ხმაური იყო დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
„როდესაც პანდემიის დროს ავტორები ვერ იღებდნენ საკმარის თანხას იმისთვის, რომ ეარსებათ და სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, თქვენ მათ ჰონორარებს იყენებდით პრემიებისთვის, ბონუსებისთვის, ავტომობილების, უძრავი ქონების შესყიდვისთვის“, – ასე მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს.
პასუხად საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი თეთრი არ დაჰკლებია არცერთ ავტორს პანდემიის დროს. პირიქით, დაახლოებით 750 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს“. გიორგაძის თქმით, საქპატენტის ამოცანაა არსებული რეალობის შეფასება.
„ერთადერთი საკითხი, რაზეც აღვნიშნე წეღან ჩემი მოსაზრება, ის არის რომ როგორც საქპატენტის წარმომადგენელი, ვერ ვიზიარებ, რომ პანდემიის დროს ავტორთა ჰონორარების 47%-ის ადმინისტრაციული ხარჯვა იმიტომ იყო საჭირო, რომ პრემიები გაცემულიყო და უძრავი ქონება შესყიდულიყო. ასე ვფიქრობ ახლაც. თქვენ, GCA ხართ ერთად ერთი ორგანიზაცია, რომელზეც „საქპატენტმა“თავის დროზე დადებითი დასკვნა გასცა. ამასთანავე, თქვენმა წარმომადგენელმა ამავე ტიპის შეხვედრაზე ითხოვა ასეთი ტიპის შემოწმება და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ვალდებულება და მესამე – ხაზს ვუსვამ – ყველა, იქნება ეს GERA თუ „ჯიენერაი“, უფრო მკაცრად გაკონტროლდება, თუ ისინი გააგრძელებენ ამ სფეროში საქმიანობას და გააგრძელებენ ნებისმიერ შემთხვევაში. „საქპატენტის“ ამოცანა არ არის გიგა კობალაძის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, არც მიხსენებია არც ერთი სახელი და გვარი თუ დააკვირდით, ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ არსებული რეალობა. ის შეფასებები, რომლებიც ახლა თქვენ გააკეთეთ „საქპატენტის“ მიმართ, იყო გადაჭარბებული. თუ თქვენ გსურთ, რომ შეფასებები გავაგრძელოთ, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის პოლემიკა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამ დარბაზში პარტნიორებთან ერთად ყოფნის ამოცანაა, სწორად დავინახოთ და შევაფასოთ არსებული გამოწვევები. თქვენ მოითხოვეთ, ბატონმა ყანჩელმა მოითხოვა აუდიტის ჩატარება და მე მგონი თქვენი უმრავლესობა ესწრებოდა იმ სხდომას, „საქპატენტის მიმართ რატომ გაქვთ წყრომა“, – განაცხადა გიორგაძემ.
თავის მხრივ, გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ უძრავი ქონება 2022 წლის ბოლოს არის შეძენილი, რაზეც „საქპატენტის“ თავმჯდომარემ უპასუხა, რომ 2022 წელს ჰონორარების 40%-ია გახარჯული. სხდომაზე კომპანია Bravo records-ის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ გიგა კობალაძეს ჰკითხა, თუ იციან ასოციაციის გამგეობის წევრებმა, რომ კობალაძის ხელფასი, სარგებელი, პრემიები, ბონუსები, თვეში 20 ათასი ლარია, რაზეც გიგა კობალაძემ უპასუხა, რომ „ეს ტყუილია და ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს“.
„შენ თქვი, რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ თქვენი გამგეობის წევრებმა და ყველამ იცის. მათ იციან, რომ შენი ხელფასი, პლუს სარგებელი, პრემიები, ბონუსები თვეში 20 ათასი ლარია? 47%-ს ეთანხმებით? სად გაგებულა მსოფლიოში, რომ დამქირავებელი ნაკლებს იღებდეს, ვიდრე დაქირავებული, სამი წელია ამას ვიძახი, რომ კორუფციაა ასოციაციაში, ეს არის კრიმინალი, რაც ხდება და არავინ არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. სირცხვილია, ეს ხალხი შიმშილობდა, კონცერტებს ვერ ატარებდა პანდემიის დროს და კაცი 47%-ით აჭარბებდა თავის ბიუჯეტს. ყველაფერს საზღვარი აქვს, წლებია, ხალხი წავიდა ასოციაციიდან და დასდევს, მუშაობის საშუალებას არ აძლევს, მათ ფულს კრებს, არც უსმენს, ასოციაციიდან გარიცხა, რა უფლება გაქვთ?“ – განაცხადა შენგელიამ, რაზეც კობალაძემ უპასუხა: „როგორ ვერ ატარებდნენ კონცერტებს, 750 ათასი ლარი მივეცით ზედმეტი“.
ამის შემდეგ გიგა კობალაძემ სხდომა დატოვა. სხდომას ესწრებოდა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ GERA-ს იურისტი ლაშა მდივანი, რომლის თქმით, აქვთ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არასწორად ნაწილდება ჰონორარი და ადმინისტრაციული ხარჯები აჭარბებს გონივრულ ოდენობას. 2021 წელს GCA-ის ერთ-ერთი მენეჯერის წლიური ხელფასი 233 ათასი ლარი იყო, 2022 წელს – პანდემიის პერიოდში, როდესაც უნდა დაზოგილიყო ხარჯები – 336 ათასი ლარი.
„2021-ში ერთ-ერთი მენეჯერის, რომელსაც არ ვასახელებთ, წლიური ხელფასი, იყო 233 ათასი ლარი და 2022 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, როდესაც უნდა დაზოგილიყო ხარჯები, მისი წლიური ხელფასი იყო 336 ათასი ლარი, ანუ გაიზარდა 106 ათასი ლარით. მართალი იყო ალბათ ბატონი გიგა, როდესაც არ დაეთანხმა, რომ 20 ათასია მისი ხელფასი, 336-ს 12-ზე თუ გავყოფთ 28 ათასი ლარი გამოდის. შეიძლება სხვა მენეჯერია და ბატონი გიგას ხელფასზე არ ვსაუბრობთ. ავტორების პრეტენზია სწორედ ეს იყო – ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არასწორად ნაწილდება ჰონორარი და ადმინისტრაციული ხარჯები აჭარბებს გონივრულ ოდენობას. ავტორების პირველივე განცხადებები იყო სწორედ ეს. ახლა ვაკვირდებით იმას, რომ 2020 წელს გაკეთებული ეს განცხადებები მართალი აღმოჩნდა“, – განაცხადა მდივანმა.