Home Blog Page 2177

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“ – Voice of America

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ” (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი: „ოცნებას“ თერთმეტი ხმა აკლდება“. მასალაში მიმოხილული და გაანალიზებულია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პერსპექტივა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას უყრის კენჭს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სხდომას დაესწრება. „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად, კოლოსალური პოლიტიკური და ფინანსური რესურსი დახარჯა, ამჯერად, 100 ხმა სჭირდება, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიიყვანოს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, პარლამენტში, 150 დეპუტატის ნაცვლად 141 წევრია. „ოცნება“ (76 დეპუტატი) საკუთარ სატელიტებთან: „ხალხის ძალასთან“ (9 დეპუტატი) და „ევროპელ სოციალისტებთან“ (4 დეპუტატი) ერთად – 89 ხმას აკონტროლებს და ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის – 11 ხმა აკლდება.

საკმაოდ ჭრელ ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში 10 პარტია და ჯგუფი წარმოადგენს, ჯამში – 52 ხმა აქვს. ოპოზიციის უმრავლესობამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას არ დაუჭერს.

იყო მოლოდინი, რომ სანაცვლოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტისგან პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის შეწყალება მოეთხოვა, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ჩვენ უნდა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პრობლემების გაღრმავებაში და იმპიჩმენტში დარწმუნებული ვარ რომ არცერთი ოპოზიციონერი მონაწილეობას არ მიიღებს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თამარ კორძაიამ, რომელიც პარლამენტის უფრაქციო და უპარტიო დეპუტატია.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პატიმრობაში, ისიც კი არ იქნება მსგავსი ტიპის მოლაპარაკებაზე თანახმა. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის რა რისკების წინაშე ვართ. როგორც მე ვიცი, ჩემი კოლეგა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იმპიჩმენტის მხარდაჭერა გამორიცხულია“.

საიმპიჩმენტო კენჭისყრის მიმართ უფრო პესიმისტურად არის განწყობილი პარტია „საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს, თუმცა, პარტიაში ფიქრობენ, რომ „ოცნებას“ ისევ შეუძლია ოპოზიციიდან ხმების „ყიდვა“, როგორც ეს 2023 წლის მაისში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების კენჭისყრისას მოახერხა.

მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი მოქმედი და ერთი ყოფილი დეპუტატის (დილარ ხაბულიანი) ხარჯზე, „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა 92 და 93 ხმა აიღეს. მაისის სკანდალის შემდეგ, დეპუტატებმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ დატოვეს.

ის, რომ “ოცნება” ოპოზიციის ხმებზე ფარულად აქტიურად მუშაობს 17 ოქტომბრის კენჭისყრამაც დაადასტურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კიდევ ორი არამოსამართლე წევრი 90 ხმით გავიდა, როცა საჭირო კვორუმი ზუსტად 90 იყო.

„შესაძლოა, „ოცნებას“ ჰქონდეს, გარკვეული დაპირებები მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი წევრისგან, რომელიც დღემდე არ ამჟღავნებს, რომ შეიძლება იმპიჩმენტს ხმა მისცეს. ასე მტკიცე ფორმაში ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნება“ 100 ხმას ვერ აგროვებს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვერ მოაგროვებენ“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ.

„რაც შეეხება კითხვას, რატომ წამოიწყო „ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი. ისინი ცდილობენ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაზიანებას ფიგურალურად. იმიტომ, რომ ბოლო წელიწადნახევარში, ზურაბიშვილმა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეიძინა ნდობა, რომელიც თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა.

ამიტომ ისინი ახლა აზიანებენ სწორედ იმ ფიგურას, ერთადერთ დარჩენილ ინსტიტუციურ ფიგურას, რომლის მიმართ დასავლეთს აქვს ნდობა და ამით, ირიბად, ძირს უთხრიან ევროინტეგრაციის პროცესს“, – მიაჩნია კახა ქემოკლიძეს.

მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ამჟამად 20 ხმას აკონტროლებს; 8 ხმა – უფრაქციო დეპუტატების არის; 5-5 – ხმა აქვთ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფს“; 4 ხმა – „გირჩს“; 2-2 ხმა – „ლელოს“, „მოქალაქეების“, „ევროოპტიმისტების“, „თავისუფლებისა“ და „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ პოლიტიკურ ჯგუფებს;

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდეც და ახლა, იმპიჩმენტის წინ, „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ არც ჰქონდათ ოპოზიციიდან 12 ხმის გადმოქაჩვის იმედი და მხოლოდ „კონსტიტუციას იცავენ“, ხოლო ზურაბიშვილის “დაცვისთვის” მთელ პასუხისმგებლობას „კოლექტიურ“ „ნაცმოძრაობას“ აკისრებენ.

„სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად არღვევდა კონსტიტუციას. მათ აქვთ სრული კოორდინაცია, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს. საოცარი განცხადება გააკეთა, მან ასეთი რამ უთხრა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, უფრო ძლიერი სურათისთვის, მე პარლამენტში მარტო დავრჩები და თქვენ გარეთ გადითო. ანუ ერთად დგამენ „კარწინკას“, ამ სიტყვას გამოვიყენებ, ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა. დავიდა „ნაცმოძრაობამდე“ ზურაბიშვილი, მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის სტატუსზე, რაც უბრალოდ, არ ვიცი, სამარცხვინო ქმედებაა მართლა” – აღნიშნა პარლამენტში “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც განსაკუთრებით იყო გაღიზიანებული პრეზიდენტის ფრაზის გამო, „პარლამენტში მივალ და იმ პატარა კაცებთან რო დავდგე არავინ მჭირდება მხარდასაჭერად“, თუმცა, აღნიშნა, რომ 100 ხმის მოგროვების იმედი არ აქვს: „მოვუწოდებ მას, რომ თავს ნუ ისაწყლებს, მათ შორის, აქ მარტო ჯდომით. ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა, პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. მან ხომ კონსტიტუცია თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია“, – თქვა კობახიძემ.

პარალელურად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააყვედრა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, „ოცნების“ კოლოსალური მხარდაჭერა. „ზურაბიშვილს ოპოზიციაში ყოფნის დროს 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, „ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად“ – განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ღარიბაშვილმა.

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასეთ მძიმე საკადრო შეცდომებზე, რომელიც არაერთია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„ოცნების“ პირობებში ჩვენ ვხედავთ ხშირად (ასეთ შეფასებას) – საქართველოს „მოღალატე“ პრეზიდენტებიო, ხო? საქართველოს ორ პრეზიდენტზე „ოცნებამ“ ახლა განაცხადა, რომ ისინი თურმე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასევე ნარკოდამოკიდებული, „კოკაინშიკი“ თუ კორუმპირებული პრემიერ-მინისტრები, ახლა ამ ყველაფერს დაემატა უკვე ნამდვილად, დადგენილი რუსული ФСБ-ს აგენტი, გენერალური პროკურორი. ცხადია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ (საკადრო პოლიტიკის დროს) პოლიტიკური მიზანშეწონილობა სჭარბობს, პროფესიულ თუ რუტინული ადმინისტრაციულ საქმიანობას, რომელშიც შედის ასევე (თანამდებობაზე წარსადგენი) კანდიდატის შესწავლა. თუ შენს მიერ არჩეული და ყველანაირად ხელშეწყობილი საქართველოს პრეზიდენტი, ძალით არჩეული პრეზიდენტი, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებს, კოლეგა პრეზიდენტებთან, ეს მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. კონკრეტული მმართველი ძალის“ – მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ბოლო არჩეული პრეზიდენტია, იმპიჩმენტის პროცედურა სექტემბერში წამოიწყო. საკონსტიტუციო სარჩელის მოტივი – მთავრობის ნებართვის გარეშე, ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეში წასვლა გახდა. მანამდე, მთავრობამ პრეზიდენტს ათზე მეტი საგარეო ვიზიტი დაუბლოკა, მათ შორის უკრაინაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელზეც მმართველ პარტიას უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა აქვს, ერთთვიანი განხილვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

თუ, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელი, დეპუტატთა სამი მეოთხედი ანუ 100 ხმა მოგროვდა და ზურაბიშვილს გადააყენებენ, მაშინ მომავალ პრეზიდენტს, ხუთი წლის ვადით და ღია კენჭისყრით, უკვე 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საარჩევნო კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები შედიან.

იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტი არ შედგა, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სავარძელში, უფლებამოსილებას ამოწურვის ვადამდე – 2024 წლის დეკემბრამდე დარჩება. პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა რუსული ФСБ-ს აგენტობაში მხილებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.

პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ოცნების“ მიერ შეტანილ დრაკონულ ცვლილებებს, რომელიც დემონსტრაციების დროს კარვების გაშლას კრძალავს.

