ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში“ (ავტორი – დომინიკ ევანსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი მეტოქეების გამარჯვების შანსები. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ პერსპექტივას – აირჩევენ თუ არა თურქები მას ისევ ქვეყნის მეთაურად?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევის წინაშე დადგება, როცა თურქები საარჩევნო ურნებთან მივლენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მისაცემად, ოპოზიცია კი იგრძნობს, რომ მისთვის საუკეთესო შანსი დგება დაასრულოს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერისა და თვითონ პარტიის მმართველობაც.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 14 მაისს უნდა გაიმართოს (სავარაუდო მეორე ტური – 28 მაისს) გადაწყვეტს არა მხოლოდ იმ საკითხს, თუ ვინ იქნება თურქეთის სახელმწიფოს მეთაური, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს მისი ეკონომიკა და როგორი უნდა იყოს თურქეთის საგარეო პოლიტიკა.
რეჯეფ ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ მმართველს წარმოადგენს, საშინაო პოლიტიკაში მხარს უჭერს რელიგიურობას (ღვთისმოსაობას) და დაბალ გადასახადებს, საგარეო პოლიტიკაში – განამტკიცებს თურქეთის გავლენას რეგიონში, ასუსტებს ნატოსთან და დასავლეთთან კავშირებს.
თურქეთში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სამი თვის წინ მომხდარი მიწისძვრის კატასტროფული შედეგების ფონზე – სტიქიამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რეჯეფ ერდოღანის მთავარი მეტოქეს წარმოადგენს ქემალ ქილიჩდაროღლუ, საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ალიანსი.
ბედისწერა თურქეთისათვის…
რეჯეფ ერდოღანი თურქეთის ყველაზე უძლიერესი ლიდერია მუსტაფა ქემალ ათა-თურქის („თურქთა მამის“) შემდეგ, რომელმაც ასი წლის წინათ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა შექმნა, მაგრამ რომლის საერო კურსი რეჯეფ ერდოღანმა და მისმა ისლამურმა პარტიამ „გვერდზე გასწია“.
რეჯეფ ერდოღანმა ხელისუფლების ცენტრალიზება განახორციელა და ყველაფერი დაუქვემდებარა პრეზიდენტს, ანუ თვითონ გახდა უზენაესი ლიდერი და ანკარის გარეუბანში მდებარე თავისი 1000-ოთახიანი სასახლიდან განსაზღვრავს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის ეკონომიკასა და უსაფრთხოების საკითხებს.
რეჯეფ ერდოღანის კრიტიკოსების თქმით, მისი ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ზღუდავს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს, მან ქვეყნის სასამართლო სისტემა მთლიანად თავის ხელში მოაქცია და ამით არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ხელისუფლების განცხადებით კი, მის უპირველეს საზრუნავს სწორედ მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც ნათლად გამოვლინდა 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს – რეჯეფ ერდოღანმა თურქული საზოგადოება საშინელი პერსპექტივისაგან იხსნა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ რეჯეფ ერდოღანის მოწოდებებმა დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების შემოღების თაობაზე ქვეყანაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია, რომელიც გასულ წელს 24-წლიან მაქსიმუმს – 85%-ს მიაღწია, ხოლო ეროვნული ვალუტის – ლირის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის ათჯერ შემცირდა.
… და დანარჩენი მსოფლიოსათვის
რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს გაძლიერდა თურქეთის სამხედრო გავლენა ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც. თურქეთის არმია ოთხჯერ შეიჭრა სირიაში და ორჯერ ერაყში (ქურთ ამბოხებულთა და ტერორისტთა დევნის მიზნით), უწევდა სამხედრო დახმარებას ლიბიას და აზერბაიჯანს.
თურქეთმა ასევე გადაიტანა (პირდაპირი და არაპირდაპირი სახით) დიპლომატიური გართულებების სერია როგორც რეგიონულ სახელმწიფოებთან – საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, ასევე თავის ძველ მეტოქესთან – საბერძნეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (საზღვრების გამო) და არ შეუცვლია კურსი კვიპროსთან დაკავშირებით.
რეჯეფ ერდოღანმა პრინციპულობა გამოიჩინა და რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 შეიძინა, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები გამოუცხადა. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანი დაუახლოვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პურინს, რის გამოც კრიტიკოსებმა ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. თურქეთის გაბედულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების თაობაზე ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია.
