„ახლა საქართველოდან რუსეთში თვითმფრინავები კვლავ იფრენენ და საქართველოს მოსახლეობას მოსკოვში ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდება”,-ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
კანდელაკი განმარტავს თუ რატომ არის „მნიშვნელოვანი“ უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ახლა საქართველოდან რუსეთში თვითმფრინავები კვლავ იფრენენ და საქართველოს მოსახლეობას მოსკოვში ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდება. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. დროულად იქნა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული. რატომ? პატრიოტებიც და ლიბერალებიც კითხვას დასვამთ ალბათ.
მე ვუპასუხებ პუნქტობრივად.
ჩვენ შორის მთავარი დამაკავშირებელი რუსული ენაა. საქართველოს შემთხვევაში ეს რგოლი ჩვენს თვალწინ ქრებოდა. რუსეთი წავიდა, სხვები მოვიდნენ. უკვე ახალგაზრდობაში შესაძლებელია ამერიკაში სასწავლებლად წასვლა გრანტების ხარჯზე.
სააკაშვილის მთავრობა სავსე იყო ხალხით, რომლებმაც დაამთავრეს დასავლეთის უნივერსიტეტები და არ იცოდნენ რუსული ენა. შედეგი? ომი, სისხლი, ცრემლები, ტრაგედია.
ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიზარდა თაობები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რუსული ენა და რუსეთი. რა თქმა უნდა, მთელი პოსტსაბჭოთა თაობა მშვენივრად ლაპარაკობს რუსულად და თუ თბილისიდან ცოტა შორს წახვალთ, ნახავთ, რომ ქართველებს უყვარდათ და უყვართ რუსეთი.
იმდენ ფულს, რამდენის შოვნაც ქართველებს სჭირდება, შეუძლიათ გამოიმუშაონ რუსეთთან ურთიერთობით, ამას ვერ გამოიმუშავებენ სხვასთან. ამიტომ, ეს არის ძალიან მაგარი და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ერთადერთი საკითხია, არიან თუ არა ქართველი პოლიტიკოსები საკმარისად ჭკვიანები ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ღარიბაშვილმა სანქციების საკითხზე გონივრულად ისაუბრა და, სხვათა შორის, მას მხარი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაუჭირა.
რატომ დაუჭერს მხარს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს? იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ, ქართველები, კიდევ 100%-ით გამოვიყენებთ რუსეთის მიერ მოცემულ შანსს“, – აცხადებს კანდელაკი.