Home Blog Page 2170

“როგორი აბსურდია რადიკალების განცხადება, თურმე, ორბანი ყოფილა რუსეთუმე და ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან დღემდე ფულს იღებს, მედასავლეთე”

უნგრეთის პრემიერი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის ლიდერია და თურმე, რუსეთუმე ყოფილა. რადიკალური ოპოზიციის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, რომ ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, თურმე, რუსეთუმეა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, ეს ვიზიტი იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი იმის, რომ საქართველო ამ წლის ბოლოს სტატუსს მიიღებს.

„რადიკალურ ოპოზიციას რომ ჰკითხო, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა რუსეთუმეა. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინა იხრჩობა და ჩვენ ვერ ჩავყვებითო. ანუ, პოლონეთი მეგობრად აღარ უნდა მივიჩნიოთ? უნგრეთის პრემიერი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის ლიდერია და თურმე, რუსეთუმე ყოფილა. რადიკალური ოპოზიციის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, რომ ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, თურმე, რუსეთუმეა. ეს ვიზიტი იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი იმის, რომ საქართველო ამ წლის ბოლოს სტატუსს მიიღებს. როგორი აბსურდია რადიკალების განცხადება – თურმე, ორბანი ყოფილა რუსეთუმე და ელენე ხოშტარია, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების სასწავლებელი დაამთავრა და რუსეთის ბიუჯეტიდან დღემდე ფულს იღებს, თურმე, ის ყოფილა ევროპელი და მედასავლეთე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი იყო – ზრდამ 18.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

“უნგრეთში არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„შემაძრწუნებელია, რომ მთელ ევროპაში იმართება ტერორისტების მხარდამჭერი აქციები“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს „ტერორისტული ორგანიზაციების“ მხარდამჭერი აქციების ჩატარებას, რადგან მისი თქმით, უნგრეთის ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, მიუხედავად მათი რწმენისა და წარმომავლობისა.

ორბანის განცხადებით, ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში, რაც დესტაბილიზაციას მოახდენს მთელ რეგიონში.

„აქციის ჩატარების მცდელობები იყო უნგრეთშიც, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეებისთვის ტერორისტული საფრთხე იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა უნგრელმა მაინც, განურჩევლად მათი რწმენისა თუ წარმოშობისა, თავი დაუცველად იგრძნოს“, – თქვა ორბანმა.

“ქართული ოცნება” რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული” – ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული, ოჩამჩირეში რუსეთის ბაზირებაზე დუმს და ოპოზიციასაც გაჩუმებას ურჩევს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

„ახალი არ არის, როცა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურას რუსეთი იყენებს. ამის მცდელობა ჰქონდა, ექნება და გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხისტი პასუხი არ იქნება ხელისუფლებისგან. იმის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ყველგან საერთაშორისო არენაზე აყენებდეს ამ საკითხს, ვხედავთ, რომ ჩუმად არის და კეკლუცობის პოლიტიკითაა რუსეთთან დაკავებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციას ურჩია გაჩუმება იმის ნაცვლად, რომ თვითონ დააყენონ საკითხი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა.

ცნობილი ქართველი დისიდენტი 1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტოფაში დაიღუპა.  თუმცა, რამდენად იყო ეს მართლაც უბედური შემთხვევა და არა მოწყობილი მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი დღემდე არ არსებობს.

ბორითთან მომხდარი ავარია დღემდე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ორი თვალსაჩინო ლიდერი  შეიწირა. ავარიდან 69-ე დღეს ზურაბ ჭავჭავაძეც გარდაიცვალა.

ქართველი დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, პოეტი, მუსიკათმცოდნე, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ – სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის “ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი.