პარალელურად თურქეთი შუამავლად გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის „ხორბლის ექსპორტთან“ დაკავშირებით, რითაც ხაზი გაესვა რეჯეფ ერდოღანის პოტენციურ როლს ომის შეწყვეტის საკითხში.
დიახ, თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა. გაურკვეველია, ასეთივე ავტორიტეტი ექნება თუ არა მის სავარაუდო „მემკვიდრეს“ და ამიტომ ეს ფაქტორი, ალბათ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
რას ჰპირდება ხალხს ოპოზიცია?
ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა – საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე ცენტრისტული „კარგი“ პარტია, პლატფორმის სახით, გაერთიანდნენ დანარჩენ შედარებით ოთხ სუსტ პარტიასთან, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ კურსში ბევრი მომენტის შეცვლა სურთ. მაგალითად, ისინი ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ აღადგენენ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას საფინანსო სფეროში და მთლიანად შეცვლიან რეჯეფ ერდოღანის ნეორთოდოქსალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ოპოზიცია მოსახლეობას ჰპირდება, რომ საპრეზიდენტო მართვის სისტემას გააუქმებს და თურქეთს საპარლამენტო მართვის სისტემას დაუბრუნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია უკან, სირიაში დააბრუნებს მილიონობით ლტოლვილს.
რეჯეფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები ასევე პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, აშშ-სა და ნატოსსხვა ქვეყნების ჩათვლით, დააბრუნებენ თურქეთს ამერიკული თვითმფრინავის F-35-ის წარმოების პროგრამაში. როგორც ცნობილია, თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში აშშ-მა იმიტომ დაბლოკა, რომ ანკარამ რუსული რაკეტები იყიდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ის პოლიტიკური კურსი, რომლის რეალიზებას ოპოზიცია აცხადებს, ხელს შეუწყობს თურქეთში უცხოური ინვესტიციების მიზიდვას.
რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობის იდეას, ამ მიზნით თანამშრომლობდა სირიის ოპოზიციასთან, მიიღო 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თურქმა ლიდერმა არასწორად გათვალა – ბასარ ასადი ისევ ხელისუფლებაშია, იგი ავტორიტეტს იმტკიცებს და იბრუნებს თავის ადგილს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, საიდანაც ადრე გარიცხეს… მილიონობით სირიელი ლტოლვილი კი თურქეთისათვის სულ უფრო არასასურველი სტუმრებად იქცნენ. რეჯეფ ერდოღანი, თურქეთის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ლტოლვილების უკან, სირიაში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ… ამ გადაწყვეტილები შესრულება ძნელია და თითქმის შეუძლებელიც. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას სირიელების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ არც მთავრობას და არც ოპოზიციას ჯერ-ჯერობით არ შეუმუშავებია გეგმა, თუ როგორ უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს „დაბრუნების ოპერაცია“ – ბაშარ ასადს ნამდვილად არ სურს ლტოლვილების უკან მიღება და არც თვითონ ლტოლვილები არ არიან ამისთვის განწყობილნი.
რამდენად რეალურია პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები?
ბოლო გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ ერდოღანს წინ უსწრებს. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი დაქვეითდა ცხოვრების გაძვირების გამო, მაღალმა ინფლაციის წყალობით. ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.
მაგრამ არც რეჯეფ ერდოღანი ზის გულზე ხელდაკრეფილი. მართალია, მისი პოზიციები შელახულია, მაგრამ კიდევ აქვს შანსები იმისა, რომ მმართველობა გაიხანგრძლივოს. სავარაუდოდ, რეჯეფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. როგორც მიწისძვრის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, პრეზიდენტმა, ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად („უხარისხო და უკონტროლო მშენებლობა“), ამომრჩევლებში რეჯეფ ერდოღანმა გარკვეული მხარდაჭერა შეინარჩუნა.
დღეისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხად რჩება ის, თუ ვის დაუჭერს მხარს ქურთი ამომრჩეველი, რომელიც თურქეთის მთლიანი ელექტორატის 15%-ს შეადგენს.
მართალია, პროქართული სახალხო-დემოკრატიული პარტია არ შედის ოპოზიციურ ალიანსში, მაგრამ ის მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ბოლო წლებში ქურთების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაფართოების გამო.
წყარო