Home Blog Page 2086

“ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული”

„ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ დაუყოვნებლივ იყოს განხილული მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბდა.

„ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ნაცმოძრაობის“ ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სტრატეგიულ მიმართულებას ეხება. რასაკვირველია, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა. „ნაციონალური მოძრაობა“არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20 პროცენტი მტერს ჩააბარა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს. სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული.

საქართველოში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი საქმიანობა, აქტივობები და ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ამას რაიმე დამატება ან უკეთ ჩამოყალიბება თუ სჭირდება, რასაკვირველია, ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა. ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის როგორც დღეს, ასევე ხვალ. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია და ის, რომ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს“.

ამასთან, გია ვოლსკის განაცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში მძიმე შეცდომები დაუშვა და დღეს თავიანთ პოზიციას ამართლებენ.

„რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტია – მაშინ სხვა აზრზე იდგნენ, დღეს სხვა აზრი აქვთ. დღეს ამართლებენ ვითომ რადიკალურ პოზიციას. ვფიქრობ, ეს არის პროვოკაციული პოზიცია, მაგრამ ვიდრე ორმაგ სტანდარტზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მოღალატეობრივი, მძიმე დანაშაულებრივი შეცდომები ხშირ შემთხვევაში დიდ ეჭვსა და კითხვებს ბადებს, იყო თუ არა საერთოდ შეცდომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. ფაქტია, არსებობდა საერთაშორისო ამერიკული და ევროკავშირის მიერ შედგენილი საგზაო რუკა, რომელიც განზრახ გადახიეს, განზრახ მოახდინეს მისი ანულირება და შეუწყვეს ხელი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპაციის მოხდენას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

„რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით“ – მიტროპოლიტი შიო

„გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადასვენების ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

,,ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა”

წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელში არის ასეთი სიტყვები, რომ იგი განაგდებდა ადამიანებისგან მწუხარებას და ცრემლებს. „გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო, გიხაროდენ, მომნიჭებელო სიხარულისაო“ – ასეთ სიტყვებს ვგალობთ ჩვენ. რა ძალით აკეთებდა ამას წმინდა ნიკოლოზი, რომ განაგდებდა მწუხარებას და სევდას ადამიანებისგან და ანიჭებდა სიხარულს და ნამდვილ მხიარულებას? – ეს იყო უფლის რწმენა, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზისთვის რწმენა არ იყო მხოლოდ საშუალება მარადიული გადარჩენისა, მარადიულ ცხოვრებაში გადარჩენისა, არამედ ასევე ამ მიწიერ ცხოვრებაში მწუხარებათა დაძლევის საშუალებაც იყო და ამაში იგი იყო წმინდა ეკლესიის ურყევი მოძღვრების ნამდვილი მიმდევარი, რომლის თანახმადაც, ჩვენი რწმენა არ არის მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული ჭეშმარიტებების აღიარება, არამედ ასევე არის ურყევი რწმენა იმისა, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ და არასდროს დაგვტოვებს მწუხარების ჟამს, იმიტომ რომ ჩვენც ხშირად ვვარდებით ამა თუ იმ მწუხარებაში.

არის ხოლმე ისეთი გრძნობა, განცდა, რომ ამ მწუხარების, ამ სიმძიმის მეტად ატანა შეუძლებელი ხდება. ასეთი აზრებიც მოდის. ადამიანის გული უხეშდება, ჩვენი სული თითქოს ცარიელდება, გამოიფიტება და შინაგანად მივდივართ ბოროტებამდეც კი, სასოწარკვეთამდეც. აი, ამ სასოწარკვეთილებაში ხშირად გვინდება ხოლმე წმინდა დავით მეფსალმუნესთან ერთად მისი სიტყვების წარმოთქმა: „მაცხოვნე მე,ღმერთო, რამეთუ შევიდა წყალნი სულად ჩემდამდე“. თქვენ გახსოვთ ეს მისი სიტყვები: „დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა და არა არს დათმენა“. ე.ი. წმინდა დავითი ამბობს, რომ შემეწიე, ღმერთო, იმიტომ რომ მე ვიძირები ამ მწუხარებათა გაუვალ ჭაობში და სულამდე მოვიდა წყალი. „არა არს დათმენა“ ნიშნავს, რომ აღარ არის დასადგომი ამ ჭაობში, ისე ვიძირები.

