ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ათობით კომპანიას შეეხება, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციების მე-11 პაკეტში 90-მდე კომპანია მოხვდება, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის ტერიტორიიდან და ე.წ. მესამე ქვეყნებიდან სანქცირებულ პროდუქციას აწვდიან. მათ შორის არიან კომპანიებიც, რომლებიც ჩინეთში არიან რეგისტრირებულნი.
ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პოლიტიკური პარტია “დროას” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს. ის სასტუმრო “ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
,,საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს”- მდინარაძე
საქართველოსთვის მავნებლური, მოღალატეობრივი ნარატივი არ იმუშავებს არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“
მდინარაძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება.
„ეს არ არის მარტივი და უბრალოდ შესაფასებელი ამბავი, ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ასლი. ხედავთ ერთი მხრივ, რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და მეორე მხრივ, აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ტესტავენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე, ევროპულ პერსპექტივებზე და ასე შემდეგ, ილაპარაკოს ვინმემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა, საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს, რაც უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი. ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს. ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის მხრიდან ნუ ხდება გატესტვა ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
,,ზურაბიშვილი სტრატეგიულ საკითხებში ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა” – მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ეჭვი და ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებულები არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება, ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდეს უთანხმოება, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე.
„ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რატომ? იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებ კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. ამიტომ, მე არ მჯერა პრეზიდენტის, უნდა გადავიდეს ქმედებაზე. შეიწყალოს ნიკა გვარამია, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი. წავიდეს ევროპაში და 28-ვე ქვეყნის ლიდერს შეხვდეს, ეს იქნება ქმედება და არა ის, რომ არ მიშვებენ საქართველოდან და რა ვქნაო. რა მასშტაბის სისხლი გვაქვს გადახდილი, რომ ცივილიზაციურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის იყო ევროპა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, ამის შანსი არსებობს და ამას ეღობება „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
უკრაინაში F-16-ის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით, დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკს შეუქმნის – გრუშკო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, უკრაინაში ამერიკული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკებს შეუქმნის. გრუშკოს მტკიცებით, რუსეთს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.
„ე.წ. ესკალაციის კიბეზე სიარული გრძელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ ესკალაციის სცენარს მიჰყვებიან. ამით, საკუთარ თავსვე უქმნიან უზარმაზარ რისკს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გათვალისწინებული იქნება ჩვენს ყველა გეგმაში და ჩვენ ყველა აუცილებელი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – მოჰყავს რუსულ სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს -აცხადებს გრუშკო
გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ – საგარეო უწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. არსებული ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.
,,ელენე ხოშტარია სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მილიონობით რუსულ რუბლს” – ირაკლი კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სწორდ სანქცირებული, რუსული ბიუჯეტიდან იღებს თანხებს.
მისი თქმით, სწორედ გუშინდელი მოვლენებია რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე.
“ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ელენე ხოშტარია, თუ რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში, ეს პირველ რიგში თვითონ სახელმწიფოა და მისი ბიუჯეტი, ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო იმის გამო, რომ ვიღაც იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს.
ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, სამი წელიც არ იყო გასული, რაც დაიღუპა ამ ოკუპაციის გამო რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და აქედან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით.
ეს არის მათი მორალური სახე დღეს. იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ,” – განაცხადა კობახიძემ.
,,ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი” – კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს, ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. კობახიძის თქმით, ის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ქორწილი ჰქონდა, რუსეთის აგრესიას უკრაინაში გმობს და ასეთი ადამიანის ქორწილის ჩაშლა, საქართველოს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. “ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ. მან, თავის უფლებამოსილებებს მიხედოს ის ჯობია. მე მინდა გავიხსენო მისი გუშინდელი განცხადება, ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია, “ქართულ ოცნების” ხელისუფლებას მიანიჭა, პარლამენტს, მთავრობას – ეს არის რეალობა. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს, მითუმეტეს, ის არის ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს. როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს, ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით და ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს ბანერი უდევს საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა, საქართველოში, მან განიხილა როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ქორწილის ჩაშლა, მითუმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული მიუძღვის, საქართველოში უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე, სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში.მაშინ მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და ეს ეხებოდა საქართველოსაც. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.