პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

100
spot_img

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დარბაზში არ იმყოფებოდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ის არგუმენტები წარმოადგინა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტი პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ განსხვავებულ აზრს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვებით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვებზე პასუხი არ გასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაუდასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და მას ვერ დაავალდებულებდნენ, კითხებზე ეპასუხა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.