Home Blog Page 2184

“თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა” – გია ვოლსკი

თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის დასკვნას სასამართლო რეფორმაზე.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების მსგავსი მექანიზმი “გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულაა”, თუმცა, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა შედგება და საერთო პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.

“უახლოეს პერიოდში შეიძლება განცხადება გაკეთდეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობს. რაიმე ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, ასეთი მოსაზრება არსად წერია, არავის უთქვამს. კიდევ უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულება რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე, ყოველთვის იყო მსოფლიოშიც, ევროპაშიც და ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ. შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 – ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემ პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ.

მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი.

ისრაელის თავდაცვის ძალები – მძევლების დახოცვა სიტუაციას არ გააუმჯობესებს

მძევლების დახოცვა სიტუაციას არ გააუმჯობესებს და მათ ეს იციან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა.

„თუ ისინი ზიანს მიაყენებენ ერთ-ერთ ამ ბებიას, ერთ-ერთ ამ ჩვილს ან რომელიმე ამ ბავშვს, ეს არ გააუმჯობესებს სიტუაციას და მათ ეს იციან“, – აღნიშნა რიჩარდ ჰეხტმა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, სავარაუდოდ, 150-მდე მძევალი იმყოფება, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ “ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ, ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვეს სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , – განაცხადა„ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ფრთის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.

“დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, საიდანაც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, არ არის მიმდინარე მშენებლობა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი პროექტია. მუნიციპალიტეტი კი, გვერდით უდგას „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება შენობის სრული დემონტაჟი და ახალი ნაგებობა აშენდება.

„გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა.

ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“საქართველო ყოველთვის გვერდით უდგას მეგობარ ებრაელ ხალხს და მომავალშიც ასე გაგრძელდება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ,  საქართველო ყოველთვის იყო ებრაელი ხალხის გვერდით მდგომი, ასეა დღესაც და მომავალშიც დარჩება ისრაელის   მხარდამჭერად.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, საქართველოს რა შესაძლებლობებიც აქვს, ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც მათ მხარდასაჭერად. დამატებით დახმარებასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებაც იქნება   მიღებული, ცნობილი გახდება ყველასთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“იმის გარდა, რომ ობიექტურადაც გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირისათვისაც საჭიროა ეს” – გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები მხარს გვიჭერენ კანდიდატის სტატუსის მიღებაში და ქართული რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელს გვიშლიან, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დეპოლარიზაციის პროცესი.

„პრემიერის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა, მათ შორის, მისმა გამოსვლებმა ასევე, ევროპის ლიდერების მესიჯებმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ექნება მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, გააღიზიანა რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები. სწორედ ამის გამოვლინება იყო სერგი კაპანაძისა და მასთან ასოცირებული ათობით ენჯეოს პირდაპირი გალაშქრება. ამ ღია წერილით მათ პირდაპირ ჰკითხეს ევროკავშირს, რას შვებით, მართლა ხომ არ აძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსსო?

იმის გარდა, რომ ობიექტურადაც გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირისათვისაც საჭიროა ეს, რადგან ვხედავთ, რომ მსოფლიოში თავდაყირა დადგა დღის წესრიგი და ის ადგილი, სადაც დემოკრატია, სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, ბუნებრივად ხდება მიზიდულობის ცენტრი. მათ შორის, საქართველოა სამხრეთ კავკასიაში და ზოგადად, რეგიონში. თუმცა, რადგან რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია ის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, როგორც კი გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ქვეყანას მიენიჭება სტატუსი, ღია წერილი აფრინეს, არ მისცეთო. წარმოიდგინეთ, ვინც ჩამოდიან საქართველოში, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები, მხარს გვიჭერენ კანდიდატის სტატუსის მიღებაში და ქართული რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელს გვიშლიან, რადგან ისეთ პირობებს აყენებენ, რომ ქვეყანა მათი შესრულების თუ შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

პრემიერმა არაერთხელ გააჟღერა და ჩვენც, „ხალხის ძალაც“ ამას ვამბობთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოში პოლარიზაციას თუ არ დაასრულებს, მინიმუმამდე მაინც დაიყვანს. როცა დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, მიხედეთ დეპოლარიზაციის საკითხსო, კი ბატონო, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოდის. სწორედ მათ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დეპოლარიზაციის პროცესი.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა სექტემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 11.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 12 240 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 61 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ირაკლი სესიაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიით მის წინააღმდეგ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი სესიაშვილი ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაად გთავაზობთ:

„ამ გადაცემის დამფუძნებლებს, ცხადია, ვერ ვასწავლი მორალს, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ უკიდურესად ამორალურია პოლიტიკური მოტივაციით ტრაგედიებით მანიპულირება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა. როგორც ჩანს, ნოდარ მელაძემ, მისმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და მოწმედ მოყვანილმა პოლიტიკურმა კლოუნმა ირაკლი ნადირაძემ მიმართეს უკიდურესად ზნედაცემულ საქციელს და ყოველგვარი, თუნდაც მოჩვენებითი, მტკიცებულების და აპელაციის გარეშე, ჩემი სახელი დაუკავშირეს ვაკის პარკის უმძიმეს ტრაგედიას, რაც ბუნებრივია, საზოგადოებაში ემოციურ ტკივილს აღძრავდა.