წყარო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, “ევროპელი სოციალისტები“ , ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, “ევროპელი სოციალისტები” და თეონა აქუბარდია ესწრებიან.

საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.

სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.

იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობახიძის მოხსენებას უსმენს უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და “ევროპელი სოციალისტები”.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

თიბისისა და FMO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და FMO-ს (Dutch Entrepreneurial Development Bank) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერა ამსტერდამში, FMO-ს ღონისძიებაზე „waves of change” შედგა. ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი მეგრელიშვილი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქეთი ბიწკინაშვილი.

FMO ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკია, რომელიც, სხვადასხვა პროექტებითა და ინიციატივებით  ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე. ბანკი ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი.

FMO-ს ღონისძიება „waves of change”  უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს  საშუალებას აძლევს, ერთმანეთს თავიანთი იდეები და გამოცდილება გაუზიარონ. ამავე ღონისძიებაზე გაფორმდა თიბისისა და FMO-ს პარტნიორობის მემორანდუმი.

„მოხარული ვარ, რომ გრძელდება თიბისისა და FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ დროის განმავლობაში FMO-მ 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი რესურსი  გამოყო თიბისისთვის, მათ შორის, სუბორდინირებული და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხების სახით. დღეს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ორ მნიშვნელოვან ტრანზაქციას მოიაზრებს, სუბორდინირებული სესხის მობილიზებას ბანკის კაპიტალის გასაძლიერებლად და ასევე საგარანტიო პროგრამას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოღვაწე მცირე ბიზნესებსა და ქალ მეწარმეებზე.  მინდა, მადლობა გადავუხადო FMO-ს წარმატებული პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს,  მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ერთად“. – აღნიშნა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მეგრელიშვილმა.

R

“გმირთა მოედანი სრულად უნდა განახლდეს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლება დააანონსა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე ლედ სანათებით უნდა შეიცვალოს.

„მინდა, ირაკლი ბენდელიანს გმირთა მოედნის მოწესრიგება დავავალო. აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები, ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია და უნდა შემოვიტანოთ თანამედროვე ლედ სანათები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა”

როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იქნება და ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის.

„ცოტა უცნაურია, როცა ხან ერთი და ხან მეორე გადაწყვეტილება ისმის. ცოტა დამაბნეველია, ხან ამბობს, ჯერ მოუხსნის, შემდეგ ამბობს – არას. კარგი არ არის პოზიციების ხშირი ცვლილება. იმედია, პრეზიდენტი არგუმენტებს იტყვის და თავის გადაწყვეტილებას ახსნის. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარანტია არ აქვს, რომ დღეს საღამოს ისევ პრეზიდენტი იყოს და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფარცხალაძის საქმე თავიდან მოიშორა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა გუშინ შეუწყვიტა.

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სკვერის მოწყობამდე, აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას, ახალი პარკების მოწყობა-რეაბილიტაციას. გვახსოვს მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო წლების წინ – რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტს ბევრი სივრცის გამოსყიდვა და დაბრუნება მოუწია. ერთ-ერთი ასეთია „მზიურის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად „მზიურის“ პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში  20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები.  ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის“ პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე. დამატებით ინფორმაციას  საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

“მნიშვნელოვანია, ოპოზიციიდან არცერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს”- ანა წითლიძე

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ ჰქონდეს იმპიჩმენტს – ჩვენ იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ, დარბაზში არ ვიქნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუმცა აზრთა სხვაობაა განხილვაში მონაწილეობის საკითხზე.

წითლიძის განცხადებით, ისინი არც განხილვას დაესწრებიან.

“მთელი ოპოზიციის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა და ამ პოზიციას ბოლომდე დავიცავთ, რომ არ მივიღებთ ამ იმპიჩმენტში მონაწილეობას, ხმას არ მივცემთ იმპიჩმენტს და არ ვიქნებით დარბაზში. აზრთა სხვაობა იყო ოპოზიციაში განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იყო ოპოზიციურ პარტიებში იდეა, რომ განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ კენჭისყრისას ყველას, ოპოზიციას ერთად დაგვეტოვებინა დარბაზი, ამაზე იყო აზრთა სხვაობა, თუმცა ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კენჭისყრაში არ მიგვეღო მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, მნიშვნელოვანი საკითხი განხილვაში ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციიდან არც ერთი ხმა არ უნდა ჰქონდეს იმპიჩმენტს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის და თავიდანვე იყო ასეთი, რომ განხილვაშიც არ მიგვეღო მონაწილეობა”, – განაცხადა წითლიძემ.

