Home Blog Page 2079

ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.

7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც „ბიოლში” იყო წარმოდგენილი. გამოფენა ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.

საქართველოში ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“თურქეთი ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის შეჩერებასა და დაძაბულობის შემცირებაში დახმარებისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სიმშვიდის აღსადგენად“, განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას და დასძინა:

„ჩვენ ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავისი პოზიცია რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის “სოლიდარულია ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში, გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს”.

„ჰამასის“ მასირებული დარტყმა ისრაელზე და შესაძლო საპასუხო ზომები – ვახტანგ მაისაია

ამა წლის 7 ოქტომბერს, პალესტინური წარმოშობის ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან „ბლიცკრიგის“ დონეზე ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით მოულოდნელი სამხედრო შეტევა დაიწყო, რასაც ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი ელემენტები ახლდა თან. მათ სამხედრო, საინფორმაციო ფსიქოლოგიური და ეკონომიკური კომპონენტები გამოიყენეს. ისლამური ჯიჰადი და „ჰამასი“ არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორები არიან, მაგრამ მათ გასამხედროებული ფორმირებები გააჩნიათ, რომელიც ღაზის სექტორის მიღმა კარგად იმართებიან. ფაქტიურად „ჰამასმა“ დაიწყო კლასიკური ჰიბრიდული ომი ისრაელის წინააღმდეგ ოთხივე კომპონენტის გამოყენებით.
ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებულები შეიარაღების თუ სხვა მხრივ. მათ უკრაინის ომის ელემენტებიც გამოიყენეს, მაგალითად მობილური რეზერვების შექმნა, სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების აქტიური გამოყენება ხმელეთი ჰაერი და სხვა. ამასთან, ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ პირველად უპილოტო დრონები საინტერესო ფორმით გამოიყენა. მათ აერომობილური ოპერაცია განახორციელეს, რაც ადრე მათთვის უცნობი იყო. ეს ოპერაცია სულ მცირე სამიდან ექვს თვემდე მაინც მზადდებოდა.
მათი მიზანი საკმაოდ საინტერესოა – „იომ-ქიფურის“ არაბეთ-ისრაელის ომის 50 წელი შესრულდა. სიმბოლური ელემენტი იყო, რომ ამ თარიღისთვის მიეძღვნათ შეტევა. მთავარი იდეა იყო, რომ ისრაელი საინფორმაციო ფსიქოლოგიურ ომში დაემარცხებინათ, ანუ ისრაელის ძლიერების მითი გაეტეხათ, რაც ამ ეტაპზე გარკვეულწილად მიღწეულიცაა. მათი მიზანი ასევე იყო, რომ გაერღვიათ ბლოკადა, რომელიც ღაზის სექტორის გასწვრივ განახორციელა ისრაელმა. ამ სამხედრო ოპერაციას აიაქსის გათავისუფლებაც ეწოდება.

მათ ისრაელის 10-დან 20 კმ სიღრმეში შეაღწიეს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელია და სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყეს. „ჰამასის“ მიერ 5 ათასი რაკეტა და ნაღმი იქნა გასროლილი. როგორც ჩანს ეს აქცია „ჰამასსა“ და ლიბანის „ჰეზბოლას“ შორის კარგად კოორდინირდებოდა, ამის უკან ირანის სპეცსამსახურები დგას და არ გამოვრიცხავ, რომ კრემლიც და რუსების სპეცსამსახურებიც იდგნენ. მათ პირველსავე დღეს ისრაელის სიღრმისეული დაზვერვის სპეციალისტი გენერალ მაიორი გაიტაცეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების ძალებს ხელმძღვანელობდა, მათ ისრაელის შეიარაღებული ძალების ძირითადი სამხედრო ლოკაციები იცოდნენ. თანამედროვე შეიარაღება მიიღეს და ეტყობა, რომ ამისთვის ინსტრუქტორებმა კარგად მოამზადეს. საზღვაო დესანტის ტაქტიკური ელემენტები, ახალი ტიპის საარტილერიო ზალპური საცეცხლე სისტემები და სარაკეტო კომპლექსები გამოიყენეს, რომელიც მანამდე ეს დაჯგუფებები არ ფლობდნენ.

ამის გეოპოლიტიკური მიზანი იყო, რომ საუდის არაბეთს შორის დაწყებული დიალოგი ჩაეშალათ. თუ ამაში კრემლია ჩართული, მისი მიზანი ის იქნება, რომ მსოფლიომ ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაიტანოს და ამერიკამ კიევს „ლენდ ლიზის“ პროგრამა შეუწყვიტოს, რადგან აშშ დილემის წინაშე დადგა ვის დაეხმაროს, ბაიდენმაც თქვა, რომ ისრაელს დაეხმარება.

სამხედრო ელემენტს რაც შეეხება, აქ გამოყენებული იყო ებრაული ტანკი „მერკავა 4“, რომელიც მოდერნიზებულია და ფაქტიურად „აბრამსის“ ანალოგია, რუსებს მიზანი აქ იკითხება და შესაძლოა აინტერესებდათ როგორ შეიძლებოდა „აბრამსები“ მწყობრიდან გამოეყვანათ. კარგად ჩანს როგორ ხდება დრონებით „მერკავების“ აფეთქება, რუსები ამ ვარიანტს უკრაინაში გამოიყენებენ.

ჯიჰადისტებმა სომხების ელემენტი გამოიყენეს, როცა ყარაბაღში შვიდი რაიონი დაიკავეს, გარკვეული ნაწილი ისრაელმა დაიბრუნა, მაგრამ გარკვეულ რაიონებში კვლავ ტერორისტები არიან, არის საფრთხე, რომ შესაძლოა „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთიდან დაარტყას, თუმცა ღაზის სექტორს ისრაელი მთელი ღამე ბომბავდა და მინიმუმ ორ დღეში სავარაუდოდ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს სექტორში. უკვე მობილიზებულია ისრაელის სამხრეთისა და ცენტრალური ოლქების ნაწილები და სულ მცირე ორი საარმიო დაჯგუფება შეიქმნება, სადაც 30-40 ათასი სამხედრო შევა, 200-300 საბრძოლო ტანკი, 1500-მდე საარტილერიო სარაკეტო სისტემები, ავიაცია დაახლოებით 150, მათ შორის შემტევი ვერტმფრენები და სამხედრო საზღვაო ძალები. ფაქტიურად მობილიზაცია გამოცხადდა რეზერვისტების სახით, ჩრდილოეთის სამხედრო ოლქს მოუწევს, რომ ჩრდილოეთის მიმართულება დაიცვას, დიდია ალბათობა იმისა, რომ „ჰეზბოლამ“ აქედან შეუტიოს ეს ისრაელის სავარაუდო პასუხი იქნება. ამავე დროს ისრაელს მიუწევს გაითვალისწინოს, რომ შეიძლება „ჰამასმაც“ დაიწყოს თავისი ძალების მობილიზაცია.

ჩემი აზრით, ეს „ჰეზბოლას“. „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის კარგად ორგანიზებული აქცია იყო, ამავე დროს სამი სპეცსამსახური მუშაობდა, სირიის, ირანის და სავარაუდოდ რუსეთის. ირანმა „ორმაგი კაუჭის“ სპეცოპერაცია განახორციელა, რომლითაც ისრაელის აგენტურა, რომელიც ღაზას სექტორში მოქმედებდა გადაიბირეს და ისრაელს ცრუ ინფორმაციები მიაწოდეს და ამით ისრაელის სპეცსამსახურების ყურადღება მოადუნეს.

ისრაელს ეკონომიკური სტრუქტურებიც გაუნადგურეს და პლიუს ენერგო ობიექტებსაც დაესხნენ თავს, ორი მსხვილი ელექტროსადგური მწყობრიდანაა გამოყვანილი, ეს უკვე თავდამსხმელების ეკონომიკური მიზანია.

ამ ომში „ჰამასის“ ქმედებებს ირანმა ღიად დაუჭირა მხარი, არაბული სახელმწიფოების უმრავლესობამ ფაქტიურად ისრაელი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაცია რა დაიწყოს. თურქეთიც ორჭოფობს, ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა იყო აზერბაიჯანი, რომელმაც ისრაელს მხარი დაუჭირა და სამხედრო დახმარება შესთავაზა. ამიტომაც სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და შესაძლოა დაპირისპირებამ ახალი მასშტაბებიც შეიძინოს.

