Home Blog Page 2164

“ტარიელ ნაკაიძე არის არაკაცი!” – ალუდა ღუდუშაური

ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი! ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებებს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ტარიელ ნაკაიძე შუღლის გაღვივებას ცდილობს.

„სად წავიდა? არაკაცი ეს! სამწუხაროდ, ამ დარბაზს ძალიან ბევრი სიცრუე და არაადამიანობა მოუსმენია, ჩვენ საზოგადოებას უნახავს, მომსწრენი ვყოფილვართ, მაგრამ ისეთი ეპითეტის გარეშე, რომელიც არის არაადამიანობა და საერთოდ, არაღირსების მქონე არაკაცობა ძალიან რთულია, რომ სხვა რაიმე შეფასება მისცე. ჩვენ აქ ძალიან შემაშფოთებელი კონტურები მოვისმინეთ ადამიანისგან, რომელიც თავს დებდა, რომ ყოველ შემთხვევაში კონფესიას მიეკუთვნება, რომელიც წესით და რიგით, რა თქმა უნდა, სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე და ა.შ. ქადაგებს, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა ზოგადად, როგორც ადამიანად. ეს ადამიანი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, დღემდე არის და თითი თითზე არ აქვს დადებული, ვერ ბედავს, რომ შემოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს იმიტომ, რომ არც მეტი არც ნაკლები, არის მატყუარა. ეს ადამიანი ცდილობს, რომ შუღლი გააღვივოს. წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი საუბრობდეს ჰუმანურობაზე, ადამიანთა შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობაზე, სიყვარულზე და საუბრობს პირდაპირ შუღლზე. ეს არის მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, არაკაცი. ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ტარიელ ნაკაიძე გახლავთ თვალსაჩინო ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი არ უნდა იყოს კაცი. ეს არის არაკაცი. ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს იმას, რასაც ცდილობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე რაღაც შუღლი გააღვივოს. ეს იმდენად პატარა კაცია, რომ ამას ნამდვილად ვერ შეძლებს. ჩვენ ქართველები და ზოგადად საქართველოში, დიახ, ამაყი ვართ იმით, რომ ჩვენი თანაცხოვრება ჩვენ მუსლიმ და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ითვლის და ბუნებრივია, რომ ასეთი პატარა კაცების უსუსური მცდელობა ჩრდილს ვერ მიაყენებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირად არცერთი წუთით არ კნინდება არცერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებები“, – განაცხადა ღუდუშაურმა და აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც რადიკალიზმით იყო დაკავებული.

რაც შეეხება ტარიელ ნაკაიძეს, მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ისაუბრა ასევე თავდაცვის კოდექსზე, რომელშიც, მისი მოსაზრებით, დისკრიმინაციული მიდგომა.

„ცდილობენ ხოლმე, რომ მიკროფონი გაგითიშონ და არ გასაუბრონ კიდევაც. ასე მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. მაშინ, როცა კონკრეტულად ვსაუბრობთ რელიგიის თავისუფლებაზე, უფლებებზე, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებულ თემაზე როდესაც გადავალთ, მაშინ ხდება ხოლმე გაცხარებული შემოტევა. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა ამ ქვეყანაში და კარგად მესმის, პირადად მე რა პრობლემების წინაშე ვდგავარ და დავმდგარვარ. პირიქით, თქვენ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ და მომისმინოთ კარგად, თუ რა პრობლემების წინაშე ვართ ჩვენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება იყვნენ უმცირესობები ამ ქვეყანაში“, -განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ მათ თანასწორობა სურთ, თუმცა ამ ქვეყანაში თანასწორობა არ იქნება იქამდე, ვიდრე კანონი არ იქნება თანასწორი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი ვალდებულია, რომ რაც არ უნდა ზეწოლა ჰქონდეს ხელისუფლების ან სხვა აქტორების მხრიდან, კანონმდებლობის თანასწორობისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ეს არის ინსტიტუტი,რომლის ყველაზე დიდი იმედიც აქვს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს.

„თქვენ არ გინდათ, რომ ჭეშმარიტება გაიგოთ და აქეთ გინდათ შემომიტიოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მე ვიტყვი იმ ჭეშმარიტებას და სიმართლეს, რაც ამ მიმართულებით ჩვენ გვაწუხებს, ამ მიმართულებით საქართველოში უმცირესობას აწუხებს. მინდა სახალხო დამცველს მივმართო და ვთხოვო, რომ დაიცვას სწორედ ის პრინციპული მიდგომა, რაც აქამდე სახალხო დამცველებს ჰქონდათ“, – განაცხადა ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ ზოგადად ჯარის განვითარებას მხარს უჭერს, მაგრამ ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.

„ამ კანონში არის დისკრიმინაციული მიდგომა და დისკრიმინაცია“, – აღნიშნა ნაკაიძემ და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუტი აქამდე ზოგადად, უმცირესობების იმედი იყო, რადგანაც უმცირესობებს სჯეროდათ, რომ აპარატის მხრიდან პრობლემებზე რეაგირება მოხდებოდა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა ასე გაგრძელდება.

„მინდა ასე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც ხშირად უფრო მეტ უფლებებს არღვევს, ვიდრე იცავს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

“27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე – ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას”

27 ოქტომბერს მექნება ჩართვა სასამართლო სხდომაზე. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას! – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ ლეპტოპით არ გამოდის, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება.

„რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – „გამარჯვების პლატფორმის“ პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით.

რატომ ვერ შეძლებთ? პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.

მე გავწირე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ხალხი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ მომენტში იტყვის თავის სიტყვას, ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადება არის საჭირო.

ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ”,- აცხადებს სააკაშვილი.

სუს-მა გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

“საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს”

მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. ეს ომი აქტიურ ფაზაში გადავიდა 2022 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ტერიტორიებზე ეს უკვე შედეგია. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, დაისვას წერტილი ამ საკითხში, რომ ღმერთმა ქნას, ის მთელ მსოფლიოში არ გავრცელდეს“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მსოფლიომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„ვფიქრობ, პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს, მათ აშშ-ს ესმით, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს, რაც შეიძლება მალე, ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, „თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ მაშინ, როცა უკრაინაში ომია, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით აგრესორის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს“.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვთქვი, როცა ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ სჯერათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – აღნიშნა დანილოვმა.

მისივე თქმით, ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა, იყოს პარტნიორი, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე და ა.შ. რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.

„მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით. 2008 და 2014 წლებში მსოფლიოს რომ ეპასუხა იმდროინდელი ჰიტლერისთვის, სახელად პუტინსთვის, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“ – განაცხადა დანილოვმა.

“ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ” – პესკოვი

ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურს, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია“.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს.

„აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა პესკოვმა.

“არქიმანდრიტმა მელქისედეკმა აღიარა შეცდომა შიო მუჯირის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო და შენდობა ითხოვა” – საპატრიარქო

საპატრიარქოში სინოდის კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, სხდომაზე განიხილეს სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.

„არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო. კომისიას ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);  დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი; დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (მოწვეული); დეკანოზი ავგუსტინე დუნდუა (მოწვეული)“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6958 ლარი ეღირება, ევრო – 2.8540 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2689 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6960 ლარი ღირდა, ევრო – 2.8445 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2662 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ოქტომბერს ამოქმედდება.

“რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება” აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას” – ვლადიმერ ბოჟაძე

დღეს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა, ჩატარდა ორი დიდი კონფერენცია, რომელიც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს ეხებოდა. პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება” აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

“ნატურალური კარაქის მომზადების ტრადიცია თურქეთში და საქართველოში” – TRT

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნატურალური კარაქის მომზადების ტრადიცია თურქეთში და საქართველოში“ (ავტორი – მარიამ გაფრინდაშვილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

კარაქის მოყვარულები მის ნამდვილ და შენარევ გემოს ადვილად არჩევენ. კომიკურია, თუმცა ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებული ათასგვარი კულინარიული ვლოგის შემდეგ ბევრმა აღმოაჩინა, რომ კარაქი მხოლოდ რძისგან შედგება, ოღონდ მისი კარგად გადამუშავების შემდეგ. ამ ვლოგებში სწორედ რძისგან კარაქის დამზადების სხვადასხვა მეთოდია ნაჩვენები, ყველაზე გავრცელებული და საყურებლად „გემრიელი“ კი ძველებური ხელსაწყოს მიხედვით კარაქის დამუშავებაა. ხელსაწყო რკინის სატრიალებელი რგოლისა და ხის ხელსაკიდისგან შედგება. კულინარი ამ ხელსაწყოს რძით სავსე ქილაში დებს და ხელის საკმაოდ ოსტატური მოძრაობით დაუღალავად რგოლს ატრიალებს და ატრიალებს. ამ ერთი შეხედვით დამღლელი მოძრაობების მერე ვხედავთ, რომ რძე სქელდება და კარაქის ფორმას იღებს. შემდგომში ეს მასა ცივ წყალში გადააქვს და „კარაქს“ ზედმეტი რძისგან რეცხავს, შემდგომ ყალიბში დებს და ასე იღებს კარაქს.

საქართველოში კარაქის მომზადების ჩვენი ბებიებისეული მეთოდიც არსებობს, რომელიც უფრო შრომატევადია, ვიდრე ვიდეოებში ნაჩვენები პატარა ხელსაწყოებით მიღებული ორი ადამიანისათვის სამყოფი კარაქის მეთოდი. ძველად, ბებიები ან დედები, კარაქს სადღვებელში ამზადებდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ კარაქის დამზადება ქალების საქმედ იყო მიჩნეული. ალბათ, იმიტომ რომ სადღვებელთან მიმჯდარი ქალი ბავშვის აკვანივით სადღვებელს გაუჩერებლად არწევდა და ისევე როგორც ბავშვის ჩაძინებას ელის დედა, რძისგან კარაქად ქცევას მოთმინებით, რუდუნებით ელოდება სადღვებელის მრწეველი ქალი. ეს რიტუალი საერთო იყო კავკასიის, ანატოლიისა და შუა აღმოსავლეთის კულტურებისთვის. ასე რომ კარაქი საერთო ინგრედიენტი იყო ამ კულტურების სამზარეულოსთვისაც.

ბავშვის მოვლის რიტუალივით კარაქის მიღების ეს მეთოდები ოჯახში ბარაქას, დაპურებას, სიუხვეს ნიშნავდა. სადღვებელში მოთავსებული კარაქის მასა იმდენად ბევრი იყო, რომ დიდ ოჯახს მთელი თუ არა ნახევარი თვე მაინც ჰყოფნიდა. კარაქი იყო კერძების მთავარი შემადგენელი ცხიმიც.

გამოხდა ხანი და მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლებიდან ინდუსტრიული საკვების გავრცელებამ, უფრო მეტი და მეტის მოთხოვნამ სადღვებელის რუტუალის, მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფი საკვების ტრადიცია მოშალა და კაპიტალისტურმა კვებითმა სისტემამ კარაქი მარგარინით ჩაანაცვლა. ქიმიური დანამატებით გაჯერებული კარაქის იმიტაცია მარგარინი ჭრელ-ჭრელი შეფუთვითა და ნაირ-ნაირი სახელებით მალევე მარკეტების დახლებისა და ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

