Home Blog Page 2085

“მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში”

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეებიც დათვლილია და ადამიანები „X მომენტისთვის უნდა მოემზადონ“.

„ყველა, ვინც არის უკრაინის მხარეს, არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის სწორ მხარეს. ყველას, ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს, განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი.

ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ X მომენტისთვის.

მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად და ამის შემდეგ თუ შემეძლება დავბრუნდე ჩემს სახლში, უკრაინაში და დავეხმარო ზელენსკის გუნდს ქვეყნის აღორძინებაში”, – წერს სააკაშვილი.

ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

ფინეთში, ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 13 სპორტსმენს შორის, იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც, სამშობლოში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წელს დაარსდა და მასში, ქართველი სპორტსმენები, ყოველ წელს, წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, წელს, ევროპის ჩემპიონატი, 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლაში, 10 ოქრო , 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულს და მას, კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

ევროპის ჩემპიონი ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ჩატარდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, მალაიზიიდანაც გამარჯვებული დაგვიბრუნდება.

“საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა” – ლაშა ხუციშვილი

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე განსაზღვრულია 18 პროცენტით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ქვეყანაში ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია როგორც დასაქმების, ასევე ძალიან ბევრი პარამეტრის მიმართულებით.

„ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ქვეყანა ბოლო მესამე წლის განმავლობაშია. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე და მათ შორის, აისახება დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა და მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 70 ათასი ადამიანით და შეადგინა მილიონ 271 ათასი ადამიანი, რომელიც დასაქმებულია ქვეყანაში. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, მიმდინარე პერიოდში ეკონომიკური აქტივობა აქტიურდება. ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას მოჰყვება ისეთი პარამეტრების გაუმჯობესებაც, როგორიც არის დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

თიბისის ციფრული ბანკის მარათონი დაიწყო!

თიბისის ციფრული ბანკის მარათონი დაიწყო!

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანია დღეს, 22 მაისს, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან ერთად დაიწყო. თიბისი ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე  დასასწრები სამდღიანი აბონემენტები.

კამპანია 22 მაისიდან, 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125,  ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

 

როგორ დასაჩუქრდე აბონემენტით?

აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველვკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.

რა მოხდება, თუ ერთი დღის მისია გამოტოვე?

 თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს.

ვინაიდან თამაში ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება, დღის მისიის გამოტოვების შემთხვევაში, შენ მაინც გექნება შანსი მონაწილეობა მიიღო მომავალი კვირის თამაშში, ამიტომ მოემზადე მომდევნო ორშაბათისთვის.

  

როგორი იქნება ყოველკვირეული ფინალი?

 კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით.

აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს თამაშში ჩასართავად?

 თამაშში მონაწილეობისთვის აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: iOS 4.35.1, Android 6.35.4

ხოლო, მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგ ვერსიებამდე: iOS – 15.1, Android – 6.0

უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში.

შეგახსენებთ, თიბისის ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.

(R)

 

 

26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.

„ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.

მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით.

ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს” – გიგლა ბარამიძე ფადი ასლის განცხადებაზე

„რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ – ასე ეხმიანება დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში ფადი ასლის განცხადებას, რომელშიც ის სვამს კითხვას „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

ბარამიძის განცხადებით, ფადი ასლი ამ გზავნილით სახელმწიფოს შიდა და გარე მტრების სურვილს ახმოვანებს, ხოლო მათი ადგილი, ვისაც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენია, ამ ქვეყანაში არ არის.

„ძვირფასო მეგობრებო, რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: – ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო! იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ-სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში არ არის!!! და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი მარტო როდია, ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს“, – წერს გიგლა ბარამიძე ფეისბუკზე.

“ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ” – მეუფე იაკობი

შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ. საქართველოსთან მებრძოლებო, ვერ გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას.

„ვინ გვეძახის რუსები ხართო, რომლებიც იმას გვეუბნებოდნენ, დაკეტეთ ეკლესიებიო?! თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს. მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს. ბედუქიძე იყო თუ სხვა, რუსეთის წარმომადგენელი იყო. რომ აქებენ ნიჭიერი კაცი იყოო, რა მივიღეთ მისი ნიჭით?! განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა. რუსული კი ვიცოდით და ინგლისურს გვასწავლიდნენ, ვიღაცების მოჯამაგირეები უნდა ვყოფილიყავით.

ეს არის საქართველო – შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ. საქართველოსთან მებრძოლებო, ვერ გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა. არ ვიმუქრები. არ გაქვთ ავტორიტეტი, ქუჩაში ვერ ივლით.

ლამის, ორჯერ იყო, რევოლუცია მოგიწყვეს, კანდიდატობა არ მოგვცეს, ჩვენი ბრალია, რომ არ მოგვცეს?! უკრაინაში თუნდაც, ახლაც ომია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამ მილიონამდე ქრთამი აიღო და ქვედა რგოლებში რა იქნება. ჩვენ სასამართლოს ხედავენ?! კარგად შეხედონ, მანდ თუ კორუფციაა, სხვაგან რა იქნება. ომის დროს ნებისმიერი ჯარი ფულს შოულობს. ან მოლდოვა – საბჭოთა კავშირიდან გამოსულები არიან თუ – არა, ვერ გამიგია. ჩვენ კულტურაზე წინ ან ფრანგი დგას, ან გერმანელი ან რუსი. უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ, ჩვენც დაგვეხმარონ. უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ ჰო, იმიტომ, რომ თავიანთ უსაფრთხოებას იცავენ.

რუსს ძალა ელევა, 500 მილიონიან ევროპას რა უნდა უყოს, იარაღიც არ აქვს იმათზე მეტი. რუსეთი ფიქრობს, რომ ამათ გამოფიტავს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთს გამოფიტავენ, თუმცა აშკარაა, რომ რისკენაც წავალთ – ამით არ გაჩერდება, სხვა მასშტაბებზე გადავა. ცდილობენ, მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს და ჩვენ ნუ გვრიყავენ. ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპის კარი გაგვეხსნას და დავასრულოთ რუსეთის სატელიტად ყოფნა”- გიგი წერეთელი

“საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ოპონენტები დაადანაშაულოს, თითქოს ვინმე ახდენს საბოტაჟს ან აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს, თუმცა რეალურად ის ყველა მისი ქმედებითა და ნაბიჯით შორდება ევროკავშირს”- ასე გამოხმაურა  “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველანარიად ცდილობს, რომ ოპონენტები დაადანაშაულოს, თითქოს ვინმე ახდენს საბოტაჟს ან აფერხებს ევრონტეგრაციის პროცესს, თუმცა რეალურად ის ყველა მისი ქმედებითა და ნაბიჯით შორდება ევროკავშირს.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი პრაქტიკულად საწინააღმდეგოა იმ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების, რაც ევროპას აქვს.

„მათი განცხადებებით, მოქმედებებით, ფრენების გახსნით, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობით, იმ ადამიანების რეპრესიებითა და დაკავებებით, ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, ხელისუფლება უფრო და უფრო აჩენს, რომ ის რუსეთთან მოთანამშრომლეა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები თან იხსნებენ წინა პერიოდს, თითქოს რაღაცას ამართლებენ ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ იყო სულ სხვა კონტექსტი და მოლოდინი, ალბათ ეს იყო მცდარი პარტნიორების მხრიდანაც, რომ რუსეთი 12 აგვისტოს რაიმე ვალდებულებას შეასრულებდა.

დღეს არის სულ სხვა ვითარება, უკრაინაში არის ომი, საქართველოს აქვს საფრთხეები და საქართველოს ევროინტეგრაციის შანსი აქვს, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპის კარი გაგვეხსნას და დავასრულოთ რუსეთის სატელიტის მდგომარეობაში ყოფნა“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დასავლურ სანქციებს თავი რომ დავანებოთ , რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?! – ბოკერია კალაძეზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ სანქცირებული პიროვნებების საქართველოში შემოშვებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მსგავსი ექსკლუზიური უფლება, რომ საქართველოში უნდა შემოუშვან, უცხო ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ აქვს.

„კალაძე იგივე უტიფარ სიცრუეს აგრძელებს, რასაც გავრილოვზე იძახდნენ, რომ ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არ გვქონდაო – ეგ არის სიცრუე, ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ვინც უნდა, ის შემოუშვას და ვინც არ უნდა, ის არ შემოუშვას.

თავი რომ დავანებოთ დასავლურ სანქციებს, ჩვენი ქვეყნის მტრები რატომ უნდა გვინდოდეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?! ვინმე გვთხოვს თუ არა, მაგას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უბრალოდ ტურისტი რუსეთის მოქალაქეები კი არა, ჩვენი მტრები ვინც არიან, იმ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები შემოვიდნენ ქვეყანაში“- თქვა გიგა ბოკერიამ.

“კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება” -რატი იონათამიშვილი რადიკალებზე

ამ კვირაში ოპოზიციის წევრები ბოიკოტსა და საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულებას უცხადებენ და ამ პროცესშიც კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია ობიექტური და სანდო კრიტერიუმების უპირატესობით მივიღოთ გადაწყვეტილება. რადიკალური ოპოზიცია ფაქტობრივად ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანს დაუჭერს მხარს, ვინც მორჩილებაში იქნება. მათთვის კრიტერიუმები საერთოდ მიუღებელია და არ არსებობს. ამ კვირაში ეს ადამიანები ბოიკოტსა და საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულებას უცხადებენ და ამ პროცესშიც კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

“გააზრებული უნდა გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა” – იაგო ხვიჩია

ჩვენ უნდა ვებრძოდეთ ყველა საშუალებით ჩვენი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საქართველოში რუსეთთან პირდაპირ ფრენებს კი არ უნდა აპროტესტებდნენ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას.

„მე რამის გაპროტესტებას ვერავის დავუშლი და ამას არც ჩემი გაზიარება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკურად სწორი არ მგონია ის, რომ ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას საფრთხე აქვს, ამას ვაპროტესტებდეთ სასტუმროში ჩამოსული სტუმრების არშესაშვებად. ეს არც ეფექტური და არც სწორი გზა არ მგონია. ჩვენ სინამდვილეში სხვა გზები უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ფრენებს კი არ ვაპროტესტებდეთ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას და გააზრებული გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა. ამის გააზრებით შეიძლება ყველაზე მეტად ამის გაპროტესტება და არა სიძე-პატარძლის სარეცელთან. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატივად ქართველ ხალხს რას სთავაზობს. თორემ „ქოცები“ რომ არასწორი გზით მიდიან, ამას ხალხი ისედაც დაინახავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – შედარებით ნორმალიზებული, თუმცა მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობა

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს, თუმცა, წინა წლის აპრილისა და მაისის მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით.

საკუთრივ, ეს შეინიშნება საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკაში. ასევე, იმ მიგრანტების გარეშე, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული, აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზედ მაღალია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც.

მთლიანობაში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ს ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. ეს დინამიკა, ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისია, რაც გასულ ორშაბათს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ შეჯამებაშია მოყვანილი. უფრო მეტიც, წინასწარი ინდიკატორები, სრული 2023 წლისათვის ჩვენი ბოლო საბაზო სცენარით გათვალიწინებულ 6%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს.

წმინდა სავალუტო შემოდინებების, ფასებისა და სამუშაო ბაზრის გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრა, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე რამდენადმე მაინც მატერიალურად იმოქმედებდა, არ იკვეთება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

(R)