Home Blog Page 2080

,,პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქართველი ხალხის კითხვებზე გაეცა პასუხი”- შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა ადამიანი, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთის მეფის, ლუი მეთოთხმეტის პათოსით გვეუბნებოდა, რომ სახელმწიფო არის არა კონსტიტუცია, არა პარლამენტი, არა მთავრობა, არა სასამართლო, არა ხალხი, არამედ ამბობდა: სახელმწიფო ვარ მე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის დემოკრატიის იდეის უპატივცემულობა.

„არ ვიცი რით არის ეს განპირობებული, მაგრამ აბსოლუტური უპატივცემულობა გამოავლინა [პრეზიდენტმა], მათ შორის დღესაც, პარლამენტის მიმართ, როდესაც უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხი. ეს კითხვები დეპუტატების კითხვები კი არ არის. პარლამენტში სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ადამიანები, ქართველი ხალხის წარმომადგენლები. ეს კითხვები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმევა ქართველი ხალხის სახელით და პასუხები ეცემა ქართველი ხალხის მიერ დასმულ კითხვებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქართველი ხალხის კითხვებზე გაეცა პასუხი, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,სუბიექტური ადამიანია, პირადი სიძულვილის გამო, შეუძლია საქართველოს ავნოს” – სევდია უგრეხელიძე

„როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას მიესალმება რუსული ძალების მიერ, ეს ყველაფერი არის რუსული საქმე…“,  – ამის შესახებ სევდია უგრეხელიძემ მედიასთან  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც რუსულ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებას საქართველოს აბრალებს, როდესაც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, ამას აგენტობა არ სჭირდება. ეს არის თავისთავად რუსული ინტერესების გატარება. როდესაც მიესალმება ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას რუსული ძალების მიერ და კიტოვანის, კრიმინალური ბანდების მიერ, ეს ყველაფერი არის რუსული საქმე. ის რატომ აკეთებდა ამას, აგენტი იყო თუ არ იყო, ამას მე ვერ გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში, ის არ არის, პოლიტიკოსი… გარდა ამისა, ის არის ძალიან სუბიექტური ადამიანი, რომელიც პირადი სიძულვილის გამო, მაგ: სააკაშვილის და ხელისუფლების გარკვეული პირების მიმართ, მას შეუძლია, რომ საქართველოს ავნოს“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თურქეთში აშშ-ის საკონსულო დაიხურა

თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულო საპროტესტო აქციების გამო დაიხურა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები.

„ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს, შეიძლება, გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება, გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.

ხოლო აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმა. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“. – წერია სააგენტოს განცხადებაში.

აშშ-მა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ადგილზე დიპლომატიური ძალისხმევის განსახორციელებლად მეტი დროა საჭირო.

რეზოლუცია ბრაზილიამ წარადგინა და მის ტექსტში დაგმობილი იყო „ჰამასის“ მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები. დოკუმენტი ასევე მოუწოდებდა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ და ყველა მხარეს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ შეახსენა. თუმცა, ტომას-გრინფილდის თქმით, აშშ იმედგაცრუებული იყო იმით, რომ რეზოლუციაში ისრაელის თავდაცვის უფლება არ იყო ნახსენები.

რუსეთის წარმომადგენელმა აშშ „თვალთმაქცობასა და ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა, ჩინეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონის ვეტოთი შოკირებულია.

,,ვიბრძოლებთ, მაგრამ ადამიანებად დავრჩებით”- ჰერცი ჰალევი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი ამბობს, რომ ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი ხანმოკლე არ იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლა“ შეუერთდება ბრძოლას.

„ჩვენ ვმუშაობთ წესების მიხედვით. ჩვენ გაბრაზებული ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს. ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, განსხვავებით მეორე მხარისგან, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება, დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუკი ბრძოლას სხვა მტერი შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ“, – განაცხადა ჰალევიმ.

,,დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა”- გიორგი ვაშაძე

კობახიძეს 2:0 უკვე, როგორც „რუსული კანონი“ გაიტანა, ახლა ეს მეორე. 3:0 იქნება რუსული ბნელი ძალის არჩევნებით გაპანღურება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა, რადგან მმართველ გუნდს უნდოდა ოპოზიციის ხელით მომხდარიყო იმპიჩმენტი და ამას ვერ მიაღწიეს.

„ოპოზიციამ ერთიანობა და ძლიერი პოზიცია გამოავლინა. კობახიძეს 2:0 უკვე! პირველი იყო როდესაც „რუსული კანონი“ გაიტანა წელს, ახლა ეს მეორეა. მესამე იქნება არჩევნებით გაპანღურება ამ რუსული ბნელი ძალის. დანარჩენი, ის შოუ, რომ ზურაბიშვილმა ცალკე პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შექმნას, ესეც არ გამოსდით იმიტომ, რომ ბიძინას ვერ ახსენებს უკვე, ამის უფლება არ აქვს.

დანარჩენი რა უნდა ქნან? ხომ ვერ დააპატიმრებენ, თუ დააპატიმრებენ, კი ბატონო, მაგრამ ვერ დააპატიმრებენ. ბიძინა სალომეს არ დაიჭერს, იმიტომ რომ ბიძინას სალომე სჭირდება“,- განაცხადა ვაშაძე.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, სასტუმრო „შერატონში“ აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო.

მისივე თქმით, ელჩი ახალ გუნდთან ერთად ჩამოვიდა.

„ამერიკის ელჩი კი არ არის ახალი, ფაქტობრივად, მთელი გუნდი ახალია. ჩვენ გვქონდა მოკლე გასაუბრება. სიმართლე რომ გითხრათ, კარგად გვიცნობენ.

„გამარჯვების კოალიციის“ წარმომადგენლები ორშაბათიდან მაღალი რანგის ვიზიტს ვიწყებთ ამერიკაში. ჩვენთან ერთად იქნება თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და სხვები.

ერთი რამ ვიცი, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს არ მოაკლდება და ვიქნებით ძალიან ძლიერები“,- განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

,,გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას”- კობახიძე

“იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის მიღების შემდეგ საუბრობს. „დავესწარით აშშ-ის ელჩის მიღებას. გვქონდა საუბარი, შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში სერიოზულად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. სიღრმეში ვერ შევალთ, მაგრამ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა ახალ ელჩთან შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა, რაც არის აუცილებელი, რომ გაღრმავდეს ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – თქვა კობახიძემ.

თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

თენგიზ შარმანაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხს ხმა არ მისცა. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა პოსტი სადაც დაწერა, რომ რეგისტრაცია გავიარე და ხმა არ მივეცი იმპიჩმენტის საკითხს. ვარ ბიულეტენზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემაც განაცხადა ბრიფინგზე. ვინც ჩემი გამოსვლები ნახა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს აზრი გაუჩნდა, მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“, – წერს შარმანაშვილი.

,,სრულიად გაუგებარი ფაქტია, რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იმავე დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გადაუგზავნა პრეზიდენტს რეკომენდაცია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო „შერატონში“ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც აშშ-ს ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან, პოლიტიკოსებსა და „ენჯეოებს“ შორის გაცნობით შეხვედრა გაიმართა.

ბრეგაძის განმარტებით, მეორე სახელმწიფოს შეუძლია არ გასცეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რადგან ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ ოთარ ფარცხალაძეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც ჰქონდა.

„ბევრმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, არამედ სხვა სახელმწიფოს მოქალაქემაც მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობა, ამის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად ხომ არ ვრცელდება?! იმიტომ, რომ ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოს შეუძლია, საერთოდ არ გასცეს პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არ იყო ცნობილი. როდესაც სახელმწიფოსთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი და როდესაც შესაბამისი დოკუმენტაცია მივიღეთ, მას მერე დავიწყეთ პროცესი. სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს ორმხრივ და, მათ შორის, მრავალმხრივ მოქალაქეობაც.

შეიძლება სხვა ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს მიღებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ისე, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის არ იყოს ცნობილი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ხარვეზი და ყველა ქვეყანაში ასეა.

„მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ხდება ცნობილი მერე წყდება მოქალაქეობა“, – აღნიშნა მან.

ბრეგაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიწელა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რადგან სამინისტრომ პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციით დიდი ხნის წინ მიმართა.

„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია“, – განაცხადა ბრეგაძემ.

,,საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა”- გურამ მაჭარაშვილი

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს აბუჩად იგდებს, სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა.

„საქართველოს კონსტიტუციამ პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა. პრეზიდენტი ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან კონფლიქტშია – ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა.

როცა პრეზიდენტი ბედავს და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს უთითებს, თუ ვინ უნდა შევიდეს და ვინ – არა. აბუჩად იგდებს მათ კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისას; პასუხს არ სცემს მათ და დარბაზში დამცინავად შედის და გამოდის, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, პრეზიდენტის სავარძელს არ იმსახურებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა”- ლევან გოგიჩაიშვილი

დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამართული იმპიჩმენტის პროცესი.

როგორც გოგიჩაიშვილმა მედიასთან განაცხადა, ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უფრო სუსტია, ვიდრე იმპიჩმენტამდე იყო.

მისივე შეფასებით, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“ ნაწყენი იყო.

„დღეს ფანტასტიკური რამ მოხდა, ხახამშრალი დარჩა მთელი „ოცნება“. კარგი იყო ისიც, რომ ჩვენ დავაზღვიეთ ეს პროცესი, რომ არ შემდგარიყო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. დღეს თუ ვინმე დარჩა ნაწყენი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სავარაუდოდ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პროცესის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე იყო. ივანიშვილის ძალაუფლების დასუსტება დაიწყო 8 მარტს, როდესაც საკუთარ კანონზე, „რუსულ კანონზე“ თქვეს უარი. ბევრმა უნდა დაინახოს, რომ არც ისე ძლიერია ეს ადამიანი. ივანიშვილის რესურსები არის შეზღუდული და ივანიშვილი არის გაცილებით სუსტი, ვიდრე იყო იმპიჩმენტამდე.

ბოლომდე ინარჩუნებდნენ განცდას, რომ მაშველ რგოლად ვინმე გამოუჩნდებოდათ. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ ეხვეწებოდა ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შემოსვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას, ეს იყო ხვეწნა.

„ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ მხარს აუბამდა, მაგრამ იმპიჩმენტში მონაწილეობის მიღებაში იმხელა იყო ფასი, რომ როგორც ჩანს, ეს ალიანსი ვერ შედგა. შესაბამისად, „ოცნება“ არის სუსტი. დღეს ჩვენ ვნახეთ უზრდელი „პატარა კაცების“ პერფორმანსი, რომლებიც ბოლოს წყევლა-კრულვაზე გადავიდნენ და თმებს იშლიდნენ. პირდაპირ წყევლიდნენ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის „ქართული ოცნების“ კატასტროფა.

„ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს ვერ მოაგებინებს. ბიძინა ივანიშვილს პროცესში შემოსვლა მოუწევს, ან ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“ გარანტირებულ კრახს მოუტანენ.

მართლა პატარა იყო ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან. ისევ „ნაცს“ თუ შევადარებ, რაც მან იკადრა ტრიბუნასთან, როდესაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რასაც „ნაცები“ უსვამდნენ კითხვას სალომე ზურაბიშვილის, ის გაიმეორა. ზუსტად იგივე სიტყვებს იყენებენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.