Home Blog Page 2099

,,მძევლების დაბრუნება ისრაელს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეუძლია”- „ჰეზბოლას“ ლიდერი

ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია 100%-ით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. არ შევუწუხებივართ იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ თავდასხმის გეგმის შესახებ არ შეგვატყობინა, – ამის შესახებ რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.

„7 ოქტომბრის ოპერაცია 100%-ით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ამ ოპერაციის წარმატება სრულმა საიდუმლოებამ უზრუნველყო. არ შევუწუხებივართ იმ ფაქტს, რომ „ჰამასმა“ თავდასხმის გეგმის შესახებ არ შეგვატყობინა. „ჰამასის“ ოპერაციით ისრაელთან ბრძოლაში ახალი ისტორიული ეტაპი დაიწყო. 7 ოქტომბრის ოპერაცია სწორი, გონივრული და გაბედული იყო. ახლა ისრაელის მხრიდან უდიდესი შეცდომაა ის, რომ ის ისახავს მიზნებს, რომელთა მიღწევაც არ შეუძლია. ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნება ისრაელს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეუძლია. ის, რაც ახლა ღაზაში ხდება, აჩვენებს ისრაელის უგუნურებას და უძლურებას, იმიტომ რომ ისინი ბავშვებსა და ქალებს ხოცავენ. მთელი თვის განმავლობაში მათ ვერცერთ სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

ისრაელი ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში და აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის.

მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

„პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ. იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, მეჩეთები, ეკლესიები და ლტოლვილთა ბანაკები. ამ სისასტიკეს არავითარი გამართლება არ აქვს.

არ არსებობს შესატყვისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა, დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ.

“აშშ უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების შეცვლას გეგმავს” – პუტინი

აშშ უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების შეცვლას გეგმავს, თუმცა უკრაინაში კორუფციას ელიტის შეცვლით ვერ დაძლევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინაში კორუფციის პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინა ახლო აღმოსავლეთში იარაღს ყიდის.

„ახლა ამბობენ, რომ იარაღი ჩნდება ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, ჩნდება. იმიტომ, რომ ყიდიან. ასევე თალიბებზეც ყიდიან და იქიდან სადმე უფრო შორს მიდის. ყველაფერი იყიდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა” – არესტოვიჩი

რისკებს ვაფასებ ფხიზლად, არ მეშინია. ჩემ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში ხელს არ შემიშლის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება.

„პარტნიორების მიწვევით საზღვარგარეთ ვიმყოფები, სადაც ბევრ შეხვედრაზე მთავარი სპიკერი ვარ. რისკები საკმარისად ბევრია. რა არ მიწოდეს, გამცემიდან დაწყებული, სისხლის სამართლის დამნაშავით დამთავრებული. არის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ აღძრულია უმაღლესი რადას დეპუტატების მიერ და ეს აჩვენებს, როგორ ატმოსფეროშია ახლა უკრაინა. ყველაფერი ამის ცვლილებაა საჭირო. რისკებს ვაფასებ ფხიზლად, სრულიად არ მეშინია. აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხელს არ შემიშლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაში. ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. არ ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება“, – ალექსეი არესტოვიჩმა.

ამასთან, არესტოვიჩი „ფეისბუქის“ გვერდზეც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის საქმიანობას იძიებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იძულებულნი არიან, ჯაშუშების ნაცვლად, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა განახორციელონ. მოვა დრო და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაკავდებიან მათით, ვინც ეს გააკეთა. მხოლოდ რეალურად“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

“თურქული დრონები – ცნობილი “ბაირაქტრები” უკრაინის არმიაში პოპულარულები აღარ არიან”-Newsweek