რთულია იმის თქმა იქნება თუ არა ეს ომი ხანგრძლივი. ისრაელმა გამოაცხადა, რომ ისინი ღაზის სექტორის განადგურებას დაიწყებენ, როგორც ჩანს იმაზეა გათვლა, რომ სექტორს აიღებენ. ჯერჯერობით პალესტინის ოფიციალური ავტონომიის ლიდერი აბასი დუმს და თუ ღაზის სექტორის ავტონომიის გაუქმების ოპერაცია დაიწყო, ამან შესაძლოა ახალი არაბულ ისრაელის ომი გამოიწვიოს.

ისევ და ისევ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ირანის, სირიისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციით მოწინააღმდეგის დეზინფორმაცია მოახერხეს. ამასთან, ისრაელის სპეცსამსახურებს საკმაოდ სერიოზული ჩავარდნები ჰქონდათ – ეროზია 2009 წლიდან სერიოზულად დაიწყო და ეს უკვე მესამე ჩავარდნა იყო. ჩავარდნა პირველად 1973 წელს მოხდა.

ისრაელის ეს ჩავარდნა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება, იქ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რამაც სტრუქტურების სერიოზული ეროზია გამოიწვია. ასეთივე სიტუაცია არის საქართველოში, პოლარიზაციის ამ დონემ შესაძლოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას. ოჩამჩირეში ბაზის გახსნა სწორედაც რომ ამის გამოძახილია, 7 ოქტომბერი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

აშშ-ს ვალდებულება აქვს, რომ ისრაელს დაეხმაროს, ამერიკის მთავრობა ყოველ წელს ისრაელისათვის 3 მილიარდ დოლარს სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს. ისრაელს ალბათ ევროკავშირიც დაეხმარება.

ისრაელს პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველომ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, ალიევის თბილისში ამოსვლა შესაძლოა ამ ფაქტსაც უკავშირდებოდეს.

ბოლო მომენტში, ისრაელის მთავრობამ აამოქმედა „მთავრობის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა გადაყვანილი ომის რელსებზე. დე-ფაქტორ და დე-იურედ ისრაელმა ომი გამოუცხადა მთლიანად პალესტინის პოლიტიკურ ავტონომიას და ამით გაცხადებულია გეოსტრატეგიული მისია მთლიანად განადგურდეს აღნიშნული სუბიექტი და ისრაელის დაუბრუნდეს 1992 წლამდე არსებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას. რამდენად ამას მოახერხებს „ცახალი“ – ისრაელის რეგულარული არმია და მისი სარეზერვო ქვედანაყოფები ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ამ არა-სახელმწიფოებრივი აგრესიული პოლიტიკური აქტორები და მათი ტერორისტული მოქმედებების სტრატეგია სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ისევე როგორც ლიბანის სამთავრობო პოლიტიკური გაერთიანება „ჰეზბოლაჰის“ გაერთიანება და მათ უკან მდგარი გეოპოლიტიკური ძალები (ირანი, სირია და რუსეთის ფედერაცია). „ჰამასის“ სამხედრო ოპერაციას ეწოდება „ალ-აქსის გათავისუფლება“, ხოლო „ცახალის“ ოპერაციას კი „რკინის ხმლები“, ვნახოთ რომელი ოპერაცია იქნება უფრო მყარი და რამდენად ისრაელი შესძლებს დაამარცხოს საერთაშორისო ტერორიზმის შეტევა, განსაკუთრებით კი ჯიჰადისტური სახის.
რუკა: ჯიჰადისტური დაჯგუფება ‘ჰამასის“ მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად შეღწევის მაჩვენებელი ისრაელის სიღრმეში, მონიშნულია ლურჯ ფერად


ინფორმაციისთვის:
ღაზის სექტორი მიყვება ხმელთაშუაზღვისპირეთს და მოიცავს 365 კვ. კმ-ის ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეოპოლიტიკურ ანკლავს. მისი სიგრძეა 40 კმ, სიგანე კი – 5.7-12.5 კმ. ის ესაზღვრება სამხრეთით ეგვიპტეს, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ისრაელს. მოსახლეობა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი, ძირითადად პალესტინელები (არაბი სუნიტები).

იორდანიის დასავლეთ სანაპირო პალესტინის პოლიტიკური ავტონომია: ტერიტორია იორდანიასა და ისრაელს (1967 წლის საზღვრების მიხედვით) შორის. მოსახლეობა 2.6 მილიონი პალესტინელი და 0.5 მილიონი ებრაელი.

