Home Blog Page 2136

ურსულა ფონ დერ ლაიენი “ევროპის დღესთან” დაკავშირებით უკრაინაში ჩადის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, “ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევს ეწვევა, – ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.

ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც “გამარჯვების დღის“ ერთი დღით ადრე, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება „ევროპის დღეს“, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთიანობას აღნიშნავს. 9 მაისი არის ისტორიული „შუმანის დეკლარაციის“ წლისთავი. დეკლარაცია 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა წარადგინა და მან ევროპის ქვეყნების გაერთიანებას და დღევანდელი ევროკავშირის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

“ბადრი ესებუა 2008 წლიდან აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” – პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებს თავად მიაწოდა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, ესებუა 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა და შუამდგომლობა დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ესებუას სამედიცინო დოკუმენტების ამოღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე განჩინების გაცემას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი და ჩანაწერები რომ არსებობდა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს მითხრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე არც დაუკითხიათ და არც სამედიცინო დოკუმენტები მოუთხოვიათ, ახლა ითხოვენ მოპოვებას და ჩვენ თანახმა ვართ“, – განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრებოდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

“სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე”

დავით არახამიას შეუძლია, ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როდესაც ოფიციალურ პოზიციაზე არ იქნება და მის განცხადებებს არავინ შეაფასებს. მისი განცხადებები კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული და თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებასა და წინადადებაში მავნებლობა აქვს ჩადებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადება მასზე.

„დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრ გამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე 1945 წელს – უკრაინამ, ბელარუსმა თუ საბჭოთა კავშირმა? – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი დღემდე დავის საგანია.

“ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა და ხშირად გარკვეულ დავას იწვევს: ზოგი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა, ზოგიერთი კი, სსრკ-სთან ერთად, ასახელებს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებს.
მაგრამ ისმება შემხვედრი კითხვა: განა უკრაინა და ბელორუსია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ იყვნენ? განა სსრ კავშირი ერთი საერთაშორისო სამართალსუბიექტი არ იყო?

1944 წელს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქმნებოდა, წესდების პროექტის თანახმად, ყოველ დამფუძნებელ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ხმა უნდა ჰქონოდა. იოსებ სტალინი, ხედავდა რა იმას, რომ სსრ კავშირი უმცირესობაში მოხვდებოდა, წინადადება წამოაყენა, რომ გაეროს წევრები უნდა ყოფილიყვნენ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიც – სულ 16 სსრ.
უინსტონ ჩერჩილს უთქვამს:

– მისტერ სტალინ, კარგი ახლა, რანაირი დამფუძნებლები ეგენი იქნებიან, დამოუკიდებლობის ნატამალი არ აქვთო..

იოსებ სტალინს ასეთი პასუხი გაუცია:

– მისტერ ჩერჩილ, თუ არ არიან, იქნებიან, სწრაფად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დამოუკიდებლობის თაობაზეო და შენ რომ მაგდენი დომინიონი გინდა გაეროს დამფუძნებელი გახადო, მეც ეგრე გავაკეთებო.

მოკლედ, 1944 წლის 28 იანვარს, პირველად გაგანია ომის დროს, ჩატარდა საკავშირო კომპარტიის პლენუმი, რომელზეც მიიღეს დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოების შესახებ თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში. დადგენილების მიხედვით, ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაში იქმნებოდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც იმდროინდელი საერთაშორისო სამართლით მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტრუქტურებად მოიაზრებოდნენ.

პლენუმის დადგენილება იურიდიულად გააფორმა სსრკ უმაღლესმა საბჭომ, საბჭოთა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით.

ანუ ეს ნიშნავდა, რომ 16-ვე მოკავშირე რესპუბლიკა (კარელია-ფინეთის სსრ-ის) ჩათვლით უეცრად “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” გადაიქცნენ.

სხვათა შორის, საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჯერ გიორგი კიკნაძე, შემდეგ მიტროფანე კუჭავა, არჩილ გიგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, რევაზ ფრუიძე, შალვა კიკნაძე, თეიმურაზ გორდელაძე და ბოლოს, გიორგი ჯავახიშვილი (1985-90 წლებში).