თურქული დრონები – ცნობილი “ბაირაქტრები” უკრაინის არმიაში პოპულარულები აღარ არიან, მათ, როგორც იტყვიან, „თავიანთი დრო მოჭამეს“ და ფაქტობრივად უმაქნის იარაღად გადაიქცნენ, – აღნიშნულია ამერიკული გამოცემის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ მოძველდნენ და სად გაქრნენ თურქული „ბაირაქტრები“, რომლებიც ადრე უკრაინაში რუსებს აშინებდნენ“ (ავტორი – ელი კუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იყო დრო, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, როცა თურქული უპილოტო მფრინავი აპარატების Bayraktar TB2-ების დიდება ჰქუხდა. მათზე წერდნენ უცხოური გაზეთები, ქვეყნდებოდა ვიდეოკადრები, თუ როგორ იღებს მიზანში დრონი რუსულ ტანკს, უშვებს რაკეტას და აფეთქებს… მაგრამ ახლა მათი პოპულარობა მკვეთრად დაეცა. და ეს ხდება იმის ფონზე, რომ სხვა დრონებით სარგებლობის ტემპები უკრაინის ფრონტების მთელ პერიმეტრზე მატულობს, ორივე მხარის მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ Bayraktar TB2-ები უეცრად გაქრნენ ბრძოლის ველიდან. შესაბამისად, ამ ფაქტმა გაკვირვება გამოიწვია და კითხვები გააჩინა.

„ბაირაქტრებმა“ თავდაპირველად რუსეთის არმიას მართლაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ რუსები გამოფხიზლდნენ და მათ სხვა იარაღი დაუპირისპირეს. 2022 წლი ზაფხულამდე რუსეთს მცირე ზომის დრონების წინააღმდეგ მიმართული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ „ბაირაქტრები“ დაუსჯელად დაფრინავდნენ ფრონტის ხაზზე.
უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტის, ბრიტანელი სტივ რაიტის განმარტებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააცნობიერეს თავიანთი სუსტი მხარეები და შესაბამისი ზომები მიიღეს Bayraktar TB2-ების „პარპაშის“ აღსაკვეთად.

უკრაინული წყაროების ადასტურებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქულ დრონებს სულ უფრო ნაკლებად იყენებდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს, ბოლო თვეებში კი მათი სარგებლობა თითქმის სრულიად შეწყდა.

„Bayraktar TB2-ებმა თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულეს“, – ამბობს ანდრეი პოდლისი, უკრაინის არმიის ერთ-ერთი სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, – მაგრამ ზაფხულის კონტრშეტევის დროს, როცა რუსეთმა ფართოდ ისარგებლა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახალი და გაუმჯობესებული საშუალებებით, თურქული დრონების „დაღუპვის“ ფაქტებმა იმრავლა. ანუ სულ უფრო მოიკლო მათმა ეფექტურობამ.

„მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა „უსარგებლო“, მაგრამ დღეს რთულია ისეთი სიტუაციის მონახვა, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდეს“, – აცხადებს უკრაინელი პოლკოვნიკი ვლადიმერ ვალიუხი. მისი აზრით, Bayraktar TB2-ები მოძველდნენ როგორც მორალურად, ისე ტექნიკურად. თურქული დრონები იოლად ექცევიან რუსული რადიოელექტრონული რადარების მოქმედების სფეროში და „იღუპებიან“.

„ნიუსვიქმა“ განმარტებისა და კომენტარისათვის თურქული კომპანიის Baykar-ის გენერალურ დირექტორს ჰალუქ ბაირაქტარს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

სხვათა შორის, კევი ახლა თვითონაც ბევრ დრონს აწარმოებს, მათი რაოდენობა ათასებს აღწევს, რომლებსაც სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს მიხეილ ფედოროვს „უკრაინული დრონების არმიის მთავარსარდალს“ უწოდებენ. მისი თქმით, უკრაინა მალე გახდება მსოფლიოს ლიდერი დრონების წარმოების სფეროში.

„არა მგონია, რომ ვინმეს ეჭვი დაებადოს იმაში, რომ უკრაინა დრონების რაოდენობის საკითხში აშკარად რუსეთის წინ დგას და მეტოქეობას იგებს“, – ამბობს მინისტრი.

