Home Blog Page 2081

,,ვიბრძოლებთ, მაგრამ ადამიანებად დავრჩებით”- ჰერცი ჰალევი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი ხანმოკლე არ იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლა“ შეუერთდება ბრძოლას.

„ჩვენ ვმუშაობთ წესების მიხედვით. ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, განსხვავებით მეორე მხარისგან, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ“, – განაცხადა ჰალევიმ.

,,დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა”- გიორგი ვაშაძე

კობახიძეს 2:0 უკვე, როგორც „რუსული კანონი“ გაიტანა, ახლა ეს მეორე. 3:0 იქნება რუსული ბნელი ძალის არჩევნებით გაპანღურება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა, რადგან მმართველ გუნდს უნდოდა ოპოზიციის ხელით მომხდარიყო იმპიჩმენტი და ამას ვერ მიაღწიეს.

„ოპოზიციამ ერთიანობა და ძლიერი პოზიცია გამოავლინა. კობახიძეს 2:0 უკვე! პირველი იყო როდესაც „რუსული კანონი“ გაიტანა წელს, ახლა ეს მეორეა. მესამე იქნება არჩევნებით გაპანღურება ამ რუსული ბნელი ძალის. დანარჩენი, ის შოუ, რომ ზურაბიშვილმა ცალკე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შექმნას, ესეც არ გამოსდით იმიტომ, რომ ბიძინას ვერ ახსენებს უკვე, ამის უფლება არ აქვს.

დანარჩენი რა უნდა ქნან? ხომ ვერ დააპატიმრებენ, თუ დააპატიმრებენ, კი ბატონო, მაგრამ ვერ დააპატიმრებენ. ბიძინა სალომეს არ დაიჭერს, იმიტომ რომ ბიძინას სალომე სჭირდება“,- განაცხადა ვაშაძე.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, სასტუმრო „შერატონში“ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო.

მისივე თქმით, ელჩი ახალ გუნდთან ერთად ჩამოვიდა.

„ამერიკის ელჩი კი არ არის ახალი, ფაქტობრივად, მთელი გუნდი ახალია. ჩვენ გვქონდა მოკლე გასაუბრება. სიმართლე რომ გითხრათ, კარგად გვიცნობენ.

„გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლები ორშაბათიდან მაღალი რანგის ვიზიტს ვიწყებთ ამერიკაში. ჩვენთან ერთად იქნება თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და სხვები.

ერთი რამ ვიცი, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს არ მოაკლდება და ვიქნებით ძალიან ძლიერები“,- განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას”- კობახიძე

“იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის მიღების შემდეგ საუბრობს. „დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც არის აუცილებელი, რომ გაღრმავდეს ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – თქვა კობახიძემ.

თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

თენგიზ შარმანაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხს ხმა არ მისცა. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა პოსტი სადაც დაწერა, რომ რეგისტრაცია გავიარე და ხმა არ მივეცი იმპიჩმენტის საკითხს. ვარ ბიულეტენზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემაც განაცხადა ბრიფინგზე. ვინც ჩემი გამოსვლები ნახა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს აზრი გაუჩნდა, მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“, – წერს შარმანაშვილი.

,,სრულიად გაუგებარი ფაქტია, რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იმავე დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გადაუგზავნა პრეზიდენტს რეკომენდაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრა გაიმართა.

ბრეგაძის განმარტებით, მეორე სახელმწიფოს შეუძლია არ გასცეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რადგან ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ ოთარ ფარცხალაძეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა.

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქემაც მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობა, ამის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად ხომ არ ვრცელდება?! იმიტომ, რომ ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოს შეუძლია, საერთოდ არ გასცეს პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ იყო ცნობილი. როდესაც სახელმწიფოსთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი და როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია მივიღეთ, მას მერე დავიწყეთ პროცესი. სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს ორმხრივ და, მათ შორის, მრავალმხრივ მოქალაქეობაც.

შეიძლება სხვა ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს მიღებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ისე, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის არ იყოს ცნობილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ხარვეზი და ყველა ქვეყანაში ასეა.

„მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ხდება ცნობილი მერე წყდება მოქალაქეობა“, – აღნიშნა მან.

ბრეგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რადგან სამინისტრომ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციით დიდი ხნის წინ მიმართა.

„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

,,საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა”- გურამ მაჭარაშვილი

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს, სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა.

„საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა. პრეზიდენტი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან კონფლიქტშია – ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს უთითებს, თუ ვინ უნდა შევიდეს და ვინ – არა. აბუჩად იგდებს მათ კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისას; პასუხს არ სცემს მათ და დარბაზში დამცინავად შედის და გამოდის, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა”- ლევან გოგიჩაიშვილი

დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესი.

როგორც გოგიჩაიშვილმა მედიასთან განაცხადა, ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უფრო სუსტია, ვიდრე იმპიჩმენტამდე იყო.

მისივე შეფასებით, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ ნაწყენი იყო.

„დღეს ფანტასტიკური რამ მოხდა, ხახამშრალი დარჩა მთელი „ოცნება“. კარგი იყო ისიც, რომ ჩვენ დავაზღვიეთ ეს პროცესი, რომ არ შემდგარიყო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეს თუ ვინმე დარჩა ნაწყენი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სავარაუდოდ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე იყო. ივანიშვილის ძალაუფლების დასუსტება დაიწყო 8 მარტს, როდესაც საკუთარ კანონზე, „რუსულ კანონზე“ თქვეს უარი. ბევრმა უნდა დაინახოს, რომ არც ისე ძლიერია ეს ადამიანი. ივანიშვილის რესურსები არის შეზღუდული და ივანიშვილი არის გაცილებით სუსტი, ვიდრე იყო იმპიჩმენტამდე.

ბოლომდე ინარჩუნებდნენ განცდას, რომ მაშველ რგოლად ვინმე გამოუჩნდებოდათ. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ ეხვეწებოდა ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შემოსვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს იყო ხვეწნა.

„ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ მხარს აუბამდა, მაგრამ იმპიჩმენტში მონაწილეობის მიღებაში იმხელა იყო ფასი, რომ როგორც ჩანს, ეს ალიანსი ვერ შედგა. შესაბამისად, „ოცნება“ არის სუსტი. დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ. პირდაპირ წყევლიდნენ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა.

„ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს ვერ მოაგებინებს. ბიძინა ივანიშვილს პროცესში შემოსვლა მოუწევს, ან ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ გარანტირებულ კრახს მოუტანენ.

მართლა პატარა იყო ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან. ისევ „ნაცს“ თუ შევადარებ, რაც მან იკადრა ტრიბუნასთან, როდესაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რასაც „ნაცები“ უსვამდნენ კითხვას სალომე ზურაბიშვილის, ის გაიმეორა. ზუსტად იგივე სიტყვებს იყენებენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

,,ისრაელი ეგვიპტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას დათანხმდა”-ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას დათანხმდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თელ-ავივში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას „ჰამასი“ მიითვისებს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მათ პალესტინელი ხალხის ბედი არ ადარდებთ. მან ასევე დააანონსა, რომ აშშ ღაზასა და დასავლეთ ნაპირს 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას უმზადებს.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისრაელი მარტო არ არის.

„7 ოქტომბერი ყველაზე საშინელი დღე იყო ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ. მაშინ მსოფლიომ ამის შესახებ იცოდა და არაფერი გაუკეთებია. ჩვენ განზე არ დავდგებით – არც დღეს, არც ხვალ, არც არასოდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებაა.

ჯო ბაიდენი ისრაელში დღეს ჩავიდა.

 

 

,, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში, ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო”- ვოლსკი

ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში და არა იმაზე რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერევით, გავლენას ვერ მოვახდენთ იმდენს ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს, გადარჩენა გვმართებს. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აქვს ჩინეთს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ჩინეთთან წავიდნენ და სწორედ შუა დერეფნის თემაა მთავარი დღეს, რაზედაც საომარი არის ლელო, მაგრამ ის გადარჩება ნამდვილად, იმიტომ რომ სწორ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება, ამ შუა დერეფნის ინტერესია მთავარი და არა ის რომ ჩინეთმა რაღაცა მმართველობის თემა შეცვალოს საქართველოში. ზუსტად ეს არის აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირების და ურთიერთობის განვითარების მომავალი სტრატეგია.“ – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ. „რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ? ემზადებიან იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რომელ სიტყვაში შეიძლება, შემედავოთ? რატომ შეიძლება, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული? თქვენ, უმრავლესობას, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიცილებიათ. იმის ნაცვლად, რომ როგორმე გაემიჯნოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ სუბიექტი ამ დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ როგორმე მათთან ერთად მოხვდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ და ჩამოყალიბებულ ამ რევოლუციურ თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ, სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

,,სააკაშვილის შეწყალება, ამომრჩევლების კიდევ ერთი ღალატი იქნება”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლების მიმართ, კიდევ ერთი ღალატი იქნება.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამ წითელ ხაზს არ გადაკვეთს“.

„ეს არის მისი საქმე. ამას თუ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ღალატი იქნება იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც 2018 წელს მხარი დაუჭირა. კიდევ ერთ ღალატზე თუ წავა ეს მისი საქმეა, არ ვიცი. ეს ერთი წითელი ხაზი აქვს და იმედია იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10:0 წააგო.

„სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული,“ – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კამპანიის დროს არ უჯერებდა.

„რეალურად მართლა არ გვიჯერებდა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით, ვეხმარებოდით, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ გვიჯერებდა. რეალურად რომ დაეჯერებინა, პირველ ტურში 39%-ზე ნაკლებს არ მიიღებდა. მეორე ტურში უფრო მეტად დაგვიჯერა,“ – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარები წერილს აქვეყნებენ

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილში. წერილს ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს და საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, უარი თქვან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს თავისი ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს არ მისცეს ოფიციალური თანხმობა ევროპის 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის ევროპარლამენტში განახორციელოს ვიზიტები“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში. ამასთან, ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად

„რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი და თავისუფალი ბირთვული იარაღის წყალობით“- რუსეთის პატრიარქი

„რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი და თავისუფალი ბირთვული იარაღის წყალობით“, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

პატრიარქმა კირილმა ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელ რადი ილკაევს წმინდა სერგი რადონეჟელის I ხარისხის ორდენი გადასცა.

„რადი ივანოვიჩი, თამამად ვიტყოდი, დიდი რუსი მეცნიერია. ის ხელმძღვანელობს კურჩატოვის მიერ შექმნილ ბირთვულ ცენტრს. რომ არა კურჩატოვის, რადი ივანოვიჩის, მათი კოლეგების, მათი ძმების მუშაობა, ძნელი სათქმელია, იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა, მათ შექმნეს იარაღი წმინდა სერაფიმ საროველის მფარველობით, რადგან ღვთის უთქმელი განგებულების თანახმად, ეს იარაღი წმინდა სერაფიმეს მონასტერში შეიქმნა. ამ ძალის წყალობით რუსეთი დარჩა – დამოუკიდებელი და თავისუფალი. მათ პრაქტიკულად გადაარჩინეს ქვეყანა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა.