Home Blog Page 2124

ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს ტობიას ლინდნერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ტექნიკური ხასიათის შეთანხმებას.

„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი” – პაპუაშვილი

სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება ევროპულ განაცხადს. მისი თქმით, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართებაში გვერდი აუაროს. „2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა – ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია” – აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტისა და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო“. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წელსაც პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი ჰქონდა, ჩვენი ტერიტორიების 20% და უკრაინის ყირიმი ჰქონდა მიტაცებული. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში. „სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა.

„საქართველოს ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ღია კარში შესვლა, სწორედ მაშინ დაიხურა ის ჩვენთვის” – ხუნდაძე

„საქართველოს ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ღია კარში შესვლა, სწორედ მაშინ დაიხურა ის ჩვენთვის. ნატოს კარის დახურვით მივიღეთ 2008 წლის ომი, რასაც მოჰყვა 2014-ში ყირიმი“, – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ამ შეცდომის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. „თუკი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელის შეშლას ემსახურება, ამის პასუხი დასავლეთის მხრიდან ვადამდე ადრე კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა იყოს. თუ ამის საპასუხოდ დასავლეთი საქართველოში ისევ მიშაზე, სასამართლოს გასხვისებაზე და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე იზრუნებს, თავად იქნება ხელისშემშლელი იმისა, რის მოლოდინშიც საქართველო დიდი ხანია “ღია კარებთან დგას”, საზოგადოება კი უყურებს, როგორ მიდიან სხვები “ურიგოდ”. წარსულშიც ასე იყო. საქართველოს ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ღია კარში შესვლა, სწორედ მაშინ დაიხურა ის ჩვენთვის. ნატოს კარების დახურვით მივიღეთ 2008 წლის ომი, რასაც მოჰყვა 2014-ში ყირიმი. ამ შეცდომის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. როგორც ჩანს, დასავლეთი ისევ რუსეთის სასარგებლოდ უშვებს შეცდომებს. ჩვენ კი ამის უფლება აღარ გვაქვს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია მძღოლებისთვის – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 11 მაისის 08:00-დან 13 მაისის 08:00 საათამდე, ბორის კუფტინის ქუჩა N7-დან ლერმონტოვის ქუჩა N3-მდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ბორის კუფტინის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

მოძრაობა დასაშვები იქნება კუფტინის ქუჩიდან გია აბესაძის ქუჩისკენ, ხოლო აბესაძის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ზედიზედ მეორედ – ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველი ტატო გრიგალაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ტატომ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო. 2021-ში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე კი იგივე მეტოქეების დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა.

“პირდაპირ გემუქრებით – საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”- ხოშტარია

“პირდაპირ გემუქრებით – საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამის შესახებ განცხადებას პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს და რუსულ ავიაკომპანიებს მიმართავს. ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოს სანქცირების ტოლფასია. “ეს არის დიდი დარტყმა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, დიდი დარტყმა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის. ეს არის რუსული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი… ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული 28 თებერვლიდან ევროკავშირის მიერ… თუ საქართველო შემოუშვებს ამ ავიაკომპანიებს, ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი დამატებითი უკრაინის და ჩვენი ევროპული პერსპექტივის. თუ საუბარია იმაზე რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ… ეს არის კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მინდა პირდაპირ ვუთხრა ნებისმიერ იმ რუსს, ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ამ ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას. პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას და ქვეყანაში ოპერირებას ვერ მოახერხებთ”, – ამბობს ხოშტარია.

„სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა”- ზარქუა

სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესა, ბუნებრივია ამას არ მოჰყოლია მეორე მხრიდან რეაგირება, იმიტომ რომ რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უწევდათ სხვადასხვა ქვეყნის გავლით დაბრუნება, იმ ფონზე, რომ რუსეთის მოქალაქეები შეფერხების გარეშე კვეთდნენ საქართველოს საზღვარს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა იყოს. „რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთის მხარემ დააწესა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და თვითონვე მოხსნა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგია. რაც შეეხება ადგილობრივ ხელმოცარულებს პოლიტიკაში, ახლა, ალბათ გამოვარდება ვაშაძე, თუ უკვე არ იყო და იტყვის, რომ რუსეთმა დაასაჩუქრა საქართველოს მთავრობა. ვაშაძე ხომ იცით რომელია? – საკუთარი ბინა რომ რუსებს მიაქირავა და დღემდე ფულს იღებს. მერე გამოვარდება ალბათ ხოშტარია, იცით ხომ, რუსეთიდან რომ ფინანსდება ამდენი წელია და შემდეგ ბათუმში რომ ბინა შეიძინა. გამოვარდება ალბათ კიდევ გიჟი „ჯაფარა“, რომელიც ხომ იცით, რომელი “ჯაფარაა”? რომელსაც ვითომ ევროინტეგრაცია უნდა. ევროკომისიამ გვითხრა, ნაკლები პოლარიზაციაო და ის უკვე ახალგაზრდებს ამზადებს იარაღის გამოყენებაში და იმაში, თუ როგორ ჩაერთონ რევოლუციაში – აი ეს „ტროიკა“ და კიდევ დაემატებიან სხვა ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. რუსეთის მოქალაქეები ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან ლარსის გავლით მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით, თქვენ ამის შესახებ. ამიტომ, შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან, აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ოსეთი დააბრუნოს, ეს არის სწორი მიდგომა,“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

,,საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს” – ჩიბურდანიძე

დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამის გამო ის სანქცირებულია დღეს დასავლეთის და საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ რა დააშავა მილიონზე მეტმა ქართველმა, რომელიც იქ ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ იღებს რუსეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, რომ რუსეთში თავისუფლად იმოძრაოს, – საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს. „თუ რომელიმე სახელმწიფოს არ მოსწონს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავადაც შეუძლია გაგვიუქმონ. საქართველოს სჭირდება ყველა იმ ქვეყანასთან გამარტივებული ან უვიზო მიმოსვლა, სადაც დიდი ემიგრაცია ჰყავს. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ოჯახებთან მჭიდრო ურთიერთობა, რომ არ მოსწყდნენ ფესვებს. უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში დაბადებული ქართველებისთვის, რომლებსაც თითქმის შეხება არა აქვთ საქართველოსთან. ქვეყნის პრეზიდენტის ვალდებულებაა მათთან მჭიდრო კავშირი, მათთვის სპეციალური პროექტების ამოქმედება. დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამის გამო ის სანქცირებულია დღეს დასავლეთის და საქართველოს მხრიდანაც, მაგრამ, რა დააშავა მილიონზე მეტმა ქართველმა, რომელიც იქ ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ იღებს რუსეთის მოქალაქეობას და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, რომ რუსეთში თავისუფლად იმოძრაოს. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ემიგრაციის 60%-ზე მეტი რუსეთში ცხოვრობს და მათზე უნდა იზრუნოს. ეს სწორედ საპრეზიდენტო პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიაა. რუსეთმა თავად გააუქმა მის მიერვე დაწესებული შეზღუდვები. დღეს რომ ოპოზიცია ხმამაღლა აპროტესტებს ამას, რატომ მაშინ არ იღებდნენ ხმას, როდესაც სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. მე მაშინაც პოლიტიკაში ვიყავი და არ მახსოვს იმათი პროტესტი, ვინც დღეს ანტირუსულ იმიჯს ირგებს. გარდა ჩვენი ემიგრაციისა, პრეზიდენტიც და ჩვენი ოპოზიციაც უნდა ფიქრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებზე, მათ განწყობებზე და მათთან მისასვლელ გზებზე. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ვერ იქნება ქართული ოპოზიციისთვის, რადგან მათ, როგორც ჩანს, დიდი ხანია დაივიწყეს ან დაავიწყებინეს ეს პრობლემა“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

,,ამ საოჯახო იდილიის შენარჩუნებაში კი გარკვეული ფასია გადასახდელი”- დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილზე

თუ მისმა წინამორბედმა თავისი პრეზიდენტობის დროის უმეტესობა ცოლის ნათესავების ციხიდან გამოშვებას დაუთმო, ამან საკუთარი შვილების ევროკავშირსა და აშშ-ში სარფიან დასაქმებას მიუძღვნა და არაა გამორიცხული, საკუთარ მომავალ რომელიმე ევროთანამდებობაზეც მიიღო წინასწარი დაპირება, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ქართველიშვილის თქმით, ამ საოჯახო იდილიის შენარჩუნებაში კი გარკვეული ფასია გადასახდელი და ეს საფასური გადის ამ ქვეყნის ხელისუფლების, მისი ამომრჩევლის, ჩვენი სახელმწიფოსადმი მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე. „ამ ქალბატონს 30 აპრილის აქციაზე ხალხის ხმამ საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია გაუუქმა. ფაქტობრივად, 2018 წელს მისთვის ორგზის მიცემული ხმების ვირტუალური ანულირება მოახდინა. ეს ორი ქალბატონი: დეგნანი და ზურაბიშვილი, სისტემატურად რომელი ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან, ერთი ეს გამაგებინა. მეორე, ის გამაგებინა, რატომ შემოვიდა მოდაში ეს მანკიერება: ზომბირებულ მოსახლეობას ეზარება ქართული კანონპროექტის წაკითხვა, ხოლო ზომბირებულების პრეზიდენტს – ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. წაკითხული რომ ჰქონოდა, ეცოდინებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მოკლებულია ფუფუნებას მეზობელი სახელმწიფოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერიოს: ურჩიოს, შეუქმნას ან გაუუქმოს ესა თუ ის ნორმატიული აქტი. თუმცა, საიდან ეცოდინებოდა, თუ კი საკუთარ ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ დეპუტატებს უხეშად ხელს უშლის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტების შემუშავებაში. თავის საპრეზიდენტო ხუთწლედს ქალბატონი პრეზიდენტი ასრულებს ამ ქვეყნისადმი ღია მტრობის რეჟიმში და ეშმაკმა უწყის, დარჩენილ წელიწადნახევარში კიდევ რა პროგნოზირებად უსიამოვნო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. არც ერთი (!) მხარდამჭერი ფრაზა, საქართველოს მიმართ ევროკომისიების უსამართლო გადაწყვეტილებებზე თუ სამარცხვინო ევრორეზოლუციებზე ჩვენ არ მოგვისმენია. არც ერთი (!) განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე და საკუთარ როლზე ამ პროცესებში – ჩვენ მისგან არ გაგვიგია. თუ მისმა წინამორბედმა თავისი პრეზიდენტობის დროის უმეტესობა ცოლის ნათესავების ციხიდან გამოშვებას დაუთმო, ამან საკუთარი შვილების ევროკავშირსა და აშშ-ში სარფიან დასაქმებას მიუძღვნა და არაა გამორიცხული, საკუთარ მომავალ რომელიმე ევროთანამდებობაზეც მიიღო წინასწარი დაპირება. ამ საოჯახო იდილიის შენარჩუნებაში კი გარკვეული ფასია გადასახდელი, და ეს საფასური გადის ამ ქვეყნის ხელისუფლების, მისი ამომრჩევლის, ჩვენი სახელმწიფოსადმი მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე. გარწმუნებთ, 2024 წლისთვის მას „დესერტად“ შემონახული აქვს საკუთარი „დემბელსკი აკორდი“, თუ რა თქმა უნდა დამკვეთებმა ამ უსიამოვნების ხორცშესხმა უკვე წელსვე არ დაავალეს. მაინც ქალბატონია, ვცდილობ აკადემიური ზრდილობის ფარგლებს არ გავცდე, მაგრამ მისი პირადი „ზრდილობა“ უკვე ყველა ზღვარს აცდენილია. ამას ჩასაფრებულის პოზიციაც აღარ ჰქვია, ის ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის ნგრევის პროცესების „ფლაგმანად“ და ერთ-ერთ მედროშედ უკვე დაუფარავად ჩამოყალიბდა“, – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

