Home Blog Page 2164

,,ეს არის ომი სინათლისა და სიბნელის შვილებს შორის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ომი სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას ისრაელში.

”ეს ომი არის ომი სინათლისა და სიბნელის შვილებს შორის”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელის არმია არ დაასრულებს მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გაანადგურებს.

„ეს არის კულტურა, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს აქ არსებობას, ველურები, მხეცები, რომლებმაც მოკლეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ მივაღწევთ ყველა გვირაბს, მივაღწევთ „ჰამასის“ ყველა წევრს და არ დავასრულებთ მისიას, სანამ „ჰამასს“ არ გავანადგურებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

”ეს იქნება ძლიერი ომი, ეს იქნება სასიკვდილო ომი, ეს იქნება ზუსტი ომი და ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას”, – დასძინა მან.

აჭარაში პირველი „Land Art Festival“-ი ჩატარდება

აჭარაში, 19 ოქტომბერს, „Land Art Festival“-ი გაიხსნება. უპრეცედენტო ფესტივალის პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდება.  ლენდ არტ ფესტივალის კონცეფციის მიხედვით, ხელოვანი ადამიანები ღია სივრცეში, ადგილზე ნაპოვნი მასალების, ან ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებსა და სკულპტურებს ქმნიან.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში არტ ობიექტების შექმნა უკვე დაწყებულია. უნიკალურ ინსტალაციებზე ამ დროისთვის საქართველოში მოღვაწე 15 ხელოვანი მუშაობს. არტ ობიექტები ტერიტორიაზე ფესტივალის დასრულების შემდეგაც დარჩება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

ლენდ არტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის, ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, განსაკუთრებული სივრცე შეიქმნება, სადაც ხელოვნება ბუნებრივი გარემოს ნაწილი გახდება. ეს იქნება არტისტების შთაგონებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების სრულიად ახლი პლატფორმა.

ფესტივალის პროგრამა საკმაოდ ვრცელია და მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ლექციებს, რომელშიც მხატვრები, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ლენდ არტის შექმნით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღების, ასევე სპეციალური ტექნიკის და უნარების სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ტერიტორიაზე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. კინომოყვარულებისთვის ლენდ არტთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფილმების, ასევე ღია სივრცეშის ვიდეოინსტალაციების ჩვენება გაიმართება.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ლენდ არტ ფესტივალებისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ეს არის თანამედროვე ხელოვნების გარემო, სადაც უნიკალური ნიმუშები ბუნებასთან ერთად იქმნება და ახალი ტურისტული მიზიდულობის ატრაქცია ხდება.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ფესტივალის მიზანია: ხელოვნების ირგვლივ საზოგადოებრივი აქტივობის სტიმულირება, ტრადიციული ქართული ხელნაკეთობების შენარჩუნება და პოპულარიზაცია. ხელოვანებს, ვიზიტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინტერაქციის შესაძლებლობა. დიალოგის და იდეების გაცვლის სტიმულირება, სხვაადასხვა ქვეყნის კულტურული კავშირების შექმნა.

ისრაელმა, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია გადადო – მედია

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში დაგეგმილი ოპერაცია გადადო, რომელიც შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო. ისრაელის არმიის ოფიცრების თქმით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეჭრა შაბათ-კვირას, მაგრამ ღრუბლიანობის გამო რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, უამინდობა (ღრუბლიანობა) თვითმფრინავებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს სახმელეთო ძალებისთვის ინტენსიური საცეცხლე მხარდაჭერის გაწევაში ხელს შეუშლის. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ გავლენიან გამოცემას ცახალის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.

ოფიცრების თქმით, ისრაელის თავდასხმის ძალები ქვეითების გარდა ტანკებს, მესაზღვრეებს და სპეცრაზმს შეიცავენ. სახმელეთო ჯარები დაცულნი იქნებიან საბრძოლო თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, დრონებითა და არტილერიით, რომლებიც სროლას ახორციელებენ როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,გახსენით ჰუმანიტარული დერეფნები და დაეხმარეთ მოსახლეობას“- რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული მიმართვის დროს გააკეთა.

„ვფიქრობ ბევრ ადამიანზე, რომელიც იტანჯება, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ გთხოვთ მძევლების გათავისუფლებას. და გთხოვთ, პატივი ეცით ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, გახსენით ჰუმანიტარული დერეფნები და დაეხმარეთ მოსახლეობას“, – განაცხადა პონტიფექსმა.

მისივე თქმით, ის დიდი სინანულით აკვირდება ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე მოვლენებს.

„გთხოვთ, აღარ იყოს მეტი სისხლისღვრა – არც იქ და არც რომელიმე სხვა ადგილას. ომი ყოველთვის მარცხია“, – განაცხადა ფრანცისკემ.

„სამეფო უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას”- საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, მემკვიდრე პრინცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ პალესტინელი ხალხისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლეგიტიმური უფლებები.

„სამეფო უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას, ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების განადგურებას, რომლებიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მუჰამედ ბინ სალმანმა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში  მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის,  რომლებმაც  დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

“ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ სავალდებულო წესით შეავსოთ მოცემული ფორმა, იმისათვის რომ საელჩომ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება.

საკონსულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ პირებმაც, რომლებმაც უკვე მოაწოდეს საელჩოს პასპორტის ასლები და ტელეფონის ნომრები.

გისურვებთ მშვიდობას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. პუტინი დაესწრება პეკინში „სარტყელისა და გზის ფორუმს“, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც სააგნტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი სბაჭოთა კავშირის ქვეყნების გარეთ, მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

გასული წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბურ ინტერვენციამდე ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთმა და ჩინეთმა „უსაზღვრო პარტნიორობის“ შესახებ განაცხადეს.

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.

აშშ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყერბს

შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელიდან კვიპროსში თავის მოქალაქეებს საზღვაო გზით გადაიყვანს , – ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება.

გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახები პასუხისმგებლები იქნებიან ჰაიფამდე ჩასვლაზე და ასევე კვიპროსიდან გამგზავრებაზე.

,, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს”- პაატა მანჯგალაძე

არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს – ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და შემდეგ, მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოსალოდნელ დასკვნაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძეს არ აქვს მოლოდინი რომ სასამართლო „სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

„ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი. მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია, შესაბამისად, არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს წინასწარი კონსულტაცია ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასთან და გარანტიების გარეშე, რეპუტაციულად, პროცესის არ დაიწყებდა. ამიტომ, ველოდები, რომ ხვალ იქნება 6 ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ამას მხარს დაუჭერს, ასევე, ველოდები, აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს დაწერს.

რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას შეაგროვებს, ძალიან გამიკვირდება, თუ პარლამენტში ეს 100 ხმა აღმოჩნდება, იმიტომ არა, რომ პრეზიდენტს ვუჭერ მხარს, არამედ იმიტომ, რომ ევროპაში ვიზიტის გამო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფმა ქვეყანამ პრეზიდენტი უმაღლეს ლიდერებთან შეხვედრის გამო არ უნდა დასაჯოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გაგრძელების შემთხვევაში, საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას. მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა ფარსია და მონაწილეობას არ მიიღებენ.

„კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ – ეს პროცედურა ჩვენთვის ფარსია. მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო: შეიძლება ვიღაცამ ხელი დააჭიროს და მთელი ოპოზიციის ნაცვლად მე უნდა ვიმართლო თავი. ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ დააჭირა ხელი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.