დასავლეთმა (ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა) კოლექტიურად უარი განაცხადეს მისტერ სტალინის წინადადებაზე, მაგრამ კრემლს მაინც გაუწიეს “შეღავათი” – დათანხმდნენ, რომ გაეროს დამფუძნებლები 1945 წლის 24 ოქტომბერს ყოფილიყვნენ უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ები, როგორც ფაშისტურ გერმანიის განადგურებაში დიდი წვლილის შემტანი რესპუბლიკები.

კონკრეტულად რუსეთის სფსრ გაეროს ოფიციალური წევრი არ ყოფილა, მისი ფუნქციის შესრულება უშუალოდ საბჭოთა კავშირმა იკისრა.

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს დამფუძნებლებად წარმოადგინა ავსტრალია, ინდოეთი, კანადა და ახალი ზელანდია (დომინიონები).

მოკლედ, რადგან იმდროინდელი საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი რუსეთი გაეროს წევრი 1990-იან წლებამდე არ ყოფილა, გამოდის, რომ კონკრეტულად ფაშისტურ გერმანიასთან 1941-45 წლების ომში, სახელმწიფოს სტატუსით, გაუმარჯვიათ უკრაინას, ბელარუსს და საბჭოთა კავშირს”, – წერს სიმონ კილაძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1440 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4834 ლარი ღირდა, ევრო – 2.7377 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1321 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.

“საინტერესო იქნება „სისხლისა და რევოლუციის“ ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურამში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების სიას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები.

როგორც ანალიტიკოსი წერს, უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

„დასახელება და შერცხვენა (naming & shaming) მხოლოდ არ კმარა. აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და ე.წ. ბანაკებში სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. სავარაუდოდ, ეს სია უფრო ვრცელია. უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ის ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.
საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები. ამათნაირ დესტრუქციულებს აშშ-ში თუ ევროპაში აქვთ და ექნებათ უდიდესი პრობლემები სამართალთან“, – წერს გია აბაშიძე.

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს, პარლამენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები წარუდგინოს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებების შეტანა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში.

მისივე თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირება აბსურდულია.

„უპრეცენდენტო და აბსურდულია საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დღეს არსებობს და მაღალი რანგის თანამდებობის პირების 6 თვის ვადით არჩევას ითვალისწინებს. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი ჩანაწერი არ აქვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს. რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი. ამ კონკურსში არ შეიტანეს საბუთები და კონკურსი ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება პრაქტიკაში ვერ მუშაობს. ეს არის უპრეცედენტო რეგულირება, რომელიც თავის დროზე კომპრომისის სახით და იმ დათქმით მივიღეთ, რომ პრაქტიკაში დავაკვირვებოდით, იმუშავებდა თუ – არა. დავთმეთ და ვთქვით, რომ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. პრაქტიკაში ამ რეგულაციამ ვერავითარი სწორი ფუნქციონირება ვერ უზრუნველყო და ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ საჭიროა გამართული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა. ჩვენი ამოცანაა, საკითხი მოწესრიგდეს და პრაქტიკაში ასეთი ხარვეზები აღარ წარმოიქმნას. ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით. მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წარადგენდა კანდიდატს. კვალიფიციურიც არის, კეთილსინდისიერიც, კარგადაც ჩაატარა არჩევნები, საუკეთესოდ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება, თუმცა არ წარვადგენო. ეს ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიო არა პოლიტიკური მოტივაციით, არამედ კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. პრეზიდენტი პროცესში ჩართული იქნება მისი წარმომადგენლის მეშვეობით. ყველა კონსტიტუციური ნორმა დაცულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

” არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა”- წულუკიანი

არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებაზე, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.

„ეს შეკითხვა მე ან ჩემს რომელიმე თანამოქალაქეს არ ეკუთვნის. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სამძიმარზე და პატივი მიმეგო, ამ (ბუბა კიკაბიძის) დიდი ადამიანისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლის წინაშე მომეხადა ის ვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. სულ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, რომ „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია და თუ მას გაათავისუფლებენ, პირველი იქნება, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“, – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, ნიკა გვარამია იხდის კანონიერ სასჯელს და არც შეწყალების უფლებამოსილება ჩემთვის არავის მოუცია“.

“მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს”- ნიკოლოზ სამხარაძე

ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოო – პირველად ეს სიტყვები პუტინმა გამოიყენა, რომელმაც ხალხი და მთავრობა გაყო და ამ შემთხვევაში არახამია პუტინის ნარატივს იმეორებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია.

„მთავრობას ირჩევს ხალხი და ბოლო ცხრა არჩევნებში ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი დარღვევაა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა ჩართულია ძალიან მძიმე ომში და რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, შევეცდებით, თავი შევიკავოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისგან. რაც შეეხება ელჩს, არახამია არ არის პიროვნება, ვინც წყვეტს საქართველოში ელჩის გამოგზავნა-არგამოგზავნის საკითხს. ამას ამბობს, რადგან მას სურს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, – განაცხადა სამხარაძემ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.

“თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში” – Reuters

ბრიტანული გამოცემა „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“ (ავტორები – ეჯე თოქსაბაი და ჰუსეინ ჰაისევერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ თვეში დაგეგმილ თურქეთის არჩევნებში, ნატოს წევრი ანკარა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან.

ამის მიზეზი მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რამაც აიძულა პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, გამოესწორებინა დაძაბული ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ისრაელი, რომლებსაც ის მანამდე მკაცრად აკრიტიკებდა, ამბობენ ანალიტიკოსები.

ანკარა ასევე ცდილობს ეგვიპტესთან დაახლოებას და სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სირიის ომის დაწყებიდან 12 წლის თავზე. „პოლიტიკის შეცვლა აუცილებლობის გამო მოხდა და არა მიზანმიმართულად“, ამბობს ფატიჰ ჯეილანი, ანკარის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსეთი მეზობელია, რომელთანაც თანამშრომლობა, რეგიონულ კონტექსტში, თურქეთს უწევს. თურქეთი დიპლომატიური შუამდგომლის როლს თამაშობს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ანკარა ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთზე და მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და კიევთან. თუმცა აქვე, ანკარამ გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში და კიევს „ბაირახტარის“ დრონები გაუგზავნა.

„თურქეთი რუსეთს განზე ვერ დააყენებს, ის ძლიერი მეზობელია და ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური და კომერციული კავშირები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“, – დასძინა ჯეილანმა.

გასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა ვირტუალურად მიიღეს მონაწილეობა თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია “როსატომის” მიერ აშენდა. პუტინმა მას ფლაგმანი პროექტი უწოდა, რომელიც დაეხმარება „ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებას“.

თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. ინფლაციის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ერდოღანის მხარდაჭერა ბოლო წლებში შეარყია და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ჩამორჩება თავის მთავარ ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს.

„ნებისმიერმა გაფართოებულმა საგარეო პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა კიდევ უფრო დააზარალოს თურქეთის ეკონომიკა“, – ამბობს ბირგულ დემირთაში, სტამბოლის თურქულ-გერმანული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

მოსკოვს აშფოთებს ის, რომ მთავრობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს თურქეთის უფრო პროდასავლური პოზიცია, თქვა აჰმედ კამილ ეროზანმა, IYI პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ექვსპარტიული ოპოზიციური ალიანსის წევრია.

„ჩვენ გვჭირდება შეთანხმება როგორც რუსეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან პირველივე დღეს, რადგან ერდოღანის საგარეო პოლიტიკა პირად ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული“, – თქვა ეროზანმა, რომელიც განიხილება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

თურქეთი შეეცდება შეამციროს თავისი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე 50%-დან 30%-მდე, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასძინა ეროზანმა, რომელიც ნატოში თურქეთის ყოფილი ელჩია.

თურქეთი აგრძელებს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, უკრაინის ომის მიუხედავად. გასულ წელს, ანკარის და გაეროს შუამავლობით მიიღწა შეთანხმება, რომლითაც შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განახლდა. თურქეთის დაბალანსებული მიდგომა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება, თუ ქილიჩდაროღლუ შეცვლის ერდოღანს, თქვა ჯეილანმა.

თურქეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მათ შორის ტურიზმის, გაზის მიწოდების, მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის სფეროში.

თავად კილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ “თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ჯანსაღად და სანდოდ გაგრძელდება“ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც აპირებს შეცვალოს ერდოღანის პოლიტიკის დიდი ნაწილი, ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტს მიანიჭებს დიპლომატიას და უარს იტყვის კონფრონტაციულ სტილზე, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახასიათებს.

