Home Blog Page 2171

“სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი, რადგან ვიდრე პრეზიდენტია, ხელშეუხებელია” – იაგო ხვიჩია

გუშინ სპექტაკლი ვნახე, სადაც ყველა მონაწილეს თავისი როლი ჰქონდა, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყო კოსტუმირებულიც, ისეთი შედეგით არ დასრულდა, რომ ვინმეს გული დასწყვეტოდა, სცენარისტი შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი იყო ან „ქართულ ოცნებაში“ სხვა ვინმე ერთობა ასეთი რაღაცებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, გუშინ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს დამაჯერებლობა და რეალურობა აკლდა.

„როცა როლში შედიხარ, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო. სრული სიაფანდობაა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბარი, რადგან ვიდრე პრეზიდენტია, ხელშეუხებელია და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერც მოხერხდება და ამას არც „ქართული ოცნება“ აპირებს. ეს იყო სპექტაკლი ქართველი ხალხისთვის, ვინც უნდა დაუჯეროს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციონერი და მხარდამჭერები, ვინც „ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკის გამო ხელიდან გაუვარდა, სალომე ზურაბიშვილის საშუალებით დაიბრუნოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“პრეზიდენტს თუ არ აქვს ვიზიტის უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე, პარტნიორებმაც ამას პატივი უნდა სცენ” – შალვა პაპუაშვილი

ვისაც უნდა, აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, ჩვენი მოლოდინია, რომ თუ იქნება ასეთ ვიზიტებზე მოთხოვნა, მოიკითხავენ არის თუ არა ნებართვა მთავრობისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა სჭირდება ოფიციალური ვიზიტისას, სხვა შემთხვევაში, ის ვერ იქნება ოფიციალური ვიზიტი.

„ამ სავარაუდო მოგზაურობებს აქვს მეორე მხარეც, ეს არის მიმღები მხარე. ასეთ დროს ის უხერხულობაში ჩააგდებს მიმღებ მხარეს. თუ აქამდე მისი ვიზიტების დროს ჩვენს მეგობრებს შეეძლოთ, ეთქვათ ან ამბობდნენ, რომ არის საკითხი, რომელიც ჯერ გარკვევას საჭიროებს ქვეყნის შიგნით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის მნიშვნელოვანი, რომ გავერკვეთო, 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა ამ დარღვევისა. ჩვენ ველოდებით თანამეგობრობისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნებისა, რომლის ნაწილიც გავხდით 30 წლის წინ, გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა, გვქონოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა სახელმწიფოები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოს პატივისცემა გამოიხატება ქვეყნის კონსტიტუციის დაცვით.

„ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუ ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა სცენ ამას პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ბევრი ადამიანი და მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა. ეს არ არის საკმარისი. ვისაც უნდა, აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ იქნება ასეთ ვიზიტებზე მოთხოვნა, მოიკითხავენ არის თუ არა ნებართვა მთავრობის, თუ არ არსებობს ასეთი თანხმობა, უარი იქნება ნათქვამი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში” – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის„ მფარველობის წყალობით ვერ ჩამოსცილდა თავის პოზიციას, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის.

„იმპიჩმენტის პროცესი საბოლოო ჯამში მივიდა იმ მომენტზე, რასაც ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, როდესაც წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ მაშინ ვთქვით ორი რამ, ერთი – ჩვენი მოსაზრებით პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და გვჭირდებოდა ამ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა, მეორე – იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციით და მფარველობით, ამ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა პარლამენტში შეუძლებელი იქნებოდა. ზუსტად ეს ვნახეთ ჩვენ, რომ საბოლოო ჯამში ორივე საკითხი ასე მოხდა. პირველი – ამ მთლიანი პროცესის შედეგად ჩვენ გვაქვს პირველი სამართლებრივი ვერდიქტი, რომელმაც ბოლო ინსტანციით დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია არამხოლოდ რაიმე ტექნიკური ხასიათის ნორმა, არამედ მან შებღალა ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა ამ კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას აკისრებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიითვისა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება და უზურპირებას ახდენდა ამ უფლებამოსილების, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს არის სამართლებრივი ვერდიქტი, რომელსაც წყალი აღარ გაუვა.

რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, გუშინდელი შედეგი იყო პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გამოუტანა საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. ჩვენ ვნახეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის წყალობით ვერ ჩამოსცილდა თავის პოზიციას, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ იყო ის რომ სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პრეზიდენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„როგორც თურქეთი, ჩვენ ვგრძნობთ იმ დიდ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ჩვენი პალესტინელი ძმები. ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ათასობით მოწამის მიმართ, რომელთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ჩვენს ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული“, – წერს ერდოღანი „ტვიტერზე“.

“თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის”-ხატია დეკანოიძე

თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე საქართველოსთვის, – ასე გამოეხმაურა  „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს”.

მისი თქმით, ამ განცხადებით კობახიძემ პრეზიდენტს გაფრთხილება მისცა.

„ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძე გამოეხმაურა მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტია პროდასავლური ელექტორატისთვის და აღნიშნა, რომ „ივანიშვილს არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი“.

„ივანიშვილის მითოლოგიზაცია არის ძალიან საშიში. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და დაკავებულია საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით, ამიტომ მას არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი. მმართველი პარტია, რომელიც ასევე დაკავებულია რუსული გავლენების გაძლიერებით, არის მისი სახე. ყველაფერს გამოაჩენს დრო, მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ იმპიჩმენტი იყო პროცესი პროცესისთვის, რომლითაც მმართველი პარტია შეეცადა, გადაეფარა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეხება ფარცხალაძის დასანქცირებას, ღარიბაშვილის კორუფციას და ა.შ.”- განაცხადა დეკანოიძემ.

“ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციას ახორციელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

„აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა.

ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონ ლარამდე ფინანსდება.

“ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება” – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რომ აღარ არის იმ გონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ეს ფაქტია, რადგან კითხვებს პასუხები ვერ გასცა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოსვლის წინა დღეს თქვა, დუმილი დავარღვიეო და ახლა ნახავთ, რა სალომე ზურაბიშვილი გავხდებიო, თუმცა არაფერი თქვა.

„დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ხალხს შეჰპირდა, „ნაცების“ საწინააღმდეგო ვიქნებიო და „ნაცებთან“ გადავიდა, ევროინტეგრაციაზე ვილაპარაკებო და უცხოეთში თქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. სხვა შემთხვევაში, უკვე სხვა პასუხისმგებლობა დადგება, რადგან არც პრეზიდენტი და არც ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მაშინ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჩაერთვება. იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, მას გვარამია რას უწოდებდა – რეზიდენტთან ერთად. სწორედ ის პატარა კაცი გამოუშვა და ახლა ჩვენ გვეძახის, პატარა კაცებს. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. „ნაცებსა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ. არც „ნაცებს“ უნდოდათ მის ჭკუაზე გავლა, მაგრამ პატრონმა უთხრათ, ახლა ასეა საჭიროო და მისი მითითება შეასრულეს, სხდომას არ დაესწრნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 22.5 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 412.3 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 290.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 235.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 433.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 140.1 მლნ. აშშ დოლარით.

არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გააბათილებს -ირაკლი ჩიქოვანი

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები და არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.

„მეორეს მხრივ, დავინახეთ, რომ არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ დარღვევის გასაბათილებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

“მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა” – მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაინიშნოს მეტი პირდაპირი რეისი და გაიზარდოს სიხშირეები. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია, რომ დღეს გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით – სასიხარულოა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4,529,466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა პანდემიის გამო შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდება როგორც პირდაპირი რეისების რიცხვი, ისე მგზავრთნაკადი. „შედეგად, საქართველოში ჩამოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ ევროპული ქვეყნებიდან,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მგზავრთნაკადის ზრდას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 30 – მდე მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეისები. მისი თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს -გივი მიქანაძე

პარლამენტში შემოვიდა პრეზიდენტის შესაბამისი დასკვნა, თუ რატომ დაადო კანონპროექტს ვეტო. ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვას რამე, ან სტრასბურგის გადაწყვეტილებებში იყოს რაიმე, ამ დასკვნაში წარმოდგენილი არ არის, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ვეტოს პოლიტიკურ ხასიათზე. უმრავლესობა ამ ვეტოს აუცილებლად დაძლევს და შესაბამისად საქართველოში იმოქმედებს ის კანონი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.

როგორც მედია წერს, სუნაკი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს.