“საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა” – ლაშა ხუციშვილი

59
spot_img

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე განსაზღვრულია 18 პროცენტით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყანაში ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია როგორც დასაქმების, ასევე ძალიან ბევრი პარამეტრის მიმართულებით.

„ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ქვეყანა ბოლო მესამე წლის განმავლობაშია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე და მათ შორის, აისახება დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა და მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 70 ათასი ადამიანით და შეადგინა მილიონ 271 ათასი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური აქტივობა აქტიურდება. ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას მოჰყვება ისეთი პარამეტრების გაუმჯობესებაც, როგორიც არის დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.