ეროზანის თქმით, ოპოზიციური ალიანსი ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას მყარ მიზნად ისახავს და ევროკავშირის ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები შეესაბამება ოპოზიციის ხედვას.

ოპოზიცია აპირებს დაუბრუნდეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ პარამეტრებს, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებას გულისხმობს, ამბობს დემირთაში. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ აქვთ აქცენტი თანასწორობაზე თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირთან, აშშ-სთან და რუსეთთან“, – დასძინა მან.

წყარო

“ევროკავშირი აქტიურდება, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს სანქციებისაგან თავის არიდებაში” – ფაინენშელ თაიმსი

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირი აქტიურდება, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს სანქციებისაგან თავის არიდებაში“ (ავტორი – ლაურა დიუბუა) განხილულია საკითხი ჩინური კომპანიებისათვის (პირველად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ) სავარაუდო სანქციების შემოღების თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: ევროკომისიამ პირველად შეიტანა სანქციების სიაში ჩინეთის შვიდი კომპანია, რომლებიც რუსეთს მოწყობილობებსა და დანადგარებს აწვდიან – ისეთების, რომლებიც შეიძლება სამხედრო სფეროში იქნეს გამოყენებული. კომპანიების ჩამონათვალს, რომელიც ჯერ-ჯერობით არ მჟღავნდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში განიხილავენ. სხვათა შორის, ევროკომისიის მიერ „სადამსჯელო“ სიაში შეტანილი ჩინური ფირმებიდან რამდენიმე უკვე აშშ-ის მიერ არის უკვე „დასჯილი“, მაგრამ ევროკავშირი ერიდებოდა პეკინთან კონფრონტაციას და ამიტომ თავს იმართლებდა განცხადებით – მოსკოვისათვის ჩინეთის მხრიდან იარაღის მიწოდების ფაქტები გამოვლენილი არ არის და ამიტომ სანქციების დაწესება მცდარი იქნებოდა..

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებს ჰაერივით სჭირდებათ ელექტრონული კომპონენტები („ჩიპები“, ანუ ინტეგრალური სქემები) რაკეტული და სხვა სახის იარაღის საწარმოებლად, ამიტომ უკრაინისათვის კარგი მხარდაჭერა იქნება, თუ სანქცირების სიაში მესამე ქვეყნების კომპანიებიც იქნებიან შეტანილნი, რომლებიც თავს არიდებენ სავაჭრო შეზღუდვებს და აკრძალულ კომპონენტებით რუსულ საწარმოებს ამარაგებენ. გარდა ამისა, სანქციები შეიძლება სატრანზიტო ქვეყნებსაც შეეხოს. თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც – კრიტიკოსების თქმით, შეიძლება ის ქვეყნები ევროკავშირს განუდგნენ, რომელთა მეშვეობითაც, ტრანზიტით, ასეთი პროდუქცია რუსეთში შედის. „არ არის გამორიცხული, რომ ისინი რუსეთისაკენ ან ჩინეთისაკენ უფრო მეტად გადაიხარონ“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრმა – 27 სახელმწიფომ – უნდა მოიწონოს და დაეთანხმოს. იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი მიღწეული იქნება, ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნების „დასჯა“ უკვე ტრადიციული გახდება. განსაკუთრებით ჩინეთისა, საიდანაც რუსეთში ბევრი აკრძალული პროდუქცია შედის. იყო წინადადება, რომ სანქციების სიაში შეტანილიყო აკრძალვები რუსეთის ატომური სექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ეტაპზე აღარ გადაწყვიტეს. რასაკვირველია, მოსალოდნელია ცხარე დისკუსიები. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მსგავსი წინადადებები დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და აწონილ-დაწონილი“, – ამბობს ევროკავშირის დიპლომატიური მაღალჩინოსანი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წყარო

“ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: ითხოვს უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის დროშის ჩამომხსნელი პირის და პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებულ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მორალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დროშის ჩამომხსნელის დასჯის პარალელურად, მოითხოვოს პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებული პირის გათავისუფლება.

„აი ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: 1 – უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას ითხოვს 2 – ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა,“ – წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუკზე.