Home Blog Page 2175

“დღეს კიდევ აქტუალური გახდა, ემზადებიან, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის ემზადება.

როგორც მან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ მსოფლიოს მშვიდობიან არქიტექტურაზე და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო და ეს ოდესმე უნდა დასრულდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერევით, გავლენას ვერ მოვახდენთ ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს რადიკალურად და გადარჩენა გვმართებს.

რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ?! რაც იყო გაჟღერებული არაერთხელ დღეს კიდევ აქტუალური გახდა – ემზადებიან იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რა სუს-ს აკრიტიკებთ აქ, რატომ?! იმიტომ, რომ მოიპოვა ზუსტი მასალები იმისა, თუ როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს იმ უბედურებისთვის, რაშიც უნდა გახვიონ ჩვენი ქვეყანა?!. რომელ სიტყვაში შეიძლება შემედავოთ ამ წუთში და რატომ შეიძლება საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული და თქვენ უმრავლესობა, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიშორებიათ და იმის მაგივრად, რომ გაემიჯნოთ ამ დანაშაულს პირიქით, ერთი სული აქვთ მოხვდნენ კოლექტიურად ჩამოყალიბებულ „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ, თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში.

რასაკვირველია გაჭირვებაა საქართველოში, რასაკვირველია არის უმუშევრობა, მაგრამ შეხედეთ სიტუაციას, ტენდენციები შეაფასეთ. რამ გაგხეთქათ გულზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე გაორმაგდება იმასთან შედარებით, რაც გვქონდა ჩვენ წინაპანდემიურ პერიოდში.

რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა მოიგონეთ. არა, არც ერთს არ აკლია ჭკუა და გონება, ეს შემიძლია ზუსტად ვთქვა და ძალიან ცოტა მოიძებნება ადამიანია, ვინც ამის საპირისპიროს იტყვის ოღონდ გულწრფელად. ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისათვის, ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ სხვა ახსნა იმას, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

“რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა მე და პაპუაშვილს გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო”

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეგხვდა მე და შალვა პაპუაშვილს და გვითხრა – აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო, აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„მინდა, გავიხსენო, შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად სალომე ზურაბიშვილთან, თავად ითხოვა შეხვედრა, ეს იყო ომის დაწებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული. შეხვედრაზე ასე დაიწყო, რა გინდათო, ზრდილობა არც პირადი შეხვედრების დროს ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ, თქვენ რა გინდათ, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა – თქო. მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი – აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო, აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს ეს ხომ შემთხვევით არ არის? იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ? ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, აქ დეტალებში აღარ შევალ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, იმსჯელოთ, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი. თქვენ ერთ წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილი არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება იმ დღეს, ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დარბაზში არ იმყოფებოდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ის არგუმენტები წარმოადგინა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტი პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ განსხვავებულ აზრს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა კითხვებით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვებზე პასუხი არ გასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაუდასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და მას ვერ დაავალდებულებდნენ, კითხებზე ეპასუხა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

“თუ გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით!” – ფრიდონ ინჯია

თუ გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით! გექნებათ ორი გზა: ან შექმნათ პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდით! , – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხალხის და ახლა უკვე, მთავრობის სახელით საუბრის უფლება არ აქვს.

„თუ თქვენ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის წარმომადგენელი, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე, გინდათ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით! გექნებათ ორი გზა: 1. შექმნათ პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ამით იბრძოლოთ იმ იდეალების განსახორციელებლად, რომელიც მიგაჩნიათ სწორად ან 2. თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდით! ეცადეთ, იქიდან იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის, რადგან ეს უფლებამოსილება, რომელიც თქვენ , როგორც პრეზიდენტს გაგაჩნიათ, ჯერჯერობით, თქვენ არ მიგიღიათ. ამიტომ ხალხის სახელით არ შეგიძლიათ ისაუბროთ. ამას ახლა დაემატა ის, რომ ახლა და მომავალში თქვენ მთავრობის სახელითაც არ გექნებათ საუბრის უფლება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის გავლენის რისკს” – ნათია თურნავა

ფუნდამენტური პრობლემები სავალუტო ბაზარს არ აქვს, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავალუტო აუქციონებთან დაკავშირებულ შეკითხვას.

ნათია თურნავას განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვა მხოლოდ ერთჯერადი რისკის თავიდან აცილების მიზნით ხდება.

„ეკონომიკაში ვითარება დადებითია. ზრდა კვლავ მაღალია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი. ეს მათ შორის ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ფუნდამენტური პრობლემები ბაზარს არ აქვს და კურსი მოთხოვნა/მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. მიწოდებას რაც შეეხება, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები კვლავაც მდგრად დონეზეა, ჩვენ ვაგროვებთ სავალუტო რეზერვებს და ვყიდულობთ, როცა ამის შესაძლებლობაა.

მოგეხსენებათ, აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა. საპირისპირო ინტერვენცია ათჯერ ნაკლებია და ჯამში, 150 მლნ დოლარს შეადგენს. დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის გავლენის რისკს, რამაც შეიძლება, დიდი მერყეობა გამოიწვიოს. ანუ კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად ხდება ეს. ზოგადად, მცურავი სავალუტო რეჟიმის ერთგულები ვართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, ერთჯერადი ფაქტორი იყო თუ არა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება, თურნავამ აღნიშნა, რომ ლარის კურსის მაშინდელი მერყეობა დოლართან მიმართებით პოლიტიკური განცხადებებით და პანიკის შემქმნელი მოწოდებებით იყო გამოწვეული.

„ერთჯერადი ფაქტორი იყო სხვადასხვა მხრიდან პოლიტიკური მოწოდებები, პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ საფინანსო სისტემა ჩამოგვექცა, ჩამოიქცა ეროვნული ბანკი და არიქა, გაიტანეთ დეპოზიტები. ეს იყო მავნებლობა იყო და ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა, გავანეიტრალოთ მავნე მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, გუშინ ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და 40 მლნ დოლარი გაიყიდა. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 166 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.

“მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე”

მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ბევრი შეცდომა მოსვლია, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მართალია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილმა ერთი კარგი რამ გითხრათ თქვენ, რომ ეს სამარცხვინო პროცესი მოაწყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და რუსეთმა. რაღაც არ იყო მძაფრი რეაგირება. რუსეთს როდესაც იტყვიან, იცით ხოლმე ხელოვნურად თავის გაბრაზება, რაღაც თვითგაბრაზების პროცესში ვერ ჩავარდით დღეს, რატომ? მან არა თქვა მესამე, ვინაიდან, პოლიტიკიდან წასულია ის კაცი. სალომე ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ფაქტობრივად ხელი ბიძინა ივანიშვილს, ის ხომ არ არის პოლიტიკაში, ის ხომ წავიდა, თურმე რუსეთისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილან დამნაშავ. ბიძინა არსად არ არის, ჯანდაბას, დადგება დრო, იტყვის, სადღაც მემუარებში დაწერს 10 წლის შემდეგ ახლა თუ ვერ ბედავს. როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება, ამიტომ მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“ – The Independent

ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას მოუტანს ზამთარი უკრაინას და რატომ დებს პუტინი ფსონს ტრამპზე“ (ავტორი – ენდი გრეგორი). მასალაში გამოთქმულია ექსპერტთა მოსაზრებები, რომელთა თანახმად, უკრაინაში ომი შესაძლოა 2024 წლამდე „პატურ სიტუაციაში“ დარჩეს, რადგან სიტუაცია ჩიხში შედის და კიევის კონტრშეტევის იმედები ქრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინისათვის დასავლური დახმარების დაყოვნებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მოსკოვმა დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ძლიერი თავდაცვითი ზღუდეები ააგო – ისეთი, რომლებმაც უკრაინის არმიის მრავალთვიან ინტენსიური შეტევებს გაუძლო. მთავარი, რაც კიევს დღეს აკლია (სხვათა შორის, მოსკოვსაც), ეს არის საბრძოლო მასალები. ორივე მოწინააღმდეგე არმია ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალების დეფიციტს განიცდის: მათი ხარჯვა უფრო მეტად ინტენსიურია, ვიდრე მომარაგება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს ვაშინგტონის – უკრაინის უდიდესი მოკავშირის პოლიტიკაზე, თანაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების პირობებში, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია, სავარაუდოდ, იმით იქნება გამოხატული, რომ ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობა შეინარჩუნოს და „შედარებით მშვიდად გამოიზამთროს“.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, უკრაინისა და რუსეთის ჯარების საომარი ტემპი, შემოდგომა-ზამთრის კლიმატური პირობების გამო, სავარაუდოდ, ახლო მომავალში შემცირდება: უგზოობის გამო სამხედრო ტექნიკას მანევრირება გართულდება.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას მიაღწია უკრაინამ წლევანდელ ზაფხულს დაწყებული კონტრშეტევით, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება?

