ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – მოგისმენთ სიამოვნებით, – ეს განცხადება პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მთავრობის წევრმა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს უპასუხა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლებში კვების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა სხვა რიგი ნაბიჯები გადაიდგას – კერძოდ, უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა) საკითხი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
მინისტრის თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც სამოქმედო გეგმა შეიქმნება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა. საპილოტე რეგიონად ქართლი შეირჩა.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა სამ მოდელზე, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდება, რომ პირველ რიგში, სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბოს, შესთავაზოს საზოგადოებას და შემდგომ დაიწყოს ამის ნაბიჯ – ნაბიჯ განხორციელება.
„პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება. მეორე ეს არის ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმოო, რომელიც ე.წ ნახევარფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება და მესამე არის მიტანა ე.წ ლანჩ-ბოქსები“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.