მაგრამ მარინა მირონი – ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების განყოფილების თანამშრომელი, აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დრონების რაოდენობაში განსხვავება მცირდება: „რუსეთი დრონების წარმოებაში მართლაც ჩამორჩებოდა უკრაინას, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვი აქტიურად ავითარებს ამ დარგს და უახლოეს ხანში პარიტეტს აღადგენს. გარდა ამისა, რუსეთი დრონებს ირანისგანაც ყიდულობს“, – აღნიშნავს მარინა მირონი.

წყარო

 

“საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ -Region Plus

აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში Region Plus-ში (გამოდის თვეში ორჯერ) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: არშემდგარი იმპიჩმენტი ვეტოების ფონზე“ (ავტორი – ნურანი), რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე დაპირისპირება – კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში არსებული უთანხმოება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირებით არის განპირობებული: პრეზიდენტი დასავლეთისკენ, პრემიერი – რუსეთისაკენ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს პარლამენტში მომხდარი მოვლენა – საკანონმდებლო ორგანომ ვერ შეძლო მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელება – ალბათ, არამარტო ქვეყნის პოლიტიკური ისტორიაში, არამედ შესაძლოა მთლიანად რეგიონის ისტორიაშიც შევიდეს. მაგრამ განა დასრულდა ამით ყველაფერი? შეიცვლება თუ არა თბილისის პოლიტიკა – რა გავლენას მოახდენს დაპირისპირების გაგრძელება სამომავლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე?

პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას, უფრო ზუსტად კი პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებას საკმაო ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად უთანხმოების გამწვავებას ბიძგი საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა მისცა: ევროკომისიამ ტრადიციული „აღმოსავლეთის სამეული“ – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – ერთმანეთისაგან განაცალკევა და უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი უსტატუსოდ დატოვა, სამაგიეროდ თბილისს 12-პუნქტიანი მოთხოვნა მისცა შესასრულებლად.
პრეზიდენტმა საქართველოს საკითხის გადადების მიზეზი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკაში დაინახა და შეეცადა რუსეთისადმი ლოიალური კურსის გატარებისათვის წინააღმდეგობა გაეწია. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, როგორც რუსული კანონების გადმოღების მცდელობა ქართულ კანონმდებლობაში და მათ ვეტოები დაადო, ასევე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის თანხმობა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის ლიდერებიც, რომლებიც თბილისისაგან ანტიკრემლური პოზიციის უფრო მკვეთრ გამოხატვას მოითხოვენ – საქართველო უნდა შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებსო. თბილისი კი არ ჩქარობს, რაც პრეზიდენტს არ სიამოვნებს.

არის იმის ცდუნება, რომ ითქვას – საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსულია და შესაბამისად, მთავრობაც რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მას დაჭერილი ჰყავს პროდასავლელი პოლიტიკოსი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რომ პრემიერ-მინისტრს ხელისუფლებიდან ფრანგული ფესვების მქონე პროდასავლელი სალომე ზურაბიშვილის გაძევება სურს. ანუ ყველაფერი მართლაც რუსეტს უკავშირდება. მაგრამ სიტუაცია არც ასე ერთმნიშვნელოვნადაა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერცერთი პრორუსული პარტია ვერანაირ არსებით წარმატებას ვერ მიაღწევს. შეიძლება იყონ რუსეთის მიმართ ხისტი და რბილი პოლიტიკის მომხრეები, მაგრამ ქვეყანაში ყოველი პრორუსული პარტია მარგინალად არის განწირული. დიახ, „ქარტული ოცნება“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მაგრამ „მეოცნებე“ პოლიტიკოსებსა და ნინო ბურჯანაძის ტპის პოლიტიკოსებს შორის უდიდესი განსხვავებაა. თანაც არც ისე იოლი არ არის პასუხის გაცემა იმაზე, თუ რით იწყება და სათ მთავრდება „ქართული ოცნების“ გადამეტებული ლოიალობა რუსეთის მიმართ და კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს ანტიდასავლურობა (ანტიევროპული კურსი).

