Home Blog Page 2131

„საჭიროების შემთხვევაში, აშშ უკრაინას დამატებით იარაღს მისცემს“ – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკვე ამარაგებს უკრაინას სამხედრო ტექნიკით და მზადაა, ეს მომავალშიც გააგრძელოს.

„თუ არის ხარვეზები, თუ არის დეფიციტი, ისინი გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს გავიღებთ მათი შევსებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.

“რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ?”- ვალერი კვარაცხელია კელი დეგნანს

ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში კელი დეგნანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქალბატონო კელი, თქვენ მსოფლიოს ელჩი კი არ ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ.

ქალბატონო კელი, თქვენმა დღევანდელმა განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში მრავალი შეკითხვა აღძრა. „აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ბატონ პუტინს თუ სურს აჩვენოს, რომ საქართველოზე ზრუნავს, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.“

ეს პროვოკაციული განცხადებაა.

საქართველოს მთავრობა მიესალმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, თქვენ რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ სხვა მიმართულებით გვიბიძგოთ? საერთოდ, რა დაგიშავათ ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ რუსეთთან ომისთვის იმეტებთ ისევე, როგორც უკრაინა გაიმეტეთ და დაღუპეთ კიდეც. პატარა საქართველოს რუსეთთან ექვსას კილომეტრზე გადაჭიმული სახმელეთო საზღვარი აქვს. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს, თქვენ კი ჩვენს შორის თანხმობისა და კეთილმეზობლობის დამკვიდრების ნაცვლად, მუდმივად „ჩორტის ჩამოგდებით“ ხართ დაკავებული. რატომ გინდათ, რომ ჩვენმა ხალხმა იწვალოს ვიზის მისაღებად, იფრინოს მესამე ქვეყნების გავლით და შემოვლითი გზებით? რა დაგიშავათ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ არ გსურთ მათი მდგომარეობის შემსუბუქება? სავიზო რეჟიმის მოხსნითა და საავიაციო მიმოსვლის აღდგენით იქნებ ეკონომიკამ წაიწიოს წინ? იქნებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს? რატომ გვიშლით ხელს? თქვენ გადაგვიწყვიტავთ პრობლემებს? აქამდე რომელი პრობლემა გადაგვიწყვიტეთ?!

რომ გაიძახით საავიაციო მიმოსვლა არ უნდა აღსდგესო, რატომ? თუკი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის ქვეყნებიდან, თქვენი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელიდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ნატოს წევრი თურქეთიდან შეიძლება პირდაპირი რეისების განხორციელება რუსეთის ქალაქებში, ჩვენ რატომ გვაყენებთ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში? რატომ ცდილობთ ყველაფერში ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია გქონდეთ? დაფიქრებულხართ ამაზე?

პუტინს სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხზე ზრუნვის გამო არ მოუხსნიაო, – რომ ამბობთ, თქვენ ხომ ზრუნავთ ქართველ ხალხზე, ჰოდა, თქვენ მოგეხსნათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, ხომ იცით როგორ და რამდენს წვალობენ ჩვენი მოქალაქეები თქვენს ქვეყანაში შემოსაღწევად. სხვას სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის აკრიტიკებთ და თქვენ გამკაცრებული სავიზო რეჟიმისთვის მადლობას ითხოვთ?!

ქალბატონო ელჩო, ხედავთ რამდენი შეკითხვა დაგროვდა პატარა მოცულობის ერთ სტატუსში? შეკითხვა უამრავია. რაც ჩამოვთვალე, წვეთია ზღვაში. ამიტომ, ვიდრე ამ შეკითხვებზე არ გვიპასუხებთ, თქვენს ნათქვამს არ მივიღებთ. არ არის წრფელი გულით ნათქვამი, არ არის მოყვარისა და კეთილისმსურველის მიერ ნათქვამი და იმიტომ.

ახლა, როდესაც ნაბიჯები გადადმულია, როდესაც ქართველ ხალხს თუნდაც მცირეოდენი პერსპექტივა და იმედი გაუჩნდა, თქვენ გინდათ, რომ თქვენი პროვოკაციული განცხადებებით ეს ყველაფერი წაშალოთ, რათა რუსეთთან იმგვარ დაპირისპირებულ მდგომარეობაში დაგვტოვოთ, საიდანაც ვერასოდეს გამოვალთ? ვერა, ქალბატონო ელჩო, ვერ დაგიჯერებთ და ვერ აგყვებით ამაში. თქვენ, ქართველ ხალხს, თქვენი სრულიად არადიპლომატიური მოქმედებებით თქვენს ქვეყანაზე უკვე აუცრუეთ გული. საკმარისია. ბოლოს და ბოლოს, თქვენ მთელი მსოფლიოს ელჩი კი არა ხართ საქართველოში, მხოლოდ აშშ-ის ელჩი ხართ. დარჩით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და ნუ ერევით უხეშად ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. ნუ შეურაცხყოფთ ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს,”- წერს ვალერი კვარაცხელია.

“ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს” – ჯინ შაჰინი

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას.

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, – წერს ამერიკელი სენატორი „ტვიტერზე“.

„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“ – რუსეთ – უკრაინის ომის 443-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 443-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“, – აცხადებს მერი.

აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსულმა ძალებმაც დაადასტურეს.

მათი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შმიდტის ქუჩაზე აფეთქდა და აფეთქების შედეგად მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები დაზიანდა.

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების „ფორმირება“ დაიწყეს. ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.

ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.

CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.

სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.

რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ გემზე იარაღი დატვირთეს და სიცოცხლეს დავდებ ამ განცხადების სიზუსტეზე. სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღება ფუნდამენტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსას ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისასალმებელია ნაბიჯია.

”ამაში ღრმად შემაშფოთებელი ნაწილი არის სანქცირებული რუსული გემის სამხრეთ აფრიკის საზღვაო პორტში შესვლა”, – განუცხადა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ ხმას აიმაღლებს „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთის უკანონო და სასტიკი ომის მხარდასაჭერად“.

პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე დისკუსიის დროს განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს გავლენა მოსკოვზე და შეუძლია, დაეხმაროს აგრესიის შეჩერებაში, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლი, რადგან მისი „ნეიტრალიტეტი“ უფრო მეტად პრორუსული ორიენტაცია იყო“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, საჭიროა სიფხიზლე, რათა არ უბიძგონ რუსეთს ჩინეთის ხელში მოქცევისკენ.

მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს პეკინსა და ევროპას შორის.

პროკურატურამ ​ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

შემდგომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა.

ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული. საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.

ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.

შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.

ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

აშშ-მა მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო

შეერთებულმა შტატებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები დაასრულა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა გამოიწვია, თუმცა ე.წ. Title 42 შეზღუდვები მაშინვე შეიცვალა თავშესაფრის მიღების ახალი წესებით, რომლებიც უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

მიმდინარე კვირაში მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მიღების ახალი წესები გაცილებით გაართულებს შეერთებულ შტატებში დარჩენას.

ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო აშშ-მექსიკის საზღვარზე კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა.

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. „რესპუბლიკელები“ ბაიდენს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფრო შემზღუდველი პოლიტიკის შემსუბუქებაში ადანაშაულებენ. ბაიდენი, თავის მხრივ, კონგრესს ადანაშაულებს იმაში, რომ ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმა არ მიიღო.

დონალდ ტრამპმა Title 42 პირველად 2020 წლის მარტში შემოიღო, როდესაც მსოფლიო კოვიდ 19-მა მოიცვა. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ დროს განკარგულების მიზანი დაკავების ხალხმრავალ ცენტრებში ვირუსის გავრცელების შეკავება იყო. ეს საშუალებას აძლევდა აშშ-ს ხელისუფლებას, მიგრანტები მექსიკაში ან სხვა ქვეყნებში სწრაფად, აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობის გარეშე გაეძევებინა.

12 მაისის ამინდის პროგნოზი

12 მაისს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +14 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +11 ღამის ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში”

პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე დისკუსიის დროს განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს გავლენა მოსკოვზე და შეუძლია, დაეხმაროს აგრესიის შეჩერებაში, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლი, რადგან მისი „ნეიტრალიტეტი“ უფრო მეტად პრორუსული ორიენტაცია იყო“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, საჭიროა სიფხიზლე, რათა არ უბიძგონ რუსეთს ჩინეთის ხელში მოქცევისკენ.

მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს პეკინსა და ევროპას შორის.

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქულ  ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში  წირვა -ლოცვა აღევლინება.

სადღესასწაულო წირვას მახათას მთაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელითაც უამრავი სასწაული აღავლინა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.  12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სამყაროსა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ და ამას თქვენ გვერდით მყოფი ყველა ადამიანი იგრძნობს. დადებითი ემოციები ადამიანების კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ეს დღე იდეალურია ახალი ნაცნობობის, სიყვარულისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ, თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ, რაც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისა და სხვა ამბიციური გეგმების შესასრულებლად. ვარსკვლავების მხარდაჭერა ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და ნებისყოფა. ეცადეთ, ენერგია სწორად მიმართოთ – ეს წინსვლასა და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს გარშემო მყოფების იმედი ნუ გექნებათ. პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით, მათ თქვენამდე ბევრი უკლიათ.

ტყუპები

შესაძლოა, ერთი შეხედვით არახელსაყრელი გარემოება თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდეს. ასე რომ, ბედის უკუღმართობაზე წუწუნისა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავეთ. სავარაუდოდ, ნეგატიური მოვლენების საფარქვეშ, ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.

