Home Blog Page 2179

რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს, ამასთან, გამოხატა სერიოზული შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის „ტოტალური“ ბლოკადის გამო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხზე რომის პაპმა თქვა: „ვისაც თავს დაესხნენ, მათი უფლებაა, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია“.

“მამუკა ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი” – სალომე სამადაშვილი

ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი, – ასე ეხმიანება “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც უკავშირდება მის განცხადებას, რომ “ხაზარაძე ბიზნესს არეკეტებდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.”

სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ უპასუხოდ არ დატოვოს ცრუ ბრალდებები.

“რას გადაწყვეტს სასამართლო, რომელზეც ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, ეს გამოჩნდება საქმის მიმდინარეობისას, მაგრამ მნიშვნელოვანია, უპასუხოდ არ დავტოვოთ ცრუ ბრალდებები, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს ოპოზიციის წინააღმდეგ და ამიტომ გადაწყდა ამ სარჩელის შეტანა.

კობახიძე, ხელისუფლება და მისი მასმედია დაკავებული არიან რუსული პროპაგანდის სტილში ოპონენტების გაშავებით და ქართველი ხალხის მოტყუებით, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ცრუ ბრალდებების სამიზნე არაერთხელ ყოფილა “ლელო” და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მათ შორის, იცით, რომ მე ვამხილე ტყუილში წულუკიანი, რომელმაც პარლამენტში დამაბრალა საელჩოში ნახატის დაკარგვა. ეს არის რუსული ოცნების სტილი და მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებს ვლადიმერ პუტინი თავის ოპონენტების წინააღმდეგ. ვიდრე გვაქვს ჯერ კიდევ შესაძლებლობა, უნდა ვიბრძოლოთ მათ შორის სასამართლოში, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, საქალაქო სასამართლოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ადვოკატის თქმით, ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.

„10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არის ცრუ ფაქტების გავრცელება. ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“,-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ სასამართლო განიხილავს და სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს – თუკი სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას საინფორმაციო საშუალებებით ან იმ ფორმით, რასაც სასამართლო დაადგენს”,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თიბისი კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს

თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა განაახლა, განავითარა და ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს.

 განახლებული კვლევა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ანალიზსა და როგორც გლობალური, ისე რეგიონული,  სუვერენული და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებს აერთიანებს.

ანგარიში ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება და ინვესტორებს, ინვესტირების დაწყების მსურველებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 მაკროეკონომიკური მიმოხილვა მკითხველს ბაზრის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვალუტის ბაზრებზე აქტივობას გააცნობს, თიბისი კაპიტალის ინდექსები კი ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შემოსავლიანობას შეადარონ. განახლებული ანგარიში მოიცავს შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციების ანალიზსაც, რომლებიც ობლიგაციების გლობალური ბაზრების სენტიმენტის მდგენელად განიხილება. 

 თიბისი კაპიტალის სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს, კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი – რეგიონული  კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. ინდექსები ყოველკვირეულად ახლდება და რეპორტთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება.

 თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის უახლესი მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.7%-იან ნიშნულს გადააჭარბა და აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წნეხს აძლიერებს. ეს მაჩვენებელი 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

 თიბისი კაპიტალის რეგიონული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, 2 კვირის განმავლოაბში, 0.32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა თურქული და რუმინული სამთავრობო ობლიგაციების ფასები, თითოეული 1.5%-ით. მეორე მხრივ, 1.30%-ით გაძვირებულია სომხური სამთავრობო ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2025 წელს იწურება.

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას, ამჯერად უკვე ქართულ ენაზეც, გაეცანით ბმულზე.

R

 

ავღანეთში კიდევ ერთი დამანგრეველი მისიწძვრა მოხდა – დეტალები

მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:10 საათზე მოხდა.

როგორც „ბიბისი“ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, ავღანეთში, ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში 8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურამ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.

ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენება”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) ქვეყნდება სტატია სათაურით „ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენება“ (ავტორი – რიჩარდ კემპი.

ისრაელმა ნებისმიერი ძალა უნდა გამოიყენოს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები გაანადგუროს. ადამიანების მკვლელები და გამტაცებლები დასანდობნი არ არიან. ისრაელმა უკან არ უნდა დაიხიოს, როცა ქვეყანა უბოროტესი მტრის შეტევას განიცდის. მთავრობას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, რომ მტერი თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეაჩეროს. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ისრაელის შემთხვევაში „ჰამასისა“ და მისი მსგავსი ტერორისტების „დამშვიდება“ პოლიტიკური გზებით შეიძლება. ეს შეუძლებელია უახლოეს პერსპექტივაში.

“ჰამასს” თავისი ხალხისთვის არც მშვიდობა არ სურს და არც კეთილდღეობა. მას სულაც არ აინტერესებს ცნობილი დადგენილება ორი სახელმწიფოს არსებობის თაობაზე. ის, რაც მას ნამდვილად უნდა, არის ებრაული სახელმწიფოს განადგურება მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი „აღგვა პირისაგან მიწისა“.

წაიკითხეთ „ჰამასის“ დამფუძნებელი დოკუმენტი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედია დამაჯერებლად გვაჩვენებს, რომ „ჰამასის“ წესდება უბრალო ჰიპერბოლა არ არის და რეალურად ხორციელდება.

„ჰამასი თავისი ბრძოლის მეთოდებით და იდეოლოგიით ძალიან ჰგავს „ისლამურ სახელმწიფოს“. „ჰამასი“ არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ მიდის, არავითარ კომპრომისზე არ თანხმდება, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც არაერთხელ იქნა დადასტურებული ახლო წარსულში მომხდარი ძალადობების დროს. კომპრომისები და დათმობები „ჰამასთან“ არ შეიძლება. ტერორისტები კომპრომისს სისუსტედ თვლიან და ვინც მათთან დათმობაზე წავა, მას უფრო უარესს უკეთებენ. „ჰამასი“ სამშვიდობო პაუზას თავისი ძალების მოსაკრებად იყენებს და შემდეგ უფრო მეტად აფართოებს ტერორისტულ საქმიანობას.

ამრიგად, “ჰამასი”მხოლოდ მაშინ დამარცხდება, თუ მას გაანადგურებ. ეს ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი „ჰამასელი“ მებრძოლი უნდა მოკვდეს, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციები და სამხედრო სტრუქტურები უნდა დაირღვეს. თუ ისრაელს ამის გაკეთება არ შეუძლია (ან არ სურს), მაშინ კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება ორივე მხრიდან.
რა თქმა უნდა, თუ „ჰამასი“ დაუსჯელი დარჩება, ასეთ შედეგს თავისი ნეგატიური გავლენა ექნება კონფლიქტის რეგიონის მიღმაც.

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ როცა 2021 წელს, აშშ-ის საარმიო ქვედანაყოფები დამამცირებლად გამოვიდნენ ავღანეთიდან, ექვსი თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ანუ მან დაინახა ამერიკის სისუსტე და ამით ისარგებლა. თუ ისრაელი და დასავლეთი აქტიურად არ იმოქმედებს, ამით დიდი რისკი ჩნდება, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოროტმოქმედები გათამამდებიან და ჩვენს მოკავშირეებს, უფრო აქტიურად შეუტევენ.

აშშ და ნატოს ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო პოტენციალს ფლობენ, ხოლო ისრაელს, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერება არა მარტო ტანკებში, რაკეტებში, საბრძოლო თვითმფრინავებში და საზღვაო ხომალდებში არ გამოიხატება. ძლიერებას განაპირობებს მტკიცე პოლიტიკური ნება და საკუთარი ინტერესების განუხრელი დაცვა.