მარგარინის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო სატელევიზიო რეკლამებმაც, რომელშიც ბედნიერი მომღიმარი დედ-მამა შვილებს გახუხულ პურზე მარგარინს უსვამს და ბავშვებიც გემრიელად მიირთმევენ. უფრო იაფმა და ამავე დროს გემრიელმა მარგარინმა უმალვე გააქრო რძისაგან კარაქის გარდაქმნის ჯადოსნური ტრადიცია. „მცენარეული ცხიმის“ მომხიბვლელი, თუმცა სატყუარა სახელწოდებით მარგარინმა სოფლებშიც შეაღწია. ანატოლიის სოფლები, სადაც მეცხოველეობა და რძის პროდუქტების მიღება-გასაღება ერთ-ერთი წამყვანი საქმიანობა იყო, ნელ-ნელა უძლური გახდა დიდ ინდუსტრიულ საკვებ პროდუქტთან შეჯიბრში.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ისევე როგორც თურქეთმა, საქართველომაც მარგარინი კარაქს ამჯობინა. ასე გრძელდება დღემდე და ეს შეუჩერებელ პროცესად იქცა. მარგარინის ორგანიზმისთვის მიყენებული ზარალის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მოკლედ რომ ვთქვა ის ისეთივე საზიანოა, როგორც ქიმიურად შექმნილი ხორცი ან ბურგერის პური, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ხორბალთან და ცოცხალ საფუართან.

ხშირად ზოგიერთი პრობლემა საერთოა მეზობელ ქვეყნებს შორის. ის შეიძლება სხვადასხვა სფეროში არსებობდეს, თუმცა ერთი რამ ცხადია, საკვები პროდუქციის პრობლემა ძირითადი პრობლემაა, რომელზეც ყველაზე მთავარი – ადამიანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამის აღმოფხვრის გზებს კი თუკი ერთი ქვეყანა მოძებნის, მეორემ მას უნდა მიბაძოს, ამით კი ისინი ერთმანეთს გააძლიერებენ და ახალ სიტყვას იტყვიან ჯანსაღი პროდუქტის სფეროში.

წყარო

“სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება – რა იქნება ჩემი პოზიცია სიღარიბესთან დაკავშირებით, ამაზე ჩემს ანგარიშს უნდა დაელოდოთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს საქართველოს მოქალაქეთა მიერ ქვეყნის დატოვების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც ასახულია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშში.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხი ვერ ექნება, რადგან მისი მანდატი შემოფარგლულია ტერიტორიით.

„ეს კითხვა, იმ ხასიათისაა, რომელზეც ჩემი მანდატიდან გამომდინარე სრულფასოვანი პასუხი ვერ მექნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, მაგრამ ჩვენი მანდატი შემოფარგლულია ტერიტორიით, საქართველოს ტერიტორიით. ვცდილობთ საქართველოს გარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, თუ მოგვმართავენ, დახმარება აღმოვუჩინოთ, მაგრამ ინსტიტუციურად ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, სახალხო დამცველი სხვა ქვეყნის ინსტიტუციას ინფორმაციას ვერ გამოითხოვს. მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით. სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. მე ვაკრიტიკებ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს მმართველი გუნდი და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მეორე თავთან – ადამიანის უფლებებთან. ეს არის ჩემი საქმე. ამ ნაწილში რაც არის გასაკრიტიკებელი, ვაკრიტიკებ, პოლიტიკური ნაწილი უნდა აკრიტიკონ პოლიტიკოსებმა. სიღარიბის ნაწილს ეხება სახალხო დამცველის ანგარიშში სპეციალური თავი, თუ გაინტერესებთ წინა სახალხო დამცველის პოზიცია რა იყო, შეგიძლიათ ნახოთ. რა იქნება ჩემი პოზიცია სიღარიბესთან დაკავშირებით, ამაზე ჩემს ანგარიშს უნდა დაელოდოთ და იქნება ასახული. ყველა პრობლემა რომელიც სიღარიბესთან არის დაკავშირებული, ანგარიშში იქნება ასახული”, – განაცხადა იოსელიანმა.

“არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას” – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე სათაურით „არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას”, გამოქვეყნებულია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვა ამერიკელი ერისდმი, 2023 წლის 19 ოქტომბერს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამერიკელ ერს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხად, გასამხედროებული დაჯგუფების წინააღმდეგ გამოცხადებული ისრაელის ომი ერთმანეთთან დააკავშირა და ამერიკელ ხალხს მიმართა, მხარი დაუჭიროს ორ დემოკრატიას, რომლებიც, მისი თქმით, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. „ჰამასი“ და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო, – ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, მათი სრული განადგურება“ – თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მიმართვის დასაწყისში პრეზიდენტმა თქვა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს. „ჩვენ ისტორიაში გარდამტეხი წერტილის წინაშე ვდგავართ. ეს არის იმ მომენტთაგან ერთ-ერთი, როცა გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მივიღებთ, განსაზღვრავს მომავალს, ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი, ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა და ვაშინგტონში 19 ოქტომბერს დაბრუნდა. სიტყვით მიმართვისას, მან თელ-ავივში თავისი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი შეაჯამა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისრაელს აშშ-ის პრეზიდენტი ომის მიმდინარეობისას ეწვია.

„შევხვდი პრემიერ-მინისტრს და მისი კაბინეტის წევრებს. რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო, შევხვდი ისრაელელებს, რომლებმაც საშინელება განიცადეს, – „ჰამასის“ თავდასხმა, 7 ოქტომბერს. 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, სულ მცირე, ამერიკის 32 მოქალაქე. ათობით უდანაშაულო ადამიანი, – დაწყებული ჩვილებიდან, მოხუცები, ბებია-ბაბუები. ისრაელელები, ამერიკელები მძევლად აიყვანეს. როგორც „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახებს ვუთხარი, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ მათი საყვარელი ადამიანები შინ დავაბრუნოთ. როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემთვის არ არსებობს უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება“, – თქვა პრეზიდენტმა.

მიმართვის დასაწყისშივე პრეზიდენტმა აღნიშნა: „მე ასევე ვესაუბრე პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს, პალესტინელთა ხელისუფლებას და გავიმეორე, რომ შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების ერთგული“.

ჯო ბაიდენმა მწუხარება გამოთქვა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო, „მათ შორის, ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რომელიც ისრაელელებს არ ჩაუდენიათ“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ანტისემიტიზმი, ასევე ისლამოფობია მიუღებელია და ამერიკულ საზოგადოებაში ამის ადგილი არ არის.

„ამერიკის ლიდერობა“ – დახმარება უკრაინას და ისრაელს
ერისადმი თითქმის 15-წუთიან მიმართვაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერობას და თქვა: „ეს არის ის, რაც აერთიანებს მსოფლიოს. ამერიკული ალიანსები არის ის, რაც უსაფრთხოდ გვიცავს ამერიკაში. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორ ერად, ვისთანაც მუშაობა გვსურს“. მისი თქმით, თუ ამერიკა და ამერიკელი ხალხი „დაშორდება უკრაინას და ზურგს აქცევს ისრაელს“, ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დადგება.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „სწორედ ამიტომ, ხვალ ვაპირებ გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნის გაგზავნას კონგრესში, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები – ჩვენი კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორების, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერის საჭიროება. ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც გადაიხდის დივიდენდებს ამერიკის უსაფრთხოებისთვის, თაობების განმავლობაში.“

„უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვთხოვ კონგრესს, დარწმუნდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნა, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის და ქვეყნის შეფერხების გარეშე დასაცავად. უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინის სისასტიკე უკრაინაში. ისინი წარმატებას აღწევენ. როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა ფიქრობდა, რომ კიევს და მთელ უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა. პუტინმა მარცხი განიცადა და ის აგრძელებს მარცხს. უკრაინელი ხალხის სიმამაცის გამო, კიევი კვლავ დგას. უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის ჯარების მიერ იქამდე ოკუპირებული ტერიტორიის 50%“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სიტყვით მიმართვისას, შეერთებულ შტატებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და თქვა – „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, წვრილმანმა პარტიულობამ და გაბრაზებულმა პოლიტიკამ, შეაფერხოს ჩვენი, როგორც დიდებული ერის პასუხისმგებლობები. ჩვენ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტების და პუტინის მსგავსი ტირანების გამარჯვებას. მე უარს ვამბობ ეს მოხდეს“.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის – უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას. ისინი ამას აგრძელებენ. და მსოფლიოსთვის, ამერიკისთვის ფასი და საფრთხე სულ უფრო იზრდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკა და მოკავშირეები, არ შეაჩერებს „პუტინის მადას, უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.“

მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი კონგრესს, მომდევნო წლისთვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობით “უსაფრთხოების გადაუდებელი ბიუჯეტის” დამტკიცებას სთხოვს.

ადმინისტრაციის წინადადება, რომელიც პარასკევს გახდება ცნობილი, მოიცავს დაფინანსებას უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვრის მართვისთვის.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ყველა ამ საკითხის ერთ კანონმდებლობაში გაერთიანება, კონგრესში მის დასამტკიცებლად, საჭირო პოლიტიკურ კოალიციას შექმნის.

„მთელ მსოფლიოში არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც ჩვენი იმედი აქვთ; ვისაც, ჩვენ გამო, უკეთესი ცხოვრების იმედი აქვს, ვინც სასოწარკვეთით გველოდება და ელოდება, რომ არ დავივიწყებთ. მაგრამ, დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ვიცი, რომ შინ, ჩვენ გვაქვს განსხვავებები და მათზე უნდა ვიმუშაოთ. ასეთ მომენტებში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები და არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა, თუ ამას ერთად გავაკეთებთ”, – ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა ბაიდენმა ერისადმი მიმართვა.

პრეზიდენტობის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ერს ოვალური კაბინეტიდან მეორედ მიმართა. ამ ფორმით ჯო ბაიდენმა პირველად ერს მას შემდეგ მიმართა, რაც კონგრესმა მიიღო ბიუჯეტის ორპარტიული კანონმდებლობა, რათა დეფოლტი თავიდან აეცილებინა.

წყარო

“მოვუსმინე სუს-ის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე ილაპარაკა” – საბა ბუაძე

საკრებულოს სხდომა ნამდვილად მძიმე იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის აქ გამოთქმული მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის და მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტში პოლიტიკური მოტივები და კონტექსტი იკვეთება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 30 სექტემბრის სხდომაზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს და ფაქტს, რომელიც მოხდა. ნამდვილად მძიმე საკრებულოს სხდომა იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის, აქ გამოთქმული მისი მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის, საკუთარი მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს. დააკავეს 6 პირი, თუმცა ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა რა რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა ამ შემზარავ ფაქტში.

ჩვენი არჩევანია ამ საკითხს როგორ დავინახავთ და შევაფასებთ. ჩემთვის შეუძლებელია, რომ აქ არ დავინახო პოლიტიკური კონტექსტი და მოტივაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრს და არ დავინახო ის ტოქსიკური კრიმინალური კლიმატი რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. ეს კლიმატი რომ არ არსებობდეს ის ხალხი, რომელიც საკრებულოს წევრზე ფიზიკურად ძალადობს, სანამ, ასეთი ჯგუფურ ძალადობას დააორგანიზებდა კარგად დაფიქრდებოდა. ამ ხალხს რომ არ ეგონოს, რომ რაღაც ტიპის მხარდაჭერა და მიმღებლობა აქვს, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ გაბედავდნენ“, – განახადა ბუაძემ.

საბა ბუაძე საკრებულოს სხდომაზე ასევე გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ფაქტობრივად არაფერზე უსაუბრია.

„რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მოვუსმინე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე არ ილაპარაკა. ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ ფარცხალაძე არ არის კრიმინალი და თავისუფლად მისცეს ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლება აშშ-ს მიერ აღიარებულ „ეფესბეს“ აგენტს და ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, რაც არის ტყუილი“, – აცხადებს საბა ბუაძე.