Home Blog Page 2184

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი, საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან – ირაკლი ქადაგიშვილი

“თავისი გამოსვლით ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი, ის საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება ამბიციებს შეწირული ადამიანის განცხადებაა.

„მოსამართლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, აბულინგებს. ეს არის სწორედ უსაფუძვლო ამბიციებს შეწირული ადამიანის განცხადება, რომელიც აღარც კონსტიტუციას ცნობს, აღარც სახელმწიფოს და მხოლოდ თავისი ამბიციების ანაბარაა მიბარებული „ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო 3 ოქტომბერს ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

“ჩვენმა მზემ, მადამ პრეზიდენტმა „ოცნების“ ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყება!-ო”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერით“ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„საფრანგეთის „მეფე მზემ“ ლუდოვიკო XIV-მ განაცხადა: „საფრანგეთი ვარ მე!“
ჩვენმა „მზემ“, მადამ პრეზიდენტმა თხა თხაზე ნაკლებიო და: სახელმწიფო ვარ მე!-ო
აღარც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს, მხოლოდ ორბელიანების სასახლის ბინადარი მეო! „ოცნების“ ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყება!-ო“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას არ ვაპირებ -ოთარ შამუგია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ – ყველას, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ დაიცვას კანონი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის უზენაესობა არის ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ქვეყანამ ევროპის გზაზე უნდა იაროს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ვინაიდან, ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ დაიცვას კანონი. კანონის უზენაესობა არის სწორედ ის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციის პროცესში ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შამუგიამ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს”

მე მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება იმიტომ არ წარადგინა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ.

„პრეზიდენტის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებისთვის არ მოუმართავთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს არ არის კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან. თუნდაც, რომ მოემართათ, ვფიქრობ, ამის მომზადების შესაძლებლობა არ იქნებოდა, ვინაიდან ეს არ უკავშირდება იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გათვალისწინებული. იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამიტომ პარლამენტში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას – მე ამის შეფასებას, ბუნებრივია, ვერ მოვახდენ“, – განაცხადა იოსელიანმა.

თიბისი განათლების ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში

თიბისი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება.

ღონისძიების თემაა – როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!

თიბისის ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე. სტუმრები გაეცნობიან თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგებენ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექში.

მომხსენებლები არიან:

  • ანასტასია კვინიკაძე | Lead Software Engineer, Impel | შესაძლებლობები და გამოწვევები ტექში
  • სტეფანე გურგენიძე | Software Development Engineer at Amazon | ქუთაისიდან ამაზონამდე
  • ნინი მოდებაძე | მონაცემთა ანალიტიკოსი, TBC | როგორ მოვხვდეთ ტექში?
  • სალომე შეყილაძე | Software Engineer – Google | გზა გლობალურ კომპანიებამდე
  • პაკო ტაბატაძე | ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი | როგორ დავწეროთ წარმატება, პროგრამული კოდით
  • დავით ჩეჩელაშვილი | Principal, Isari Ventures |ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?!
  • მარიკა სიხარულიძე | USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი | რა არის ციფრული წიგნიერება?

შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიების შესწავლა მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს.

თიბისის ტრექნოლოგიური განათლების კურსები ეს არის შესაძლებლობა ახალ თაობისთვის დაიწყონ ტექნოლოგიების შესწავლა და პროფესიის დაუფლებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯები, რათა უკეთ დაინახონ კარიერული პერსპექტივები.

ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10.

ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59.

ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!

