Home Blog Page 2103

“8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ” – პრემიერი

8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება.

„შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200 მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელს მსოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იგივე უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“რადიკალურ ძალებს, მათ დამფინანსებლებს, მხარდამჭერებს სურდათ და სურთ არეულობა” – არჩილ თალაკვაძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ გეგმა, რაზეც უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რეალურია და რადიკალურ ძალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს თუ დამფინანსებლებს რეალურად სურდათ და ახლაც სურთ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული პირველი ბრიფინგი და მასში გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მაშინვე ჩავთვალეთ საყურადღებოდ და საგანგაშოდ, რეალური იყო, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობოდა. კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი და გასაჯაროვდა დღეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ გეგმა, რაზეც უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რეალურია და რომ მართლაც რადიკალურ ძალებს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს თუ დამფინანსებლებს რეალურად სურდათ და ახლაც სურთ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა. კონკრეტულად სავარაუდო პირები არიან გამოვლენილი, ვინც ამზადებდნენ ახალგაზრდებს არეულობისთვის და სურდათ მათი გამოყენება დესტაბილიზაციისთვის, რაც, ბუნებრივია, არის უსაფრთხოების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის და კანონის პრინციპების წინააღმდეგ. ამიტომ თითოეულ ასეთ მცდელობას, რომელსაც პროტესტი გადააქვს უკვე ძალადობაში, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება გადააქვს არაკანონიერ სივრცეში, რა თქმა უნდა, ექნება კანონიერი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან. არავის მივცემთ უფლებას და ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მომავალს ძირი გამოუთხაროს, ქვეყანაში მოაწყოს დესტაბილიზაცია.

ბუნებრივია, ეს იმ ძალების მიზნებში შედის, რომლებიც არჩევნებში არიან ხელმოცარულები, წარუმატებლები და ახლა სურთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს შეუძლებელია და ამას ვერავინ გააკეთებს იმ მეთოდებით, რომლებზეც არის საუბარი და უკვე ვნახეთ კონკრეტული მტკიცებულებები. ჩვენ აუცილებლად გვექნება სათანადო რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. განცხადებებიც, რიტორიკაც, ის პროექტები თუ ტრენინგ-სემინარები, რასაც ატარებენ, ყველაფერი ადასტურებს, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მართლაც გეგმავდნენ და მათ გეგმებში შედის არეულობა, დესტაბილიზაცია.

ჩემი შეფასებით, „კანვასმა“ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში, სადაც გამოძიების კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. რაც უკვე საჯაროდ ვნახეთ, ნამდვილად შემაშფოთებელი და საყურადღებოა, როდესაც ჩამოყვანილი ადამიანები პირდაპირ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, ძალადობრივი მეთოდებით როგორ გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ და არავითარი კავშირი არ აქვს ამას თავისუფლებასთან, ევროპულ მომავალთან, არც მშვიდობასთან. ამიტომ ნურავის ექნება ილუზია, გამოიყენებს ახალგაზრდებს, სხვადასხვა ჯგუფს იმ დესტრუქციული გეგმებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიდა ჩვენს ქვეყანას წარსულში, რაზეც არაერთხელ ჩვენ პრინციპული რეაგირება გვქონდა და დღესაც გვექნება ძალიან პრინციპული რეაგირება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ასპარეზისთვის არის არჩევნები და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვინც ცდილობს, თავის მიზანს მიაღწიოს, ის ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროგრესის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერას. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება სლოვენიის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მანვე სლოვენიის რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი − ბლაჟ მასლე; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები − მატეი ტონინი და ალექსანდერ პროსენ კრალი; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივანი − ურშულა ზორე თავჩარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში − ირაკლი კოპლატაძე.

“ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია” – აშშ-ის საელჩო

დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს, USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებს.

„ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“რეგიონები არის ჩვენი ოქროს ზოდები, რომლებსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს”

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი რეგიონებში ადგილობრივების პრობლემებს ისმენს, რათა მათი ხმა ხელისუფლებამდე მიიტანოს. „მსვლელობა ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში პარტიის ლიდერი ყველა რეგიონში ჩადის, რათა პირადად მოისმინოს რა აწუხებს ხალხს, რა პრობლემებს აგვარებს იქ ხელისუფლება და რას – არა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისში რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ, ანა დოლიძე გურიასა და სამეგრელოში ჩავიდა.

„პირველ რიგში ჩამოვედით, რათა გვენახა, მეწყრის შემდეგ აქ რა ვითარებაა, რა საკითხი გადაიჭრა ხელისუფლების მხრიდან და რა – არა. გურია დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი. სწორედ აქ არის ყველაზე დიდი რაოდენობით სოციალურად დაუცველი ოჯახები. რეალურად კი, გურია არის იშვიათად გამორჩეული ადგილი, თავისი ლანდშაფტით, ტყის მასივით, ჰავით, აქვს უდიდესი პოტენციალი, რაც არ არის გამოყენებული.

