“მოვუსმინე სუს-ის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე ილაპარაკა” – საბა ბუაძე

103
spot_img

საკრებულოს სხდომა ნამდვილად მძიმე იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის აქ გამოთქმული მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის და მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტში პოლიტიკური მოტივები და კონტექსტი იკვეთება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 30 სექტემბრის სხდომაზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს და ფაქტს, რომელიც მოხდა. ნამდვილად მძიმე საკრებულოს სხდომა იყო, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და საზარელი ამ დღის დასასრული, როცა საკრებულოს წევრის, აქ გამოთქმული მისი მოსაზრებების გამო, საკუთარი სახლის, საკუთარი მშობლების დასანახად უმოწყალოდ სცემეს. დააკავეს 6 პირი, თუმცა ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანდა რა რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა ამ შემზარავ ფაქტში.

ჩვენი არჩევანია ამ საკითხს როგორ დავინახავთ და შევაფასებთ. ჩემთვის შეუძლებელია, რომ აქ არ დავინახო პოლიტიკური კონტექსტი და მოტივაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრს და არ დავინახო ის ტოქსიკური კრიმინალური კლიმატი რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. ეს კლიმატი რომ არ არსებობდეს ის ხალხი, რომელიც საკრებულოს წევრზე ფიზიკურად ძალადობს, სანამ, ასეთი ჯგუფურ ძალადობას დააორგანიზებდა კარგად დაფიქრდებოდა. ამ ხალხს რომ არ ეგონოს, რომ რაღაც ტიპის მხარდაჭერა და მიმღებლობა აქვს, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ გაბედავდნენ“, – განახადა ბუაძემ.

საბა ბუაძე საკრებულოს სხდომაზე ასევე გრიგოლ ლილუაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ფაქტობრივად არაფერზე უსაუბრია.

„რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მოვუსმინე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც ფაქტობრივად არაფერზე არ ილაპარაკა. ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ ფარცხალაძე არ არის კრიმინალი და თავისუფლად მისცეს ქვეყნის საზღვრების დატოვების უფლება აშშ-ს მიერ აღიარებულ „ეფესბეს“ აგენტს და ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, რაც არის ტყუილი“, – აცხადებს საბა ბუაძე.