„ფრონტის ხაზის სტრატეგიული გარღვევა არ მომხდარა, უკრაინის არმიამ მხოლოდ ზოგიერთ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – დაბალი დონის ოპერატიული მნიშვნელობით“, – ასე პასუხობს ამ კითხვას პატრიკ ბერი, ბათის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომერსეტის საგრაფო) დოქტორი, რომელიც დიდი ბრიტანეთის არმიის ოფიცერია და ნატოში ანალიტიკოსად მუშაობდა. მისი თქმით, „გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ უკრაინის არმია კარგად იბრძვის ასეულის დონეზე (რაოდენობა დაახლოებით 100 ჯარისკაცი), მაგრამ როცა ბრძოლაში უფრო დიდი ქვედანაყოფი ერთვება, ვთქვათ, ბატალიონი, აშკარად ჩანს, რომ მეთაურობას მოქმედების კოორდინაციის გამოცდილება აკლია“.

„იმ დროს, როცა ამერიკა უკრაინისათვის „ფალკონების“ (F-16-ების) მიწოდებას აგვიანებს, რუსეთის ავიაცია ჰაერში ბატონობას ინარჩუნებს. ავიაგამანადგურებელ F-16-ების მართვა უკრაინელი პილოტებისათვის იოლი არ არის და რადგან მფრინავების მომზადებას დრო ჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, 2024 წლისათვის ვითარება „პატურ სიტუაციაში“ დარჩება. ვფიქრობ, ბრძოლის ველზე რაიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილება, ალბათ, არ მოხდება“.

სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით პატრიკ ბარს ეთანხმება პორტსმუტის უნივერსიტეტის დოქტორი ფრენკ ლედვიჯი, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერთმანეთს ადარებს უკრაინისა და რუსეთის არმიების ტაქტიკურ მონაცემებს: „დიახ, სიტუაცია პატურია, შეიძლება ითქვას, ჩიხშია შესული. ყველაზე ელემენტარული სამხედრო ალგორითმების მიხედვით, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს წარმატებას რომ მიაღწიოს, რუსების ჯარს სამჯერ უნდა აღემატებოდეს და რადგანაც ამას ვერ ვხედავთ, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ უახლოეს ხანში კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“.

დოქტორი ფრენკ ლევიჯი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ფრონტზე სიტუაციას ვერც ამერიკული თვითმფრინავების – F-16-ების გამოჩენა ვერ შეცვლის. იგი იხსენებს პირველი მსოფლიო ომის საომარ მომენტებს და ამბობს, რომ დასავლეთის ფრონტზე გარდატეხა და გარღვევა მოკავშირეების სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა 1917 წელს ევროპაში ამერიკის ორმილიონიანი არმია გამოჩნდა. ამიტომ, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ, ამჟამად შექმნილი ვითარების ფონზე, გაბედულება გამოიჩინოს და თქვას, რომ უკრაინა უახლოეს ხანში რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკან დაიბრუნებს“.

თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ (Chatham House) დოქტორი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, ვთქვათ, ყირიმის მიმართულებით, სამხრეთის ფრონტზე. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი „ვა-ბანკზე“ მიდის და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლეს არ უფრთხილდება, ტოტალური ომის პრინციპით მოქმედებს“. ჯეიმს ნიქსიც ეთანხმება იმ აზრს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე გავლენა რომელიმე საერთაშორისო ფაქტორმა მოახდინოს.