R

“ახლა მუქარას ჯობდა, ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა” – სარჯველაძე პრეზიდენტზე

ახლა მუქარებს ჯობდა, [სალომე ზურაბიშვილს] ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადება და საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე უსაფუძვლო თავდასხმა, პრეზიდენტს არ შეშვენის და ზურაბიშვილს “მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავისადმი, საკუთარი ინსტიტუტისადმი და ქვეყნისადმი, რომელსაც ის წარმოადგენს”.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ ის მართალი არ იყო და აბსოლუტურად მართებულია ის გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

“რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისაღები იყოს ასეთი ტიპის რიტორიკა. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ თვითონ პრეზიდენტმა გადასარევად იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მართალი ნამდვილად არ ყოფილა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტად თავშეკავებული უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც ცოტა მეტი წინდახედულობაც მართებდა, როდესაც იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გვაიძულა. არაფერი მოულოდნელო ასეთ თავდასხმაში არ ყოფილა, იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ასეთი განცხადებების კეთება, რომელიც ზედმიწევნით პოლიტიკურია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, რომ პარლამენტშიც მივა, “იმ პატარა კაცებთან” რომ დადგეს, სარჯველაძის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.

“ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც “გაბედულ გადაწყვეტილებას” იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო,” – განაცხადა სარჯველაძემ.

“რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო?” – გურამ მაჭარაშვილი

„აშკარად ეტყობოდა ტონალობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, იმპიჩმენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

გურამ მაჭარაშვილმა ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალობას ნელ-ნელა შეეგუება.

„არსად არ მივდივარ, სადაც მთელი ცხოვრება ვიყავი, იქ უნდა ვიყოო – მე მგონი, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყო და ასე ყოფნა უნდა სულ. რეალობას ნელ-ნელა შეეგუება. აშკარად ეტყობოდა ტონალობაში, რომ ისეთ ჰონორზე ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ. რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? თუ იმ უფლებამოსილებებს არ იყენებდა, რაც აქამდეც ჰქონდა ან ახლა, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა”, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა

„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა”, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 15 მილიონი აშშ დოლარის, 2 წლიანი უზრუნველყოფილი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ემისია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისა” და თიბისი კაპიტალის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

 ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ით განისაზღვრა.

 ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.

 „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი” კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) შვილობილი კომპანიაა, რომელიც სვანეთში, სოფელ ლახამში ფლობს და მართავს 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ.

 „მოხარული ვართ, რომ წარმატებით განხორციელდა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება და ინვესტირება ჩვენს პროექტში. მსგავსი შეთავაზებით კომპანიამ საცალო ინვესტორებსაც მისცა საშუალება, რომ საკუთარი სახსრები დააბანდონ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში, მიიღონ ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეული ინვესტორის მიმართ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას და ვგრძნობთ დამატებით პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი კომპანია იყოს ფლაგმანი განახლებადი ენერგო რესურსების ათვისების მიმართულებით საუკეთესო სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და სარგებლის განაწილების ფორმა, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის მწვანე ენერგო რესურსების ათვისების ხარჯზე, მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას”, – გიორგი აბრამიშვილი, „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვარ, რომ „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის” პირველადი ემისიის მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ და კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებაში ვეხმარებით კომპანიას, რომელიც ქვეყანაში – განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს. ეს ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის 2023 წელს ობლიგაციების რიგით მე-14 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო გააქტიურებას ადასტურებს”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

“კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ წესები” – ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ისრაელს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს.

„კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც აქვთ თავისი წესები“, – აღნიშნა ტრუდომ.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარებაა საჭირო 2.3 მილიონი ალყაში მოქცეული ადამიანის დასახმარებლად.

„ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.

ისრაელმა „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, ორგანიზაციის შურას (საბჭოს) ხელმძღვანელის, ოსამა მაზინის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ოსამა მაზინი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ ადამიანებზე და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა ძებნაში კიბერსპეციალისტები ჩაერთნენ

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა ძებნაში კიბერსპეციალისტები ჩაერთნენ. სექტორის 450 წარმომადგენელი მოხალისედ გამოცხადდა და ისინი მძევლების ადგილსამყოფლის დადგენას მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობენ.

მათ ე.წ. „სამხედრო ოთახი“ შექმნეს, სადაც მოწინავე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ასევე სახისა და ხმის ამომცნობი პროგრამების საშუალებით, მძევლების მიგნებას ცდილობენ.

ცნობილია, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 200-მდე ადამიანი იმყოფება.