რა იყო სიუჟეტის შინაარსი – მე მაკავშირებს ბავშვობის მეგობრობა კონკრეტულ პირთან, რომელიც 2016 წელს აფუძნებს და 18%-იან წილს ფლობს კომპანიაში, რომელსაც 2018 წელს ტოვებს, ასხვისებს აქციებს და შემდგომში ეს კომპანია მონაწილეობს მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და ვაკის პარკის შადრევნის ექსპერტიზაში. ჩატარებული გამოძიებით დასტურდება, რომ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ უკავშირდება ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორები ცდილობენ ტრაგიკული ფაქტების ემოციური კადრების გამოყენებით და ჩემი სახელის მრავალჯერ ხსენებით საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი ამ უმძიმეს მოვლენებთან ჩემი რაიმე ფორმით კავშირის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არათუ რაიმე კავშირი არ მქონია ამ კომპანიასთან, მისი სახელწოდებაც კი ამ გადაცემიდან პირველად გავიგე.

ამ გადაცემის და მათი ავტორთა მთავარი მიზანი იყო ერთადერთი – ცრუ დასმენა, ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა, რის მიღწევასაც უნიჭოდ შეეცადნენ ავტორები ბინძური მედიატექნოლოგიით: უმძიმესი ემოციური კადრების ფონზე მაქსიმალურად ხშირად ხდებოდა ჩემი სახელის და გვარის ხსენება, ჩემი სახელის ტრაგედიასთან ასოცირების მიზნით, საქმესთან ყოველგვარი მტკიცებულებითი კავშირის გარეშე. ერთადერთი ჩემი კავშირის დადგენა, რაც ამ მჩხიბავებმა მოახერხეს, არის ჩემი ბავშვობის მეგობრობა პირთან, რომელმაც აღნიშნული კომპანია დატოვა 5 წლით ადრე, ვიდრე ვაკის პარკის ტრაგედია დატრიალდებოდა.

მელაძე და მისი ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ მედიაპროდუქტის შექმნის ისეთ მეთოდოლოგიებს, სადაც ცდილობენ თავი დაიძვრინონ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მათ მიერ გამოთქმული ვარაუდისა და „საფუძვლიანი ეჭვის“ განსამტკიცებლად ეფარებიან პოლიტიკური თაღლითების ვითომ „გამოკვლეულ“ დოკუმენტებს (რომელიც ჩემს შემთხვევაში ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს). „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე აღმოჩნდა ირაკლი ნადირაძე ამ სიუჟეტის მთავარ „გმირად“, რომელმაც მტკიცებით ფორმაში ბრალი დამდო კომპანიის მფარველობაში, რომელმაც თითქოს პასუხი არ აგო იმიტომ, რომ ჩემთან ჰქონდა კავშირი.

ჩემი განვლილი ცხოვრება და ცხოვრების წესი არ მაძლევს იმის საშუალებას, აღვიქვა, როგორ უნდა დაეცეს ადამიანი იქამდე, რომ უმძიმესი ტრაგედია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვისი პოლიტიკური რეპუტაციის შელახვისთვის, ბინძური მედიატექნოლოგიების გამოყენებით დააბრალოს ადამიანს რაიმე ფორმით კავშირი ბავშვის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან.

მელაძე, ნადირაძე, ჩიხლაძე, თქვენ თქვენი გონებით იმასაც ვერ ხვდებით, თუ რამხელა ტკივილს აყენებთ გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს და ახლობლებს, როცა მიზანმიმართულად ცდილობთ შექმნათ დამნაშავის სახე და საზოგადოების ნაწილში აღძრათ ეჭვი მძიმე დანაშაულებთან ადამიანების კავშირზე, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცით, რომ მე არანაირი შეხება მაქვს ამ საქმეებთან. შევხვდებით საგამოძებო ორგანოებში, შევხვდებით სასამართლოში!“, – ნათქვამია ირაკლი სესიაშვილის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელში ჰამასის 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელში ჰამასის 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ჰამასის 1500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელსა და ღაზას სექტორის მიდამოებში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის მახლობლად მყოფი ისრაელის ყველა მოქალაქის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერო-ში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა განაცხადა.

„სიენენთან“ საუბრისას ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, ვიდრე ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დატყვევებულები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან, მათი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის ისრაელის ხელისუფლებას, გააკეთოს, რაც გასაკეთებელია და დაიცვას ისრაელის მომავალი.

„ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა”, – განაცხადა ერდანმა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 150-მდეა.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, როგორ ეპყრობიან მძევლებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

„ჩვენ ველით, რომ წითელი ჯვარი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, რომ მათ ეპყრობიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს იმაში, რაც უნდა გავაკეთოთ ისრაელის მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ერდანმა.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მძევლების სიკვდილით დასჯას დაიწყებს და მკვლელობები ვიდეოჩანაწერით გადაიცემა, თუ ისრაელი ღაზაში მცხოვრებ ხალხს გაფრთხილების გარეშე დაუმიზნებს.

ისრაელის ელჩმა, ერდანმა განუცხადა CNN-ს, რომ ისრაელი ვერ აღადგენს მოქალაქეებს უსაფრთხოებას, თუ „ჰამასი“ გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, მოხუცები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს, მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რაც არის „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობა“, – განაცხადა ერდანმა.

პოლიციამ კახეთში 14 წლის გოგოს მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა კაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აცხადებენ უწყებაში.

ისრაელიდან მორიგი ავიარეისით საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.

მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა და ქალაქებში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საქართველოს მოქალაქეების თქმით, ხდება ახალგაზრდების მობილიზება და გაწვევა.

ისრაელიდან დაბრუნებული მგზავრები აცხადებენ, რომ ძირითადად დარტყმა თელ ავივმა და აშტოცმა მიიღო.

ისრაელიდან დაბრუნებულმა ქართველებმა გაწეული დახმარებისთვის საქართველოს ელჩს ისრაელში მადლობა გადაუხადეს. მანამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს დამატებითი რეისი დაინიშნა.