“ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში” – შალვა პაპუაშვილი

92
spot_img

სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის„ მფარველობის წყალობით ვერ ჩამოსცილდა თავის პოზიციას, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის.

„იმპიჩმენტის პროცესი საბოლოო ჯამში მივიდა იმ მომენტზე, რასაც ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, როდესაც წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ მაშინ ვთქვით ორი რამ, ერთი – ჩვენი მოსაზრებით პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და გვჭირდებოდა ამ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა, მეორე – იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციით და მფარველობით, ამ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა პარლამენტში შეუძლებელი იქნებოდა. ზუსტად ეს ვნახეთ ჩვენ, რომ საბოლოო ჯამში ორივე საკითხი ასე მოხდა. პირველი – ამ მთლიანი პროცესის შედეგად ჩვენ გვაქვს პირველი სამართლებრივი ვერდიქტი, რომელმაც ბოლო ინსტანციით დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია არამხოლოდ რაიმე ტექნიკური ხასიათის ნორმა, არამედ მან შებღალა ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა ამ კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას აკისრებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიითვისა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება და უზურპირებას ახდენდა ამ უფლებამოსილების, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს არის სამართლებრივი ვერდიქტი, რომელსაც წყალი აღარ გაუვა.

რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, გუშინდელი შედეგი იყო პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გამოუტანა საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. ჩვენ ვნახეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის წყალობით ვერ ჩამოსცილდა თავის პოზიციას, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ იყო ის რომ სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში, გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პრეზიდენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.