სანქციებთან დაკავშირებითაც საკითხი მარტივი არ არის. ვალდებულია თუ არა საქართველო, რომელიც ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის (არც კანდიდატის სტატუსი არ აქვს), ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს მიუერთდეს. კი, ეს კარგი საშუალებაა დასავლელ პარტნიორებს შენი ერთგულება აჩვენო და დაუმტკიცო, მაგრამ როგორი იქნება ასეთი ნაბიჯის ფასი? საქართველო ტრადიციულად ძალიან არის დამოკიდებული თავის ჩრდილოელ უშუალო მეზობელზე ეკონომიკურად. ასეთი მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა არ შეცვლილა „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, როცა მის მთავრობაში რუსი ოლიგარქი კახა ბედუქიძე მინისტრი იყო. ასე გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. ტურიზმი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, ღვინო – ეს ყველაფერი რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გადის და ამის ალტერნატივა არ ჩანს. გარდა ამისა, თბილისი „ევროკავშირის კანდიდატობის კანდიდატად“ ითვლება და არ არის ნატოს წევრი. ამიტომ რატომ არ უნდა იყოს საქართველო ფრთხილად და რატომ უნდა გააკეთოს ზედმეტი მოძრაობები მოსკოვურ ტრეკზე? საქართველოს ნამდვილად აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოება საკუთარი შეხედულებით დაიცვას. უფრო მეტიც, ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ე.წ. „ხუთდღიანი ომი“, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი და როცა თბილისს დასავლეთისაგან პრაქტიკულად არავითარი ქმედითი და კონკრეტული დახმარება არ მიუღია. ასე რომ, პრინციპში, გასაგებია, თუ რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას გარისკვა რუსეთის მიმართ.

გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებას რუსეთთან დამოკიდებულებით ხსნიან. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ საზოგადოების წინაშე თავიანთი პოლიტიკური თამაშები სწორედ ასე წარმოაჩინონ.

და მაინც, რით გამოიხატება საქართველოს ხელმძღვანელობაში არსებული განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზი?

თეორიულად, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება იზეიმოს – მან პოსტი შეინარჩუნა (ეს „ქართული ოცნებისათვის“ მოსალოდნელი იყო). თუმცა მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ პრეზიდენტი უკვე „კოჭლ იხვად“ არის გადაქცეული და მას არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. მით უმეტეს, რომ მისი უფლებები ისედაც შეკვეცილი და სიმბოლურია.

არადა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს „ევროპული ოცნების“ სიმბოლო ყოფილიყო. ემიგრანტების შვილი თავის ისტორიულ სამშობლოში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით დაბრუნდა, საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა… მაგრამ ქართული ფესვების მქონე ფრანგი ქალის ლამაზ ისტორიას, რომლის თანახმად, პარიზული სენის ნაპირიდან თბილისური მტკვრის ნაპირზე ბრუნდება და ქვეყნის ევროპული კურსით წაყვანა სურს, ხელს ერთი გარემოება უშლის: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად ვერ პოულობს საერთო ენას ქართულ პოლიტიკურ ძალებთან. იგი მცირე ხანს იყო მიხეილ სააკაშვილის გუნდში და შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის ოპოზიციაში გადავიდა, მოგვიანებით მიუერთდა „ქართული ოცნების“ კოალიციას, მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, მათთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა. მიზეზი, ალბათ, პრეზიდენტის რთულ ხასიათში არ უნდა ვეძებოთ. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ხედვებისათვის ქართული ნიადაგი მაინცდამაინც ბარაქიანი არ არის.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7138 ლარი ეღირება, ევრო – 2.8883 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3168 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7152 ლარი ღირდა, ევრო – 2.8865 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3098 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ნოემბერს ამოქმედდება.

“მდიდარი ენჯეოშნიკების მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა” – ირაკლი ზარქუა

მდიდარი ენჯეოშნიკების მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში, გამორიცხულია, ამას ვერ „გავატარებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, მათი ამოცანაა ქაოსის ხელშეწყობა, რაშიც ისინი მმართველმა გუნდმა ამხილა.

