Home Blog Page 2181

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6925 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6925 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8403 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8418 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო „ნაცმოძრაობისთვის” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მეხის გავარდნა იყო ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“. იცით, პარადოქსი რა არის? ასეთი მანევრებით რომ გვიწევს ევროპული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება, ამაში ხელს გვიშლის რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა რადიკალური ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მოახერხა რეკომენდაციის შესრულება.

„წინა შემთხვევაში თანაგუნდელების მიმართ როგორი ბულინგი და საბოტაჟი იყო, გახსოვთ? ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას. ეს პუნქტი სრულად დღეს შევასრულეთ და დავხურეთ. რაც შეეხება დღევანდელ კენჭისყრას, 85 ხმა ჩვენ გვქონდა და კარტებს გავშლი. ჩვენ გიორგი სოსიაშვილის პარლამენტში შემოსვლას ველოდებოდით. ფარული კენჭისყრა ხმის დაცულობას ნიშნავს და თქვენ გაინტერესებთ, ვინ მისცა ხმა იმისათვის, რომ ეს ადამიანი დააბულინგოთ, არასწორია. არ ვიცი, ვინ მისცა ხმა და თქვენთან ერთად ჭორაობას არ ვაპირებ. ვისზეც ეჭვი მაქვს, რომ ხმა მისცა, არ გეტყვით და თქვენს ყბაში არ ჩავაგდებ ბულინგისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია.

ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს -ნიკოლ ფაშინიანი

ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, არ დაგვეხმარნენ, ჩვენ მარტო დაგვტოვეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 44-წლიანი ომის შემდეგ, მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა, თუმცა სოციალურ-ფსიქოლოგიური კრიზისის გადასალახად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

„პარლამენტის დათხოვნიდან ორ დღეში, 2021 წლის 12 მაისს, აზერბაიჯანის ძალებმა სომხეთის საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ სიტუაციაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც სომხეთის უსაფრთხოების სისტემად ითვლება, და ქვეყნები, რომლებსაც სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვთ, ჩვენ საერთოდ არ დაგვეხმარნენ, მარტო დაგვტოვეს. ამ პროვოკაციის მიზანი იყო დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩაგდება და სომხეთის სახელმწიფოებრიობის პარალიზება ან გარე ძალებზე დამოკიდებული მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა ასეთ გარემოებებში სომეხმა ხალხმა შეძლო, მყარად დამდგარიყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატის დაცვის პოზიციაზე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ეს იყო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე თავისუფალ, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და კონკურენტულად შეაფასეს. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ისტორიაში პირველად არჩევნები გახდა შიდა კრიზისის გადალახვის საშუალება და არა პირიქით.

„თუმცა დემოკრატია სომხეთში იღებდა და კვლავ იღებს ძლიერ დარტყმებს განმეორებითი სცენარით – გარე აგრესია, შემდეგ უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მოკავშირეების უმოქმედობა, შემდგომ ომი ან ჰუმანიტარული ვითარება ან უსაფრთხოებისთვის საგარეო საფრთხე, დემოკრატიის და სუვერენიტეტის დამხობის მცდელობები, რაც გამოიხატება ჰიბრიდული ტექნოლოგიებით, შიდა არასტაბილურობის პროვოცირებით და გარე ძალებით იმართება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, როგორც სომხეთის პრემიერმა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, რობერტა მეცოლასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელოდება რიგი გამოწვევების გადალახვაში, მათ შორის ჰუმანიტარული პრობლემების, რაც გამოწვეულია ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი სომეხის იძულებით გადაადგილებით.

„ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება და არ გვსურს, ეს რამე სახით დავუპირისპიროთ ჩვენი რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

“ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც” – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ასევე, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არა მარტო 2024 წლის არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს“.

ჯო ბაიდენი ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბაიდენი ხვალ თელ-ავივში ჩავა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შემდეგ ის, სავარაუდოდ, იორდანიის დედაქალაქ ამანს ეწვევა, სადაც მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება.

ცნობისათვის, დღეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ იორდანიის მეფემ განაცხადა, რომ პალესტინის მოსახლეობის ეგვიპტესა და იორდანიაში ლტოლვილებად გადასახლება არ უნდა მოხდეს და რომ ეს საკითხი მისი სამეფოსთვის წითელი ხაზია.

“თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით. გასულ წლებში, განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. ჩვენ, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს “SU–25”-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია

გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს და შესაბამისად, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დასანიშნი, არამოსამართლე წევრების ხუთკაციანი კვოტა შევსებულია. ერთ არამოსამართლე წევრს კი, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ამ პოზიციას, საბჭოში თამარ ღვამიჩავა უკვე იკავებს.

სესიაზე დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ

“იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავგანწირვას”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო მოხსენება.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედროები გაიხსენა, მოხსენების დასაწყისში მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და მათ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად, მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ღირსეული სამსახურისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი შესყიდვების შესახებ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომ გაუმჯობესდეს სამანევრო ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა საშუალო და შორ მანძილზე,“ – განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა ჯაველინების ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა. მისი თქმით, გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე.
მინისტრმა არტილერიის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა: „მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა ნატოსთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად,“ – აღნიშნა მინისტრმა.

“მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა” – ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის მოწოდება მოვისმინეთ. მე და ქეთი თურაზაშვილი საკმაოდ დიდები, ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, სხდომას დავესწროთ თუ არა. ამაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „მოქალაქეები“ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

„სხდომაზე არშესვლის მიზეზი თუ ის არის, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს, შემთხვევით მწვანეზე ხელი არ მიეჭიროს, ჩვენი თავის გვჯერა და იმედი გვაქვს. ასეთ რაღაცებზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს და წითელი და მწვანე ფერები ერევა ერთმანეთში. ჩვენ პოლიტიკური დალტონიზმით არ ვართ დაკავებული. იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა მწვანე ღილაკს აჭერ ხელს და წითელი ღილაკი რას გამოხატავს. რეალური პრობლემაა, რომ ვიღაცები შემოვლენ და ხელი გაექცევათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.

“უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება” – ირაკლი ქადაგიშვილი

უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აგრძელებთ დაზიანებას იგივე ევროკავშირთან დაახლოების გზის, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის ავტორი ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, მოახდინა დროული რეაგირება და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა და ეს სურვილი რომ ჰქონდა მას, ეს თვითონვე გაშიფრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ – ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„აქ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები სრულ ვაკუუმში იმყოფებიან, არ იციან ეკონომიკური ზრდა რა შედეგებით არის, ბიუჯეტი როგორ იზრდება, საქართველოს რეიტინგები მთელ წამყვან მსოფლიო შეფასებით სისტემებში როგორი მაღალია. ეს არის ის რეალობა, რის გამოც ჩვენ ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს და არა ის პოლიტიკური ბაკქანალია, რომელსაც თქვენ აქ მუდმივად მიმართავთ ხოლმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარედგინა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.

„დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.