სახლების უმეტესობა დაცლილია, ხალხი წასულია ან ქალაქებში ან უცხოეთში სამუშაოდ. ძირითადი შემოსავალი კი, სოციალური შემწეობა, დაფნა ან თხილია. სინამდვილეში ეს ადგილი არის ოქროს ზოდი. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. სხვა ქვეყნებში მსგავსი ადგილები რომ ნახოთ, ყვავის იქ ეკონომიკა, ტურიზმი, მათ შორის სამედიცინო ტურიზმი, გახსნილია სარეაბილიტაციო და ბალნეოლოგიური ცენტრები.

ფაქტია, რომ თბილისის პოლიტიკური ელიტა ძალიან აცდენილია ხალხის მოთხოვნებთან, საერთოდ კავშირშიც კი არაა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერ ვხედავთ ჩვენი ინტერესების გამტარებელ პარტიასო.

სანამ კოალიციებზე ვისაუბრებთ, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ხვალ რას ელოდება ხალხი, იმაზე ვისაუბროთ, სამუშაო ადგილები რომ არ არის და დასაქმების მთავარი ადგილი საჯარო სამსახურია.

ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც მუდმივად წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს. აქ უნდა იყოს გადამუშავებაც და დოვლათის შექმნაც.

ყველამ ხომ ვიცით, რომ საქართველოში ვინც დარჩა, შუქის გადასახადსაც კი ოჯახის წევრების მიერ, უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით იხდიან. ხალხის უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვქმნით სამუშაო ადგილებს და კოალიციებზე არჩევნების წინ ვილაპარაკოთ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

გურიის შემდეგ, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ზუგდიდში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. ანა დოლიძის თქმით, როცა ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდაზე კაბინეტებიდან საუბრობს, ჯერ ამ ადამიანებს უნდა შეხვდეს და საკუთარი თვალით ნახოს მათი მდგომარეობა.

„ეკონომიკურ ზრდაზე რომ ლაპარაკობს ხელისუფლება, აი, ამ ხალხთან უნდა გავარკვიოთ რას ყიდულობენ და როგორ. ის ზრდა 5 ოჯახზე, რამდენიმე დიდ ჯგუფზე ნაწილდება, ვინც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და იგებს ტენდერებს.

60-65 წლის ადამიანები აქ დღეში 2 და 5 ლარზე მუშაობენ, ვაჭრობენ. ამ ასაკის ხალხს ისეთი პენსია უნდა ჰქონდეს, რომ ეს არ სჭირდებოდეს, გადარჩენაზე არ უნდა ფიქრობდეს. ზუგდიდიდან, ჩოხატაურიდან, ქუთაისიდან, თელავიდან – აქედან იზომება, უკეთესად ვცხოვრობთ თუ არა. რეალური ადამიანების ცხოვრებაში რა ხდება – ეს უნდა გაიგო და ამას კაბინეტიდან ვერ გაიგებ, რასაც მთავრობა და პოლიტიკოსების უმეტესობა აკეთებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6811 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6811 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8422 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი” – გია ვოლსკი

კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ვოლსკის თქმით, მას შემდეგ რა ინფორმაციაც სუს-მა გამოაქვეყნა, არ ჰგონია, რომ რელევანტურია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებების დაჩქარებულად მიღება.

„კარავზე იყო ლაპარაკი, უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობდა და ამ გეგმების ერთ ერთი ფრაგმენტი იყო, რომ კარავში უნდა მოხდეს რაღაცის აფეთქება, ან რაღაც ისეთის შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციისთვის პროცესების განვითარებას. ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს, მაგრამ მანიფესტაციები, რომლებიც იგეგმება, არის ის სცენარი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი, რასაკვირველია, კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

“სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა”

სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა.

„სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება გადატრიალების მცდელობით არაერთხელ გვინახავს. დაახლოებით ასეთ ხუთ საქმეზე მე პირადად ვარ დაკითხული ამ 11 წლის განმავლობაში. ხან საბურავების რევოლუციას გვაბრალებდნენ და ხან კიდევ რას, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა. იმიტომ, რომ ეს საქმეები ყოველთვის იყო პოლიტიკური ნონსენსი და ყოველთვის რაღაცის გადასაფარად სჭირდებოდათ. სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებაც ახლა არის იმის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა და სხვა მიზანი ამას არ აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა. მინდა, ამ განცხადების პასუხად ვკითხო, სად იყო სუს-ი და რას აკეთებდა, რიდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი იყო? რას აკეთებდა, როდესაც რუსეთის აგენტი ფარცხალაძე კოორდინირებას უწევდა სამართალდამცავ ორგანოებს და ერეოდა არჩევნებში? რას აკეთებს ახლა, როდესაც ამერიკის მიერ უკვე ოფიციალურად აგენტად დეკლარირებული ფარცხალაძე თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში და მას არავინ არაფერს არ უზღუდავს? როგორიც არ უნდა იყოს სუს-ის მცდელობა, რომ აბსურდული ბრალდებები შექმნას, მას აუცილებლად მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მეცნიერებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად საჭირო მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, ნობელის პრემია გადაეცათ

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭა ორ მეცნიერს, კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს, რომლებმაც მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

mRNA ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ მ-რნმ ტექნოლოგიას ახლა სხვა დაავადებებზე, მათ შორის კიბოზე, იკვლევენ.

„ლაურეატებმა წვლილი შეიტანეს ვაქცინის შექმნის უპრეცედენტო ტემპში მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობას თანამედროვე დროში ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე დაემუქრა”, – განაცხადეს ნობელის პრემიის კომიტეტში.

ვაქცინის ტრადიციული ტექნოლოგია დაფუძნებულია ორიგინალური ვირუსის ან ბაქტერიის მკვდარ ან დასუსტებულ ვერსიებზე – ან ინფექციური აგენტის ფრაგმენტების გამოყენებით. ამის საპირისპიროდ, მ-რნმ ვაქცინები სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებენ. ისინი “წვრთნიან” იმუნურ სისტემას იმისთვის, რომ ამოიცნოს და ებრძოლოს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ვირუსები ან ბაქტერიები.

მ-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით შეიქმნა “მოდერნასა” და “ფაიზერის” ვაქცინები.

“ხელისუფლებას პრობლემები როცა ექმნება, ადამიანების ყურადღების გადასატანად საჭიროა ახალი მტრების გამოგონება”

სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ“

„ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როდესაც ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ ადამიანების ყურადღება გადავიდეს არა საქმეების კეთებაზე, არამედ იმაზე, რა ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამაში მიიღებენ პრემიებს. მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტით, სუს-ის დაფინანსება იზრდება და საჭიროა ახალ-ახალი საქმეების გამოგონება. როგორც წესი, უშიშროების სამსახურებისთვის ახალ-ახალი საქმეები არის ახალ-ახალი მტრების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ეს მტრები არ არსებობენ, ყველა ვარიანტში ამოცანა ფრიადზე გაქვს შესრულებული. მჯერა ჩემი კოლეგების, ოპოზიციონერების, რომ ისინი არანაირი რევოლუციის მომწყობები არ არიან. ეს არც არასდროს უფიქრიათ. რევოლუციონერობანას თამაშით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს რამის გამკეთებლები არიან და მათ არ უშვებენ ქუჩაში ხელისუფლების გადასაყენებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა, USAID-ის დაფინანსებული იყო.

„ეს ანტიამერიკული კამპანიის ნაწილია – ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ და ყველა უნდა იყოს ჩათრეული რაღაც ბრძოლაში, რომელსაც შემდეგ შენ სასტიკ ომს გამოუცხადებ და ამ ომში გამარჯვებული გამოხვალ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, სინამდვილეში, ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ USAID-ი მანამდე ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. რევოლუციას ამ ქვეყანაში ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუს-იც, ხელისუფლებაც ხელს უშლის მათ, გაერკვნენ, რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და რა იქნება ხალხის ახალი დაკვეთა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი მედიაისტერია ქვეყანაში არარსებულ ამბებზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ, ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო” – გიგა ბოკერია

სუს-ის და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რომ თითქოს ისინი მეორე ფრონტის გახსნისგან გვიცავენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რითაც „რევოლუციურ სცენარებთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დამატებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს ივანიშვილის რეჟიმი თავს.

„მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარი თქვა და ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ გამოსვლები. შევარდნაძის უკორუმპირებულესი და რუსეთის მიერ ინფულტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა არჩევნებზე, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია. იანუკოვიჩი, რომელმაც ღიად და დამარცვლით თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს იძახის, არ უნდა ევროპასთან ასოცირება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ღალატი გამოაცხადა, რასაც ასევე მოჰყვა გამოსვლები. მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენო, პირდაპირ გვეუბნებიან, არ დავუშვებთ და ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „აქედან უნდა გააკეთოს ქართველმა საზოგადოებამ დასკვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა ამ რეჟიმის დემოკრატიულად ცვლილება, სანამ დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვა და სახელმწიფოებრიობის დაცვა დიდი მსხვერპლი არ დაგვიჯდა“.

“ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა კიევში საგარეო საქმეთა მინისტერილის დაწყებისას განაცხადა.

„ევროკავშირის სგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში მიმდინარე შეხვედრაში ასევე ღიად განიხილება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები, რომელთა შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის სამართლებრივი ცვლილებები, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კიევში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმთა მინისტრების შეხვედრა პირველი მინისტერიალია, რომელიც ბლოკის ფარგლებს გარეთ იმართება.