კრემლს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება. „ვლადიმერ პუტინი ფსონს დებს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნებაზე“, – ამბობს ჯეიმს ნიქსი. რუსეთის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებული ომი უფრო გაფართოვდება და მასში „ჰეზბოლაც“ ჩაერთვება, სავარაუდოდ, ირანიც. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის რესურსები და ფინანსების ნაკადი უკრაინიდან ისრაელისაკენ გადაინაცვლებს.

თუმცა ჯო ბაიდენმა უარყო მსგავსი პერსპექტივა და CBS New-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოა და არავის დახმარების გარეშე არ დატოვებს: „ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც და შესაძლებლობაც. ჩვენ თუ არა, აბა სხვა ვინ?“, – რიტორიკულად იკითხა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დოქტორები პატრიკ ბერი და ფრენკ ლედვიჯი თანხმდებიან იმაში, რომ მეორე კონფლიქტის გაჩენას ნამდვილად აქვს აშშ-ის დასუსტების პოტენციალი და თუ უკრაინის ომი ჩიხში შევა, ეს რუსეთის პრეზიდენტს „ძალიან აწყობს“.
„ვლადიმერ პუტინის სტრატეგია – ეს არის მოლოდინი. მან მოხერხებულად ისარგებლა ბირთვული იარაღის „ჟღარუნით“ და აშშ-სა და გერმანიას უკრაინისათვის ავიაციისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდება გააჭიანურებინა“, – ამბობს პატრიკ ბერი.

„და ამ ყველაფერმა რუსეთს შესაძლებლობა მისცა ძალიან კარგი თავდაცვითი ზღუდეები აეშენებინა, რითაც უკრაინას სიტუაცია გაურთულა“, – ამატებს ფრენკ ლედვიჯი.

წყარო

“ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის” – პუტინი

ვლადიმერ პუტინის თქმით, „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები უკრაინაში ვითარებას კარდინალურად არ შეცვლის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, პეკინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პუტინმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას აშშ-ის შეცდომა უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ „გაახანგრძლივებს უკრაინის აგონიას“ და ეს რაკეტები არ შეცვლის ვითარებას ფრონტის ხაზზე.

„პირველეს ყოვლისა, ეს მავნებლობაა და ქმნის დამატებით საფრთხეს. მეორე კი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რაკეტების მოგერიებას შევძლებთ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს დაავალა, დაიწყონ პატრულირება შავი ზღვის საჰაერო სივრცეში.

„ჩემი დავალებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მუდმივ საფუძველზე დაიწყებენ პატრულირებას შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში. ჩვენი თვითმფრინავები აღჭურვილია კომპლექს „კინჟალებით“. ეს კომპლექსები 1 000 კილომეტრის სიშორეზე მოქმედებენ. ეს მუქარა არ არის“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის სპეციალურ ძალებში განაცხადეს, რომ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს დარტყმები რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაზე, რომელიც რუსეთი მიერ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანკსში მდებარე აეროდრომებზე იყო დისლოცირებული. უკრაინული მხარის ცნობით, შედეგად გადანდგურებულია რუსული ვერტმფრენები, სპეცტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები სისტემა, ტყვია-წამლის საცავი და ასევე დაზიანდა ასაფრენი ბილიკი.

როგორც ამერიკული მედია წერს, უკრიანამ აშშ-სგან „ატაკამსის“ ტიპის 20 რაკეტა მიიღო, რომელთა მოქმედების რადიუსი 165 კილომეტრია.

“ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს” – ხატია დეკანოიძე

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც არავითარი პრინციპი კი არა, თავმოყვარეობაც არ გაგაჩნიათ – ბიძინა ივანიშვილი თუ იტყვის ვარდისფერზე, რომ შავია, იტყვით, რომ შავია. ბიძინა ივანიშვილი თუ ხვალ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგია, თქვენც იტყვით, რომ კარგია , – ასე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას არ აპატიებს.

„შეკითხვები, რომლებიც თქვენ დასვით, არ ემსახურებოდა იმას, რომ თქვენ რეალური ჭეშმარიტება გაგეგოთ. თქვენ, თითოეულ თქვენგანს გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყვეთ დღეს, აქ. საერთოდ, საქართველოში ძალიან ბევრ ხელისუფალს ჰქონდა იმის ცდუნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის სახელით ესაუბრა და ყველა ამ ხელისუფალს მერე ხალხმა ძალიან კარგი და საკადრისი პასუხი გასცა. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ეს ცდუნება, თქვენც, თითოეულ თქვენგანსაც, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ დავალებებს არ ვასრულებთ არავისიო და შვილებს იფიცებთ, არ ვიცი, შვილებს რას ერჩით, მაგრამ ბატონი მდინარაძე ამბობდა, რომ ჩემს შვილებს გეფიცებით, მე არავის დავალებებს არ ვასრულებო, მე გეტყვით, ვის დავალებას ასრულებთ და ქალბატონ პრეზიდენტსაც მინდა ეს ვუთხრა, იმიტომ რომ მან არ დაასახელა ეს ადამიანი. თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თქვენ არ გაინტერესებთ არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ჩვენი შვილების მომავალი, როგორი პრესტიჟი ექნება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში. არ გაინტერესებთ სოციალურად დაუცველი ადამიანები. ერთადერთ რატომაც ეს ადამიანები გაინტერესებთ ისაა, რომ წაგლიჯოთ ხმები. ყველაზე უფრო საშინელება რაც არის ისაა, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია, უფრო სწორად, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ. ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ამ ქვეყნის ისტორიული მისია. ქართველი ხალხი, როგორც შარშან მარტში არ გაპატიათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, არც ახლა არ გაპატიებთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატი, თავის გამოსვლაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზებ ბორელის განცხადებას შეეხო და პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა.

„ბორელმა თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოდან, რომელიც შეიძლება ჩამოვიდეს ევროპაში. ხომ ესე იყო ბატონო შალვა? იყო. ამიტომ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს დაბრკოლება საქართველოსთვის და რაზეა იმპიჩმენტი? იმიტომ რომ მაკრონს შეხვდა და ელაპარაკა კანდიდატის სტატუსზე? თქვენ რატომ არ შეხვდით მაკრონს და რატომ არ ელაპარაკებით? ღარიბაშვილი რატომ არ ხვდება მაკრონს?“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უპირველეს ყოვლისა, თქვენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას უნდა სცეთ პატივი თუ გინდათ, რომ ვინმემ პატივი სცეს შენს ქვეყანას და შენს კონსტიტუციას“.

„მე მგონი, ჩემი პასუხიც მოისმინეთ იქ ბორელთან შეხვედრაზე და ამ პასუხს ყველა ჩვენი პარტნიორი თქვენგან განსხვავებით იღებს, რადგან ეს არის პასუხი პოლიტიკური მოწიფულობისა. თქვენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას უნდა სცეთ პატივი უპირველეს ყოვლისა, თუ გინდათ, რომ ვინმემ სცეს პატივი საერთოდ შენს ქვეყანას და შენს კონსტიტუციას. ამ პასუხს ყველა ძალიან კარგად იღებს, ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი პოლიტიზირება ამ საკითხის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ უნდა გაიგივდეს ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა.

„ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული. მან მიმართვა გაუგზავნა მთავრობას, გადაწყვეტილება მიეღო გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი, უარი და მან მაინც დაარღვია კონსტიტუცია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობისგან აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამის დარღვევა არის დანაშაული. პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან ძალიან სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე დაინტერესდა, რატომ არ გულშემატკივრობდა კრიტიკული მედია სალომე ზურაბიშვილის მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა ნიკა გვარამია.

„როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი? – არ მახსოვს, დაგესვათ შეკითხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად, ნიკა გვარამია აკეთებდა განცხადებებს. მრცხვენია და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ის უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს. ალბათ გახსოვთ. მე არ მახსოვს, მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით. მაინტერესებს, როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი. არც ის მგონია, რომ გაინტერესებთ კანდიდატის სტატუსი. გაგიხარდებათ, საქართველომ რომ ვერ მიიღოს სტატუსი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებთ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ დამსახურებულად მიიღოს სტატუსი, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 146 -ე საქველმოქმედო აქციას სიღნაღში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 146-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი; სოფელი ვაქირი; კავკასიონის ქუჩა N 51; მერიის წარმომადგენლობის შენობა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 145 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 881 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.