვის უნდა მისცეს თავისი ხმა – თურქეთის დიდებულ მომავალს – „თურქულ საუკუნეს“. მეორე ტურის მთავარი მიზანია ხმის მიცემის პროცესის მშვიდად ჩატარება და ზუსტი შედეგების უზრუნველყოფა.

წყარო