ვახტანგ მაისაია –კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ამერიკის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობები მიიღეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ამერიკის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობები მიიღეს. ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას ამოწმებენ და იდენტიფიცირებას ცდილობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე აანონსებს ისრაელისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციას.

ბლინკენის თქმით, დღის მიწურულისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი ისრაელის მხრიდან მოთხოვნილი დახმარების შესახებ.

მისი თქმით, მათი მიზანია, რომ ისრაელი უზრუნველყონ ყველაფრით, რაც „ჰამასის“ თავდასხმასთან გასამკლავებლად სჭირდება.

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

სოლიდარობა ისრაელს! – ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

“ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს” – ბადრი ჯაფარიძე

„ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას.

„სასამართლო სამწუხაროდ, დიდი გავლენის ქვეშ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან და მართვადიც არის, როცა მათ ეს სჭირდებათ, ამიტომ დიდი იმედები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით მე არ გამაჩნია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. აქ ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ისტორიულ მომენტში. ალბათ, თუ დაინახავენ, რომ იმპიჩმენტი შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ამისთვისაც მაქსიმალურად იზრუნებენ.

„ქართული ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მიმართ მაქვს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ის ატარებს რუსული პოლიტიკისთვის მოსაწონ პოლიტიკას ჩვენ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას, რადგან ის უწევს ქვეყანას ლობირებას ევროპულ დედაქალაქებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში, როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს” – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს დგას ისტორიული არჩევანის წინაშე.

„ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ობიექტური შესაძლებლობა იმის, რომ მოვიწვიოთ მაგალითად უსაფრთხოების საბჭო, ვინ დააკომპლექტებს? ივანიშვილს ბანკირები, ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, რომელიც ასევე, „ფეესბესთან“ თანამშრომლობს. „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს, რომ იცავს სუს-ის უფროსი, ჩემთვის ან საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნება ამ ადამიანების შეკრება? და ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეკრება იქნება, როცა რუსეთის „ეფესბეს“ გავლენის აგენტები შეიკრიბებიან? ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება. საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროს გვყავს რუსული ხელისუფლება, საფრთხეა ის, რომ საქართველო განიცდის რუსიფიკაციას და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, ევროპულ მომავალზე და საბოლოო ჯამში გადაწყდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების, რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის დიდ ტერორისტულ დაჯგუფებად გადაიქცა და მათ შორის, სამხედრო დამნაშავედ არის პუტინი გამოცხადებული, იმასთან თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება, ამ ხალხთან აღადგინეს ფრენები, ამ ახლახან მეგობრობს ღარიბაშვილი და ივანიშვილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხე რასაც ისინი აკეთებენ, ამიტომ ამ საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში – როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და გაჟღერებული გზავნილები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა”

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ფაქტობრივად, რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ორივე ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხრეთს აქვს სრული ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, ითამაშოს მედიატორის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებების და სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მშვიდობამ დაიმსახუროს, რომ არ იყოს საომარი მოქმედებები და კონფლიქტები. ამ მხრივ, გვაქვს სრული მზაობა, რომ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესებში მედიატორის როლში. ამის გამოცდილებაც ახლო წარსულმა დაადასტურა, როდესაც პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოს ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების, ჩატარდა თბილისში. ამის შემდეგ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით,როგორ მოხდა სომეხი ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რეალურ რუკებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო სანდოობის კუთხით არის ის ქვეყანა, რომელიც ორივე მხარისთვის არის მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ მიმართულებით ჩვენი მზაობა, რადგანაც ეს ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის, იმიტომ, რომ მხოლოდ მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით არის შესაძლებელი ეკონომიკური განვითარებაც, ჩვენი თითოეული მოქალქის კეთილდღეობაც და, რა თქმა უნდა, სამეზობლოში მშვიდობიანი თანაარსებობა არის ძალიან ბევრ პერსპექტივაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელების საწინადარი“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახური სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი პირი კი გატაცებულია და ტყვეობაში იმყოფება.

რაც შეეხება პალესტინის მხარეს არსებულ დანაკარგებს, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 370-მდე ადამიანი.