„მდიდარ ენჯეოშნიკებს ერთი მიზანი აქვთ, რამენაირად ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ერთ-ერთ სასტუმროში, მგონი, სოროსის ფონდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იკითხა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს, ეს ხომ „ქართულ ოცნებას“ მიეწერებაო და შემდეგ ოპოზიციას რა ეშველებაო. არ მახსოვს, სოროსის ფონდი იყო ან მეორე სატელიტი.

ამ მდიდარ ენჯეოშნიკებს ერთი სახე, ერთი ნიშანი, ერთი ხელწერა, ამოცანა აქვთ. ამერიკელი ხალხის ფულს, ჩვენი ევროპელი ხალხის დახმარების ფულს, რომელიც დემოკრატიასა და ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს, რადიკალების გაძლიერებაში, ქაოსის, მიტინგებისა და უბედურებების ხელშეწყობაში იყენებენ. ეს არის ამათი ამოცანა და ამაში ვამხილეთ. დარწმუნებული ვარ, USAID-ის სათავო ოფისს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება, რადგან მგონია, რომ ამერიკელი ხალხისა და ევროპელი ხალხის ფული აქ იხარჯება რადიკალების ხელშეწყობაში. გამორიცხულია, ამას ვერ „გავატარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტს დეკემბერში წარედგინება” – ლაშა ხუციშვილი

პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ბიუჯეტი გაიზრდება 700 მლნ ლარით, რისი წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები.

„ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება – ეს არის საფინანსო სექტორი, რომლის ანალიზიც გაკეთდა დამატებით. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მოხდა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, რამაც დამატებით 300 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბიუჯეტს საფინანსო სექტორიდან და ასევე, ცვლილებები არის გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით. კერძოდ, 10-პროცენტიანი მოგების გადასახადი გაიზრდება 15 პროცენტამდე, ხოლო თანხის გატანის გადასახადი, რომელიც იყო 2 პროცენტის ოდენობით, გაიზრდება 5 პროცენტამდე. აღნიშნული ცვლილებებიდან ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში დამატებით მიიღებს 700 მლნ ლარს, რომელიც გადანაწილდება შესაბამის სამინისტროებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დამატებით 160 მლნ ლარი გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მისი ბიუჯეტი იქნება 2 მლრდ 500 მლნ ლარი.

„ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ხოლო მომდევნო წელს განათლების ბიუჯეტი 400 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დამატებით მოძიებული თანხები მიემართება სკოლების მშენებლობისთვის და ასევე მასწავლებელთა ხელფასების მატებისათვის, რომლისთვისაც 130 მლნ ლარი უკვე პირველ წარდგენაზე იყო გათვალისწინებული. დამატებით 30 მლნ ლარი მიემართება ხელფასების ზრდისთვის, რაც ჯამში 160 მლნ ლარია და უკვე ახალი ხელფასების სტრუქტურის შესაბამისად, საშუალოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა იქნება საშუალოდ 500 ლარის ფარგლებში, რაც ბუნებრივია, ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების სექტორში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 65 მლნ ლარით.

„გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულიად უფასოდ. დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევის დაფინანსება, რაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. ასევე თანხის ნაწილი მიიმართება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცები საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით, აქ არსებული 560 ლარიანი ზღვარი გაიზრდება უკვე 1000 ლარამდე და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება დამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა.ასევე ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაღუპულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების კომპენსაცია 1 000 ლარიდან გაიზრდება 1 200 ლარამდე.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ფაქტობრივად ყველა კატეგორიას შევხებოდით, როდესაც ვზრდიდით შესაბამის გასაცემლებს და შესაბამისად, დაახლოებით 8 000-მდე ადამიანს გაეზრდება ასევე შესაბამისი კომპენსაციები, ისეთ ჯგუფებში, როგორიც არის 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესიულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. რიგ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ზრდა – 7-ლარიანი გაზზე გასაცემი გაიზრდება 40-ლარამდე, 22-ლარიანი 60 ლარამდე, 44-ლარიანი 80 ლარამდე. ასევე მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ამ მიზნით, მხოლოდ 2024 წელს გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მლნ ლარი, რაც საკმარისი იქნება 500 ოჯახისთვის ბინების შესაძენად, ხოლო მომდევნო წელს, ანალოგიურად ეს რიცხვი დაახლოებით 1 000-მდეა შეფასებული, მომდევნო წელსაც, ანუ 2025 წელს ანალოგიურად 500 ოჯახის შესაბამის საცხოვრებლით უზრუნველყოფს სახელმწიფო. დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყოფა შემდგომ ამისთვის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოიყოფა დაახლოებით 150 მლნ ლარი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა.