,,ოპოზიციის ლოგიკით , საქართველოს ევროპული გზა პუტინის გადაწყვეტილებებზე ყოფილა დამოკიდებული”- გვიდიანი

ოპოზიცია გამოდგა და რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის და ფრენებზე სანქციების გაუქმება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ცუდად აისახებაო. ეს შეაფერხებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირშიო და მსგავსი სისულელეები. ანუ, ოპოზიციის ლოგიკით გამოდის, რომ საქართველოს ევროპული გზა პუტინის გადაწყვეტილებებზე ყოფილა დამოკიდებული, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. „ყველას კარგად გვესმის, რომ თავის დროზე საქართველოს დასანქცირება და, ასევე, ამ სანქციების გაუქმებაც, არის პუტინის გადაწყვეტილება. შესაბამისად, თუ ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოს მიმართ მორიგი უსამართლო დამოკიდებულების საბაბად გამოიყენებს, თავად ევროკავშირი დაადასტურებს, რომ პუტინის ჭკუაზე დადიან. ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარია ის ლოგიკა, რომ პუტინის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს სადმე ინტეგრაცია. იმედია, ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირები ქართული ოპოზიციის დონემდე არ დაეცემიან და პრაგმატულად იმოქმედებენ“, – წერს გვიდიანი.

,,ოპოზიციისთვის ხელსაყრელია ცუდი ვითარება ქვეყანაში და საქართველოს დაჩაგრული მოქალაქე”- სეფაშვილი

მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი. ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიერ სავიზო მიმოსვლის გაუქმება ხელსაყრელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ეს კი მისასალმებელია. „რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან. თავდაპირველად, როდესაც 2019 წლის 8 ივლისს, რუსეთმა ეს შეზღუდვები დააწესა, დასავლეთი, კერძოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რუსეთს მოუწოდებდნენ ამ აკრძალვის გაუქმებისაკენ და მიუთითებდნენ, რომ ეს იყო ძალიან არასამართლიანი საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და საქმიანობენ. მაშინ ეს შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი განხორციელებული არამეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ. დღევანდელ ვითარებას რაც შეეხება, მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც – ევროკავშირი. ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი და მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიებზე, რომლებიც ჩვენს ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს რუსეთთან სალაპარაკოდ, არაერთხელ განხილულა და დაყენებულა საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესახებ, რაც მათ ხშირად ეზღუდებათ ხოლმე. თუ ჩვენ საერთაშორისო დისკუსიებში ამ მოქალაქეების უფლებების დაცვას ვცდილობთ, ასევე ჩვენი 100 000 მოქალაქის უფლებების დაცვაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ?! ასე რომ, გაუგებარია ორმაგი სტანდარტები. ვხედავთ, რომ რუსეთი ჩართულია უმძიმეს ომში უკრაინასთან, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ ომის შეწყვეტისკენ პუტინი კი არავის უჯერებს. როგორ ფიქრობთ, ვინმეს აქვს იმის ძალა-უფლება, ან უნარი, რომ რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს, გააუქმოს, ან აკრძალოს ფრენები და რუსეთიც მას დაუჯერებს? ეს მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და არ გამოვრიცხავ, ამას სპეციალურად აკეთებდეს საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ არავის ემორჩილება და როგორც უნდა და რასაც უნდა, ისე გააკეთებს.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.