1972 წელს მერაბ კოსტავამ  ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი“ ჩამოაყალიბა. 1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა თუ დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. „შავლეგოდ“ წოდებული მერაბი 9 აპრილის ღამეს ერთგულად იდგა ხალხის გვერდით. 1989 წლის 9 აპრილს მერაბ კოსტავა კვლავ დააპატიმრეს, მიტინგის ორგანიზების საბაბით.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1993 წლის სექტემბერში, ზუგდიდში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმისრის წოდება მიანიჭა. ქალაქ თბილისში მთავარ ქუჩას და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი. დაარსდა მერაბ კოსტავას სახელობის ლიტერატურულ-დრამატული თეატრი თბილისსა და ქუთაისში. Nr. 8 სამუსიკო სკოლას, სადაც იგი მუშაობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი.

2007 წელს  – ქუთაისში მერაბ კოსტავას  ძეგლი დაიდგა. 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან,  მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი გაიხსნა.

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

 

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს, რისთვისაც მინიჭებული აქვს დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის პრემიები.

 

“სსფ-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაოები ტექნიკური გუნდების დონეზე უახლოეს პერიოდში გაგრძელდება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება.

„შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება“, – აღნიშნა თურნავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰად აზურთან შეხვედრისას ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება ფასების სტაბილურად შენარჩუნების ამოცანის მიმართ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.

„ათეულობით გამანადგურებელმა დაარტყა „ჰამასის“ ტერორისტულ მიწისქვეშა გვირაბებს, სამხედრო შენაერთებსა და უფროსი ტერორისტების რეზიდენციებს, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც სამხედრო სამეთაურო ცენტრები, იარაღის შესანახი საწყობები, კომისიის ოთახები“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზაში ყველა სამოქალაქო პირს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში ევაკუაციისკენ.

“ევროოპტიმისტების” მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში” – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში პრობლემები არსებობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებული გაუმართავი ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების ფონზე, მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო, დაედგინათ, თუ რომელ მუნიციპალიტეტებში არ არის რეანიმობილი, სად არ აქვთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება – ,,ემერჯენსი“ და სად არ კეთდება გულის სტენტირება მიღებული მონაცემების საფუძველზე.

„გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი). კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან, 2021 წელს ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ. ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს ,,ჰეიდარ ალიევის ფონდმა’’ 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მრავალ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

„განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ ჰყავს რეანიმობილი და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება ხდება სხვა ქალაქიდან. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმობილის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ეს კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ხშირად ადამიანები თავიანთი ძალებით ცდილობენ ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს სავალალო შედეგები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დადგენილებას, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია -გურამ მაჭარაშვილი

იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო მმართველობა. ბევრი იურიდიული თავსატეხი აქ ნამდვილად არ არის, რადგან პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს პროცესზე აღიარებითი ჩვენებები აქვთ მიცემული, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი – გადაწყვეტილება ამაზე 9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა უნდა მიიღოს. დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 14 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს. თუმცა, ვინაიდან ხვალ უქმე დღეა, გადაწყვეტილება შესაძლოა მომდევნო კვირის ორშაბათს გახდეს ცნობილი.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ხუთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორი ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე გაწერილ იქნა ჯამში რვა ერთეული ყალბი ანგარიშფაქტურა, თითქოსდა სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შექმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლებას აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს “, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის აღქმებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა -კობახიძე

კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და, რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ შეკითხვას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.

კობახიძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ელჩი საზოგადოებაში არსებულ აღქმებს რადიკალურად შეცვლის.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორობა – ამ კუთხით ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ მიზეზების შესახებ, რატომ ჰქონდა მმართველ პარტიას კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას მყარი ნდობა გააჩნდეს.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის „კუდებსაც“ ვხედავთ – იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. საუბარი იყო პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე და ამ დროს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლები საერთოდ რა შუაში იყო განცხადებაში – ცინიკურიც კი იყო ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არამარტო ეს: იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა – გახსოვთ მოსამართლის დაბარება, წარმოუდგენელი ფაქტი. იგივე კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ეს მდიდარი „ენჯეოები“ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ე.წ. „პივიტის“, პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება და ა.შ. ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ, რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 6 ათასამდე ავიაბომბი ჩააგდო. ინფორმაციას ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია 3600-მდე სამიზნე, ჰამასის სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ასობით მებრძოლი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.