“ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა” – სარჯველაძე პრეზიდენტზე

76
spot_img

ახლა მუქარებს ჯობდა, [სალომე ზურაბიშვილს] ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის და ზურაბიშვილს “მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი, საკუთარი ინსტიტუტისადმი და ქვეყნისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს”.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ის მართალი არ იყო და აბსოლუტურად მართებულია ის გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

“რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისაღები იყოს ასეთი ტიპის რიტორიკა. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელო ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა, იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, რომ პარლამენტშიც მივა, “იმ პატარა კაცებთან” რომ დადგეს, სარჯველაძის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.

“ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც “გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო,” – განაცხადა სარჯველაძემ.