ამ მწუხარებაში განსაკუთრებით დიდ გულისტკივილს იწვევს ხოლმე მარტოობის,
მიტოვებულობის შეგრძნება. ეს, მგონი, ყველას განგვიცდია, მაგრამ არასდროს უნდა მივეცეთ ამ აზრებს, ამ განწყობას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ წინაშე არის წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოების მაგალითი, იმ სარწმუნოების, რომლითაც იგი განაშორებდა ყოველგვარ მწუხარებას, ყოველგვარ უბედურებას ადამიანებისგან, ვინც იყო შემოვედრებული მისდამი ლოცვით. განაშორებდა და განაშორებს დღესაც. ამ მხრივ, წმინდა ნიკოლოზის სარწმუნოება იყო ყოვლისშემძლე, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთმა მოგვცეს ეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც მოვიპოვოთ ასეთი სარწმუნოება და გვახსოვდეს უფალი იესო ქრისტეს სიტყვები: „ამა სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, გავმხნევდეთ ქრისტეში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენი მწუხარების ჟამს და ყოველთვის, ჩვენი სარწმუნოების გამო, აი, ამ სარწმუნოების გამო. რომ არ ყოფილიყო ეს სარწმუნოება, ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ მწუხარებათა მორევში ჩავეფლობოდით, ჩავიძირებოდით, მაგრამ ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის წინაშე ჩვენი დიდი შემწეებისა და მეოხების ლოცვით, როგორებიც არიან წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზ მირონ-ლუკიის საკვირველმოქმედი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, წმინდა წინასწარმეტყველი ისაია, უფალი შეგვეწევა და აუცილებლად ჩვენს ცხოვრებაშიც ასრულდება კიდევ ერთი დანაპირები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ ყოველთვის, ყოველთა დღეთა ცხორებისა თქვენისათა, ამინ!“, – აღნიშნა შიო მუჯირმა ქადაგებისას.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ქ. ოზურგეთი; 9 აპრილის ქ. N 9; ოზურგეთის თვალის კლინიკა;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში

მიმდინარე წლის 21 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან დევდარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფრენბურთში. ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა.

წელს, გამარჯვებისთვის შვიდი გუნდი იბრძოდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს ”ჩოლურისა” და ”ლუკოსანდის”გუნდები დაუპირისპირდნენ. წლევანდელი წლის ჩემპიონის ტიტული ამ უკანასკნელს ხვდა წილად.

საპრიზო ადგილების მფლობელები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდის წევრებს სამსახურის მედლები და სიგელები, წლევანდელ ჩემპიონს კი სამსახურის სპეციალური თასი გადასცა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ფრენბურთში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 2016 წელს დაარსდა და მასში სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.

24 წლის კაპრალი ლევან დევდარიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში დაიბადა. 6 წლის იყო, როცა ოჯახი, საცხოვრებლად, გარდაბანში გადავიდა. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა; ლევან დევდარიანი ჯარში არ გაუწვევიათ. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, თავად მიაკითხა სამხედრო კომისარიატს; მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევანიც კონტრაქტით წავიდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცი დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ლევან დევდარიანი, (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

“მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში”

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეებიც დათვლილია და ადამიანები „X მომენტისთვის უნდა მოემზადონ“.

„ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს, არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის სწორ მხარეს. ყველას, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს, განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.

ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში, უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში”, – წერს სააკაშვილი.

ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

ფინეთში, ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 13 სპორტსმენს შორის, იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც, სამშობლოში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წელს დაარსდა და მასში, ქართველი სპორტსმენები, ყოველ წელს, წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, წელს, ევროპის ჩემპიონატი, 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლაში, 10 ოქრო , 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს და მას, კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ევროპის ჩემპიონი ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, მალაიზიიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.

“საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა” – ლაშა ხუციშვილი

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე განსაზღვრულია 18 პროცენტით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყანაში ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია როგორც დასაქმების, ასევე ძალიან ბევრი პარამეტრის მიმართულებით.

„ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ქვეყანა ბოლო მესამე წლის განმავლობაშია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე და მათ შორის, აისახება დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა და მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 70 ათასი ადამიანით და შეადგინა მილიონ 271 ათასი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური აქტივობა აქტიურდება. ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას მოჰყვება ისეთი პარამეტრების გაუმჯობესებაც, როგორიც არის დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

თიბისის ციფრული ბანკის მარათონი დაიწყო!

თიბისის ციფრული ბანკის მარათონი დაიწყო!

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანია დღეს, 22 მაისს, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწყო. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე  დასასწრები სამდღიანი აბონემენტები.

კამპანია 22 მაისიდან, 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125,  ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

 

როგორ დასაჩუქრდე აბონემენტით?

აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველვკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.

რა მოხდება, თუ ერთი დღის მისია გამოტოვე?

 თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს.

ვინაიდან თამაში ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება, დღის მისიის გამოტოვების შემთხვევაში, შენ მაინც გექნება შანსი მონაწილეობა მიიღო მომავალი კვირის თამაშში, ამიტომ მოემზადე მომდევნო ორშაბათისთვის.

  

როგორი იქნება ყოველკვირეული ფინალი?

 კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს თამაშში ჩასართავად?

 თამაშში მონაწილეობისთვის აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: iOS 4.35.1, Android 6.35.4

ხოლო, მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგ ვერსიებამდე: iOS – 15.1, Android – 6.0

უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

შეგახსენებთ, თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.

(R)

 

 

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.

„ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.

მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით.

ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს” – გიგლა ბარამიძე ფადი ასლის განცხადებაზე

„რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ – ასე ეხმიანება დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში ფადი ასლის განცხადებას, რომელშიც ის სვამს კითხვას „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

ბარამიძის განცხადებით, ფადი ასლი ამ გზავნილით სახელმწიფოს შიდა და გარე მტრების სურვილს ახმოვანებს, ხოლო მათი ადგილი, ვისაც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენია, ამ ქვეყანაში არ არის.

„ძვირფასო მეგობრებო, რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: – ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო! იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ-სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში არ არის!!! და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი მარტო როდია, ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს“, – წერს გიგლა ბარამიძე ფეისბუკზე.