იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის აღქმებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა -კობახიძე

83
spot_img

კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და, რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ შეკითხვას იმის შესახებ, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.

კობახიძის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ელჩი საზოგადოებაში არსებულ აღქმებს რადიკალურად შეცვლის.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის, რომლებიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორობა – ამ კუთხით ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ მიზეზების შესახებ, რატომ ჰქონდა მმართველ პარტიას კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას მყარი ნდობა გააჩნდეს.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის „კუდებსაც“ ვხედავთ – იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. საუბარი იყო პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე და ამ დროს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლები საერთოდ რა შუაში იყო განცხადებაში – ცინიკურიც კი იყო ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არამარტო ეს: იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა – გახსოვთ მოსამართლის დაბარება, წარმოუდგენელი ფაქტი. იგივე კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ეს მდიდარი „ენჯეოები“ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ე.წ. „პივიტის“, პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება და ა.შ. ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ, რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.