ისრაელი გარშემორტყმულია ცეცხლსაშიში რკალით, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, რომ მას ცეცხლი მოუკიდონ: ჩრდილოეთით, ლიბანში, „ჰეზბოლა“ ბატონობს, რომელიც ირანის მიერ ფინანსდება და რომელსაც უამრავი რაკეტა აქვს ისრაელის დასაბომბად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. აღმოსავლეთით სირია მდებარეობს, სადაც იგივე ირანი ისრაელზე თავდასხმის ბაზებს ქმნის, ლიბანის მსგავსად. დასავლეთი ნაპირიც დენთის კასრს მოგვაგონებს, რომელიც ღვივის და მზად არის ასაფეთქებლად. სამხრეთიდან კი ღაზის სექტორი, „ჰამასელი“ ტერორისტების სახით.

თუ ისრაელი, ამდენი თანამემამულის დაღუპვის შემდეგ, უუნარობას გამოიჩენს (ან უკან დაიხევს) „ჰამასის“ ღაზის სექტორში გასანადგურებლად, მაშინ ტერორისტები უფრო გათამამდებიან. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ისრაელის ძალადობა ხელს შეუწყობს „ჰამასის“ ძალადობასო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის.

დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციის დეესკალაცია აუცილებლად მოხდება, რაც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს ორივე მხრიდან.
ისრაელის მხრიდან სამხედრო ძალის დემონსტრაცია აუცილებელია. ეს ყველამ უნდა დაინახოს, განსაკუთრებით კი ირანმა, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ერ-რიადმა ბოლო დროს ისრაელთან მიმართებით სამშვიდობო ნაბიჯები გადადგა, რაც მისასალმებელია.

თუ ისრაელი ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული არ გამოვა, მაშ როგორი მოტივაცია ექნება საუდის არაბეთს გააგრძელოს სამშვიდობო კონტაქტები ისრაელთან?
სიტუაციის ნორმალიზება ამჟამად ერთადერთ პერსპექტივად უნდა მივიჩნიოთ იმისათვის, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი საბოლოოდ დარეგულირდეს. საუდის არაბეთს შექმნილი ვითარება კარგად ესმის: „ჰამასის“ რადიკალიზმი თვით არაბულ ქვეყნებსაც კარგს არაფერს უმზადებს.

ამიტომ სწორად უნდა შევაფასოთ „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები. რასაკვირველია, მისი განადგურება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება სწრაფად, რათა ისრაელმა თავისი რეპუტაცია აღიდგინოს და ისევ ისეთი სახელმწიფო იყოს, რომელსაც თავისი საზღვრები საიმედოდ აქვს დაცული. არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს – რეგიონში ისედაც ბევრი „ძალისმიერი აფეთქებები“ ხდება.
რა თქმა უნდა, ჭარბი ძალის გამოყენება ყოველთვის სუფთა და უმტკივნეულო პროცესი არ არის. გაჩნდება პრობლემები, რითაც არაკეთილმოსურნეები ისარგებლებენ და პიარს დაიწყებენ. აი სწორედ ამიტომ ჭირდება დღეს – ისე როგორც არასდროს – ისრაელს დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერა და მისი ინტერესების გაზიარება.

წყარო

“საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს იუსტიციის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

„საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს.

ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს – თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის; თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ს გადააჭარბა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან თითქმის ოთხი დღის შემდეგ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია.

ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე პირი დაჭრილია.

თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს არის მესამე კონტრშეტევა ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.

“დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება”

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

„2023 წლის 5 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების პროცესში კონკრეტული სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, თუ როგორი მეთოდებით უნდა მომხდარიყო გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და როგორ პირობებში უნდა შენახულიყო ბიოლოგიური მასალები, მტკიცებულების დაზიანების/განადგურების თავიდან ასაცილებლად.

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, – განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.

ღაზასთან სექტორთან 300 000-მდე ჯარისკაცი გვყავს განლაგებული -ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

„ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან – 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს.

”ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” – განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.