Home Blog Page 2175

კობა კობალაძემ ამპუტანტ ფეხბურთელებს ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში გამარჯვება მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს უმასპინძლა, ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა და გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

” ადამიანს სული ამოძრავებს და სასიხარულოა, რომ თქვენი სულიერი სიძლიერით მხოლოდ საკუთარი გუნდი კი არა, ჩვენი ქვეყანა ასახელეთ.

ამპუტანტთა ფეხბურთის განვითარებაში, ჩვენს თანამებრძოლს, ომის ვეტერანს, ავთანდილ ჩიხლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის და მიხარია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც თქვენ აგრძელებთ დიდი შემართებით თამაშს, რითაც ბრძოლის და შეუდრეკელობის მაგალითს გვაჩვენებთ. ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებსაც ჟინი და მოტივაცია ამოძრავებთ. გილოცავთ ამ გამარჯვებას. დაე, ეს გამარჯვება ყოფილიყოს მომავალი წარმატებების საწინდარი.”- აღნიშნა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა 6-8 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბლანკენბერგში ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ 0:0 ითამაშა უკრაინასთან, 7 ოქტომბერს დაამარცხა საბერძნეთი 2:0, 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს სძლია ანგარიშით 5:0 და ფრედ 3:3 დაასრულა მატჩი ისრაელთან. საბოლოოდ, საქართველომ და უკრაინამ 8-8 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით _ 10:3, საქართველოს ნაკრებმა, პირველი ადგილი მოიპოვა და ჩემპიონის თასს დაეუფლა. 5 გატანილი გოლით, ტურნირის ბომბარდირი გახდა ლაშა ბრეგვაძე, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი გვალია.

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.

“სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“

აშშ-ის რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა // თავისუფლება“ (Radio Free Europe/Radio Liberty – მთავარი ოფისი პრაღაში, აფინანსებს ამერიკის კონგრესი) თავისი უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-მა უკრაინას ნატოს ოფისში 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი აღუთქვა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. უკრაინისადმი ამერიკის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ბელგიაში, ნატოს სათავო ოფისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ზამთრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან გასამკლავებლად მეტ დახმარებას ითხოვს.

„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უახლესი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელიც 200 მილიონი დოლარის ღირებულებისაა“, – თქვა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნაზე. საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის ფორმატის“ სახელითაა ცნობილი და იმ 50-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიევს მხარს უჭერენ.

ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი “უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”.

„ფალკონები“ (F-16-ები) და დახმარების სხვა პაკეტები

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებს – „ფალკონებს“ (F-16-ებს) უკრაინას მომავალი წლის გაზაფხულზე გადასცემს. როგორც ცნობილია, აგვისტოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დანიამ დაამტკიცა უკრაინაში 19 მოწინავე სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას F-16-ებს 2025 წლიდან გაუგზავნის და ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებას. „ბელგია, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, 2025 წლიდან შეძლებს“, – განაცხადა ალექსანდრე დე კროომ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ უთქვამს, რამდენ თვითმფრინავზეა საუბარი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში პირველად იმყოფება. იგი 11 ოქტომბერს პირისპირ შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი წინ უსწრებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების, ენერგო-ინფრასტრუქტურის და სურსათის ექსპორტის დასაცავად, მეტი იარაღი სჭირდება.

„ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი, ზამთრის ისევ ომის იარაღად გამოყენებისთვის ემზადება, – ენერგეტიკულ სისტემაზე, გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ფონდი – ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის ბრიტანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, 100 მილიონი ფუნტის (122,70 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. პაკეტი სხვა საშუალებებთან ერთად ასევე მოიცავს დანაღმული ველების გასაწმენდად საჭირო აღჭურვილობას.

ვითარება ფრონტის ხაზზე

ბრძოლის ველზე, რუსულმა ძალებმა გააძლიერა თავდასხმები ავდეევკაზე, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქზე. რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა, 31 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტანკებითა და ჯავშანტექნიკით მხარდაჭერილმა სამმა რუსულმა ბატალიონმა, დონეცკის ავდეევკის, ტონენკოს, კერამიკისა და პერვომაისკოეს რაიონებში, შეტევითი მოქმედებები გააძლიერა.

წყარო

“გუშინ ვნახეთ “ევროპული საქართველო” ბრიუსელში – ბოკერიას შნირი კანდელაკი. დეკლარირებული მოღალატე და მავნებელი!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ყოფილ პარლამენტარ გიორგი კანდელაკის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

“გუშინ ვნახეთ “ევროპული საქართველო” ბრიუსელში. ბოკერიას შნირი კანდელაკი. დეკლარირებული მოღალატე და მავნებელი! ქართველები სტალინის ძეგლებს აგებენ, 46% თაყვანს სცემსო! ანუ, რა უნდათ ევროპაში ამ ველურებსო!

ნაცები დედებს და დებს რომ ყიდიდნენ, ის მოდგმაა! ნიღბების ცვლა არ უშველით!”-წერს გოგა ხაინდრავა

 

“რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა გამოვლენილი” – ივანე ჩხაიძე

ვირუსების განაწილების ბოლო მონაცემების თანახმად, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება კი უფრო მეტია – რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც, -ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, რინოვირუსი გაციების გამომწვევი ვირუსია და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

„2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს. რინოვირუსი გახლავთ გაციების გამომწვევი ვირუსი და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.

რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული. ზაფხულშიც გვქონდა კორონავირუსის შემთხვევები. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი. კორონავირუსის რაოდენობა მცირეა, 2-7%-მდე მერყეობს მისი განაწილება სხვა ვირუსებთან ერთად. გვაქვს მოლოდინი, რომ აქციების კვალდაკვალ მოიმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.

მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, „ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რინოვირუსის შემთხვევები იმატებს, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ეს კლინიკების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

„ჯერ არ გვაქვს ვითარება, რომ კლინიკები გადატვირთული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რინოვირუსის შემთხვევები მომატებულია, ეს მომართვიანობა არ ჰქმნის პრობლემას. ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, მაგრამ კლინიკების გადატვირთვას არ ველოდებით“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

“ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება”-თეა წულუკიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არც დააზიანებს საქმეს და არც არაფერში წაადგება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ეს არის გზა, რომელიც პრეზიდენტმა თავად აირჩია. ალბათ ცოტა უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ რომ გავიაზრებთ წარსულს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხს საკუთარი გარკვეული ინტერესებისთვის იყენებს.

„მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, რადგან ვერ წარმომიდგენია, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, მას შემდეგ, რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით. ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, რადგან ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება – ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს. მახსოვს, რომ უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული. ეკონომიკის მინისტრს მიჰყავდა გარკვეული საკითხები, მე მევალებოდა გარკვეული ორი ბლოკი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის საშინაო დავალებები ერქვა, რაც ბრიუსელმა დაგვიდგინა და ბლოკებად იყო დაყოფილი, ორი ბლოკი იყო იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობა. სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით, ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული. აი, ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის, ერთი ქალი ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს, მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენისა, თუ მიზნისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც იქ არ არის, სადაც უნდა იყოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება კითხვას, „თუ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ამ პროცესში ვისი რა წვლილი იქნება?“, – წულუკიანის თქმით, უკვე ბავშვმაც იცის, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი იქნება დესტრუქციული ოპოზიციის, ასევე პრეზიდენტისაც.

„კულტურისა და სპორტის მინისტრსაც კი მუდმივად წინ მხვდება ყველა ქვეყანაში მისი ნამოქმედარი (და მე ხშირად არ ვმოგზაურობ), რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო. თუ ეს არ არის პრეზიდენტის მიერ მიყენებული ზიანი თავისივე სახელმწიფოს მიმართ ევროპულ გზაზე, მაშინ რა არის ზიანი, მე აღარ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდგომ ყველაფერი უნდა შეფასდეს, ვისი რა წვლილია და ვინ რა გააკეთა, თუმცა სამწუხარო რეალობაში ნამდვილად ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა

“ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან” – წითელი ჯვარი

ღაზას საავადმყოფოები მორგებად გადაქცევის რისკის ქვეშ არიან, რადგან ისრაელის მიერ ანკლავის დაბომბვის ფონზე ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყება.

„იმის გამო, რომ ღაზას ეთიშება ელექტროენერგია, საავადმყოფოებს ეთიშებათ ელექტროენერგია, ინკუბატორებში მყოფი ახალშობილები და ჟანგბადზე მიერთებული ხანდაზმული პაციენტები რისკის ქვეშ იმყოფებიან”, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურმა დირექტორმა ახლო და შუა აღმოსავლეთში, ფაბრიციო კარბონიმ.

ღაზაში აცხადებენ, რომ ერთადერთმა ელექტროსადგურმა, საწვავის ამოწურვის გამო, მუშაობა შეწყვიტა.

ანკლავის მოსახლეობას ელექტროენერგიისთვის გენერატორების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა ისრაელის მხრიდან ბლოკადის პირობებში გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავი იწურება.

ფაბრიციო კარბონიმ ასევე განაცხადა, რომ „წითელი ჯვარი“ კონტაქტშია როგორც „ჰამასთან“ ასევე ისრაელის ოფიციალურ პირებთან ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მიზნით.

ღაზაში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 330 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია – გაერო

ღაზაში 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, – ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ასევე გამოხატავს შეშფოთებას ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში 600 000 ადამიანს წყალზე წვდომა არ აქვს და რომ საავადმყოფოების ნაწილი ჭაბურღილების წყლის იმედად არის დარჩენილი.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 300-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს გატაცებული და ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150 ადამიანის ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია.

ამასთან, დაშავებულია დაახლოებით 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ანკლავის მოსაზღვრე რაიონებში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა ოპერაციის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, როგორც BBC წერს, სახმელეთო იერიში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყება, მანამდე კი ისრაელი ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმებით „ჰამასის“ მაქსიმალურად დასუსტებას შეეცდება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

თქვენი ისტორია, გეოპოლიტიკური გარემო, ქართული ენის, ქართული სახელმწიფოს არსებობა არის სასწაული -ვიქტორ ორბანი

თქვენი ისტორია, გეოპოლიტიკური გარემო, ქართული ენის, ქართული სახელმწიფოს არსებობა არის სასწაული, უნგრული სახელმწიფო მეორე სასწაულია, ეს შეხვედრა უზრუნველყოფს ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, უნგრეთის დელეგაციის სახელით გითხრათ, თუ რაოდენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწვეულნი აქ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ. ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული – თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული – ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია – ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე. ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას! დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო!“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანის ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს -ირაკლი ღარიბაშვილი

უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე – მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი.

„პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, თქვენო აღმატებულებავ, ელჩებო, ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვუმასპინძლო ჩემს ძვირფას მეგობარს, კოლეგას – პრემიერ-მინისტრ ორბანსა და მის მეუღლეს საქართველოში. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე – მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან. ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს! გმადლობთ!“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.

„პირველ რიგში, მინდა, უნგრეთის დელეგაციის სახელით გითხრათ, თუ რაოდენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწვეულნი აქ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ. ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული – თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული – ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია – ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე. ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას! დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო!“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.