,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა”- ლევან გოგიჩაიშვილი

88
spot_img

დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესი.

როგორც გოგიჩაიშვილმა მედიასთან განაცხადა, ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უფრო სუსტია, ვიდრე იმპიჩმენტამდე იყო.

მისივე შეფასებით, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ ნაწყენი იყო.

„დღეს ფანტასტიკური რამ მოხდა, ხახამშრალი დარჩა მთელი „ოცნება“. კარგი იყო ისიც, რომ ჩვენ დავაზღვიეთ ეს პროცესი, რომ არ შემდგარიყო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეს თუ ვინმე დარჩა ნაწყენი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სავარაუდოდ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე იყო. ივანიშვილის ძალაუფლების დასუსტება დაიწყო 8 მარტს, როდესაც საკუთარ კანონზე, „რუსულ კანონზე“ თქვეს უარი. ბევრმა უნდა დაინახოს, რომ არც ისე ძლიერია ეს ადამიანი. ივანიშვილის რესურსები არის შეზღუდული და ივანიშვილი არის გაცილებით სუსტი, ვიდრე იყო იმპიჩმენტამდე.

ბოლომდე ინარჩუნებდნენ განცდას, რომ მაშველ რგოლად ვინმე გამოუჩნდებოდათ. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ ეხვეწებოდა ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შემოსვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს იყო ხვეწნა.

„ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ მხარს აუბამდა, მაგრამ იმპიჩმენტში მონაწილეობის მიღებაში იმხელა იყო ფასი, რომ როგორც ჩანს, ეს ალიანსი ვერ შედგა. შესაბამისად, „ოცნება“ არის სუსტი. დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ. პირდაპირ წყევლიდნენ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა.

„ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს ვერ მოაგებინებს. ბიძინა ივანიშვილს პროცესში შემოსვლა მოუწევს, ან ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ გარანტირებულ კრახს მოუტანენ.

მართლა პატარა იყო ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან. ისევ „ნაცს“ თუ შევადარებ, რაც მან იკადრა ტრიბუნასთან, როდესაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რასაც „ნაცები“ უსვამდნენ კითხვას სალომე ზურაბიშვილის, ის გაიმეორა. ზუსტად იგივე სიტყვებს იყენებენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.