„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი – ნიკა მელია

819
spot_img

დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს.

პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუდგა, არც თუ უნებლიედ დაუდგა. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ დაპირისპირება პარტიაში გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეობის არჩევნებმა, სინამდვილეში ასე არ არის. უდროოდ მოინდომეს არჩევნების ჩატარება. მე მივიღე ეს გამოწვევა, დემოკრატიული წესი შევიმუშავეთ, დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო დემოკრატიული, თავისი ყველა მანკიერებით. იყო ფარული ჩანაწერები, ფულის შრიალი და ა.შ. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, არჩვენების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს ვუსურვე, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.

„გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

მე იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა, ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველ რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა“, – განაცხადა მელიამ.