“მგონი, პრეზიდენტს პარლამენტის სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი ჰგონია” – გურამ მაჭარაშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინდა, არაადეკვატური გახდა – ისე დაგვემუქრა, არ ვიცი, პარლამენტში დღეს რომელი მხრიდან შემოვა. შეიძლება, პირდაპირ ტრიბუნასთან ჩამოფრინდეს და გვითხრას, ეს სალომე ზურაბიშვილი სჯობდაო, – ამის შესახე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტს სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი ჰგონია“.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. ეს კონსტიტუცია ბევრ პრეზიდენტს მოინელებს. ვინც ჭკუას იხმარს და დაიცავს, პოსტიდან ღირსეუად წავა, ვინც არა და კონსტიტუცია შესაბამისს პასუხს გასცემს. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რა შუაშია დიპლომატების მოწვევა? მგონი, სხდომათა დარბაზი საკლასო ოთახი და თავისი თავი დამრიგებელი ჰგონია. ოპოზიციას ეუბნება, მანდ არ დაგინახოთ, ბავშვებოო, შევალ და კლასის გარეთ დამელოდეთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია” – გერმანიის ელჩი

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში, ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის არის დღის წესრიგში. საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურია და სწორედ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი მათ ერთსულოვნად უნდა მიიღონ, ყველა მათგანმა უნდა თქვას დიახ, მე საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარს ვუჭერ.

ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, სადაც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან. ასე რომ, ეს საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება – დიახ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

“უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრაზე” -ნიკა მელია

ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მელიას განცხადებით, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა.

„უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, თუმცა უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი, გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ.

ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა, მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს…

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯგუფი, სტატუსით გადაწყვეტილების მიმღები, რეალურად კი დავალებების შემსრულებელი, კარზე ეახლება თავის დამფინანსებელსა და „მუსიკის დამკვეთს“ (იმიტომ, რომ ასე ესმით, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), „ბიძინასთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ჯგუფს“ ხვდება რა შეიძლება ვიფიქროთ, ან რა უნდა ვიფიქროთ:

ამ ხალხისთვის მისაღებია ის კორუფციული სისტემა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. მისაღები რომ არ იყოს, ვერ მოერგებოდნენ.

ეს ადამიანები დარიგებული ტენდერებით, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს, შოულობენ დღეს ფულს.

რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ ამ ადამიანებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფთან? სულ ორი: ბიძინას ინტერესის გატარება; მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის დალაგება;

და რა ინტერესი შეიძლება გქონდეს შენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსგავს ხალხთან, თუ შენთვის პოლიტიკური კორუფცია მიუღებელია, თუ არსებული სისტემა, არაფორმალური მართვა ფულით, მიუღებელია, თუ ამ ადამიანების ცხოვრებისა ბიზნესის კეთების წესი მიუღებელია და თუ მისი შეცვლა გინდა და არა სახელებისა და გვარების ჩანაცვლება.

არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც საზოგადოება იმსახურებს პასუხებს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა“,- წერს ნიკა მელია.

“მეჩვენება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება პრეზიდენტისგან თავის მოსაწყლებისა და მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა”

მეჩვენება, რომ ეს განცხადებაც თავის მოსაწყლების და საკუთარი თავის მსხვერპლის მანტიით შემოსვის მცდელობაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პარლამენტის სხდომა საჯარო იქნება და ყველას შესაძლებლობა ექნება, რომ პროცესებს დააკვირდეს.

„საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს, ვინმეს რაიმე დასამალი აქვს. პრეზიდენტი ასეთ საკითხებზე საუბრისას ცოტა უფრო კორექტული უნდა იყოს, ცოტა მეტად წინდახედულიც. მას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტია და პარლამენტში მობრძანდება, რომელსაც თავისი წესები. მესმის, რომ კონსტიტუციაში წერია, სახელმწიფოს მეთაურიია, მაგრამ უნდა გაითავისოს, ეს სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ყველაფრის განმკარვველი არ არის, ამიტომ პატივი უნდა სცეს პარლამენტს და მის წესებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.