კირჩხიბი

ეს დიდი შესაძლებლობების დღეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ შესაძლებლობებს ვერანაირი დაბრკოლებები ვერ შეაფერხებს. პირიქით, სირთულეები მხოლოდ საბრძოლო ჟინს შეგმატებთ. იგივე ეხება კონკურენტებს, რომლებიც თქვენზე ისე მოქმედებენ, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. ასე რომ, დაბრკოლებების არ უნდა გეშინოდეთ. პირიქით, სწორედ ისინი გაიძულებენ, რომ იბრძოლოთ და გაიმარჯვოთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, დათანხმებამდე კარგად დაფიქრდეთ. შესაძლოა, შეთავაზება მართლაც მოგებიანი აღმოჩნდეს, თუმცა გამოირიცხული არ არის, რომ ვიღაც მახეს გიგებთ. სიმართლის გასაგებად, მეტი ინფორმაცია გჭირდებათ. მოგეხსენებათ, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

ქალწული

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებს მეტისმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. ნუ ეცდებით, ყველაფერი ზედმიწევნით სწორად გააკეთოთ. უცხო თვალისთვის ეს ძალიან სასაცილოდ მოჩანს, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ.

სასწორი

ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზით გაგაოცოთ – მოსალოდნელია დაწინაურება, საჩუქარი ან დაუგეგმავი შემოსავალი. ერთადერთი პრობლემა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაა – საკუთარ თავზე და საკუთარ წარმატებებზე ზედმეტად ფოკუსირებით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვების გრძნობები არ შეურაცხყოთ.

მორიელი

ემოციებით სავსე დღეა. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაო გვერდით გადადოთ და საყვარელ ადამიანს, მეგობრებს და ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. თუ თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის მნიშვნელოვანი საუბარი მომწიფდა, უმჯობესია, ამ დღეს დაგეგმოთ. გირჩევთ, იმაზე არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოზღვავებული ენერგიის შეკავება გიჭირთ და ნებისმიერ საქმეში მეტისმეტად აქტიურობთ. ზოგ შემთხვევაში, ჯერ მოქმედებთ და შემდეგ ფიქრობთ, რამაც შეიძლება მძიმე შეცდომები გამოიწვიოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღის დევიზია – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

თხის რქა

ეს დღე ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, მონდომება და გამჭრიახობა. ამ თვისებების დახმარებით ურთულეს დავალებებს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. მზად ხართ დახმარების ხელი ნებისმიერ მთხოვნელს გაუწოდოთ. მშვენიერია, გახსოვდეთ, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიფასდებათ.

მერწყული

ეს დღე უზარმაზარ, თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობებს გთავაზობთ, მთავარია ოთხ კედელში არ იჯდეთ და ხელსაყრელი მომენტი არ გამოტოვოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ეს დღე შანსს მოგცემთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

თევზები

განწყობილი ხართ, რომ ეს დღე სრულ სიმშვიდესა და მდუმარებაში გაატაროთ. დროა აქტიური მოქმედებებიდან დამკვირვებლის პოზიციაზე გადაერთოთ და მოვლენებს „გარედან“ შეხედოთ. თუ განტვირთვა გსურთ, საკმარისია განმარტოვდეთ და საკუთარ ქვეცნობიერს უსმინოთ – ის საინტერესო კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი – ნიკა მელია

დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

„პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. არაფორმალური მმართველობა თითქოს აკადემიურად ჟღერს, მეორე არის კლანური მმართველობა, რომელიც მძაგს.

პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუდგა, არც თუ უნებლიედ დაუდგა. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ დაპირისპირება პარტიაში გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ თავმჯდომარეობის არჩევნებმა, სინამდვილეში ასე არ არის. უდროოდ მოინდომეს არჩევნების ჩატარება. მე მივიღე ეს გამოწვევა, დემოკრატიული წესი შევიმუშავეთ, დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იყო დემოკრატიული, თავისი ყველა მანკიერებით. იყო ფარული ჩანაწერები, ფულის შრიალი და ა.შ. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, არჩვენების შედეგების გამოცხადებისთანავე ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს ვუსურვე, რომ პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.

„გააუქმეს ორგანო, რომელიც მარტის თვეში უნდა არჩეულიყო და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

მე იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა, ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველ რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა“, – განაცხადა მელიამ.

“უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა”-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინსიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობებს ასახავს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხისთვის კიდევ მეტი უნდა გააკეთოს.

„ვფიქრობ, ეს ასახავს რეალობას, რა განწყობებიც არის საზოგადოებაში. სამარცხვინო, ანგაჟირებული და მიკერძოებული იყო ყველა გაყალბებული კვლევა, რაც საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ იხილა. ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო კვლევა მაინც არის არჩევნები. მჯერა, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, ქვეყანას, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. აჟიოტაჟში, რომელიც არის შექმნილი ამ უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან, გვავიწყდება გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა. უკრაინა ინგრევა, 20% არის ოკუპირებული, პოლიგონადაა გადაქცეული და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ამ დროს ვიღაცები ცდილობენ, პროვოკაცია, დესტაბილიზაცია მოაწყონ და აქ მეორე ფრონტებზე ლაპარაკობენ. ხალხი ამას ხედავს, აფასებს. მჯერა, ჩვენ მეტს შევძლებთ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.