„ჩვენ 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით, 50 მლნ ლარი იქნება მომდევნო წელს, ჯამში 70 მლნ ლარი. იცით, რომ ახლა მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა ანაკლიის პროექტში და შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი წილის პროპორციულად იმ თანხის დახარჯვას, რა თანხებიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს მომდევნო წელს. გარდა ამისა, განახლდება ინფრასტრუქტურა აეროპორტებში. ქუთაისის აეროპორტში, ასევე თელავის აეროპორტის ფაქტობრივად მშენებლობა იგეგმება და ასევე განხორციელდება ვაზიანის ახალი აეროპორტის სრული ეკონომიკური კვლევა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყოფა დამატებით 50 მლნ ლარი. თბილისსა და რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 110 მლნ ლარია გათვალისწინებული წარდგენილ ბიუჯეტში.

თავდაცვის სამინისტროს დაემატება დამატებით 10 მლნ ლარი. სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 20 მლნ ლარი, საიდანაც 15 მლნ ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს, ხოლო 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებულ სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიურო სტიპენდიების ზრდისთვის. ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად დამატებით გამოიყოფა 25 მლნ ლარი და ჯამში, ამ მიზნით 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა არის 125 მლნ ლარი.

ეს არის ის ძირითადი სიახლეები, რაც გათვალისწინებულია 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში. ჩვენ პარლამენტთან ერთად მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის უკვე საბოლოო ვერსიაზე მუშაობას, რომელიც დეკემბერში წარედგინება პარლამენტს და იქნება 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოში თბილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, 4 ნოემბრის დილამდე საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. 6 ნოემბრამდე კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში ღამის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“დიდი იმედი გვაქვს, ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ”

ვფიქრობ, 8 ნოემბერს ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ადეკვატურად იქნება ასახული ევროკომისიის ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიმართ მოლოდინი პოზიტიურია.

„იმედიანად ვართ განწყობილი. ვფიქრობ, 8 ნოემბერს ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ადეკვატურად იქნება ასახული ევროკომისიის ანგარიშში. დიდი იმედი გვაქვს, ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ. რაც შეეხება ოპოზიციის აგონიურ განცხადებებს, რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი არ უხარიათ. მათ განცხადებებშიც სწორედ ის ჩანს, რომ არ უხარიათ. მათ არ უხარიათ თავისი ქვეყნის წარმატება და ევროპული ინტეგრაცია. როგორც მათი ნაწილი ამბობს, ისინი მთელი ამ ხმის განმავლობაში დადიოდნენ და ევროპელ პარტნიორებს ეხვეწებოდნენ, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ. ამაში სწორედ მათი რეალური სახე და რეალური სურვილები ჩანს. ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდიან, მუშაობენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და საკუთარ ქვეყანას ღალატობენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. ღონისძიების მთავარი აქცენტი Heart of Agile იყო — თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს” თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იყვნენ. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტიამ, თიბისის ეჯაილ მწვრთნელმა, ჯგუფის ლიდერმა გაუზიარა.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქნოდათ დისტანციურად დაესვათ შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორისთვის, მიეღოთ მონაწილეობა ნეთვორქინგში, გაეცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

R