Home Blog Page 2145

“გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება” – ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

„ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში, 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი – 10-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს”,- წერს მინისტრი.

“სრული სიცრუეა” – თბილისის მერია დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაზე

დედაქალაქის მერია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა“.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ, სადაც გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს.

ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რატომ მოსამართლეები? – ზურაბ გურული

“რატომ დაიწყეს “ქვემოდან”? იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე, ქართველი ექიმი, ზურაბ გურული აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მაქსიმალურად კომპაქტური, იურიდიულ-დიპლომატიური შეჯამება რომ გავაკეთოთ:
——-
1. რატომ მოსამართლეები?

ა) ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია. გავიხსენოთ, რომ უვადოდ არჩეულმა ქართველმა მოსამართლემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ამერიკაში და ამავე დროს ქართული პოლიციის წარმომადგენლები საემიგრაციო ციხეებში სხედან მექსიკასთან საზღვრის უკანონოდ გადალახვისათვის.

შესაბამისად, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პროტესტი უსაფუძვლოა. მათ თავად შექმნეს პრეცედენტი და მსოფლიოს აჩვენეს საკუთარი სასამართლოს და პოლიციის კორუმპირებულობის უკიდურესი ხარისხი.

ბ) ხელისუფლების სამ შტოში, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, მთავარი ფუნქცია სასამართლოს ეკისრება. სანქციების შემდეგი ტალღა შეეხება პარლამენტს, ბოლო კი მთავრობას.

2. რატომ ახლა?

ა) რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა პროტესტმა მსოფლიო რეზონანსი მოიპოვა. ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერმა ამბოხმა მოახერხა “ტრენდის” შექმნა და მძლავრი ემოციური ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინა ამის კარგი მაგალითია.

ბ) საქართველოში ჩამოსასვლელად ახალი ელჩი შეირჩა; ისევ ქალი. ამერიკის სახდეპი კარგად ხედავს ქალების მიმართ “ოცნების” ხაზგასმულად აგდებულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. “ოცნების” უზრდელ და არაპროფესიონალ წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ ამერიკის ელჩის შეურაცხყოფა ამერიკის სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

გ) ქართული სასამართლო იწყებს კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გასამართლებას, რაც ანტიკონსტიტუციური აქტია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებსაც. ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა თავისი დემარშით უკვე აუწყა ეს საქართველოს მთავრობას. ლაზარეს მოსამართლემ უკვე იცის რაც ელის.

3. რატომ დაიწყეს “ქვემოდან”?

იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება.

4. რას ნიშნავს ეს აქტი?

ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პატივისცემის და თანადგომის დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ. ამერიკის სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის პროტესტი საკუთარი მთავრობის მიმართ არის სამართლიანი. სწორედ და მხოლოდ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს უპრეცედენტო სანქცია გახრწნილი და კორუმპირებული სასამართლო სისტემის მიმართ”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა.

სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.

საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

“ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში” – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

ახსნა სჭირდება თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც იქნა მიღებული საქნცირების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხიელ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მსგავსი საქნციები არ ყოფილა გამოყენებული წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

„იქ არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც, როგორც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წელიწადია, აღარ არის მოსამართლე. რამ განაპირობა ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ამ შემთხვევაში არამოქმედი მოსამართლე მოყვა რაღაცა ქმედებისთვის ამ სანქცირებულების სიაში. ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული, მაგალითად, სააკაშვილის პერიოდის მმართველობისას, რა დროსაც, მოგეხსენებათ, რომ, მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასების მიხედვითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და შეუდარებლად მეტად პრობლემური იყო, თუ შეიძლება, რომ დღევანდელობას შევადაროთ საერთოდ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

“შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ” – მაკრონი სი ძინპინს

ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას.

„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, – აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა, განაცადა, რომ პეკინს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში.

10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება.

როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება.

უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ.

იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება”,- აღნიშნავს მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ „მთავარში“.

გააგზავნე და დასაჩუქრდი – თიბისის და რიას ერთობლივი აქცია

თიბისი მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებით წახალისებას განაგრძობს და ფულად გზავნილებზე ახალ აქცია-გათამაშებას სთავაზობს.

პირველი აპრილიდან სამი თვის განმავლობაში, „რიას“ სისტემით გზავნილის გაგზავნისას, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს 25%-იანი ფასდაკლებით და მოიგოს პრიზები: ტელეფონის პორტატული დამტენი და ელექტროსკუტერი.

აქციაში მონაწილეობა და ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც რიას სისტემით საქართველოდან უკრაინაში ან სომხეთში თანხის გაგზავნისას პრომო კოდს RIA25GE მიუთითებს.

აქციის ფარგლებში ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გათამაშდება საჩუქრები, რომლებიც გადაეცემათ იმ პირებს, ვინც თიბისიში ყველაზე მეტი რაოდენობის რიას გზავნილს გააგზავნიან უკრაინის ან სომხეთის მიმართულებით.

დღეიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა

მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება – ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში”

გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნო რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას.

„გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნო რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით. აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას. მემარცხენე დემოკრატებმა აურიეს შინ და გარეთ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ძალიან სავალალოა!“ – წერს აბაშიძე.