Home Blog Page 2139

„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი – ნიკა მელია

დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს.

პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუდგა, არც თუ უნებლიედ დაუდგა. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ დაპირისპირება პარტიაში გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეობის არჩევნებმა, სინამდვილეში ასე არ არის. უდროოდ მოინდომეს არჩევნების ჩატარება. მე მივიღე ეს გამოწვევა, დემოკრატიული წესი შევიმუშავეთ, დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო დემოკრატიული, თავისი ყველა მანკიერებით. იყო ფარული ჩანაწერები, ფულის შრიალი და ა.შ. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, არჩვენების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს ვუსურვე, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.

„გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

მე იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა, ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველ რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა“, – განაცხადა მელიამ.

“უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა”-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინსიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობებს ასახავს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხისთვის კიდევ მეტი უნდა გააკეთოს.

„ვფიქრობ, ეს ასახავს რეალობას, რა განწყობებიც არის საზოგადოებაში. სამარცხვინო, ანგაჟირებული და მიკერძოებული იყო ყველა გაყალბებული კვლევა, რაც საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ იხილა. ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო კვლევა მაინც არის არჩევნები. მჯერა, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, ქვეყანას, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. აჟიოტაჟში, რომელიც არის შექმნილი ამ უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან, გვავიწყდება გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა. უკრაინა ინგრევა, 20% არის ოკუპირებული, პოლიგონადაა გადაქცეული და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ამ დროს ვიღაცები ცდილობენ, პროვოკაცია, დესტაბილიზაცია მოაწყონ და აქ მეორე ფრონტებზე ლაპარაკობენ. ხალხი ამას ხედავს, აფასებს. მჯერა, ჩვენ მეტს შევძლებთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში რუსეთთან, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში”- პრემიერი

ევროკავშირში, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, ყველაზე მეტი.

მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით.

„ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა – რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში. შარშან აბა თუ იცის ჩვენი საზოგადოების ნაწილმა რამდენი იყო, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ?

270 მლრდ დოლარი, თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან გაგანია ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლების სახით,  სუფთა შემოსავლების სახით,  საიდან? – ევროკავშირისგან. ჩვენ პატარა ქვეყანამ ამდენი გამოწვევებით,

20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები და ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. და ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი  არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ესაა ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ არ დაიწყონ, განახორციელონ ფრენები, ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცრებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები – ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100- ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები,”- განაცხადა პრემიერმა.

“აღმასრულებელ პოლიტიკას მე წარმოვადგენ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს თავისი პოზიცია აქვს, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას, აღმასრულებელ პოლიტიკას მე წარმოვადგენ, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა წარმართავს და ახორციელებს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

„ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც გააუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი”-პრემიერი

რაც შეეხება ფრენებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, მე რამდენიმე დიდ ქვეყანას დაგისახელებთ – ჩინეთი, ზე-სახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა არის ისრაელი ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში და სამეზობლოში აზერბაიჯანი და სომხეთი, აღარ გავაგრძელებ, ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება, – , –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დამსახურებით, საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო- კონომიკური ურთიერთობები და ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი.

„ვინაიდან ფრენები ჩვენს შემთხვევაში შეწყვეტილი იყო 2019 წლიდან, ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, მას შემდეგ, ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, ეს რუსეთის გადაწყვეტილება იყო და მას შემდეგ ფრენები აღარ ხორციელდებოდა. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეები, ახლა მე გიყვებით ფაქტებს, როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში, ან ბელორუსიის გავლით, ან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უწევდათ საათობით ლოდინი და რითაც მთავარია 2-ჯერ და 3-ჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ესაა უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ ისწრაფოდა წინა ხელისუფლება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და აღარ გავაგრძელებ, აღარ დაგღლით ამ დეტალებით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა ცნობილი ჩვენთვის გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია, ჩვენ, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არა – მთავარი,”- აღნიშნა პრემიერმა.

“მისასალმებელია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას”-პრემიერი

ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

„მინდა, ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად. ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.

ზოგადად, უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი. საერთოდ არაფერი არ მოუთხოვიათ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა და არაფერი. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ სულ მცირე, უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. მინდა, ეს ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.

ალბათ დამისვამთ კითხვას, რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას თუ აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. აქვს, მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. რა თქმა უნდა, დადებითი და მისასალმებელია ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ევროპელ სოციალისტთა ოჯახის დატოვებით “ქართული ოცნება” ღიად გაფორმდა რუსულ ძალად”-გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად დატოვა ევროპელ სოციალისტთა ოჯახი, – ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე.

„ეს არის გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი, სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“. ეს არ არის მხოლოდ ღია, მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც გვაქვს – ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება, რათა რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საქართველოსთან, არც ქართულ ღირებულებებთან და არც ეროვნულ ინტერესებთან. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათ ერთადერთი საერთო აქვთ რუსულ რეჟიმთან, პუტინთან და იმ მავნებლურ ტერორისტულ ძალასთან, რომელიც ძალიან მალე დამარცხდება. დღეს ისე, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გვქონდეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რასაც დანაშაულებრივად სჩადის „ქართული ოცნება“, არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. 2001 წელს რუსეთმა საქართველოს დაუწესა სავიზო რეჟიმი, რადგან საქართველომ აირჩია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის მიმართულებით. გუშინ მათ მოუხსნეს სავიზო რეჟიმი სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. „ქართული ოცნება“ საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს და რუსეთს. ისინი დემონსტრაციულად ტოვებენ ევროპულ სოციალისტთა ოჯახს. ყველაფერი დღესავით ნათელია. ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა „ქართული ოცნების“ რუსულ ბუნებაში, დღეს ღია, დაუფარავი მტკიცებულება მიიღო. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია, შემოვატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა, რაშიც ყველა ერთად გაგვხვია რუსულმა რეჟიმმა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დავტოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.

“ქალბატონო ელჩო, დავუწესოთ სანქციები პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახს? ღია წყარო წერს რომ მილიონი $ მიიღო კორუმპირებული ბიზნესმენისგან” -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.

„ქალბატონო ელჩო! ღია წყარო New York Post-ი წერს: კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარი მიიღო.

როგორ ფიქრობთ დაუწესოთ სანქციები პრეზიდენტის ოჯახს?“ – წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

“იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას“.

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტი ამ განცხადებით ხელისუფლების დაზიანებას ცდილობს.

„ქალბატონო პრეზიდენტო,
როდესაც განცხადებას ამ სიტყვებით იწყებთ და ყველა შემთხვევაში ცდილობთ ხელისუფლების დაზიანებას, იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“ქართული ოცნება” IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია”- კელი დეგნანი

IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. “ქართული ოცნების” ბევრი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული მათში. ასე რომ ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.

„ჩვენ აქ, საქართველოში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელსაც მომავლის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ემსახურება IRI და NDI, ისინი ეხმარებიან ამ ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც ამ საკითხების განსახილველად არის საჭირო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეხმარება მათ იმაში, თუ როგორ ჩაერთონ კონსტრუქციულად და მშვიდობიანად პოლიტიკურ პროცესებში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავლის განვითარებაში. IRI და NDI დიდ როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ“, – აღნიშნა ელჩმა.

“ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და არა – კრემლის მიერ შერჩეულ დროს დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!” – პრეზიდენტი

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე.

„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.

რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 ჩვენი ქვეყნიდან გასული, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!

საინტერესოა რატომ?

ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა.

იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.